ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
რევაზ ჩელებაძე (დ. 2 ოქტომბერი, 1955, ქობულეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი.[2][3] სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“, ბათუმის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980) და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1980). საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1976).[4][2][5]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რევაზ ვლადიმერის ძე ჩელებაძე[1] | ||
დაბადების თარიღი | 2 ოქტომბერი, 1955 | ||
დაბადების ადგილი |
ქობულეთი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 180 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1972–1973 | შუქურა ქობულეთი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1974–1975 | დინამო ბათუმი | 58 | (30) |
1976–1982 | დინამო თბილისი | 122 | (41) |
1982 | გურია ლანჩხუთი | 11 | (6) |
1983–1985 | დინამო ბათუმი | 78 | (53) |
1985–1987 | დინამო თბილისი | 37 | (11) |
ეროვნული ნაკრები | |||
1977–1980 | საბჭოთა კავშირი | 7 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ფეხბურთის თამაში დაიწყო ქობულეთში, მწვრთნელ ვ. ჩხარტიშვილთან.[6][7] 1972–1973 წლებში ქობულეთის „შუქურას“ რიგებში გამოდის, 1974–1975 წლებში ბათუმის „დინამოში“ აგრძელებს თამაშს. თბილისის „დინამოშია“ 1976 წლიდან.[6]
გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად იმავე წლის 4 აპრილს[8][2][7] საკავშირო ჩემპიონატის პირველივე ტურის კალენდარულ მატჩში მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ გამოდის მოედანზე. შეხვედრას „ლოკომოტივის“ სტადიონი მასპინძლობს და მას 35 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი ესწრება. ანგარიშს სტუმრები მატჩის მეორე წუთზევე ხსნიან, ბურთი იური ჩესნოკოვს გააქვს. დინამოელები მხოლოდ მატჩის მიწურულს ახერხებენ ანგარიშის გათანაბრებას. კერძოდ, მე-80 წუთზე დავით ყიფიანს მის მიერ წარუმატებლად შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, დამატებაზე, თავადვე გააქვს საპასუხო ბურთი მოსკოველთა მეკარე ვლადიმერ ასტაპოვსკის კარში და დაპირისპირებაც ფრედ (1–1) სრულდება.[9]
1976 წლის საფეხბურთო სეზონში საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი ორჯერ იმართება, შესაბამისად — საგაზაფხულო და საშემოდგომო ჩემპიონატის სახით. რევაზ ჩელებაძე გუნდის ძირითადი შემადგენლობის მაისურით, როგორც საგაზაფხულო, ასევე, საშემოდგომო პირველობათა ჯამში, ოცდაორჯერ იცავს თბილისელთა ღირსებას და შვიდი გოლი გააქვს.[10] ამასთან, თავის სადებიუტო სეზონში გუნდთან ერთად ორჯერ ხდება ქვეყნის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი. გარდა ამისა, იმავე წლის 3 სექტემბერს საკავშირო თასსაც ეუფლება, როდესაც გუნდის ისტორიაში ხუთი (1936, 1937, 1946, 1960, 1970) უიღბლო სათასო ფინალის შემდეგ, თბილისელები, თავის მეექვსე ფინალში სამოცდაათიანი წლების საბჭოთა ფეხბურთის საკმაოდ ანგარიშგასაწევ გუნდსა და პრინციპულ მოწინააღმდეგეს — ერევნის „არარატს“ ამარცხებენ და პირველად ისაკუთრებენ ბროლის თასს. დინამოელთა ახალბედა თავდამსხმელი მატჩის 68-ე წუთზე, დავით ყიფიანისა და ფირუზ კანთელაძის მიერ გატანილ ორ გოლს, კიდევ ერთ გოლს ამატებს და ამ ისტორიული შეხვედრის საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს.[11]
მომდევნო, 1977 წელს, გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონატის 28 შეხვედრას ატარებს და რვაჯერ იღებს მეტოქეთა კარს. ამ სეზონში გუნდთან ერთად ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს და შესაბამისად, ვერცხლის მედლებს ეუფლება. შედარებით მოკრძალებულია მისი მაჩვენებლები 1978 წლის საფეხბურთო სეზონში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების მხრივ (12 მატჩი და 3 გოლი), თუმცა ამ წელს დინამოელები თავისი არსებობის მანძილზე, მეორედ ხდებიან ქვეყნის ჩემპიონები.[12] ამ ისტორიული მიღწევის ერთ-ერთი შემოქმედი, სხვებთან ერთად, რევაზ ჩელებაძეც არის. 1979 წელს დინამოელთა რიგებში იგი მეორედ ეუფლება საკავშირო თასს.
1982 წელს თბილისის „დინამოდან“ მცირე ხნით, იმ დროს, საკავშირო პირველობის პირველ ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის „გურიაში“ გადადის, სადაც 11 შეხვედრაში 6 გოლი გააქვს.[13][14][15]
პირველად ლანჩხუთის „გურიას“ მაისურით 1982 წლის 30 ივლისს, საკავშირო პირველობის პირველ ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში კიევის სკა-ს წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი, რომელიც ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონ „კოლხეთზე“ გაიმართა და რომელსაც 7 ათასი მაყურებელი დაესწო, მასპინძელთა გამარჯვებით 4–0 დამთავრდა. ჩელებაძისთვის სადებიუტო შეხვედრა ლანჩხუთის „გურიამ“ ასეთი შემადგენლობით ჩაატარა — მეკარე მამუკა აბუსერიძე, მცველები: ილია რუხაძე (დავით სანიკიძე 25'), მერაბ გოგოხია, მურთაზ გივის ძე ხურცილავა, შოთა სომხიშვილი (სულხან ახალბედაშვილი 65'), სოსო ჭედია, ნახევარდაცვა: თეიმურაზ ებანოიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, თემურ ჩხაიძე (რამაზ ცხოვრებაშვილი 46'), იური ციპლე, თავდასხმა: რევაზ ჩელებაძე. მთავარი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა. ლანჩხუთელთა მიერ მეტოქის კარში გატანილი ოთხი გოლიდან ორი — შეხვედრის დებიუტანტმა, რევაზ ჩელებაძემ თამაშის 63-ე და 68-ე წუთებზე გაიტანა. მატჩის მიწურულს ჩელებაძეს მესამე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პენალტების შესრულების აღიარებულმა სპეციალისტმა 84-ე წუთზე კიეველთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანის გამოყენება იმჯერად ვერ შეძლო.[16]
ბოლოჯერ ლანჩხუთელთა რიგებში იმავე წლის 5 ნოემბერს, საკავშირო პირველობის პირველ ლიგის ბოლო ტურის გასვლით შეხვედრაში სიმფეროპოლის „ტავრიას“ წინააღმდეგ ითამაშა.[17]
1983–1985 წლებში კვლავ ბათუმის „დინამოში“ აგრძელებს თამაშს,[18] რის შემდეგ ისევ დედაქალაქის გუნდს უბრუნდება. სათამაშო კარიერას აქვე, 1987 წელს ამთავრებს.
რევაზ ჩელებაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 159 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა.[19][20]
რაც შეეხება ევროპულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებს, მის ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 14 შეხვედრაში დაიცვა და 3 ბურთი გაიტანა, აქედან 9 შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის,[21] ხოლო 5 — უეფა-ს თასის გათამაშებაში.[22][23]
თბილისის „დინამომ“, როგორც 1976 წლის საბჭოთა კავშირის თასის მფლობელმა, ევროპის თასების მფლობელთა თასზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. სწორედ აღნიშნული თასის გათამაშებას უკავშირდება რევაზ ჩელებაძის საკლუბო კარიერაში ევროთასებზე ასპარეზობის დებიუტი. პირველად დინამოელთა შემადგენლობაში 1976–77 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველი წრის შეხვედრაში „კარდიფ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა. თბილისის „დინამო“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე — მეკარე დავით გოგია, მცველები: ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, ზორბეგ ებრალიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, ნახევარდაცვა: მანუჩარ მაჩაიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, დავით ყიფიანი, თავდასხმა: რევაზ ჩელებაძე და ვლადიმერ გუცაევი. შეხვედრა 1976 წლის 15 სექტემბერს კარდიფში, „ნინიან პარკზე“ (ინგლ. Ninian Park) გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.[24]
მოგება | ფრე | წაგება |
---|
1977–1980 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 7 შეხვედრა ჩაატარა და 3 ბურთი შეაგდო.[39] პირველად საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების რიგებში 1977 წლის 7 სექტემბერს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. რევაზ ჩელებაძისთვის სადებიუტო შეხვედრა, რომელიც ვოლგოგრადის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და რომელსაც 45 ათასი მაყურებელი დაესწრო, საბჭოთა კავშირის ეროვნულმა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა — მეკარე ვლადიმერ პილგუი, მცველები: ალექსანდრე ბუბნოვი, ალექსანდრე მახოვიკოვი (ვასილი ჟუპიკოვი 78'), სერგეი პრიგოდა, ვლადიმერ გოლუბევი, ნახევარდაცვა: ვლადიმერ ბესონოვი (ალექსანდრე მინაევი 68'), ლეონიდ ბურიაკი, ანატოლი კონკოვი, ვლადიმერ ვერემეევი, თავდასხმა: ოლეგ ბლოხინი, იური ჩესნოკოვი. რევაზ ჩელებაძე მოედანზე მატჩის 75-ე წუთზე იური ჩესნოკოვის ნაცვლად შევიდა.
მოგება | ფრე | წაგება |
---|
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 07.09.1977 | ვოლგოგრადი | სსრკ | 4–1 | პოლონეთი | ამხანაგური | 75' | [40] | |
2 | 08.10.1977 | პარიზი | საფრანგეთი | 0–0 | სსრკ | ამხანაგური | 62' | [41] | |
3 | 26.03.1980 | სოფია | ბულგარეთი | 1–3 | სსრკ | ამხანაგური | 60', 65' | [42] | |
4 | 29.04.1980 | მალმე | შვედეთი | 1–5 | სსრკ | ამხანაგური | 39' (პენ.) | [43] | |
5 | 23.05.1980 | მოსკოვი | სსრკ | 1–0 | საფრანგეთი | ამხანაგური | [44] | ||
6 | 15.06.1980 | რიო-დე-ჟანეირო | ბრაზილია | 1–2 | სსრკ | ამხანაგური | 66' | [45] | |
7 | 12.07.1980 | მოსკოვი | სსრკ | 2–0 | დანია | ამხანაგური | 76' | [46] |
გარდა ამისა, ორი მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში XXII ზაფხულის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე ზამბიისა[47] და ქუვეითის ოლიმპიურ ნაკრებებთან.[48]
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ეკავა ადმინისტრაციული თანამდებობები: იყო ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი 1990–1994, 1995 და 1996 (ივნისიდან ივლისამდე), ქობულეთის „შუქურას“ პრეზიდენტი (1990), რუსთავის „მეტალურგის“ პრეზიდენტი 1996–1997 წლებში. 1995 წელს ერთი პერიოდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
მუშაობდა საფეხბურთო აგენტად, მისი ყველაზე ცნობილი კლიენტი იყო ჯანო ანანიძე.
1977 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[49][50][კომ. 1]
1984 წელს 37 შეხვედრაში გატანილი 27 გოლით გახდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში.[51][52]
1987 წლის 20 თებერვალს თბილისის „დინამომ“ წინასასეზონო მზადების პროცესში, ლესელიძეში ბუდაპეშტის „ჩეპელს“ 3–0 მოუგო. სამიდან ორი ბურთი რევაზ ჩელებაძემ გაიტანა, ერთიც სოსო ჭედიამ.[53][54][კომ. 2]
რევაზ ჩელებაძე არის ცნობილი ფეხბურთელის, კიევის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ანდრეი ბალის შვილის ნათლია.[55]
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — რევაზ ჩელებაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[56]
2012 წლის 25 სექტემბერს ქობულეთში მისი სახელობის სტადიონი გაიხსნა.
2022 წლის 13 ივლისს, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ ინიციატივით, რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა.[57][58]
მისი შვილი, გიორგი ჩელებაძე ასევე ფეხბურთელია.
თემატური საიტები |
---|
AFS · BeSoccer · EU football.info · FCDinamo.ge · Footballdatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams · Olympedia · Olympics · Pes Miti del Calcio · Rusteam.Permian.ru · Sports-Reference.com · Transfermarkt · Worldfootball.net · КЛИСФ · teams.by |
მედია |
---|
„ლელო“ · „მსოფლიო სპორტი“ · 1tv.ge |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.