![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/Electres_Anna_Maria_Luisa_de%2527_Medici.jpg/640px-Electres_Anna_Maria_Luisa_de%2527_Medici.jpg&w=640&q=50)
ანა მარია ლუიზა მედიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანა მარია ლუიზა დე’ მედიჩი (იტალ. Anna Maria Luisa de' Medici, გერმ. Anna Maria Luisa de' Medici; დ. 11 აგვისტო, 1667 — გ. 18 თებერვალი, 1743) — მედიჩთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. ხელოვნების მფარველი, შექმნა მედიჩის ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექცია, რომელთა დიდი ნაწილი მემკვიდრეობით ძმისგან, ჯან გასტონეგან მიიღო და რომლებიც დღეისათვის უფიციში ინახება. აღსანიშნავია, რომ ამის მისაღებად მას პფალცის დატოვება და ფლორენციაში გადასახლება მოუწია, რადგანაც იმჟამინდელმა ახალმა ჰერცოგმა ასეთი ძვირფასეულობის დედაქალაქიდან გატანაზე უარი განაცხადა.
ანა მარია ლუიზა მედიჩი | |
---|---|
![]() | |
პფალცის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 5 ივნისი, 1691 |
მმართ. დასასრული: | 8 ივნისი, 1716 |
წინამორბედი: | ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი |
მემკვიდრე: | ელიზაბეთ ავგუსტა ზულცბახელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 აგვისტო, 1667 |
დაბ. ადგილი: | პიტის სასახლე, ფლორენცია, ტოსკანა |
გარდ. თარიღი: | 18 თებერვალი, 1743, (75 წლის) |
გარდ. ადგილი: | პიტის სასახლე, ფლორენცია, ტოსკანა |
მეუღლე: | იოჰან ვილჰელმი, პფალცის კურფიურსტი |
სრული სახელი: | ანა მარია ლუიზა დე’ მედიჩი |
დინასტია: | მედიჩები |
მამა: | კოზიმო III, ტოსკანის დიდი ჰერცოგი |
დედა: | მარგარიტა ლუიზა ორლეანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
იგი იყო ტოსკანის დიდ ჰერცოგ კოზიმო III-ისა და მისი მეუღლის, ლუი XIII-ის ძმიშვილის, მარგარიტა ლუიზა ორლეანელის ერთადერთი ასული. მას შემდეგ, რაც ცოლად პფალცის კურფიურსტს, უკვე დაქვრივებულ იოჰან ვილჰელმს გაჰყვა ცოლად, იგი პფალცის კურფიურსტი გახდა და გერმანიაში გადასახლდა, სადაც მუსიკას მფარველობდა, რამაც პფალცის სამეფო კარს მუსიკალური ცენტრის რეპუტაცია მოუტანა. ვინაიდან იოჰან ვილჰელმს სიფილისი ჰქონდა, მათი კავშირიდან მემკვიდრე არ გამჩნდარა, რამაც ანა მარია ლუიზას ძმების უშვილობასთან ერთად მედიჩების დინასტიის საბოლოოდ შეწყვეტა გამოიწვია.
1713 წელს მისი ძმის, ფერდინანდოს უშვილოდ დაღუპვის შემდეგ, კოზიმო III-მ სამემკვიდრეო კანონები შეცვალა, რათა მის შემდეგ ტახტზე ანა მარია ლუიზა ასულიყო. ევროპელმა მონარქებმა ეს ყოველივე არ დაუშვეს, რის გამოც მის შემდეგ ტახტზე ჯან გასტონე მედიჩი ავიდა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც, 1737 წელს ტოსკანაში საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI-მ თავისი სიძე, ფრანც ლოთარინგიელი გაამეფა, რის შემდეგაც ტოსკანას ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები მართავდნენ. ამის სანაცვლოდ, ავსტრიელემბა ანას ფლორენციაში ცხოვრების ნებაც დართეს და კომპენსაციის სახით ტოსკანის ნომინალური რეგენტის წოდება შესთავაზეს, რაზეც უარი განუცხადათ. 1743 წელს, ანა მარია ლუიზას გარდაცვალებით, საბოლოოდ შეწყდა მედიჩთა ოთხასწლოვანი დინასტია. იგი დაკრძალეს სან ლორენცოს ბაზილიკაში, რომელიც მისი ხელშეწყობით დაასრულეს.