კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი (ინსტიტუტის ყოფილი სახელწოდებაა:საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი) — სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც დაარსდა 1945 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრების ბაზაზე (თბილისი, საქართველო). ინსტიტუტს სახელი ეწოდა გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილის (1696-1757) პატივსაცემად.
ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი | |
---|---|
შეიქმნა | 1945 |
ტიპი | სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება |
მიზანი | სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა |
მდებარეობა | მ. ალექსიძის ქ. #1[1] |
დირექტორი | ნანა ბოლაშვილი |
ატარებს სახელს | ვახუშტი ბაგრატიონი |
ქვეყანა | საქართველო |
https://vbig.ge/ |
აღსანიშნავია, რომ საქართველოში გეოგრაფიული დაწესებულების შექმნის ცდებს ადრეც ჰქონდა ადგილი. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტს საფუძველი ჩაუყარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა. მანამდე ჯავახიშვილის ინიციატივით დაარსდა საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტი (1926-1932 წლები), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გეოგრაფიის ინსტიტუტი (1933-1938 წლები), ხოლო 1945 წელს დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, რომელიც დღემდე არსებობს.
ადრე გეოგრაფიის ინსტიტუტში იყო 5 განყოფილება — გეომორფოლოგიის, ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის (ექსპერიმენტული ჰიდროლოგიის ლაბორატორია სოფელ სიონში), მეოთხეული გეოლოგიის, ეკონომიკური გეოგრაფიის (მთიანი ქვეყნების მოსახლეობის გეოგრაფიის ლაბორატორიით) და 4 ლაბორატორია — კარსტულ-სპელეოლოგიური, აერომეთოდების, ლანდშაფტმცოდნეობის და ზღვის სანაპირო ზონის.
ამჟამად ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ინსტიტუტს აქვს 5 განყოფილება, ესენია:
ინსტიტუტთან არის დაკავშირებული აგრეთვე ორი სტაციონარი: სიონის სტაციონარი და ზემო ხოდაშენის სტაციონარი. სიონის სტაციონარი (თიანეთის მუნიციპალიტეტი) დაარსდა აკადემიკოს თეოფანე დავითაიას ინიციატივით 1972 წელს. წარმოადგენს სასწავლო-სამეცნიერო სტაციონარს. სტაციონარში მუშაობდა არაერთი ცნობილი გეოგრაფი: გარსევან კურდღელაიძე, ილია აფხაზავა, ვლადიმერ გვახარია და სხვ. ზემო ხოდაშენის სტაციონარი (ახმეტის მუნიციპალიტეტი) დაარსდა 1984 წელს. არის სტიქიური გეომორფოლოგიური პროცესების შემსწავლელი დაწესებულება.
ინსტიტუტის დაარსებიდანვე დადგა ამოცანა მთიანის ქვეყნების ფიზიკური და ეკონომიკურ-გეოგრაფიული შესწავლა ბუნებრივი რესურსების ათვისებისა და გარდქმნის მეცნიერული დასაბუთების მიზნით. ინსტიტუტი მთიანი ქვეყნების გეოგრაფიის შემსწავლელი მოთავე წასებულება იყო ყოფილ სსრკ-ში. აქ დამუშავდა კლიმატური რესურსების კვლევისა და საწარმოო შეფასების მეთოდი, სითბოს ჯამური რაოდენობის, აორთქლებადობისა და სარწყავი ნორმების პროგნოზის მეთოდი; მაღალმთიანი ვულკანური და კარსტული რელიეფის პირობებში წყლის ბალანსის გამოთვლის მეთოდიკა და სხვ.
დღეისათვის ინსტიტუტი ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას.
ამჟამად ინსტიტუტის მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებებია:
ინსტიტუტს ჰყავს ადმინისტრაცია, სამეცნიერო საბჭო და თანამშრომლები. ადმინისტრაციას წარმოადგენს დირექტორი და დირექტორის მოადგილე. სამეცნიერო საბჭო შედგება თავჯდომარისაგან და წევრებისაგან. გარდა ამისა, ინსტიტუტს ჰყავს თანამშრომლები, რომელთა რიცხვში შედიან მთავარი მეცნიერები, უფროსი მეცნიერები, მეცნიერები, მთავარი სპეციალისტები, სპეციალისტები, ინჟინრები, ლაბორანტები; ინსტიტუტს ჰყავს აგრეთვე დამხმარე ტექნიკური პერსონალი.
ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის თაოსნობით განხორციელდა ისეთი საშვილიშვილო, მეცნიერული და კულტურული ღონისძიება, როგორიცაა საქართველოს გეოგრაფიული ატლასის შედგენა-გამოცემა ქართულ და რუსულ ენებზე (1964). ეს ატლასი პირველი კომპლექსური გეოგრაფიული, კერძოდ, კარტოგრაფიული ნაწარმოებია და აღნიშნავს მისი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს. ამ ატლასის შედგენა ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებიდანვე, 1945 წლიდან, დაიწყო. ამ ატლასის შემქმნელ კოლექტივს, მათ შორის ალექსანდრე ჯავახიშვილს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა 1971 წელს.
ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი ატარებს ექსპედიციებს, კონფერენციებს, პროექტებს; შემუშავებული აქვს სამეცნიერო მუშაობის გეგმა. აქვს ბიბლიოთეკა. უახლესი ექსპეიდციებიდან აღსანიშნავია 2010 წელს ჩატარებული გეომორფოლოგიის განყოფილების ექსპედიციები, რომელიც შესრულდა მყინვარ ზოფხიტოზე. მაისის თვეში მკვლევარებმა მოახდინეს ზოფხიტოს აკუმულირებული თოვლის მასის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება. ივლისი-აგვისტოში მყინვარის ზედაპირზე მოეწყო აბლაციის მაჩვენებლებზე პერიოდულად დაკვირვება სააბლაციო ლარტყების საშუალებით. საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების მიერ 2009 წელს ჩატარდა თემა: „საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის ათვისების პრობლემები და პერსპექტივები“, სადაც საველე სამუშაოებს ასრულებდნენ სხვადასხვა მეცნიერები. მომდევნო წელს იმავე განყოფილებამ შეასრულა საინსტიტუტო თემის საველე კვლევა. საინტერესო კვლევები ჩაატარა აგრეთვე ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის და ფიზიკური გეოგრაფიის (პალეოგეოგრაფიული კვლევების ჩათვლით) განყოფილებების ექსპედიციებმა.
მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო „კუბის ეროვნული ატლასის“ შედგენა-გამოცემაში, რისთვისაც სსრკ სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა 1973 წელს. ინსტიტუტში შედგა და გამოქვეყნდა სხვადასხვა თემატიკის რუკები საშუალო და უმაღლესი სკოლებისათვის, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების რუკები, გზამკვლევები, სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა.
თანამედროვე ნაშრომებიდან აღსანიშნავია ინსტიტუტის ხელმძღვანელობით შედგენილი და გამოიცემული საქართველოს სსრ კურორტების და საკურორტო რესურსების ატლასი (1989 წელი), საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასი (1992 წელი), ვახუშტი ბაგრატიონის ატლასი (1997 წელი).
ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მოღვაწეობდა არაერთი სახელოვანი მეცნიერ-გეოგრაფი. საქართველოს გეოგრაფიულ ისტორიაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტიდან იყვნენ მხოლოდ ორნი: ალექსანდრე ჯავახიშვილი (1944) და თეოფანე დავითაია (1960) და 4 წევრ-კორესპონდენტი: ალექსანდრე ასლანიკაშვილი (1979), ვახტანგ ჯაოშვილი (1983), ზურაბ ტატაშიძე (1997) და არჩილ კიკნაძე (2001).
მოღვაწეობდნენ ცნობილი მკვლევარები, მათ შორის: ლევან მარუაშვილი, დავით უკლება, მიტროფანე კორძახია, ლევ ვლადიმიროვი, ვსევოლოდ ზენკოვიჩი, დავით წერეთელი, იასე შაქარიშვილი, გიორგი გეხტმანი, გიორგი გველესიანი, რომან კვერენჩხილაძე, ემილ კობახიძე, კონსტანტინე გოგიშვილი, თამაზ კიკნაძე და სხვ. მათი დიდძალი მოღვაწეობის ხარჯზე გამოქვეყნდა მრავალი კაპიტალური სამეცნიერო ნაშრომი.
დღეისათვის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მოღვაწეობენ რამინ გობეჯიშვილი, ნანა ბოლაშვილი, ვაჟა ნეიძე, გიორგი ლომინაძე, დალი მუმლაძე, კუკური თავართქილაძე, რევაზ ხაზარაძე, კობა ხარაძე და სხვები. თანამედროვე ნაშრომებიდან უმნიშვნელოვანესია: „საქართველოს ეროვნული ატლასი“, 2012, ,„გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი“ (გ. ლიპარტელიანი, დ. ლიპარტელიანი, 2012), „მყინვარების მონიტორინგი კლიმატის ცვლილების ფონზე“ (რ. გობეჯიშვილი, ა. ჯავახიშვილი და სხვ. 2012), „საქართველოს რელიეფი“ (რ. გობეჯიშვილი, 2011), „საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი“ (ზ. ტატაშიძე და სხვ. 2009), „გლაციოლოგია“ (რ. გობეჯიშვილი, 2007) და სხვ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.