ანა ბრეტონელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანა ბრეტონელი (ფრანგ. Anne de Bretagne, ბრეტ. Anna Breizh, გერმ. Anna von Bretagne, იტალ. Anna di Bretagna; დ. 25 იანვარი, 1477, ნანტი, ბრეტანის საჰერცოგო — გ. 9 იანვარი, 1514, ბლუა, საფრანგეთის სამეფო) — მონფორთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. ბრეტანის ჰერცოგინია და ეტამპის გრაფინია 1488-1514 წლებში როგორც ფრანსუა II ბრეტონელის ასული. ავსტრიის ერცჰერცოგინია 1490-1491 წლებში როგორც მაქსიმილიან I-ის მეუღლე. საფრანგეთის ორგზის დედოფალი 1491-1498 და 1499-1514 წლებში, ნეაპოლის დედოფალი 1501-1503 წლებში და მილანის ჰერცოგინია 1499-1512 წლებში როგორც ჯერ შარლ VIII-ის, ხოლო შემდეგ ლუი XII-ის მეუღლე. საფრანგეთის დედოფალ კლაუდია დე ვალუას დედა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ანა ბრეტონელი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ანა ბრეტონელი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ანა დაიბადა ბრეტანის საჰერცოგოს დედაქალაქში და იზრდებოდა თავის უმცროს დასთან, იზაბელთან ერთად. იგი იყო ბრეტანის ჰერცოგ ფრანსუა II-ისა და მისი მეორე მეუღლის, ნავარის პრინცესა მარგარიტა დე ფუას უფროსი ქალიშვილი და მათი ტახტის მემკვიდრე. 1488 წელს ჰერცოგი ფრანსუა ბრძოლაში დაიღუპა, რის გამოც ტახტზე 11 წლის ანა ავიდა, რომელსაც მაშინვე უამრავი ხელისმთხოვნელი გამოუჩნდა.
თავდაპირველად იგი დანიშნული იყო ინგლისის მეფე ედუარდ V-ზე, თუმცა იგი მალევე დაიღუპა[კომ. 1], რის გამოც ანამ ახალი საქმროს ძიება დაიწყო. მრავალი შემოთავაზების შემდეგ, იგი საბოლოოდ 1490 წელს ცოლად გაჰყვა ავსტრიის უკვე დაქვრივებულ ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ს.[კომ. 2] ჯერ კიდევ დამოუკიდებელი, თუმცა უმწეო ბრეტანის ასეთმა დაახლოვებამ ჰაბსბურგებთან, შეაშინა საფრანგეთის მეფე შარლ VIII და დიდი არმიით შეიჭრა ბრეტანში. მან დაიკავა ძირითადი ბრეტონული ციხესიმაგრეები და 1491 წელს ანა იძულებით შეირთო ცოლად. რომის პაპმა მისი და მაქსიმილიანის ქორწინება გააუქმა[კომ. 3] და იგი შარლის ცოლად და შესაბამისად საფრანგეთის ახალ დედოფლად გამოაცხადა[კომ. 4]. 1494 წელს შარლი ნეაპოლში შეიჭრა და თავი მის მეფედ გამოაცხადა, რითაც ანა ნეაპოლის დედოფალიც ხდება. აღსანიშნავია, რომ მართალია დედოფალს დაორსულების პრობლემა არ ჰქონია, თუმცა შარლსა და ანას მემკვიდრე მაინც არ ჰყავდათ, რადგან ყველა მათი შვილი ჩვილობაშივე იღუპებოდა. 1498 წელს კი შარლ VIII უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა[კომ. 5], რის გამოც ტახტზე მისი სიძე და ამავდროულად ბიძაშვილი, ლუი XII ადის.
1499 წლის იანვარში ლუი XII უშვილობის გამო გასცილდა განსვენებული შარლის დას, დედოფალ ჟანა დე ვალუას და ბრეტანის შემომტკიცების მიზნით ცოლად მისივე ქვრივი, ანა ბრეტონელი შეირთო. ამრიგად ანა უკვე მეორედ ხდება საფრანგეთის დედოფალი. მალევე ლუიმ კვლავ განაახლა იტალიური ომები და 1499 წელს ჯერ მილანის, შემდეგ კი უკვე 1501 წელს ნეაპოლის ტახტი დაიპყრო.
ლუისა და ანას მრავალი შვილი შეეძინათ, მაგრამ ორი გოგონას გარდა ყველა ჩვილობაში დაიღუპა. მგომარეობას ისიც ართულებდა, რომ საფრანგეთში მოქმედი სალიკური კანონის თანახმად ქალს ტახტზე ასვლა არ შეეძლო, ამიტომაც მათ თავიანთი უფროსი ქალიშვილი — კლაუდია, ცოლად შერთეს მისსავე ბიძაშვილს, ანგულემის გრაფ ფრანსუა დე ვალუას[კომ. 6], რათა ვალუას დინასტია არ შემწყდარიყო და ამასთან ტახტი მათ შვილს დარჩენოდა. თუმცაღა ანას სურდა, რომ კლაუდია მაქსიმილიან I-ის შვილიშვილ კარლოსზე დაექორწინებინა, მაგრამ ამაოდ.
ანა ყველაფერს აკეთებდა ბრეტანის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, რის გამოც იგი განსაკუთრებით უყვართ ბრეტონელებს. დღეისათვის, ბრეტანში ანას უამრავი მონუმენტი და მემორიალია შექმნილი. იგი გარდაიცვალა 1514 წელს, 36 წლის ასაკში. მასთან ერთად არსებობა სამუდამოდ შეწყვიტა მონფორების დინასტიამაც, რომელიც ორას წელზე მეტხანს მართავდა ბრეტანს.
მისი გარდაცვალების შემდეგ, ლუიმ ცოლად მერი ტიუდორი შეირთო, იმ იმედით, რომ ვაჟი შეეძინებოდა, თუმცა ქორწილიდან მალევე ისიც დაიღუპა და მერი უკან დაბრუნდა. ამის შემდეგ საფრანგეთსა და ბრეტანში კლაუდია და ფრანსუა გამეფდნენ, მათმა ვაჟმა ანრი II-მ კი საბოლოოდ გააერთიანა ეს ორი სახელმწიფო.
ბრეტანის ისტორიაში, ანა ყველაზე გმირ მმართველად ითვლება, რომელიც ყველანაირად იცავდა ბრეტანის დამოუკიდებლობას. რომანტიზმის ეპოქაში, იგი ბრეტონელი რომანტიკოსების მთავარ თემად იქცა: მასზე დაიწერა უამრავი პოემა, ლექსი და შეიქმნა მისი უამრავი სკულპტურა. ასევე აღსანიშნავია მისი მხატვრული პატრონაჟი ლუარას ხეობაში, სადაც განვლო თავისი ცხოვრების ძირითადი ნაწილი. მეუღლეებთან ერთად, იგი ზრუნავდა ბლუასა და ამბუაზის სასახლეების რესტავრაციაზეც.
შემდგომში ანას შთამომავლები მეფობდნენ საფრანგეთში, ესპანეთში, პოლონეთში, იტალიაში, ბულგარეთში, გერმანიასა და სხვა მრავალ ევროპულ ქვეყანაში.