From Wikipedia, the free encyclopedia
ვესტ ჰემ იუნაიტედი (ინგლ. West Ham United Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი. ბაზირებულია ვესტ ჰემში, ლონდონის დასავლეთ ნაწილში, პატარა რაიონ ნიუჰემში. კლუბი დაარსდა 1895 წელს, როგორც Thames Ironworks F.C., ხოლო 1900 წელს კი სახელი გადაერქვა და მოიხსენიება, როგორც „ვესტ ჰემ იუნაიტედი“. 1904 წელს გუნდმა თამაში დაიწყო აპტონ პარკზე. საწყის ეტაპზე ისინი მონაწილეობას იღებდნენ სამხრეთისა და დასავლეთის საფეხბურთო ლიგებში, რის შემდეგაც 1919 წელს შეუერთდნენ ინგლისის საფეხბურთო ლიგას და 1923 წელს აღზევდნენ კიდეც უმაღლეს დივიზიონში. ამავე წელს კლუბმა პირველად მიიღო მონაწილეობა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში, რომელიც გაიმართა უემბლიზე „ბოლტონ უონდერერსის“ წინააღმდეგ. ეს იყო პირველი მატჩი, რომელსაც უემბლიმ უმასპინძლა.
სრული სახელი | West Ham United Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
The Hammers, The Irons The Academy of Football | |||
დაარსდა | 1895, როგორც Thames Ironworks | |||
სტადიონი |
ლონდონის ოლიმპიური სტადიონი (2016-) (ტევადობა: 57,000 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი |
დეივიდ სალივანი 55.6% დეივიდ გოლდი 30.6% CB Holding Ltd. 10% Minority Investors 3.8% | |||
მწვრთნელი | სლავენ ბილიჩი | |||
კაპიტანი | მარკ ნობლი | |||
ლიგა | პრემიერლიგა | |||
2023-24 | მე-9 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
1940 წელს გუნდმა მოიგო ე.წ. ომის თასი, რომელიც თამაშდებოდა 1939–დან 1945 წლის ჩათვლით და იყო ინგლისის ასოციაციის თასის შემცვლელი. რაც შეეხება სახელდობრ ასოციაციის თასს, ის „ვესტ ჰემს“ მოგებული აქვს სამჯერ: 1964, 1975 და 1980 წლებში, ხოლო ორჯერ კი იყო ფინალისტი: 1923 და 2006 წლებში. 1965 წელს "ჩაქუჩებმა" მოიგეს ევროპის თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1999 წელს კი ინტერტოტოს თასი. ვესტ ჰემი ერთ–ერთია იმ რვა ინგლისური კლუბიდან, რომელსაც ინგლისის რანგით მეორე ლიგაზე ქვემოთ არ უთამაშია; თუმცაღა, დანარჩენი შვიდი კლუბისაგან განსხვავებით, ლონდონელებს უმაღლესი ლიგა არასოდეს მოუგიათ. მათ მიერ პირველ დივიზიონში ნაჩვენები საუკეთესო შედეგი მესამე ადგილია, რომელსაც "ჩაქუჩებმა" 1985–86 წლების სეზონში უწიეს.
„ვესტ ჰემის“ სამმა ფეხბურთელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წარმატებაში. იმ პერიოდის ინგლისის ნაკრების კაპიტანი ბობი მური იყო, ხოლო ფინალში კი გოლები "ჩაქუჩების" ფეხბურთელებმა, ჯეფ ჰერსტმა და მარტინ პიტერსმა გაიტანეს.
კლუბი დაარსდა 1895 წელს, სახელწოდებით „Thames Ironworks F.C.“. მაშინ კლუბს ფლობდა მეტალურგიული და გემთმშენებელი კომპანია “Thames Ironworks and Shipbuilding Co. Ltd”, რომელსაც არნოლდ ჰილსი და წამყვანი სპეციალისტი დეივ ტეილორი მართავდნენ. გუნდი სამოყვარულო იყო და მასში კომპანიაში დასაქმებული ადამიანები თამაშობდნენ: თომას ფრიმანი (გემის მეხანძრე), უოლტერ პარკსი (მდივანი), ტომ მანდი, უოლტერ ტრენტერი და ჯეიმზ ლინდსი (საორთქლე ლითონის ქვაბების მწარმოებლები), უილიამ ჩემპენი, ჯორჯ სეიჯი, უილიამ ჩემბერლენი და ჩარლი დოუვი.
„თემზ აირონვორქსი“ პირველი კლუბი იყო, რომელმაც 1895 წელს ვესტ ჰემის საქველმოქმედო თასი მოიგო. მოგვიანებით, 1897 წელს კი გუნდმა ლონდონის ლიგაშიც მიაღწია წარმატებას. 1898 წელს „თემზ აირონვორქსი“ იქცა პროფესიონალურ კლუბად, შეუერთდა სამხრეთის ლიგის მეორე დივიზიონს და პირველივე მცდელობაზე აღზევდა პირველ დივიზიონში. მომდევნო წელს მათ ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავეს, თუმცა პლეი–ოფში იოლად გაუმკლავდნენ თანაქალაქელ „ფულემს“, 1900 წლის აპრილში მოუგეს 5–1 და ამ გზით შეინარჩუნეს ადგილი პირველ დივიზიონში.
1899 წლიდან გუნდის ტრადიციული საშინაო ფორმა არის ბორდოსფერი მაისური და ცისფერი შორტი, რომელსაც იმ პერიოდში „ასტონ ვილას“ ფეხბურთელები ატარებდნენ. ბირმინგემული კლუბი ინგლისის იმ წლის ჩემპიონი იყო.
1900 წლის ივნისში კლუბის მართვასა და დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო „თემზ აირონვორქსი“ დაიშალა, თუმცა ძალიან მალევე, 1900 წლის 5 ივლისს ახლიდან წარმოიშვა, როგორც „ვესტ ჰემ იუნაიტედი“. გუნდის იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი სიდ კინგი იყო, რომელსაც ასისტენტობას მომავალი მთავარი მწვრთნელი ჩარლი პეინტერი უწევდა. მაშინდელ გუნდში მუშათა და ხელოსანთა თამაშის გამო, „ვესტ ჰემ“ი მედიასა და ფანებში ახლაც იწოდება, როგორც "რკინები" და "ჩაქუჩები", ხოლო გუნდის დღევანდელ ლოგოს კი ორი გადაჯვარედინებული ჩაქუჩი ამშვენებს.
„ვესტ ჰემ იუნაიტედი“ 1901 წლის სეზონისათვის შეუერთდა დასავლეთის ლიგას, თუმცა სამხრეთის ლიგის პირველ დივიზიონშიც განაგრძობდა ასპარეზობას. 1907 წელს კლუბმა დასავლეთის ლიგის 1B დივიზიონის ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო შემდეგ კი 1A დივიზიონის ჩემპიონი „ფულემი“ დაამარცხა, რითაც სრულიად დასავლეთის ლიგის ჩემპიონად იქცა.
ახლადშექმნილი კლუბი საშინაო თამაშებს კვლავ პლაისტოუში მდებარე მემორიალ გრაუნდსზე ატარებდა, რომელიც საშინაო მოედნად არნოლდ ჰილსის პერიოდიდან ითვლებოდა. თუმცა 1904 წელს ვესტ ჰემის მფლობელობაში გადავიდა აპტონ პარკზე მდებარე მოედანი, რომელიც იმ პერიოდში ბოლეინ გრაუნდად იწოდებოდა.
„ვესტ ჰემის“ პირველი საშინაო მატჩი აპტონ პარკზე ადგილობრივი მტრის, „მილუოლის“ (რომელიც კონკურენტი მეტალურგიული ქარხნის გუნდს წარმოადგენდა) წინააღმდეგ შედგა. მოედანზე შეკრებილმა 10 ათასამდე ქომაგმა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვება (3–0) იზეიმა.
1919 წელს, კვლავ სიდ კინგის ხელმძღვანელობით, „ვესტ ჰემმა“ ინგლისის მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა, პირველ თამაშში კი „ლინკოლნ სიტის“ 1–1 დაუზავდა. 1923 წელს „ჩაქუჩები“ პირველ დივიზიონში აღზევდნენ და ამავე წელს ისტორიაში პირველად გავიდნენ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში. უემბლიზე გასამართ მატჩში მათ მოწინააღმდეგეს „ბოლტონ უონდერერსი“ წარმოადგენდა. ეს ფინალი ისტორიაში შევიდა, როგორც თეთრი ცხენის ფინალი. სახელის წარმოშობის ისტორია შემდეგია: მატჩზე დაახლოებით 200 ათასი ქომაგი შეიკრიბა, ტრიბუნებმა ხალხი ვერ დაიტია და ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ მოედანზე შევარდა. საჭირო გახდა პოლიციის მობილიზება. ცხენოსან პოლიციელთა შორის კი იყო ჯორჯ სქორი, რომელიც დიდ თეთრ (სინამდვილეში კი ნაცრისფერ) ცხენზე, "ბილიზე" იყო ამხედრებული. სწორედ "ბილიმ" შეიტანა დიდი წვლილი მოედნის ხალხისაგან გასუფთავებაში. მატჩი „ბოლტონის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა. ამის შემდეგ „ვესტ ჰემს“ პირველ დივიზიონში წარმატებები არ ჰქონია, თუმცა მომდევნო 10 წლის მანძილზე სტაბილურად იყო ამ დივიზიონის წევრი და 1927 წელს ასოციაციის თასის ნახევარფინალშიც გააღწია.
1932 წელს გუნდი მეორე დივიზიონში დაქვეითდა და სიდ კინგი გათავისუფლებული იქნა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. კინგმა 32 წელი გაატარა ვესტ ჰემის სამსახურში: 1899–დან 1903 წლამდე ის ფეხბურთელი იყო, ხოლო შემდეგ კი მწვრთნელი. მის შემცვლელად მისივე ასისტენტი, ჩარლი პეინტერი დასახელდა. პეინტერი გუნდის მწვრთნელად 1950 წლამდე მუშაობდა და ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით ვესტ ჰემმა დაახლოებით 480–მდე მატჩი გამართა.
კლუბმა მომდევნო 30 წელი მეორე დივიზიონში გაატარა ჯერ პეინტერის, შემდეგ კი ყოფილი ფეხბურთელის, ტედ ფენტონის ხელმძღვანელობით. სწორედ ფენტონმა მოახერხა და 1958 წელს გუნდი კიდევ ერთხელ მიიყვანა პირველ დივიზიონამდე.
1961 წელს ტედ ფენტონის შემცვლელად მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონ გრინვუდი დაინიშნა და სწორედ მას უკავშირდება კლუბის პირველი წარმატებები როგორც ინგლისში, ისე ევროარენაზე. კერძოდ, გრინვუდის მიერ გაწვრთნილმა ვესტ ჰემმა 1964 წელს ინგლისის ასოციაციის თასის, ხოლო 1965 წელს კი ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგება მოახერხა.
1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების სამი წამყვანი ფეხბურთელი სწორედ ვესტ ჰემიდან იყო: გუნდის კაპიტანი ბობი მური; მარტინ პიტერსი (რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა); და ჯეფ ჰერსტი, რომელიც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჰეთ–თრიქის ავტორია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში.
აპტონ პარკთან ახლოს, ბარქინგ როუდზე, "ჩემპიონების" ძეგლი დგას, რომელიც 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გმირებს გამოსახავს: კერძოდ, აქ არიან ბობი მური, მარტინ პიტერსი, ჯეფ ჰერსტი და „ევერტონის“ ფეხბურთელი რეი უილსონი მსოფლიო თასით ხელში.
1974–75 წლების სეზონის მძიმედ დაწყების შემდეგ გრინვუდმა კლუბის გენერალური მენეჯერის პოსტზე გადაინაცვლა და ისე, რომ ხელმძღვანელობასთან არ შეუთანხმებია, მთავარ მწვრთნელად თავისი ასისტენტი, ჯონ ლაიალი დანიშნა. ამ გადაწყვეტილებამ შედეგი მალევე მოიტანა – ლაიალის პირველ ოთხ მატჩში გუნდმა 20 გოლის გატანა მოახერხა და 1975 წელს ინგლისის ასოციაციის თასიც მოიგო, დამაარცხა რა ფინალში „ფულემი“ ანგარიშით 2–0. იმ დროინდელი „ვესტ ჰემი“ უკანასკნელი გუნდია, რომელმაც ასოციაციის თასის მოგება ისე მოახერხა, რომ შემადგენლობაში ყველა ფეხბურთელი ინგლისელი ჰყავდა.
ლაიალმა ვესტ ჰემი 1976 წელს კიდევ ერთხელ გაიყვანა ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში, თუმცა ლონდონელები ბელგიურ „ანდერლეხტთან“ 4:2 დამარცხდნენ. გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე გრინვუდის ყოფნამ სამ წელიწადზე ნაკლები გასტანა; 1977 წელს მან ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დონ რევი შეცვალა.
1978 წელს „ვესტ ჰემი“ კიდევ ერთხელ დაქვეითდა მეორე დივიზიონში, თუმცა ლაიალმა მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნა და გუნდს 1980 წელს კიდევ ერთხელ მოაგებინა ასოციაციის თასი, ფინალში თანაქალაქელი „არსენალის“ დამარცხებით. ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ასოციაციის თასი ისეთმა გუნდმა მოიგო, რომელიც უმაღლეს ლიგაში არ ასპარეზობდა. 1981 წელს „ვესტ ჰემი“ პირველ დივიზიონში აღზევდა და მომდევნო სამი სეზონის მანძილზე სტაბილურად ასრულებდა გათამაშებას საუკეთესო ათეულში, ხოლო 1985–86 წლების სეზონში, ისტორიაში ყველაზე მაღალი, მესამე პოზიცია დაიკავა. 1989 წელს „ჩაქუჩები“ კიდევ ერთხელ დაქვეითდნენ და ამას ლაიალის გათავისუფლებაც მოჰყვა.
ლაიალის შემდეგ გუნდი ლუ მაკარიმ ჩაიბარა, რომლის მოღვაწეობაც „ვესტ ჰემში“ წელიწადზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, რადგან მაკარის „სუინდონ თაუნის“ მწვრთნელობის დროს გარიგებულ მატჩებში სდებდნენ ბრალს. შოტლანდიელი სპეციალისტის შემცვლელად ყოფილი ფეხბურთელი, ბილი ბონდსი დასახელდა. ბონდსის პირველ სრულ სეზონში (1990–91) „ვესტ ჰემმა“ კიდევ ერთხელ მოიპოვა პირველი დივიზიონის საგზური. მომდევნო სეზონში „ჩაქუჩები“ კვლავ გავარდნენ, თუმცა 1992 წელს პრემიერლიგის ჩამოყალიბების შემდეგ რანგით მეორე დივიზიონს პირველი ლიგა დაერქვა და ამრიგად, „ვესტ ჰემმაც“ პირველ ლიგაში განაგრძო ასპარეზობა. 1992–93 წლების სეზონში ლონდონელებმა პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავეს და 1993 მაისში პრემიერლიგაში აღზევდნენ.
1993–94 წლების სეზონის შემდეგ ბონდსმა კლუბი დატოვა და მის შემცვლელად ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა სპეციალისტი, ჰარი რედნაპი მოიყვანა. მან 1998–99 წლების სეზონში „ჩაქუჩები“ მეხუთე ადგილზე გაიყვანა, თუმცა გუნდი უეფა-ს თასზე ავტომატურად ვერ მოხვდა და ამის სანაცვლოდ 1999 წელს ინტერტოტოს თასი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ რედნაპის ხელში „ვესტ ჰემი“ სტაბილურად თამაშობდა პრემიერ ლიგაში, მასსა და ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტის გამო ჰარიმ კლუბი დატოვა და 2001 წელს მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი, გლენ როდერი დაინიშნა.
როდერის პირველ სეზონში „ვესტ ჰემი“ მეშვიდე ადგილზე კი გავიდა, მაგრამ რამდენიმე მატჩი დიდი ანგარიშით წააგო (7–1 „ბლექბერნთან“, 5–0 „ევერტონთან“ და 5–1 „ჩელსისთან“). მომდევნო სეზონი გუნდმა ცუდად დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ 38 თამაშის შემდეგ 42 ქულა დააგროვა, დაქვეითდა უმაღლესი ლიგიდან. ქულათა ეს რაოდენობა უმაღლესია, რაც პრემიერლიგიდან დაქევითებულ გუნდს სეზონის ბოლოს დაუგროვებია. როდერი, რომელმაც სეზონის რამდენიმე მატჩი ტვინის სიმსივნის მკურნალობის გამო (საბოლოოდ ის ამ დაავადებისაგან განკურნეს) გამოტოვა, 2003 წლის 24 აგვისტოს გაათავისუფლეს.
როდერის დროებით შემცვლელად გუნდის ლეგენდა, ტრევორ ბრუკინგი დასახელდა, თუმცა სულ რამდენიმე მატჩის შემდეგ, 2003 წლის ოქტომბერში „ვესტ ჰემი“ ალან პარდიუმ ჩაიბარა. პარდიუმ წინა სეზონში „რედინგის“ აღზევება მოახერხა პრემიერლიგაში და „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ბოსებსაც ამის ეიმედებოდათ.
პარდიუმ გუნდი ჩემპიონშიფის პლეი–ოფის ფინალში გაიყვანა, სადაც „ჩაქუჩები“ „კრისტალ პალასთან“ დამარცხდნენ. მომდევნო წელს „ვესტ ჰემი“ კვლავ გავიდა ფინალში და ამჯერად გამარჯვება მოიპოვა, დაამარცხა რა „პრესტონ ნორთ ენდი“ 1–0, რითაც პრემიერლიგაში დაბრუნდა.
პრემიერლიგაში დაბრუნებიდან პირველივე სეზონში „ვესტ ჰემი“ მე–9 ადგილზე გავიდა, თუმცა იმ სეზონის მთავარი მოვლენა მაინც ასოციაციის თასის ფინალში გასვლა იყო, სადაც „ჩაქუჩები“ „ლივერპულს“ შეხვდნენ და პენალტების სერიაში დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, „ვესტ ჰემმა“ უეფა-ს თასის საგზური მაინც მოიპოვა, რადგან „ლივერპული“ თავის მხრივ ჩემპიონთა ლიგა იყო გასული.
2006 წლის აგვისტოში, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „ვესტ ჰემმა“ ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა, ერთდროულად კარლოს ტევესი და ხავიერ მასკერანო გაიფორმა. 2006 წლის ნოემბერში კლუბი ისლანდიურმა ბანკმა შეიძინა, რომელსაც ეგერტ მაგნუსონი მართავდა. არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ალან პარდიუ გათავისუფლებული იქნა, ხოლო მის ნაცვლად კი „ჩარლტონის“ ყოფილი დამრიგებელი, ალან კერბიშლი დაინიშნა.
ტევესისა და მასკერანოს ტრანსფერები მოგვიანებით პრემიერლიგამ გამოიძია და მათში დარღვევები აღმოჩნდა. ამ დარღვევებში დამნაშავედ „ვესტ ჰემ იუნაიტედი“ გამოცხადდა და 2007 წლის აპრილში კლუბს 5,5 მილიონი ფუნტის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. თუმცა, „ჩაქუჩები“ ქულების დაკლებას მაინც გადაურჩნენ, რაც მათი პრემიერლიგაში დარჩენის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. 2006–07 წლების სეზონის ბოლოს კლუბმა სეზონის უკანასკნელი 9 მატჩიდან 7–ის მოგება მოახერხა (მათ შორის გასვლაზე 1–0 დაამარცხა „არსენალი“ და პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი „მანჩესტერ იუნაიტედი“) და უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაურჩა.
2007–08 წლების სეზონში „ვესტ ჰემმა“ პრემიერლიგაში რესპექტაბელური პოზიცია დაიკავა. იმ წელს გუნდში შვედი ვარსკვლავი, ფრედერიკ ლიუნგბერგი ირიცხებოდა. ახალწვეულებმა, კირონ დაიერმა და კრეიგ ბელამიმ კი სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმების გამო გამოტოვეს. სეზონის უკანასკნელი მატჩი აპტონ პარკზე ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ ფრედ, 2–2 დასრულდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვესტ ჰემმა მე–10 ადგილი დაიკავა და მტერ „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ 3 ქულით გაასწრო. ამრიგად, „ჩაქუჩებმა“ ხუთი ადგილით გააუმჯობესეს წინა სეზონის შედეგი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, პრემიერლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე მთელი სეზონის მანძილზე არც ერთხელ არ დამდგარა.
კლუბის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო, 2008 წლის 3 სექტემბერს ალან კერბიშლი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. კერბიშლის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას კლუბმა ანტონ ფერდინანდი და ჯორჯ მაკარტნი „სანდერლენდში“ მისი ნებართვის გარეშე გაყიდა. მის შემცვლელად „ვესტ ჰემმა“ ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი, იტალიელი ჯანფრანკო ძოლა მოიყვანა, რომელსაც სამწვრთნელო კარიერა ახალი დაწყებული ჰქონდა. ძოლამ გუნდი 2008 წლის 11 სექტემბერს ჩაიბარა და გახდა პირველი არაბრიტანელი მწვრთნელი, რომელიც „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით „ჩაქუჩებმა“ სეზონი მე–9 ადგილზე დაასრულეს, რითაც წინა სეზონის მიღწევა ერთი პოზიციით გააუმჯობესეს.
2009–10 წლების სეზონი „ვესტ ჰემმ“ა კარგად დაიწყო და მარტ კობლისა და ახლადდანიშნული კაპიტნის, მეთიუ აპსონის გოლებით გასვლაზე „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“ დაამარცხა. რამდენიმე დღის შემდეგ, ლიგის თასზე „მილუოლის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩს გულშემატკივარს შორის არეულობა და ჩხუბი მოჰყვა. 2009 წლის აგვისტოში ფინანსური კრიზისის გამო ისლანდიელმა მფლობელმა კლუბის საჭირო თანხებით უზრუნველყოფა ვეღარ შეძლო, სანამ ახალი ინვესტორი არ გამოჩნდა. გუნდს დახმარება სპონსორმა, SBOBET-მა გაუწია, რათა სასურველი თავდამსხმელი, ალესანდრო დიამანტი შეეძინა.
კლუბმა სეზონი ძალიან ცუდად ჩაატარა და მთელი წლის მანძილზე ემუქრებოდა პრემიერლიგიდან გავარდნა. თუმცა სეზონის დასრულებამდე ორი მატჩით ადრე გუნდმა მოახერხა და საკუთარ მოედანზე დაამარცხა „უიგან ატლეტიკი“ 3–2, რითაც უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. 38 მატჩის შემდეგ „ჩაქუჩებმა“ სულ რაღაც 35 ქულის დაგროვება შეძლეს – 7 ქულით ნაკლების, ვიდრე 2002–03 წლების სეზონში, როცა „ვესტ ჰემი“ პრემიერლიგიდან გავარდა.
2010 წლის 11 მაისს, 2009–10 წლების სეზონის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ, „ვესტ ჰემმა“ გამოაცხადა, რომ ჯანფრანკო ძოლასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. 2010 წლის 3 ივნისს „ჩაქუჩები“ ებრაელმა სპეციალისტმა, ავრამ გრანტმა ჩაიბარა და კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბმა მომდევნო სეზონი ცუდად დაიწყო და ძალიან იშვიათად თუ ხვდებოდა გასავარდნი ზონის გარეთ. ლიგის თასზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ 4–0 დამარცხება იშვიათი გამობრწყინება იყო. თუმცა, პრემიერლიგაში გუნდის ცუდ ფორმას გავლენა არ მოუხდენია თასებზე ასპარეზობაზე. ამ სეზონში „ჩაქუჩებმა„ ლიგის თასის ნახევარფინალში გააღწიეს, თუმცა შემდგომში თასის მფლობელ „ბირმინგემ სიტისთან“ დამარცხდნენ. რაც შეეხება ასოციაციის თასს, აქ „ვესტ ჰემი“ ასპარეზობას მეოთხედფინალში, „სტოკ სიტისთან“ 2–1 წაგების შემდეგ გამოეთიშა.
2011 წლის 15 მაისს გასვლაზე „უიგან ატლეტიკთან“ წაგების შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა „ვესტ ჰემის“ დაქვეითება ჩემპიონშიფში. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩს გრანტის გუნდი დემბა ბას დუბლის წყალობით 2–0 იგებდა, თუმცა „უიგანმა“ მოახერხა და დამატებით დროში შარლ ნ'ზოგბიას მიერ გატანილი გოლით 3–2 მოიგო. წაგებიდან რამდენიმე საათში „ვესტ ჰემმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გრანტის გათავისუფლება. მის ნაცვლად კლუბი 2011 წლის 1 ივნისს, გამოცდილ ინგლისელ სპეციალისტს, სემ ელერდაისს ჩააბარეს.
ელერდაისის ხელმძღვანელობით „ვესტ ჰემმა“ 2011–12 წლების სეზონში ჩემპიონშიფში 86 ქულას მოუყარა თავი, რითაც მესამე ადგილზე გავიდა და პლეი–ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალში „ჩაქუჩებმა“ ორი მატჩის ჯამში „კარდიფ სიტი“ 5–0 დაამარცხეს და ფინალში 2012 წლის 19 მაისს უემბლიზე „ბლექპულს“ შეხვდნენ. მატჩში ანგარიში კარლტონ კოულმა გახსნა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის სტარტზე „ბლექპულმა“ გაათანაბრა, 87–ე წუთზე რიკარდო ვაზ ტემ გამარჯვების გოლი გაიტანა, რითაც ვესტ ჰემს პრემიერლიგის საგზური მოუპოვა.
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთანავე კლუბმა ყოფილ ფეხბურთელებს, ჯეიმზ კოლინსსა და ჯორჯ მაკარტნის კონტრაქტები გაუფორმა. ამასთან ერთად, გუნდში რეკორდული თანხის სანაცვლოდ მოვიდა მეთ ჯარვისი „ვულვერჰემპტონ უონდერერსიდან“და ენდი კეროლი იჯარით „ლივერპულიდან“. სეზონის პირველი მატჩი 2012 წლის 18 აგვისტოს „ვესტ ჰემ იუნაიტედმა“ კევინ ნოლანის გოლის წყალობით „ასტონ ვილასთან“ 1–0 მოიგო. სეზონის პირველი წრის მთავარი მოვლენა საკუთარ მოედანზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის, „ჩელსის“ 3–1 დამარცხება იყო, რითაც ელერდაისის შეგირდები მე–8 პოზიციაზე გადავიდნენ. 2013 წლის 22 მარტს „ვესტ ჰემმა“ მიაღწია შეთანხმებას და 99-წლიანი იჯარის წესით მოიპოვა ლონდონის ოლიმპიური სტადიონი, რომელიც მათი საშინაო არენა 2016–17 წლების სეზონიდან გახდა. ცხრა საშინაო და მხოლოდ სამი გასვლითი გამარჯვებით „ვესტ ჰემმა“ 2012–13 წლების სეზონში მე–10 ადგილი დაიკავა, თუმცა გასვლით მატჩებში ლიგაში ყველაზე ცოტა, 11 გოლი გაიტანა. 2013 წლის ივნისში გუნდმა კიდევ ერთხელ დაამხო საკუთარი სატრანსფერო რეკორდი და 15 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ „ლივერპულისგან“ ენდი კეროლი გამოისყიდა, რომელსაც ექვსწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
კლუბის ოფიციალურ სიმბოლოდ ითვლება ორი გადაჯვარედინებული ჩაქუჩი. მოგეხსენებათ, ეს იარაღი მაშინდელი რკინისა და გემთმშენებლობის ინდუსტრიაში ფართოდ გამოყენებადი იყო. ლოგოს მოგვიანებით (დაახლოებით 1903–1904 წლებში) დაემატა სასახლე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ანა ბოლეინის სასახლეს წარმოადგენს. კიდევ ერთი ვერსიით, ლოგოზე სასახლე შესაძლოა კლუბის განვითარებაში ოლდ ქასლ სვიფთსის ფეხბურთელების მიერ შეტანილი წვლილის გამო გამოჩნდა.
ლოგოს ადაპტაცია 90–იანი წლების ბოლოს დიზაინერული კომპანია სპრინგეტ ასოსიეთსის მიერ მოხდა. ოდნავ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც კლუბმა სტადიონის გარე ფასადის რეკონსტრუქცია დაასრულა, ლოგო კიდევ ერთხელ შეიცვალა და მასზე გამოსახული სასახლე აპტონ პარკის შესასვლელში მდებარე სასახლეს დაემსგავსა.
თავდაპირველად გუნდის ფორმა მუქი ლურჯი ფერის იყო, ვინაიდან „თემზ აირონვორქსის“ მფლობელი, არნოლდ ჰილსი ოქფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო. თუმცაღა, ზოგჯერ კლუბის ფეხბურთელები ბორდოსფერ, ცისფერ და თეთრს ფორმებსაც ირგებდნენ.
„ჩაქუჩების“ ტრადიციულ საშინაო ფორმის ფერად 1899 წლის შემდეგ ბორდოსფერი იქცა, ხოლო მკლავები კი ცისფერი ფერის იყო. „თემზ აირონვორქსის“ ფეხბურთელბმა, ჩარლი დოუვმა, „ასტონ ვილას“ მაისური საჩუქრად მამისგან, ბილი დოუვისგან მიიღო. ბილი პროფესიონალი მორბენალი იყო და „თემზ აირონვორქსის“ სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა. ერთხელ ის ვილა პარკზე ოთხ ბირმინგემელ ფეხბურთელს სირბილში გაეჯიბრა და ფულიც მოუგო. ერთ–ერთმა ფეხბურთელმა, რომელიც „ასტონ ვილას“ მაისურების რეცხვაზე იყო პასუხისმგებელი, ბილის ფულის სანაცვლოდ კლუბის ეკიპირება გადასცა. სწორედ ამის მერეა, რომ „ვესტ ჰემისა“ და „ასტონ ვილას“ საშინაო ფორმები თითქმის იდენტურად გამოიყურება.
„თემზ აირონვორქსმა“ და მოგვიანებით „ვესტ ჰემ იუნაიტედმა“ საშინაო ფორმის ეს ფერები დღემდე შეინარჩუნეს, თუმცა გასვლითი ფორმის ასეთი ტრადიციული ფერები არ არსებობს.
გულშემატკივრები ცნობილი არიან გუნდის ჰიმნის მისამღერის თავისებური თარგმნითა და სიმღერით. „ვესტ ჰემის“ ჰიმნი არის სიმღერა „მე ყოველთვის ვბერავ ბუშტებს“, რომელიც გულშემატკივრებს 20–იან წლებში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჩარლი პეინტერმა წარუდგინა. ეს სიმღერა იმ დროს ერთ–ერთი საპნის კომპანიის რეკლამას ედო ფონად, ხოლო თავად რეკლამაში კი პატარა ხუჭუჭა ბიჭი მონაწილეობდა, რომელიც ფეხბურთელ ბილ "ბაბლს" მიურეის განასახიერებდა. მიურეი ადგილობრივი სკოლის გუნდში თამაშობდა, ხოლო ამ სკოლის დირექტორი კი კორნელიუს ბილი იყო. სწორედ კორნელიუს ბილს ეკუთვნის სიმღერის სათაური.
თავად ბილი პეინტერის მეგობარი იყო, ხოლო მიურეი კი იმ დროს „ვესტ ჰემში“ ისინჯებოდა. ამ დამთხვევათა გამო კი კლუბის გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, სიმღერა საშინაო მატჩების დაწყების წინ ემღერათ. ხანდახან მისამღერს თავად პეინტერსაც კი ამღერებდნენ ხოლმე.
თუმცა, გულშემატკივრებმა სიმღერის ტექსტში მცირე ცვლილებაც შეიტანეს. მაგალითად, ტექსტის მეორე ხაზში ფრაზა " თითქმის აღწევენ ცამდე " შეიცვალა " ისინი აღწევენ ცამდე ", ხოლო " შემდეგ კი ჩემი ოცნებებივით " შეიცვალა, როგორც "და ჩემი ოცნებებივით ". დამატებით გულშემატკივრები ტექსტის ბოლოს "იუნაითედ!"–საც გაჰყვირიან ხოლმე.
დღესდღეობით, საშინაო მატჩების დაწყებამდე სტადიონზე სიმღერის 1975 წლის ვერსია ისმის, რომელიც ასოციაციის თასის ფინალის დაწყებამდე გუნდის ფეხბურთელებმა შეასრულეს. ტექსტზე, " წარმატება ყოველთვის იმალება " მუსიკა ჩერდება და სიმღერას გულშემატკივრები განაგრძობენ ხოლმე.
„ვესტ ჰემის“ გულშემატკივრებმა ინგლისში დიდი ყურადღება მაშინ მიიპყრეს, როდესაც 1998–99 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩში დეივიდ ბექჰემს ჯოჯოხეთური საღამო მოუწყვეს. გულშემატკივართა გაბრაზება ბექჰემის წითელმა ბარათმა გამოიწვია, რომელიც მან მსოფლიო ჩემპიონატზე დიეგო სიმეონეს წაქცევისთვის მიიღო. გუნდის გულშემატკივრები თავს მაშინაც გამოიჩენენ ხოლმე, თუ საქმე აპტონ პარკზე ვესტ ჰემის ყოფილი ფეხბურთელის სტუმრობას ეხება. მაგალითად, პოლ ინსს, ფრენკ ლამპარდს, ჯერმეინ დეფოს, კრეიგ ბელამისა და ნაიჯელ რეო–კოკერს გულშემატკივრები სტვენითა და გინებით ხვდებიან, ხოლო თუ სტადიონს მაიკლ კერიკი, რიო ფერდინანდი, ბობი ზამორა ან კარლო ტევესი სტუმრობს, მათ თბილი დახვედრა გარანტირებული აქვთ.
„ვესტ ჰემის“ ფანების კავშირი ორგანიზებულ ძალადობასთან და ხულიგნობასთან სათავეს გასული საუკუნი 60–იანი წლებიდან იღებს, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებული პერიოდი მაინც 70–იანი და 80–იანი წლები იყო, როდესაც საფეხბურთო ხულიგნობამ ბრიტანეთში განვითარების პიკს მიაღწია. ხულიგან გულშემატკივართა გაერთიანებას იმ პერიოდში „ფირმები“ ეწოდებოდა, ხოლო ვესტ ჰემის „ფირმას“ კი „ინთერსითი“ ერქვა. „ფირმის“ წევრები კლუბის ატრიბუტიკაზე უარს ამბობდნენ და მატჩებზე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები მიდიოდნენ, რათა პოლიციისათვის რთულად ცნობადები ყოფილიყვნენ. გარდა ამისა, გასვლი მატჩებზე ისინი „ინთერსითის“ მატარებლებით გადაადგილდებოდნენ და არა სპეციალურად ფანებისთვის გამოყოფილი იაფი მატარებლებით, რომელსაც პოლიცია მკაცრად აკონტროლებდა. „ინთერსითი“ იმ დროს სახელოვანი დაჯგუფება იყო და მათგან პრობლემებს ნებისმიერი გუნდის ფანობა მოელოდა.
„ვესტ ჰემ იუნაიტედს“ განსაკუთრებული მტრობა რამდენიმე კლუბთან აკავშირებს. ამ კლუბთა შორის არიან ჩრდილო ლონდონის წარმომადგენელი „ტოტენჰემ ჰოტსპური“ და დასავლეთ ლონდონის წარმომადგენელი „ჩელსი“. „ვესტ ჰემსა“ და „ტოტენჰემს“ შორის მტრობის გაღვივება სხვადასხვა პერიოდებში „ჩაქუჩთაგან“ მაიკლ კერიკის, მარტინ პიტერსის, პოლ ალენის, ჯერმეინ დეფოსა და სკოტ პარკერის „მამლებში“ გადასვლამ, ხოლო „ტოტენჰემის“ მწვრთნელად კი „ვესტ ჰემი“ს ყოფილი დამრიგებლის ჰარი რედნაპის დანიშვნამაც გამოიწვია. 2006–07 წლების სეზონის შემდეგ „ვესტ ჰემს“ მტრული დამოკიდებულება იორკშირის კლუბთან, „შეფილდ იუნაიტედთანაც“ ჩამოუყალიბდა კარლოს ტევესის ტრანსფერის გარშემო ატეხილი ამბების გამო.
კლუბის უმთავრესი და უძველესი მტერი მეზობელ რაიონში მდებარე „მილუოლია“. მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც კლუბები კონკურენტმა გემთმშენებელმა კომპანიებმა დააარსეს. „ვესტ ჰემი“ ყოველთვის უფრო წარმატებული იყო, ვიდრე „მილუოლი“ და ურთიერთშეხვედრებიც ძირითადად „ჩაქუჩთა“ გამარჯვებით სრულდებოდა. თავის დროზე „მილუოლმა“ ინგლისის საფეხბურთო ლიგაში გაწევრიანებაზე უარი თქვა, მაშინ როცა „ვესტ ჰემი“ გაწევრიანდა, უმაღლეს ლიგაში აღზევდა და იმ წელს ასოციაციის თასის ფინალშიც გავიდა. 20–იანი წლების ბოლოს ისტ ენდის (ვესტ ჰემის ფანები) მიერ წამოწყებულ გაფიცვას აილ ოფ დოგსი (მილუოლის ფანები) არ შეუერთდნენ, რამაც ორ მეზობელ ბანაკს შორის მტრობა კიდევ უფრო გააღვივა და ეს მტრობა დღესაც გრძელდება.
„ვესტ ჰემისა“ და „მილუოლის“ დაპირისპირებებს ხმაურისა და შეხლა–შემოხლის გარეშე არც ბოლო წლებში ჩაუვლია. 2009 წლის 25 აგვისტოს აპტონ პარკზე გამართულ მატჩს გულშემატკივრებს შორის ჩხუბი და ადამიანების დასახიჩრება მოჰყვა, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე ათეული გულშემატკივარი დააკავა.
გუნდი და გულშემატკივრები ცნობილნი არიან, როგორც "ჩაქუჩები". ამის უპირველესი მიზეზი კვლავდაკვლავ თეიმზ აირონვორქსია, რომელშიც ხელოსნები და მუშები მუშაობდნენ. ორ გადაჯვარედინებულ ჩაქუჩს კლუბის ლოგოზეც შეხვდებით. ასევე ვესტ ჰემი იწოდება, როგორც "რკინები", "ქოქნი ბოისი", "ფეხბურთის აკადემია", ანაც უბრალოდ "აკადემია".
„ვესტ ჰემის“ საშინაო არენას 194 წლიდან ბოლეინ გრაუნდი, იგივე აპტონ პარკი წარმოადგენდა, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონის რაიონ ნიუჰემში მდებარეობს. ბოლეინ გრაუნდი 35 016 მაყურებელს იტევს.
კლუბის ყოფილმა მფლობელმა ეგერტ მაგნუსონმა ღიად დააფიქსირა საკუთარი სურვილი იმის შესახებ, რომ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ ლონდონის ოლიმპიური სტადიონი „ვესტ ჰემის“ მფლობელობაში გადასულიყო. ამ იდეას მხარი მომდევნო მფლობელებმა, დეივიდ გოლდმა და დეივიდ სალივანმაც დაუჭირეს და განაცხადეს, რომ მთავრობისაგან ეს ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა.
შედეგად 2013 წლის 22 მარტს ვესტ ჰემი ოფიციალურად გამოცხადდა ოლიმპიური სტადიონი 99-წლიან მეიჯარედ. მთავრობამ კლუბს სტადიონის რეკონსტრუქციისთვის 25 მილიონ ფუნტიანი დახმარება აღუთქვა. ოლიმპიურ სტადიონზე კლუბი 2016–17 წლების სეზონის სტარტისთვის გადავიდა.
„ვესტ ჰემი“ ხშირად იწოდება, როგორც "ფეხბურთის აკადემია". ეს წარწერა იყო აპტონ პარკის სარბენ ბილიკზეც. კლუბს ეს სახელი მას შემდეგ დაერქვა, რაც 50–იან წლებში ტედ ფენტონმა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის წარმატებული სისტემა შეიმუშავა და ამას მოჰყვა ინგლისის ნაკრებში „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ფეხბურთელების დამკვიდრებაც. იმ პერიოდში კლუბმა ინგლისის ნაკრებს წარმატებული ფეხბურთელები, ბობი მური, მარტინ პიტერსი და ჯეფ ჰერსტი აღუზარდა, ხოლო მოგვიანებით კი ნაკრებში ტრევორ ბრუკინგმა, ელვინ მარტინმა, ტონი კოტიმ და პოლ ინსმაც ითამაშეს.
90–იან წლებში „ვესტ ჰემში“ კარიერა რიო ფერდინანდმა, ფრენკ ლამპარდმა, მაიკლ კერიკმა, ჯო კოულმა და გლენ ჯონსონმა დაიწყეს და თუ არ ჩავთვლით ჯო კოულს, ახლა ყველანი ე.წ. "დიდი ოთხეულის" კლუბებში თამაშობდნენ. გუნდის ახლანდელ ძირითად გუნდშიც ირიცხება და გუნდის კაპიტანია აკადემიის აღზრდილი მარკ ნოუბლი. 2007–08 წლების სეზონში „ვესტ ჰემს“ მოედანზე საშუალოდ 6.61 ინგლისელი ფეხბურთელი ჰყავდა და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლი იყო პრემიერლიგაში. 2000–დან 2011 წლებამდე კლუბმა რვა ფეხბურთელი აღუზარდა ინგლისის ნაკრებს, რაც იმდენივეა, რამდენიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და ერთით ნაკლებია „არსენალზე“. ამ ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდაში უდიდესი როლი აკადემიის მწვრთნელ ტონი კარს მიუძღვის, რომელიც „ვესტ ჰემში“ 1973 წლის შემდეგ მუშაობს.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
ყველა მათგანის იჯარის ხელშეკრულება იწურება 2017 წლის 30 ივნისს. შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
თარიღი | სახელი | შენიშვნა |
---|---|---|
1895 | ბობ სტივენსონი | |
1895–98 | უცნობია | |
c.1898–99 | უოლტერ ტრენტერი | |
1899 | ტომ ბრედშოუ | თავის ტრავმის გამო ბრედშოუ შობიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა |
1899–03 | ჩარლი დოუვი | |
c.1903–04 | ერნესტ უოტსი | |
1904–07 | დეივიდ გარდნერი | |
1907–11 | ფრენკ პირსი | |
1911–15 | რომი რენდალი | |
1915–19 | არავინ | პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ფეხბურთი არ ითამაშებოდა |
1919–21 | უცნობია | |
c.1921–22 | ბილი კოუპი | |
1922–26 | ჯორჯ ქეი | |
1926–27 | ჯეკ ჰებდენი | |
1927–28 | უცნობია | |
1928–29 | ტომი ჰოჯსონი | |
1929–36 | უცნობია | |
c.1936–39 | ჩარლზ ბიქნელი | |
1939–45 | არავინ | მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ფეხბურთი არ ითამაშებოდა |
1945–47 | ჩარლზ ბიქნელი | კაპიტნად დარჩა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ |
1947–51 | დიკ უოკერი | კარიერის დასრულების შემდეგ ის ახალგაზრდა ფეხბურთელების ამუნიციებს ასუფთავებდა |
1951–57 | მალკოლმ ელისონი | 1957 წელს მატჩის შემდეგ ტუბერკულოზით დაავადდა, რის გამოც ფილტვი ამოაჭრეს |
1957–60 | ნოელ ქენთველი | პირველი კაპიტანი ბრიტანეთის საზღვრებს გარედან |
1960–61 | კენ ბრაუნი | |
1961–74 | ბობი მური | |
1974–84 | ბილი ბონდსი | |
1984–90 | ელვინ მარტინი | |
1990–92 | იან ბიშოპი | |
1992–93 | ჯულიან დიქსი | |
1993–96 | სტივ პოტსი | |
1996–97 | ჯულიან დიქსი | |
1997–01 | სტივ ლომასი | |
2001–03 | პაოლო დი კანიო | პირველი კაპიტანი ბრიტანეთის კუნძულების საზღვრებს გარედან |
2003 | ჯო კოული | |
2003–05 | კრისტიან დეილი | |
2005–07 | ნაიჯელ რეო–კოკერი | |
2007–09 | ლუკას ნილი | პირველი კაპიტანი ევროპის საზღვრებს გარედან |
2009–11 | მეთიუ აპსონი | |
2011– | კევინ ნოლანი |
ქვემოთ მოცემულია "წლის ჩაქუჩის" გამარჯვებულთა სია. ამ პრიზით ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ ვესტ ჰემის წლის საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოვებენ. ტრევორ ბრუკინგი არის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ამ ჯილდოთი ზედიზედ სამი წლის მანძილზე დაჯილდოვდა (1976, 1977 და 1978 წლებში). ეს მიღწევა სკოტ პარკერმა გაიმეორა 2009–2011 წლებში. ბრუკინგმა კარიერის მანძილზე "წლის ჩაქუჩის" პრიზი ყველაზე მეტჯერ, 5–ჯერ მოიპოვა (1972, 1976, 1977, 1978 და 1982 წლებში). ბობი მურს, ბილი ბონდსს და ჯულიან დიქსს ჯილდო ოთხჯერ აქვთ მოპოვებული.
ბობი მურმა მეორე ადგილი ოთხჯერ დაიკავა, ხოლო ბილი ბონდსმა და ტონი კოტიმ – სამჯერ.
ბილი ბონდსი და ტრევორ ბრუკინგი ცნობილი არიან იმ მიღწევით, რომ პირველი და უკანასკნელი ჯილდოს მოპოვებისთვის ყველაზე დიდი დრო დასჭირდათ. ბონდსს პირველსა და უკანასკნელ ჯილდოს შორის 16 წელი აშორებს, ხოლო ბრუკინგს – 12.
|
|
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.