მარკუს ვიფსანიუს აგრიპა
From Wikipedia, the free encyclopedia
მარკუს ვიფსანიუს აგრიპა (ლათ. Marcus Vipsanius Agrippa; დ. ძვ. წ. 64/62 — გ. ძვ. წ. 12) — ძველი რომის სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი და პოლიტიკოსი,[6] იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის ახლო მეგობარი, სიძე და თანაშემწე. აგრიპას სახელთანაა დაკავშირებული რომის ისტორიაში ზოგიერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი შენობის აგება და მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვებების მოპოვება, რომელთაგან აღსანიშნავია ძვ. წ. 31 წელს მარკუს ანტონიუსისა და კლეოპატრას ძალების წინააღმდეგ გამართული აქციუმის ბრძოლა. ამ გამარჯვებათა წყალობით, ოქტავიანე რომის პირველი იმპერატორი გახდა და ავგუსტუსის ტიტული მიიღო. აგრიპა დაეხმარა ავგუსსტუსს რომის მარმარილოს ქალაქად გადაქცევასა[7] და აკვედუკების განახლებაში, რათა ყველა რომაელისათვის, ყველა სოციალური კლასიდან, მიეცა უმაღლესი ხარისხის საჯარო მომსახურებაზე წვდომის საშუალება. მის სახელთანაა დაკავშირებული მრავალი აბანოს, პორტიკისა და ბაღის აგება-გაშენება და თავის დროზე ისიც კი ეგონათ, რომ რომის პანთეონის მშენებლობის დამკვეთი სწორედ ის იყო. აგრიპა იყო რომის მეორე იმპერატორის, ტიბერიუსის სიმამრი, კალიგულას პაპა დედის მხრიდან და ნერონის დიდი პაპა დედის მხრიდან.
მარკუს ვიფსანიუს აგრიპა | |
---|---|
Marcus Vipsanius Agrippa | |
დაბადების თარიღი | ძვ. წ. 63[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | დაუდგენელია, შესაძლოა, ისტრია ან ასიზი[5] |
გარდაცვალების თარიღი | ძვ. წ. 12[1] [2] [3] [4] |
გარდაცვალების ადგილი | კამპანია |
კუთვნილება |
რომის რესპუბლიკა რომის იმპერია |
სამხედრო სამსახურის წლები | ძვ. წ. 45-12 წწ. |
წოდება | გენერალი |
ბრძოლები/ომები |
კეისრის სამოქალაქო ომი მუნდის ბრძოლა კეისრისშედგომი სამოქალაქო ომი მუტინის ბრძოლა ლიბერატორების სამოქალაქო ომი ფილიპის ბრძოლა რომის რესპუბლიკის საბოლოო ომი აქციუმის ბრძოლა ალექსანდრიის ალყა |