„არსენალი“ (ინგლ. Arsenal Football Club) — ინგლისური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი. მდებარეობს ჰოლოუეიში, ჩრდილოეთ ლონდონში. ასპარეზობს ინგლისის ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში – პრემიერლიგაში.[1]

ტერმინს „არსენალი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არსენალი (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
არსენალი
სრული სახელი Arsenal Football Club
მეტსახელი მეთოფეები
დაარსდა 1886
სტადიონი ემირეიტსი
ლონდონი, ინგლისი
(ტევადობა: 60 704 მაყურებელი)
პრეზიდენტი აშშ-ის დროშა სტენ კრონკე
მწვრთნელი ესპანეთის დროშა მიკელ არტეტა
კაპიტანი ნორვეგიის დროშა მარტინ ედეგორი
ლიგა პრემიერლიგა
2023-24 მე-2 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა
დახურვა

არსენალმა 13-ჯერ მოიგო ინგლისის შიდა ჩემპიონატი (მათ შორის ერთხელ დაუმარცხებლად), ფლობს რეკორდული რაოდენობის — 14 ასოციაციის თასს, 2 ლიგის თასსა და 17 ინგლისის სუპერთასს. ევროპულ ფეხბურთში არსენალს მოპოვებული აქვს ერთი ევროპის თასების მფლობელთა თასი და ერთი საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი. არსენალმა ითამაშა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის ფინალში. მოგებული თასების მიხედვით, ის მესამე ყველაზე წარმატებული კლუბია ინგლისურ საფეხბურთო კლუბებს შორის.

არსენალი პირველი სამხრეთ ინგლისური კლუბი იყო, რომელიც შეუერთდა საფეხბურთო ლიგას (1893 წელს). უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდნენ 1904 წელს. დაქვეითდნენ მხოლოდ ერთხელ 1913 წელს და დღემდე აგრძელებენ ყველაზე ხანგრძლივ სერიას უმაღლეს დივიზიონში.[2] არსენალს მეორე ყველაზე მეტი მატჩი აქვს მოგებული უმაღლეს დივიზიონში.[3] 1930-იან წლებში არსენალმა ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ორჯერ ასოციაციის თასი, და კიდევ ერთი ასოციაციის თასი და ორი ჩემპიონატი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1970-71 წლებში პირველად მოიგეს ჩემპიონატი და ასოციაციის თასი ერთად (დუბლი). 1989-დან 2005 წლამდე არსენალმა ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ასოციაციის თასი, მათ შორის კიდევ ორი დუბლი. არსენალმა მე-20 საუკუნე დაასრულა ყველაზე მაღალი საშუალო პოზიციით ინგლისის ჩემპიონატში.[4] 1998-დან 2017 წლამდე არსენალი ზედიზედ ცხრამეტი სეზონის განმავლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა.

1886 წელს ვულვიჩში მუშაკებმა დააარსეს კლუბი, სახელად - დაიალ სქუეარი. 1913 წელს კლუბი გადავიდა ჰაიბერიზე და გახდა ტოტენჰემ ჰოტსპურის ახლო მეზობელი, საიდანაც იწყება ჩრდილო ლონდონური დერბის ისტორია. ჰერბერტ ჩეპმენი, რომელმაც არსენალის მომავალი სამუდამოდ შეცვალა, მოაგებინა გუნდს პირველი ტიტული. 1930-წლიან წლებში მისი დამსახურებით არსენალი დომინირებდა. მას ეკუთვნის ტაქტიკა სახელად WM, სტადიონის განათების იდეა და ნომრები მაისურებზე.[5] ასევე დაამატა თეთრი სახელოები და ღია წითელი ფერის კლუბის ფორმაზე.[6]

არსენ ვენგერი კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი დროით იყო მწვრთნელი და მოიგო ყველაზე მეტი ტიტულიც. მისი მონაგარია რეკორდული 7 ასოციაციის თასი და ყველაზე ხანგრძლივი, 49-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია 2003-04 წლებში.

2006 წელს კლუბი გადავიდა ემირეიტს სტედიუმზე. ფორბსმა არსენალი $2.26 მილიარდ დოლარად შეაფასა, რითაც მეათე ყველაზე ძვირადღირებული კლუბი გახდა.[7] არსენალის დევიზია Victoria Concordia Crescit, რაც ლათინურად ნიშნავს - „გამარჯვება მოდის ჰარმონიიდან“.

ისტორია

1886–1912: დაიალ სქუეარიდან არსენალამდე

1886 წლის ოქტომბერში შოტლანდიელმა დევიდ დენსკინმა და კიდევ 15-მა მუშაკმა ვულვიჩში ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი დაიალ სქუეარი. თითოეულმა წევრმა გაიღო სიქსპენსი, დენსკინმა დაამატა კიდევ 3 შილინგი და ასე შეიქმნა კლუბი.[8] დაიალ სქუეარმა პირველი მატჩი 1886 წლის 11 დეკემბერს ისტერნ უონდერერსთან გამართა და 6-0 მოიგო.[9] 1887 წლის იანვარში კლუბს როიალ არსენალი დაერქვა.[10] პირველი ტიტულები იყო კენტის უფროსთა თასი და ლონდონის საქველმოქმედო თასი 1889-90 წლებში, მომდევნო სეზონში კი ლონდონის უფროსთა თასი. 1891 წელს როიალ არსენალი გახდა პირველი პროფესიონალური კლუბი ლონდონიდან.[11]

როიალ არსენალმა 1893 წელს მეორედ შეიცვალა სახელი და საფეხბურთო ლიგაში დარეგისტრირდა, როგორც ვულვიჩ არსენალი. კლუბი საფეხბურთო ლიგის პირველი წევრი იყო სამხრეთ ინგლისიდან.[12] ვულვიჩ არსენალმა მეორე დივიზიონიდან დაიწყო ასპარეზობა და 1904 წელს პირველ ლიგაში აღზევდა. მაყურებლების შემცირებამ, კლუბის დამაარსებელი მუშაკების ფინანსურმა პრობლემებმა და ქალაქის უფრო ხელმისაწვდომ ადგილებში ახალი კლუბების დაარსებამ ვულვიჩ არსენალი 1910 წელს თითქმის მიიყვანა გაკოტრებამდე.[13] ბიზნესმენები ანრი ნორისი და უილიამ ჰოლი კლუბის საქმეებში ჩაერთნენ და მისი სხვაგან გადატანა გადაწყვიტეს.[14]

1912–1925: ინგლისის ბანკის კლუბი

1913 წელს, მეორე დივიზიონში გავარდნიდან მალევე, კლუბი სათამაშოდ ჰაიბერიზე გადავიდა.[15] 1919 წელს, ფეხბურთის ლიგამ საკამათო გადაწყვეტილებით ხმა მისცა არსენალის უმაღლეს ლიგაში დაწინაურებას გავარდნილი ტოტენჰემ ჰოტსპურის ნაცვლად, მიუხედავად იმისა, რომ ომამდე ბოლო სეზონში კლუბმა მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა. 1915 წლის ბოლოდან ოფიციალურ დოკუმენტებში კლუბი მოხსენიებულია, როგორც არსენალი და დღემდე ამ სახელით არის ცნობილი.[16]

ახალი საშინაო არენისა და პირველ ლიგაში დაბრუნების გამო, მატჩზე დამსწრე მაყურებლების რაოდენობა გაორმაგდა და არსენალის ბიუჯეტიც გაიზარდა.[17] კლუბი რეკორდულ ფულს ხარჯავდა, ამიტომაც არსენალი მალევე ცნობილი გახდა, როგორც ინგლისის ბანკის კლუბი.

1925–1934: ჰერბერტ ჩეპმენის ლეგენდარული მეთოფეები

არსენალის 1925 წელს ჰადერსფილდ თაუნის მწვრთნელს ჰერბერტ ჩეპმენს რეკორდული ანაზღაურება შესთავაზა და გადაიბირა.[18] მომდევნო 5 წელიწადში ჩეპმენმა რევოლუციური, ახალი არსენალი ააშენა. პირველ რიგში, მან შტაბში აიყვანა ტომ უიტეკერი, რომელიც მომავალში არსენალის მთავარი მწვრთნელი გახდა.[19] ფეხბურთელი ჩარლი ბუკანის დახმარებით, ჩეპმენმა შექმნა ცნობილი WM ტაქტიკა, რომელიც გუნდის წარმატების საფუძველი გახდა. მან ასევე შეიძინა თაობის გამორჩეული ნიჭიერი ახალგაზრდები კლიფ ბასტინი და ედი ჰეპგოდი, გუნდში კი ჰყავდა ვარსკვლავები დევიდ ჯეკი და ალექს ჯეიმსი.

ჩეპმენის ტრანსფორმირებულმა არსენალმა 1930 წელს პირველი ეროვნული ტიტული, ასოციაციის თასი მოიგო, 1930-31 და 1932-33 წლებში დაეუფლა ინგლისის ჩემპიონატს. ჩეპმენი მონაწილეობდა სტადიონის ზომის ცვლილებების გატარებაში. დაამატებინა მაისურზე თეთრი სახელოები და ნომრები ზურგზე. მეტროსადგურს დაერქვა კლუბის სახელი. აშენდა ორი დიდი ტრიბუნა და ინგლისის საფეხბურთო სტადიონებზე ერთ-ერთი პირველი განათება დამონტაჟდა. 1933-34 წლების სეზონის მიმდინარეობისას, მოულოდნელად, ჩეპმენი პნევმონიით გარდაიცვალა.

1934–1947: შო, ალისონი და მეორე მსოფლიო ომი

ჩეპმენის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმე ჯო შომ და ჯორჯ ალისონმა ჩაიბარეს, ორივე მათგანი ჩეპმენის შესანიშნავი არსენალის მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ. 1933-34, 1934-35 და 1937-38 წლებში მათ ჩემპიონატი მოიგეს, 1936 წელს - ასოციაციის თასი.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საფეხბურთო ლიგა 7 წლით შეჩერდა. ომში უმაღლესი ლიგის გუნდებიდან არსენალმა ყველაზე მეტი ფეხბურთელი დაკარგა და დიდი ზიანი მიიღო. გარდა ამისა, ჩრდილოეთ ტრიბუნის ამბიციური რეკონსტრუქციის პროექტის დავალიანებამ არსენალის რესურსები შეამცირა.

1947–1962: ტომ უიტეკერის მეტეორები

მიუხედავად ამ არეულობისა, ომის დასრულებიდან მეორე, 1947-48 წლების სეზონში არსენალმა ჩემპიონატი მოიგო. ეს ტომ უიტეკერის პირველი სეზონი იყო მთავარი მწვრთნელის რანგში. ტომ უიტეკერს ახასიათებდნენ, როგორც ძალიან თავმდაბალ და მოკრძალებულ ადამიანს, რომელიც ჩეპმენის ლეგენდარული არსენალის ტვინი იყო. მან შეზღუდული რესურსით შეკრიბა წარმატებული და მაღალკვალიფიციური ფეხბურთელები არსენალში, რომლებიც ცეცხლოვან ფეხბურთს თამაშობდნენ.

კლუბმა 1950 წელს მესამედ მოიგო ასოციაციის თასი, 1952-53 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონატის ტიტულს დაეუფლა და იმ დროისთვის, რეკორდულად ყველაზე მეტჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

1962–1984: ბილი რაიტის, ბერტი მის და ტერი ნილის პერიოდი

არსენალმა მომდევნო 18 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ჩემპიონატისა და ასოციაციის თასის მოგება. 1953 წლის შემადგენლობა დაბერდა, კლუბს გაუჭირდა საკმარისად ძლიერი შემცვლელების მოყვანა. არსენალი ისევ კონკურენტუნარიანი გუნდი იყო, მაგრამ რესურსები შემცირდა. კლუბმა 1950-იანი და 1960-იანი წლების პერიოდი ძირითადად ცხრილის შუაში გაატარა. გუნდს წარმატება ინგლისის ყოფილმა კაპიტანმა ბილი რაიტმაც ვერ მოუტანა, რომელიც არსენალს 1962-66 წლებში წვრთნიდა.

1966 წელს დროებით მწვრთნელად ფიზიოთერაპევტი ბერტი მი დაინიშნა. მისი ასისტენტი დონ ჰაუ იყო. კლუბში მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები ბობ მაკნები და ჯორჯ გრემი. მიმ გუნდი პირველად გაიყვანა ინგლისის ლიგის თასის ფინალში 1967-68 და 1968-69 წლებში. 1969-70 წლების სეზონი არსენალისთვის დიდი გარღვევა იყო, გუნდმა პირველად მოიგო ევროპული ტიტული - საქალაქთშორისო ბაზრობათა თასი. მომდევნო სეზონში არსენალმა უფრო დიდ წარმატებას მიაღწია, გუნდმა პირველად მოიგო ასოციაციის თასი და ინგლისის ლიგის თასი ერთდროულად. ეს იყო ათწლეულის უმაღლესი წერტილი. დუბლის მომგები გუნდი დაიშალა, დეკადის დარჩენილ ნაწილში არსენალს ტიტულებამდე ცოტა აკლდებოდა. 1972 წელს ასოციაციის თასის წაგებული ფინალი, 1972-72 წლებში მეორე ადგილი ინგლისის ჩემპიონატში.

1976 წელს ბერტი მის ადგილი ყოფილმა ფეხბურთელმა ტერი ნილმა დაიკავა. 34 წლის ასაკში ის გახდა არსენალის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ისტორიაში და დღემდე ფლობს ამ რეკორდს. გუნდმა შეიძინა მალკოლმ მაკდონალდი და პეტ ჯენინგსი, მათ ლიამ ბრეიდი და ფრენკ სტეპელტონი დახვდნენ, ამ შემადგენლობით არსენალმა ასოციაციის თასის ფინალში სამჯერ ითამაშა, 1980 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა. ამ დროის ერთადერთი ტრიუმფი 1979 წლის ასოციაციის თასი იყო. არსენალმა ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი 3-2, ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა.

1984–1996: ჯორჯ გრემის არსენალი

ბერტი მის გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე ჯორჯ გრემი 1986 წელს არსენალის მწვრთნელი გახდა და არსენალს პირველად მოაგებინა ლიგის თასი იმავე წელს. 1988 წელს გუნდმა შეიძნა ნაიჯელ ვინტერბერნი, ლი დიქსონი და სტივ ბოლდი, ტონი ადამსმა მათთან ერთად ჩამოაყალიბა “დიდებული დაცვის ოთხეული“. გრემი უპირატესობას დაცვით ფეხბურთს ანიჭებდა, რაც გუნდის ფილოსოფიას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა წარმატების მოპოვების შემდეგ მან მალევე მოიპოვა ნდობა.

1988 წელს გუნდმა საფეხბურთო ლიგის ასწლეულის თასი მოიპოვა. 1988-89 წლების ინგლისის ჩემპიონატი არსენალმა სეზონის ბოლო მატჩში, კონკურენტ ლივერპულთან ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო. გრემის არსენალი 1990-91 წლებში ისევ ჩემპიონი გახდა და მხოლოდ 1 მატჩი წააგო. არსენალმა 1993 წელს ასოციაციის და ინგლისის ლიგის თასები მოიპოვა, 1994 წელს - ევროპის თასების მფლობელთა თასი. გრემის რეპუტაცია შეილახა, როცა ცნობილი გახდა, რომ ის აგენტი რუნ ჰაგისგან თანხას იღებდა, რათა ზოგიერთი ფეხბურთელი შეეძინა. 1995 წელს გრემის დაითხოვეს და მისი ადგილი ბრუს რიოჩმა დაიკავა, რომელმაც მხოლოდ 1 სეზონი გაატარა კლუბში.

1996–2018: ვენგერის წლები

1996 წელს მთავარ მწვრთნელად ფრანგი არსენ ვენგერი დაინიშნა, საიდანაც არსენალის ახალი ეპოქა დაიწყო. შემტევი ფეხბურთი, დიეტისა და ვარჯიშის კონტროლი, ფულის ეფექტურად გამოყენება - ასე აღწერენ მის პერიოდს კლუბში. ვენგერმა სამშობლოდან საკვანძო ფეხბურთელები პატრიკ ვიეირა და ტიერი ანრი წაიყვანა არსენალში. 1997-97 წლებში არსენალმა ჩემპიონატისა და თასის დუბლი მეორედ შეასრულა, 2001-02 წლებში იგივე მესამედ გაიმეორა. დამატებით, გუნდმა 1999-2000 წლების უეფას თასის ფინალში ითამაშა, 2003 და 2005 წლებში მოიგო ასოციაციის თასის ფინალი. ვენგერის გუნდის მთავარი მიღწევა 2003-04 წლებში ინგლისის ჩემპიონატის დაუმარცხებლად მოგება იყო. გუნდს 2003 წლის 7 მაისიდან 2004 წლის 24 ოქტომბრამდე ჩემპიონატში ჩატარებული 49 მატჩი წაგებული არ ჰქონდა, ამიტომაც დაერქვათ “დაუმარცხებლები.“

არსენ ვენგერის პირველ 9 სეზონში არსენალი ჩემპიონატს მხოლოდ პირველ ან მეორე ადგილზე ასრულებდა, თუმცა ზედიზედ ორჯერ ჩემპიონი არ გამხდარა. გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს მიღმა 2005-06 წლების სეზონამდე ნათამაშები არ ჰქონდა. ამ სეზონში არსენალი პირველი ლონდონური გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ბარსელონასთან 2-1 დამარცხდა. ჰაიბერიზე გატარებული 93 წლის შემდეგ, 2006 წლის ივლისში არსენალი ემირეიტს სტედიუმზე გადავიდა.

2007 და 2011 წლებში არსენალი ლიგის თასის ფინალში გავიდა, სადაც ჩელსისთანაც და ბირმინგემთანაც 2-1 დამარცხდა. 2014 წელს არსენალმა ასოციაციის თასი მოიგო და 9 წლიანი მშრალი სერია შეწყვიტა. ფინალში გუნდი 0-2-ს აგებდა ჰალ სიტის წინააღმდეგ, თუმცა 3-2 გაიმარჯვა. ერთი წლის შემდეგ არსენალი ისევ გახდა ასოციაციის თასის გამარჯვებული, 2016-17 წლების სეზონის ტრიუმფის შემდეგ ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდი გახდა. იმავე წელს არსენალმა ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა და ვენგერის პერიოდში პირველად, გუნდი ოთხეულში ვერ მოხვდა. ვენგერის 21-ე და საბოლოო სეზონში არსენალმა პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა და ინგლისის სუპერთასი მოიგო. 2018 წლის 13 მაისს არსენ ვენგერმა არსენალი დატოვა.

2018–2020: ვენგერის შემდგომი პერიოდი

ვენგერის წასვლის შემდეგ კლუბის სამუშაო მოდელი შეიცვალა, 2018 წლის 23 მაისს ახალ მთავარ მწვრთნელად უნაი ემერი დაინიშნა. ის გახდა კლუბის ისტორიაში პირველი “მთავარი მწვრთნელი“ და მეორე არაბრიტანელი მენეჯერი. ემერის პირველ სეზონში არსენალმა პრემიერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ჩელსისთან 4-1 დამარცხდა. 2019 წლის 19 ნოემბერს ემერი გუნდიდან გაუშვეს, დროებით მწვრთნელად ყოფილი ფეხბურთელი ფრედი ლიუნგბერგი დაინიშნა.

2020–: არტეტას ერა

2019 წლის 20 დეკემბერს არსენალმა მთავარ მწვრთნელად გუნდის ყოფილი კაპიტანი მიკელ არტეტა დანიშნა. პრემიერ ლიგის სეზონი კლუბმა მერვე პოზიციაზე დაასრულა, რაც 1994-95 წლების შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი იყო, მაგრამ ასოციაციის თასის ფინალში ჩელსი 2-1 დაამარცხა. სადებიუტო სეზონის შემდეგ არტეტას როლი შეიცვალა და “მთავარი მწვრთნელის“ ნაცვლად“მენეჯერი“ გახდა. 2021 წლის 18 აპრილს არსენალი ევროპის სუპერლიგის ერთ-ერთ დამფუძნებელ გუნდად გამოცხადდა, რასაც ქომაგებისგან პროტესტი მოჰყვა და 2 დღის შემდეგ გუნდმა ტურნირი დატოვა. 2021-21 წლების პრემიერ ლიგის სეზონი არსენალმა ისევ მერვე პოზიციაზე დაასრულა და 26 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა ევროტურნირზე. 2022-23 წლების პრემიერ ლიგის სეზონი არსენალმა მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა. არსენალმა ანტირეკორდი დაამყარა და სეზონის ყველაზე დიდი ნაწილი გაატარა პირველ პოზიციაზე ისე, რომ ჩემპიონი ვერ გახდა.

ემბლემა

არსენალმა პირველი ემბლემა 1888 წელს წარადგინა, რომელზეც გამოსახული იყო ჩრდილოეთისკენ აღმართული სამი ქვემეხი, ვულვიჩის მეტროს უბნის გერბის მსგავსად. 1922 წელს გუნდის ახალ ემბლემაზე მხოლოდ ერთი ქვემეხი იყო გამოსახული, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული, გვერდით მიწერილი ჰქონდა გუნდის ზედმეტსახელი “მეთოფეები“. ამ ემბლემამ მხოლოდ 1925 წლამდე გასტანა, შემდეგ ქვემეხი დასავლეთის მიმართულებით შეატრიალეს და დაბლა დახარეს.

1949 წელს არსენალმა მოდერნიზებული ემბლემა წარმოადგინა, რომელზეც დატანილი იყო კლუბის სახელი შავი ასოებით, იმავე სტილის ქვემეხი და ისლინგტონის მეტროპოლიტენის გერბი. ასევე, გრაგნილი წარწერით - “გამარჯვება მოდის ჰარმონიიდან“. თავდაპირველად ემბლემის ფერები განსხვავებული იყო, წლების განმავლობაში კი გახდა წითელი, ოქროსფერი და მწვანე. ემბლემის მრავალჯერადად გადახედვის შემდეგ, არსენალმა ვერ შეძლო საავტორო უფლებების მოპოვება. კლუბმა ემბლემა დაარეგისტრირა, როგორც სავაჭრო ნიშანი, თუმცა დიდხნიანი ბრძოლა ჰქონდა ადგილობრივ მოვაჭრესთან, რომელიც არაოფიციალურ პროდუქტს აწარმოებდა.

2002 წელს კლუბმა ახალი ემბლემა წარმოადგინა, უფრო თანამედროვე, მრუდი ხაზებითა და გამარტივებული სტილით, რომელზეც საავტორო უფლებების მოპოვება შესაძლებელი იქნებოდა. ქვემეხი აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, ზემოთ აწერია გუნდის სახელი. მწვანე შეიცვალა მუქი ლურჯი ფერით. ახალი ემბლემა ქომაგების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. არსენალის ქომაგების დამოუკიდებელმა ასოციაციამ კლუბი გააკრიტიკა. მათი თქმით, არსენალმა ისტორია და ტრადიციები დააიგნორა თანამედროვე ემბლემის შექმნის დროს.

2011-12 წლების სეზონში არსენალმა კლუბის 125-ე იუბილე იზეიმა. ზეიმი მოიცავდა მაისურებზე ახალი ემბლემის გამოსახვას. სტანდარტული ემბლემის უკან გამოსახული იყო თეთრი ფიგურა, მარცხნივ - მუხის 15 ფოთლით, მარჯვნივ - 15 დაფნის ფოთლით. მუხის ფოთლების წარმოადგენდა კლუბის 15 დამფუძნებელ წევრს. დაფნის ფოთლები წარმოადგენდა დიზაინის დეტალებს სიქსპენზე. სწორედ ეს თანხა გადაიხადეს დამფუძნებლებმა კლუბის შესაქმნელად. ფიგურაზე იყო დამატებითი წარწერები, მარცხნივ - 1886 (დაარსების წელი), მარჯვნივ - 2011 (მიმდინარე წელი), შუაში - “წინ“.

ფერები

არსენალის ისტორიის დიდი ნაწილის განმავლობაში მათი საშინაო ფერებია წითელი მაისური თეთრი სახელოებითა და თეთრი შორტებით, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. გუნდმა წითელი ფერი ნოტინგემ ფორესტის საქველმოქმედო შემოწირულობით მიიღო. დაიალ სქუეარის ორი დამფუძნებელი წევრი ფრედ ბირდსლი და მორის ბეიტსი, ნოტინგემ ფორესტის ყოფილი ფეხბურთელები, ვულვიჩში გადავიდნენ სამუშაოდ. როცა გუნდი შექმნეს, მათ ფორმები არ ჰქონდათ, ბირდსლიმ და ბეიტსმა ნოტინგემს დახმარების წერილით მიმართეს. ნაჩუქარი მაისური იყო მუქი წითელი, შორტები - თეთრი, წინდები - ლურჯი და თეთრი.

1933 წელს ჰერბერტ ჩეპმენს სურდა მის ფეხბურთელებს მკაფიო ჩაცმულობა ჰქონოდათ, ამიტომ ფორმა განაახლა. დაამატა თეთრი სახელოები და მუქი წითელი შეცვალა ღია წითელით. თეთრი სახელოების იდეა ორ ისტორიას უკავშირდება. პირველი ისტორიის მიხედვით, ჩეპმენმა ტრიბუნაზე დაინახა ქომაგი, რომელსაც თეთრ პერანგზე წითელი უმკლავო მაისური ეცვა და მიიღო ინსპირაცია. მეორე ისტორიით, ჩეპმენმა გამოიყენა ტომ უებსტერის ჩაცმულობის სტილი, რომელთან ერთადაც თამაშობდა გოლფს. მას შემდეგ არსენალს წითელ-თეთრი მაისურები აცვია, გამონაკლისი მხოლოდ 1966-67 და 2005-06 წლების სეზონები იყო.

არსენალის საშინაო მაისურის ფერები მინიმუმ სამი კლუბისთვის იყო ინსპირაცია. 1909 წელს პრაღის სპარტამ არსენალის მსგავსი მუქი წითელი ფერის მაისურები მოირგო. 1938 წელს ჰიბერნიანმა არსენალის სახელოების სტილი გადაიღო და მწვანე მაისურებზე თეთრი სახელო დაამატა. 1920 წელს ბრაგას მწვრთნელმა ჰაიბერიზე სტუმრობის შემდეგ გუნდის მწვანე ფორმა წითლით შეცვალა.

წლების განმავლობაში არსენალის გასვლითი ფორმის ფერები იყო თეთრი ან მუქი ლურჯი, მაგრამ 1968 წელს ფეხბურთის ფედერაციამ ლურჯი ფერი აკრძალა, რადგან მსაჯებსაც იმავე ფერის ფორმა ეცვათ. მომდევნო სეზონში არსენალის გასვლითი ფორმა წარმოდგენილი იყო ყვითელი ფერის მაისურითა და ლურჯი შორტებით. კლუბის ისტორიაში ყვითელი და ლურჯი ისეთივე ისტორიული გახდა, როგორც წითელი და თეთრი.

1994 წელს არსენალის ფორმების მწარმოებელი ადიდასის ნაცვლად ნაიკი გახდა, რასაც გასვლით ფორმებზე ლურჯი ფერის დაბრუნება მოჰყვა. ამ პერიოდიდან გასვლით მაისურების დომინანტი ფერი იყო ლურჯი ან ყვითელ-ლურჯი.

2014 წელს ფორმების წარმოება პუმამ გადაიბარა და არსენალს ყოველი სეზონის წინ განსხვავებული საშინაო, გასვლითი და ალტერნატიული ფორმები ჰქონდა. 2017-18 წლების სეზონის წინ პუმამ ფერების ახალი კომბინაციით შექმნა ფორმები. გასვლითი ფორმა ღია ლურჯი იყო და მაისურის ბოლო შედარებით მუქი, გასვლითი ფორმა კი შავი, წითელი დეტალებით. მომდევნო სეზონიდან პუმა კლასიკურ ფერებს დაუბრუნდა.

2019-20 წლების სეზონიდან მოყოლებული არსენალის ფორმებს ისევ ადიდასი აწარმოებს.

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.