From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველო XIV საუკუნეში — XIV საუკუნეში საქართველოში გაგრძელდა წინა საუკუნეში დაწყებული მონღოლთა ბატონობა. მონღოლთა ბატონობის პერიოდი დაასრულა გიორგი V ბრწყინვალემ, რომელმაც კვლავ გააერთიანა და აღადგინა საქართველოს სამეფო. XIV საუკუნის ბოლო წლებში დაიწყო თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში, რომელიც XV საუკუნეშიც გაგრძელდა.
XIV საუკუნის დასაწყისიდან ჰულაგუიანთა სახელმწიფომ გააძლიერა ბრძოლა საქართველოს მეფე დავით VIII-ის დასამორჩილებლად. მათ დავითის შეპყრობის იმედი გადაწურული ჰქონდათ, რადგან მეფე არაგვის ხეობაში იმალებოდა, ამიტომ 1298 წელს მეფედ დაამტკიცეს ვახტანგ III, ხოლო ერთი წლის შემდეგ გიორგი V. ბახტანგ III-ის მეფობა ვრცელდებოდა მხოლოდ თბილისზე, სამშვილდესა და დმანისზე. გიორგის რეალური ძალაუფლება არ ჰქონდა. 1302 წელს მოხდა შეთანხმება ძმებსა და საყაენოს შორის და დავითს გადაეცა ჯავახეთი, რომელიც ცენტრი ალასტანი იყო. ვახტანგი გაგრძობდა თბილისში მეფობას. ორი მეფე გაჩნდა დასავლეთ საქართველოშიც. დავით VI ნარინის გარდაცვალების შემდეგ იმერეთის მეფობისთვის ატყდა ბრძოლა მის შვილებს შორის. ტახტი კონსტანტინე I-მა დაიკავა, მაგრამ მისმა უმცროძმა ძმამ მიქელმა დაიკავა თავკვერი და არგვეთი და თავი მეფედ გამოაცხადა. საქართველოს ტერიტორიაზე 5 მეფე მეფობდა.
ჯავახეთში გამაგრებულმა დავით VIII-მ ურთიერთობა დაამყარა მამლუქების სასულთნოსთან. ამ დიპლომატიურმა კავშირმა 1305 წელს (ზოგი მეცნიერის აზრით 1310 წელს) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაში. ქართველებს დაუბრუნდათ უფლება იერუსალიმში შესულიყვნენ ამხედრებულნი, ეროვნული დროშებით. ამავდროულად, ვახტანგ III იძულებული იყო, მონაწილეობა მიეღო მონღოლთა ლაშქრობებში, მათ შორის ეგვიპტის წინააღმდეგაც. ჰულაგუიანთა სახელმწიფოს და მამლუქთა სასულთნოს ომი 3 წელიწადს გაგრძელდა და უამრავი ქართველის სიცოცხლე შეიწირა. ყაზან-ყაენის მეთაურობით მონღოლებმა პალესტინა აიღეს და ყაენმა იერუსალიმი ვახტანგ III-ს უბოძა. მალე ყაზან-ყაენი გარდაიცვალა და ახალმა ყაენმა ოლჯაითუმ ირანის ჩრდილოეთში გილანის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. ქართველები ამ სამხედრო ოპერაციაშიც მონაწილეობდნენ და დიდი მსხვერპლი გაიღეს.
ვახტანგ III გარდაიცვალა 1308 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ მონღოლებმა მეფედ დანიშნეს გიორგი VI მცირე, მცირეწლოვნების გამო კი მას მეურვედ დაუნიშნეს ბიძა გიორგი V, რომელიც ჯერ კიდევ 1299 წელს მეფედ იყო დანიშნული ნომინალურად. 1311 წელს გარდაიცვალა დავით VIII. 1314, ზოგი მოსაზრებით კი 1318 წელს მონღოლებმა საქართველოს მეფის ტახტზე ხელახლა დაამტკიცეს გიორგი V.
პოლიტიკური აქტიურობა გიორგი V-მ ჯერ კიდევ გიორგი VI-ს მეფობის დროს დაიწყო. 1314-1315 წლებში ის ჩობან ნოინთან ერთად მონაწილეობდა ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მიმდინარე აჯანყების ჩახშობაში. 1316-1317 წლებში მონაწილეობდა მამლუქთა სასულთნოში წარგზავნილ ელჩობაში, რომლის საფუძველზც ქართველებს კიდევ ერთხელ დაუბრუნდათ იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. გიორგი V იყენებდა მის კარგ ურთიერთობას ჰულაგუიანთა სახელმწიფოს ფაქტობრივ მმართველ ჩობან ნინთან. გიორგიმ მიიღო ადგილზე გადასახადების აკრეფის უფლება. 1320 წელს მან ახალი ელჩობა გაგზავნა კაიროს სულთანთან. გიორგი ბრწყინვალემ გაატარა რადიკალური ზომები ქართველ დიდ ფეოდალთა დასამორჩილებლად. მან ცივის მთაზე სადარბაზოდ შეკრიბა დაუმორჩილებელი ფეოდალები და სიკვდილით დასაჯა. მან აღკვეთა ოსების თავდასხმები და გაათავისუფლა ქალაქი გორი. ამისთვის მას სამი წელი დასჭირდა.
1327 წელს ჩობან ნოინის მოკვლით ჰულაგუიანთა სახელმწიფოში დაიწყო შინააშლილობა. ამით ისარგებლა გიორგიმ და საქართველოდან მონღოლები განდევნა. ამით დასრულდა მონღოლთა ასწლიანი ბატონობა საქართველოში. ამავე წელს მან დაიბრუნა სამცხე-საათაბაგო. სამცხის მმართველს, სარგის II-ს, რომელიც მისი ბიძა იყო, გიორგიმ ათაბაგობა და ამირსპასალარობა დაუმტკიცა. 1329 წელს გარდაიცვალა იმერეთის მეფე მიქელი. გიორგი გადავიდა დასავლეთში და ქუთაისი დაიკავა. დასავლეთ საქართველოს ერისთავებმა ერთგულება გიორგის გამოუცხადეს.
XIV საუკუნის 30-იან წლებში გიორგის ინიციატივით მოწვეულ იქნა საეკლესიო კრება. გიორგი V-ის ინიციატივით შეიქმნა სამართლის წიგნი „ძეგლისდება“. 46 მუხლისგან შემდგარი ეს კოდექსი განკუთვნილი იყო ქართველი მთიელებისთვის. ამავე პერიოდში შეიქმნა სახელმწიფო სამართლის მნიშვნელოვანი წიგნი „ხელმწიფის კარის გარიგება“. გიორგი V-მ აღადგინა სახელმწიფოს მართვის ტრადიციული წესები. გატარდა საფინანსო რეფორმა. მოიჭრა ვერცხლის ფული, რომელსაც გიორგაული თეთრი ეწოდა.
საშინაო პრობლემების მოგვარების შემდეგ გიორგი V-მ აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმართვა დაიწყო. საქართველოს მეფეს აქტიური ურთიერთობები ჰქონდა რომის პაპ იოანე XXII-თან. პაპის ბრძანებით კათოლიკური საეპისკოპოსო ცენტრი სმირნადან თბილისში გადაიტანეს. შეიქმნა თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო. მის ეპისკოპოსად დაინიშნა იოანე ფლორენციელი, ხოლო ცხუმის ეპისკოპოსად დაინიშნა პეტრე გერალდი. მამლუქთა სულთანმა ქართველებს ნება მისცა იერუსალიმში აეშენებინათ ტაძარი. გიორგი V-ს ურთიერთობები ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასთან, რომელსაც წმინდა მიწის დასახსნელად 30 000-იანი არმიით დახმარებას ჰპირდებოდა. საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობდა სავაჭრო ურთიერთობების დამყარება ვენეციის და გენუის რესპუბლიკებთან. გენუის რესპუბლიკას ჰქონდა სავაჭრო ფაქტორიები გონიოში, ფოთსა და სოხუმში. გიორგი V ერეოდა ტრაპიზონის იმპერიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში. მან 1341 წელს მხარი დაუჭირა ანახუტლუს. ქართული მხედრობა შეიჭრა ტრაპიზონში და ტახტიდან ჩამოაგდო ირინა პალეოლოგოსი. მაგრამ ანახუტლუს მეფობა რამდნეიმე წელს გაგრძელდა, 1343 წელს ის ჩამოაგდეს და სიკვდილით დასაჯეს. 1346 წელს გიორგი ბრწყინვალე გარდაიცვალა.
გიორგი ბრწყინვალის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილი დავით IX. მიუხედავად იმისა, რომ მან 14 წელი იმეფა, მისი მეფობის შესაებ მწირი ცნობებია. 1349-1350 წლებში საქართველოს შეესია ირანის ილხანი ანუშირვანი, რომელსაც საქართველომ, ხარკის სახით, 400 000 დინარი გადაუხადა. საქართველოში გაჩნდა შავი ჭირის ეპიდემია, რომელიც 20 წელი მძვინვარებდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1360 წელს მეფე გახდა ბაგრატ V დიდი. მის დროს საქართველოს საზღვრებში კვლავ შედიოდა ქალაქი ანისი მიმდებარე ტერიტორიებით, ასევე ოსეთი და დვალეთი. ბაგრატის დროს გრძელდებოდა შავი ჭირის პანდემია, რასაც მისი ცოლი ელენე ემსხვერპლა.
1385 წელს აზერბაიჯანსა და ირანში შეიჭრა თემურლენგის წინააღმდეგ მებრძოლი ოქროს ურდოს მმართველი თოხთამიში და აიღო თავრიზი. თოხთამიშის მხარეს იბრძოდნენ ქრთველებიც. 1386 წელს საქართველოს თემურლენგი შეესია. თემურლენგის მიზანი, გარდა ახალი მხარის დაპყრობისა, ნადავლისა და ხარკისა, იყო ოქროს ურდოსთვის კავკასიის გადასასვლელების დაკეტვა. თავრიზიდან დაძრულმა თემურლენგმა მოარბია სომხითი, აიღო გარნისი, ყარსი და შევიდა სამცხეში. ნოემბრის დასაწყისში ის თრიალეთ-ალგეთის გზით მიადგა თბილისს და ლაყა შემოარტყა. ბაგრატ V კარგად იყო გამაგრებული თბილისში და რამდენიმე კვირის განმავლობაში უძლებდა ალყას, მაგრამ 21 ნოემბერს იძულებული გახდა დანებებოდა. თემურლენგმა ტყვედ აიყვანა მეფის ოჯახში, ხელში ჩაიგდო დიდი ნადავლი და გამოსაზამთრებლად ყარაბაღში გადავიდა.
ყარაბაღში თემურლენგმა ტყვედ მყოფ ქართველ მეფეს მოსთხოვა ისლამის მიღება. ბაგრატი და მისი ამალა იძულებით გამაჰმადიანდა. ეს იყოპირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მონარქმა ისლამი მიიღო. თემურლენგმა ბაგრატს საქართველოში 12 000-იანი არმია გააყოლა. რათა ამ ჯარით მთელი ქვეყანა მოექცია ისლამზე. ბაგრატი ფარულად შეუთანხმდა შვილს უფლისწულ გიორგის, რომელიც მოულოდნელად დაესხა თავს მონღოლებს, ლაშქარი მთლიანად გაანადგურა და მეფის ოჯახი გაათავისუფლა.
1387 წლის მარტში თემურლენგი მეორედ შეიჭრა საქართველოში მეფის დასასჯელად. ბაგრატს მოსახლეობა უკვე მთებში ჰყავდა გახიზნული, ციხეები გამაგრებული იყო და ჯარო მზად იყო საომრად. მაგრამ თემურლენგის ლაშქრის რიცხვობრივი უპირატესობის გამო ქართველები იძულებულნი გახდნენ ციხეებში ჩაკეტილიყვნენ. მალე აზერბაიჯანში თოთამიში შეიჭრა, თემურლენგმა თოხთამიშს თავისი ვაჟი მირანშაჰი დაადევნა, თითონ კი ნახიჩევანში ალინჯის ციხის აღება სცადა, მაგრამ მალე შუა აზიაში დაბრუნება მოუხდა. 1394 წლამდე თემურლენგი საქართველოში არ დაბრუნებულა.
1394 წელს თემურლენგის სარდლებმა სამცხე მოარბიეს, თემურლენგის პირადი მეთაურობით კი სექტემბერში მონღოლები არაგვის ხეობაში შეიჭრნენ. ამ დროს ბაგრატის ნაცლვად უკვე გიორგი VII მეფობდა. თემურლენგის მიზანი დარიალის ხელში ჩაგდება იყო, მაგრამ მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოახერხა და თბილისის გავლით შაქზე გადავიდა. 1395 წელს ის დარუბანდის გავლით გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, დაამარცხა ოქროს ურდო და გადაწვა მისი დედაქალაქი, უკან დაბრუნებისას მან ისლამი მიაღებინა ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობას. კავკასიის და ირანის მმართველად თემურლენგმა შვილი მირანშაჰი დატოვა.
1397 წელს გიორგი VII-მ ისარგებლა თემურლენგის ლაშქრობით ინდოეთში. ის გაერთიანდა შაქის მმართველ საიდი ალისთან და ჩრდილოკავკასიელებთან და ალინჯის ციხის მოალყე ჯარს შეუტია. მან მოალყეები დაამარცხა, გარეკა და ალინჯის ციხე ახალი მეციხოვნეებით და სურსათ-სანოვაგით შეავსო. უკან დაბრუნებულმა გიორგიმ დაამარცხა თემურლენგის შვილი მირანშაჰი. ამ ბრძოლაში დაიღუპა შაქის მმართველი სიიდ-ალი. 1399 თემურლენგმა კვლავ ილაშქრა საქართველოში. ის შეიჭრა კახეთ-ჰერეთში, გაძარცვა იქაურობა, წაასხა დიდძალიცხვარი და საქონლის ჯოგები და კვლავ ყარაბაღში გამოიზამთრა. 1400 წელს თემურლენგი საქართველოს მეექვსედ შეესია. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა გოგჩის ტბასთან, სადა თემურლენგმა გაიმარჯვა. მან ქვემო ქართლი მოარბია და თბილისიც აიღო. მონღოლებმა აიღეს და გაანადგურეს მუხრანი, ქსნის ხეობა, გორის და ძამის ციხეები. გიორგი VII ბრძოლით იხევდა უკან და ბოლოს დასავლეთ საქართველოში გადავიდა. თემურლენგმა დასავლეთში გადასვლა ვერ გაბედა და სამცხეს შეესია. იქიდან თრიალეთის გავლით თეზამის ხეობაში გადავიდა და გაძარცვა იქაურობა, დაანგრია რკონის მონასტერი, ქვათახევი, სვეტიცხოველი, დაარბია არაგვის ხეობა. თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა იყო ყველაზე დამანგრეველი საქართველოში მის ლაშქრობებს შორის. მისი ლაშქარი გზად არაფერს ტოვებდა დაუწვავს და დაუნგრეველს. მან ტყვედ 50 ათასი ადამიანი წაიყვანა.
1401 წლის ზაფხულის მიწურულს თემურლენგის მეშვიდე ლაშქრობა დაიწყო. ქვეყანას ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღდგენილი ძალები წინა ლაშქრობის შემდეგ, ამიტომ გიორგი VII-მ დაზავება არჩია და თემურლენგს თავისი ძმა კონსტანტინე გაუგზავნა, ხარკი და სამხედრო სამსახური იკისრა. თემურლენგი აპირებდა ოსმალეთის იმპერიაზე გალაშქრებას, ამიტომ საქართველოს პირობები მიიღო, თუმცა გზად თორთომის ციხე აიღო და იქ 200 მეციხოვნე ჩააყენა. 1402 წელს ანგორის ბრძოლაში თემურლენგმა დაამარცხა ოსმალები და დაატყვევა სულთანი ბაიაზიდ I. მომდევნო 1403 წელს თემურლენგი კვლავ საქართველოს დასალაშქრად დაიძრა. ამის მიზეზი გიორგი VII-ს მიერ პირობების შესრულებლობა იყო. გიორგიმ კვლავ ელჩობა გაუგზავნა თემურლენგს, თუმცა თემურლენგმა მოითხოვა გიორგის პირადად გამოცხადება და ისლამის მიღება. 1403 წლის 3 აგვისტოს ის ბირთვისის ციხეს მიადგა. 9 დღის შემდეგ მან ციხე აიღო და დასავლეთ საქართველოს დალაშქრვა გადაწყვიტა. სექტემბერში თემურლენგის ლაშქარმა ლიხის ქედი გადალახა და დეკემბრის დასაწყისისთვის ქუთაისამდე იყო მისული. უამინდობის გამო 12 დეკემბერს მან წინსვლა შეწყვიტა და უკან გაბრუნდა. თემურლენგმა საზავო პირობები შესთავაზა გიორგი VII-ს ეს იგივე პირობები იყო, რაც 1401 წელს. თემურლენგი აღარ ითხოვდა გიორგის მიერ ისლამის მიღებას და ის აღიარებდა მას ქრისტიან მეფედ. საქართველოს დატოვების წინ მა კიდევ ერთხელ ააოხრა თბილისი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.