წმინდა ნიკოლოზი
From Wikipedia, the free encyclopedia
წმინდა ნიკოლოზი[georgian 1] (ტრადიციის მიხედვით, დ. 15 მარტი, 270 – 6 დეკემბერი, 343),[3][4][georgian 2] — ბერძნული წარმოშობის ადრექრისტიანული პერიოდის ეპისკოპოსი ზღვისპირა ქალაქ მირადან (მცირე აზია, რომის იმპერია) (ძვ. ბერძნ. Μύρα; დღევანდელი დემრე, თურქეთი).[7][8] მის შემწეობასთან დაკავშირებული სასწაულების გამო ასევე მოიხსენიება, როგორც ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი.[georgian 3] ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში ითვლება მეზღვაურების, ვაჭრების, მონანიე ქურდების, ბავშვების, ლუდის მხარშველების, მევახშეების, დაუქორწინებლებისა და მოსწავლეების მფარველ წმინდანად. მისი რეპუტაცია მორწმუნეთა შორის დროთა განმავლობაში გაიზარდა, რაც ჩვეულია ადრექრისტიანული პერიოდის წმინდანებისთვის, ხოლო მის მიერ საჩუქრების გაცემის ჩვევასთან დაკავშირებული ლეგენდები საფუძვლად დაედო სანტა კლაუსის დღევანდელ ვერსიას.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „წმინდა ნიკოლოზი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. წმინდა ნიკოლოზი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
წმინდა ნიკოლოზი Άγιος Νικόλαος | |
---|---|
წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი. ხატი სინის (სინაის) მთის წმ. ეკატერინეს მონასტრიდან. XIII საუკუნე. | |
დაიბადა |
III საუკუნე[1] პატარა, Lycia et Pamphylia, რომის იმპერია |
გარდაიცვალა |
IV საუკუნე[1] მირა, ლიკია, ძველი რომი |
დასაფლავებულია | ბარის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა |
ხსენების დღე |
|
მოღვაწეობა | ადრექრისტიანული პერიოდის ეპისკოპოსი |
ენა | ძველი ბერძნული ენა |
წმინდა ნიკოლოზის, როგორც ისტორიული ფიგურის შესახებ, ცოტა რამ არის ცნობილი. მისი ცხოვრების შესახებ ყველაზე ძველი დოკუმენტები მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგაა დაწერილი და სავარაუდოდ, ბევრ ლეგენდას შეიცავს. გადმოცემით, იგი დაიბადა ლიკიის მხარეში, ბერძნულ საპორტო ქალაქ პატარაში, მდიდარი ქრისტიანი მშობლების ოჯახში.[9]
მის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი გადმოცემის თანახმად, მან სამი გოგონა პროსტიტუციაში ჩათრევისგან გადაარჩინა იმით, რომ მათი სახლის ფანჯარაში ღამით სამჯერ ოქროთი სავსე ქისა დატოვა, რათა გოგონების მამას მათთვის მზითევის შეძენა შესძლებოდა. სხვა ადრეული გადმოცემების თანახმად, მას მიეწერება აღელვებული ზღვის დაწყნარება და სიკვდილით დასჯისგან სამი უდანაშაულო ჯარისკაცის გადარჩენა, ასევე, ახალგაზრდობაში ეგვიპტესა და პალესტინაში მოსალოცად წასვლა, რის შემდეგაც მირის ეპისკოპოსი გახდა. იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანთა დევნისას იგი ციხეში ჩასვეს, საიდანაც კონსტანტინე დიდის ტახტზე ასვლის შემდეგ გათავისუფლდა.
არსებობს ნიკეის პირველი საეკლესიო კრების (325) მონაწილეთა სიის ვერსია, რომელშიც წმინდა ნიკოლოზიცაა მოხსენიებული, თუმცა, მისი სახელი არსადაა ნახსენები კრების სხვა მონაწილეთა მიერ. უფრო გვიანდელი, სავარაუდოდ, უსაფუძვლო ლეგენდების მიხედვით მას დროებით ჩამოართვეს საეპისკოპოსო პატივი და დააპატიმრეს ერეტიკოს არიანესთვის სახეში გარტყმის გამო. არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ აღადგინა მკვდრეთით წმინდა ნიკოლოზმა სამი ბავშვი, რომელიც შიმშილობის დროს ერთმა ყასაბმა მოკლა, დაანაწევრა და კასრში შეინახა, რათა მათი ხორცი ღორის ხორცად გაესაღებინა და გაეყიდა.
ნიკოლოზის სიკვდილიდან 200 წელიც არ იყო გასული, როცა მირაში, თეოდოსიუს II-ის ბრძანებით მისი სახელობის ეკლესია ააშენეს იმ ეკლესიის ნანგრევებზე, რომელშიც თავად მოღვაწეობდა ეპისკოპოსობის პერიოდში. მისი ნეშტიც ამ ეკლესიაში არსებულ სარკოფაგში განათავსეს.
1087 წელს მცირე აზიის ქრისტიანი მაცხოვრებლები ახალმოსულმა მუსლიმმა სელჯუკებმა დაიმორჩილეს. აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკლესიების დიდი სქიზმიდან ამ დროს ოცდაათიოდე წელი იყო გასული. იტალიელმა ვაჭრებმა ქალაქ ბარიდან ნიკოლოზის ჩონჩხის ბევრი ძვალი სარკოფაგიდან უნებართვოდ ამოიღეს და მშობლიურ ქალაქში გადაიტანეს, სადაც ისინი ამჟამადაც ინახება წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკაში. დარჩენილი ძვლები მოგვიანებით, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ვენეციელმა მეზღვაურებმა ვენეციის რესპუბლიკაში წაიღეს.