კალიგულა
From Wikipedia, the free encyclopedia
კალიგულა, ნამდვილი სახელი — გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი (GAIVS IVLIVS CAESAR AVGVSTVS GERMANICVS; დ. 31 აგვისტო, 12 – გ. 24 იანვარი, 41) — რომის იმპერატორი 37-41 წლებში. გაიუს იულიუს კეისარ გერმანიკუსის სახელით დაბადებული კალიგულა მმართველთა იმ ოჯახს ეკუთვნოდა, რომელსაც დღეს იულიუს-კლავდიუსების დინასტიის სახელით მოიხსენიებენ. მისი ბიოლოგიური მამა იყო გერმანიკუსი, თუმცა იგი პაპის ძმამ, ტიბერიუსმა იშვილა. მეტსახელი „კალიგულა“ (ნიშნავს „ჯარისკაცის ჩექმას“. მომდინარეობს კალიგასგან, სამხედრო ჩექმისგან) მომავალ იმპერატორს მამამისის ჯარისკაცებმა შეარქვეს, როდესაც იგი გერმანიაში მოწყობილ კამპანიაში თან ახლდა მას.
კალიგულა | |
---|---|
GAIVS IVLIVS CAESAR AVGVSTVS GERMANICVS | |
კალიგულას რეკონსტრუირებული ბიუსტი | |
რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 18 მარტი, 37 |
მმართ. დასასრული: | 24 იანვარი, 41 (3 წელი და 10 თვე) |
წინამორბედი: | ტიბერიუსი |
მემკვიდრე: | კლავდიუსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 აგვისტო, 12 |
გარდ. თარიღი: | 24 იანვარი, 41 (28 წლის) |
გარდ. ადგილი: | პალატინის ბორცვი, რომი |
დაკრძ. ადგილი: | ავგუსტუსის მავზოლეუმი, რომი |
დინასტია: | იულიუს-კლავდიუსები |
მამა: | გერმანიკუსი |
დედა: | აგრიპინა უფროსი |
რომის საიმპერატორო დინასტიები | |||
იულიუს-კლავდიუსების დინასტია | |||
ქრონოლოგია | |||
ავგუსტუსი | ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 | ||
ტიბერიუსი | 14-37 წწ. | ||
კალიგულა | 37-41 წწ. | ||
კლავდიუსი | 41-54 წწ. | ||
ნერონი | 54-68 წწ. | ||
მემკვიდრეობა | |||
წინამორბედი რომის რესპუბლიკა |
მემკვიდრე ოთხი იმპერატორის წელი |
როდესაც გერმანიკუსი 19 წელს ანტიოქიაში გარდაიცვალა, მისი ცოლი, აგრიპინა უფროსი, ექვს შვილთან ერთად რომში დაბრუნდა, სადაც იგი ტიბერიუსს დაუპირისპირდა და ინტრიგების ქსელში აღმოჩნდა გახვეული. კონფლიქტი საბოლოოდ აგრპინას ოჯახის განადგურებით დასრულდა. კალიგულა ერთადერთი მამაკაცი გადარჩენილი იყო. სასიკვდილო ინტრიგებისაგან თავდაღწეული 31 წელს დათანხმდა მიწვევას შეერთებოდა იმპერატორს კუნძულ კაპრიზე, სადაც ტიბერიუსი ხუთი წლით ადრე გადასახლდა. 37 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, საიმპერატორო ტახტი კალიგულამ დაიკავა.
კალიგულას ზეობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ რამდენიმე შემორჩენილი წყარო გვაწვდის, რომლებიც მას თავდაპირველად ღირსეულ და ზომიერ მმართველად წარმოაჩენენ, თუმცა პირველი ექვსი თვის შემდეგ წყაროები მთელ ყურადღებას მის სისასტიკეზე, სადიზმზე, ახირებულობასა და სექსუალურ აღვირახსნილობაზე ამახვილებენ და ჭკუიდან გადასული ტირანის პორტრეტს ხატავენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ წყაროების უტყუარობა საეჭვოა, ცნობილია, რომ თავისი ხანმოკლე ზეობისას კალიგულამ გაზარდა იმპერატორის პირადი ძალაუფლება, რამდენადაც დაუპირისპირდა პრინციპატის სისტემაში არსებულ მეტოქე ძალებს. მან ყურადღება ძირითადად ამბიციურ სამშენებლო პროექტებსა და საკუთარი თავისათვის მდიდრული საცხოვრებლების შენებას მიაპყრო. რომში წამოიწყო ორი აკვედუკის, აკვა კლავდიასა და ანიო ნოვუსის მშენებლობა. მისი მმართველობის პერიოდში რომის იმპერიამ მოახდინა მავრიტანიის სამეფოს ანექსია და იგი თავის პროვინციად აქცია.
41 წლის დასაწყისში კალიგულა პრეტორიანელთა გვარდიის ოფიცრების, სენატორებისა და სასახლის კარის მოხელეთა მიერ მოწყობილი შეთქმულების შედეგად მოკლეს. შეთქმულებმა უშედეგოდ სცადეს შანსის გამოყენება რესპუბლიკის აღსადგენად. კალიგულას მკვლელობის დღესვე პრეტორიანელებმა ამ უკანასკნელის ბიძა, კლავდიუსი, ახალ იმპერატორად გამოაცხადეს.