Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ოქროს ურდო, ჯუჩის ულუსი — ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დაარსდა ქვემო ვოლგაზე XIII საუკუნის 40-იან წლებში, ბათო-ყაენის დროს. ოქროს ურდოს ყაენთა ძალაუფლება ვრცელდებოდა დუნაის ქვემო წელიდან ფინეთის ყურიდან მოკიდებული ირტიშისა და ობის აუზებამდე, შავი, კასპიისა და არალის ზღვებიდან ნოვგოროდის მიწებამდე. ოქროს ურდოს ცენტრი იყო სარაი-ბათუ (ახლანდელი ასტრახანის მახლობლად). XIV საუკუნის I ნახევარში დედაქალაქი გადაიტანეს ბერქა-ყაენის მიერ დაარსებულ სარაი-ბერქეში (ახლანდელი ვოლგოგრადის მახლობლად). რუსეთის მიწები უშუალოდ არ შედიოდა ოქროს ურდოს შემადგენლობაში, მოსახლეობა მხოლოდ ვასალურ დამოკიდებულებაში იყო და ხარკს იხდიდა, ყაენს ემორჩილებოდა.
ოქროს ურდო Зүчийн улс | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
ოქროს ურდოს ტერიტორია 1389 წელს | |||||||
დედაქალაქი | სარაი-ბათუ სარაი-ბერქა | ||||||
ენა | მონღოლური | ||||||
რელიგია | შამანიზმი ქრისტიანობა ტიბეტური ბუდიზმი (1241—1313) ისლამი (1313—1502) | ||||||
ისტორიული ერა | დაარსდა (1240-იანები) შეუერთდა დიდ ურდოს (1466) გაუქმდა (1502) | ||||||
ფართობი | 6 000 000 კმ² (2 300 000 კვ.მლ) | ||||||
მმართველობის ფორმა | არჩევითი მონარქია | ||||||
დინასტია | ჩინგიზიდები | ||||||
ყაენი, 1269-დან ხანი | |||||||
- 1241–1256 | ჯუჩი (მხოლოდ ულუსის) ბათო-ყაენი (როგორც ოქროს ურდოს) | ||||||
- 1481–1502 | შეიხ-აჰმადი (ბოლო) | ||||||
დღეს | დღეს ამ ტერიტორიაზე | ||||||
ოქროს ურდო არამყარი სახელმწიფო გაერთიანება იყო, მოსახლეობა - მეტად ჭრელი (ვოლგის ბულგარები, მორდველები, რუსები, ბერძნები, ხვარაზმელები და თურქთა ტომები და ა. შ.) და გაერთიანების დონითაც განსხვავებული. საქარავნო ვაჭრობის ძირითადი ცენტრები იყო სარაი-ბათუ, სარაი-ბერქე, ურგენჩი, ყირიმის ქალაქები სუდაკი და კაფა და სხვა, სახელმწიფოს სათავეში ედგნენ ბათუს სახლის ყაენები. განსაკუთრებულ შემთხვევებში იწვევდნენ ყურულთაის - კრებას, რომელსაც ესწრებოდნენ სამხედრო-ფეოდალური დიდკაცობა და ყაენის ოჯახის წევრები. დამორჩილებულ ტერიტორიაზე იგზავნებოდა დარუღა, რომლის ძირითადი მოვალეობა ხარკის აკრეფა იყო. უმნიშვნელოვანესი თანამდებობები უფლუსწულებს - „ოღლანებს“ ეჭირათ. ბეგების (ნოინების) და თარხანების რიგებიდან ივსებოდა ჯარის მეთაურთა და მოხელეთა კადრები. მენგუ-თემურის (1266-1282 წწ.) გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ფეოდალური შინაომები. თოხთა-ყაენმა (1291-1312 წწ.) შეძლო ხელისუფლების განმტკიცება. ძლიერების ზენიტს კი ოქროს ურდომ უზბექის (1312-1342 წწ.) და ჯანიბექის (1342-1357 წწ.) ხანაში მიაღწია. ამ დროს ოქროს ურდოს არმია 300 ათას კაცს ითვლიდა. მაგრამ ჯანიბექის მოკვლის შემდეგ დაიწყო ოქროს ურდოს დაცემა.
XIV საუკუნის დამდეგს ოქროს ურდოს ჩამოსცილდა ხვარაზმი და ასტრახანი, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიპყრეს მიწები დნეპრის აუზში. რუსეთის სამთავროების გაძლიერებას მოჰყვა თათართა დიდი ლაშქრობა და კულიკოვის ბრძოლა (1380 წ.), რომელიც მონღოლ-თათართა დამარცხებით დამთავრდა. თოხთამიშმა (1380-1395) შეძლო დროებით განემტკიცებინა ქვეყანა, 1382 წელს მოსკოვიც აიღო და გადაწვა, შემდეგ კი თემურლენგს შეებრძოლა. თემურლენგმა დაამარცხა თოხთამიში, დაიპყრო და დაანგრია ვოლგისპირეთისა და ყირიმის ქალაქები, რითაც ოქროს ურდოს გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა. ფეოდალიზაციის პროცესს და თემურის შემოსევას მოჰყვა ოქროს ურდოს დაშლა: XV საუკუნის 20-იან წლებში შეიქმნა ციმბირის სახანო, 40-იან წლებში - ნოღაის ურდო, შემდეგ კი ყაზანისა (1438 წ.) და ყირიმის (1443 წ.) სახანოები, 60-იან წლებში — ყაზახთა, უზბეკთა და ასტრახანის სახანოები. 1480 წელს გაძლიერებულმა მოსკოვის სამთავრომაც მოიცილა თათართა უღელი. XVI საუკუნის დამდეგს ოქროს ურდომ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.