From Wikipedia, the free encyclopedia
ყარაჩაი-ჩერქეზეთი (რუს. Карачаево-Черкесия), ოფიციალური სახელია ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა (რუს. Карачаево-Черкесская Республика, ყარაჩ.-ბალყ. Къарачай-Черкес Республика, ყაბ. Къэрэшей-Адыгэ Республикэ, აბაზ. Къарча-Черкес Республика, ნოღ. Карашай-Шеркеш Республика) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში[2]. დედაქალაქი - ჩერკესკი. შეიქმნა 1922 წლის 12 იანვარს.
ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა რუს. Карачаево-Черкесская Республика ყარაჩ.-ბალყ. Къарачай-Черкес Республика ყაბ. Къэрэшей-Шэрджэс Республикэ | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
---|---|---|---|---|---|
კოორდინატები | 43°55′00″ ჩ. გ. 41°47′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | რაშიდ ტემრეზოვი | ||||
დაარსდა | 16 მაისი, 1992 | ||||
ფართობი | 14100 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | რუსული ენა, ნოღაური ენა, ბალყარული ენა, ყაბარდოული ენა და აბაზური ენა | ||||
მოსახლეობა | 468 322 (2024) | ||||
სასაათო სარტყელი | მოსკოვის დრო, UTC+3 და ევროპა/მოსკოვი[1] | ||||
საავტომობილო კოდი | 09 | ||||
ციფრული იდენტიფიკატორი | |||||
ოფიციალური საიტი | http://www.kchr.info/ | ||||
ჩერქეზთა თვითსახელწოდებაა ადიღე, ტერმინი მათთან ერთად აერთიანებს ყაბარდოელებსა და ადიღეელებს. ჰეროდოტე, სტრაბონი და სხვა ბერძენი ავტორები ჩერქეზთა წინაპრებს სინდების, მეოტებისა და კერკეტების სახელით მოიხსენიებენ, ქართულ წყაროებში მათ ჯიქები ეწოდებოდათ.
ყარაჩაელთა თვითსახელწოდებაა ყარაჩაილილა. გარდა ამისა, ისინი ბალყარელების მსგავსად თავს „თაულს“ („მთიელს“) უწოდებენ. ყარაჩაი თურქულად „შავ მდინარეს“ ნიშნავს.
ყარაჩაელთა და ჩერქეზთა წინაპრები ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ. V-XIII საუკუნეებში დაიწყო ფეოდალურ ურთიერთობათა ჩასახვა. IX-X ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორია ალანთა ადრინდელ ფეოდალურ სახელმწიფოში შედიოდა. XII-XIV საუკუნეებში ჩამოყალიბდა ყარაჩაელი ხალხი. მოსახლეობა მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევდა. XIX საუკუნის I ნახევარში ყარაჩაი-ჩერქეზეთი რუსეთს შეუერთდა. 1868 წელს გაუქმდა ბატონყმობა. დაიწყო მრეწველობის განვითარება. გაფართოვდა და განმტკიცდა კავშირები რუს მოსახლეებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის.
1905-1907 წლების რევოლუციის დროს შეიქმნა სოციალ-დემოკრატიული წრე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შედეგ ჩამოყალიბდა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოები. 1918 წლის თებერვალში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. 1920 წელს თეთრგვარდიელთა განდევნის შემდეგ გატარდა საბჭოთა ხელისუფლების დეკრეტები, მემამულეებს ჩამერთვათ მიწები. 1922 წლის 12 იანვარს, სრულიად რუსეთის ცაკის დადგენილებით შეიქმნა ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც 1926 წლის 26 აპრილს გაიყო ყარაჩაის ავტონომიურ ოლქად და ჩერქეზეთის ეროვნულ ოკრუგად. ჩერქეზულ ნაწილს ავტონომია 1928 წლის 30 აპრილს მიენიჭა.
მეორე მსოფლიო ომის დროს 1942 წლის აგვისტოდან 1943 წლის იანვრამდე ყარაჩაი-ჩერქეზეთი ოკუპირებული იყო ფაშისტური გერმანიის მიერ. 1943 წელს, ყარაჩაელთა ოლქი გაუქმდა, ყარაჩაელები ნაცისტებთან კავშირში დაადანაშაულეს და ყაზახეთისა და უზბეკეთის ტერიტორიაზე გადაასახლეს, მათი ტერიტორია გადანაწილდა სტავროპოლის მხარესა და საქართველოს სსრ-ს (ქლუხორის რაიონი) შორის. 1957 წლის 9 იანვარს ყარაჩაჩაისა და ჩერქეზეთის ოლქები ხელახლა გაერთიანდა.
1990-იანი წლების დასაწყისიდან ყარაჩაელები მოითხოვდნენ ცალკე ყარაჩაული რესპუბლიკის შექმნას (1943 წელს არსებულის ფარგლებში), რომლებიც კაზაკებით დასახლებულ მიწებსაც მოიცავდა. ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ კაზაკებმა დაიწყეს მოთხოვნა თავიანთი „ტერიტორიული თვითგამორკვევისთვის“, რაც რუსული ავტონომიების შექმნას ითვალისწინებდა (ბათალჰაშინისა და ზელენჩუკ-ურუჰის რესპუბლიკების სახით), ან რუსებით დასახლებული რაიონების მიერთებას კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებთან. ჩერქეზები მოითხოვდნენ ყარაჩაელებისაგან გამოყოფასა და ცალკე ავტონომიის შექმნას. ამ ყველაფერთან ერთად ნოღაელებმა და აბაზებმა, რომელთაც არ ჰქონდათ ავტონომიის სატიტულო სტატუსი, თავიანთი ეროვნულ-ტერიტორიული წარმონაქმნების ჩამოყალიბება მოითხოვეს. საბოლოოდ, 1992 წლის 28 მარტს ჩატარდა რესპუბლიკური რეფერენდუმი, რის შედეგადაც კენჭისყრაში მონაწილეთა 76%-მა ხმა ყარაჩაი-ჩერქეზეთის ერთიანი რესპუბლიკის შენარჩუნებას მისცა.
XIX საუკუნე კავკასიელი ხალხის ისტორიაში მოვლენების ტრაგიკული განვითარების პერიოდია. კავკასიის ხალხები რუსეთის იმპერიასთან დამარცხდნენ ასწლიანი ომის სახელით ცნობილ დაპირისპირებაში, რასაც დიდი მსხვერპლი და მუჰაჯირობა მოჰყვა. რუსეთის იმპერიას ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს უბიხებმა (ტერმინი „უბიხი“ ჩერქეზულია), რომელთა გავლენაც აფხაზებსა და ჩერქეზებზე ვრცელდებოდა. წინააღმდეგობამ 1864 წლის მარტამდე გასტანა, რუსულმა ჯარმა ჯერ ჩერქეზები დაიმორჩილა, შემდეგ კი ა. გეიმანის წინამძღოლობით უბიხთა ცენტრი - სუაჩა აიღო. ამ ყველაფერმა უბიხთა კავკასიის რუკიდან გაქრობა გამოიწვია, ხოლო ჩერქეზთა მოსახლეობა მნიშვნელოვნად შეამცირა.
რუსეთის იმჟამინდელი იმპერატორი ალექსანდრე მეორე თავის სპეციალურ რესკრიპტში 1864 წელს კავკასიის ომის დასრულების შესახებ წერდა:
„თქვენს იმპერატორულ უმაღლესობას შესაშური წილი ერგო - დააგვირგვინოს საუკუნენახევრის წინ დაწყებული საქმე, დასავლეთ კავკასიის დაპყრობისა და პირველმა აუწყოს რუს ხალხს, რომ კავკასიაში ამიერიდან არც ერთი ურჩი ტომი აღარ დარჩა“.
თუმცა ჩერქეზთა გენოციდი ამით არ დასრულებულა, რადგან: 1871-81 წლებში ყუბანის ოლქიდან ოსმალეთში ადიღელთა 428 კომლი გადაასახლეს, ხოლო 1882-83 წლებში - 1381 კომლი. 1888 წლის ოქტომბერში აულ ხაჯიმუკოვის 3 333 მცხოვრები ოსმალეთში გადასახლდა. 1889 წლის 7 ნოემბერს იმპერატორის „ნებართვის“ საფუძველზე ადიღეელების 6 აულის მოსახლოება ოსმალეთში გადასახლდა. 1890 წელს ლაბისა და ეკატერინოდარის განყოფილებიდან 7 აული გადაასახლეს, რადგან მთავრობას მიწები სჭირდებოდა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ყუბანის ოლქიდან ოსმალეთში 20 ათასამდე ადამიანი გადაასახლეს. 1900 წლის მიწურულს თერგის ოლქიდან გადასახლებული 260 ყაბარდოელი დამასკოში ჩავიდა. 1900-1907 წლებში დაახლოებით 8 000 ყაბარდოელი ოსმალეთში გადაასახლეს. ეს იყო რუსეთის იმპერიის მხრიდან ჩერქეზთა გენოციდის ერთ-ერთი ბოლო აქტი.
საქართველო 2011 წლიდან პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ჩერქეზების გენოციდს აღიარებს.[3]
ყარაჩაი-ჩერქეზეთს დასავლეთიდან ესაზღვრება კრასნოდარის მხარე, ჩრდილოეთიდან - სტავროპოლის მხარე, აღმოსავლეთიდან - ყაბარდო-ბალყარეთი, სამხრეთიდან - საქართველო. შედგება 10 მუნიციპალური რაიონისაგან. რესპუბლიკის ტერიტორიის 80% მთითაა დაფარული, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე მდებარეობს კავკასიის ყველაზე დიდი მწვერვალი - იალბუზი (5 642მ.). ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე 172 მდინარე მოედინება, რომელთა შორის სიდიდით გამოირჩევა ყუბანი, დიდი ზელენჩუკი, პატარა ზელენჩუკი, ურუფი და ლაბა. დამახასიათებელია მოკლე ზამთარი და გრძელი, თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა -3,2°C-ია, ხოლო ივლისის + 20,6 °C. ბუნებრივი რესურსებისგან წარმოდგენილია ოქრო, ქვანახშირი და სხვ. ზოგირთი მოსაზრებით, ისტორიულად ჩერქეზეთის ტერიტორია დასავლეთით მოიცავდა შავი ზღვის სანაპიროს და აღმოსავლეთით მდინარე თერგის შესართავამდე არსებულ მიწა-წყალს, ინგუშეთის ჩათვლით.
2010 წლის მონაცემებით, ყარაჩაი-ჩერქეზეთის მოსახლეობის 41% ყარაჩაელები არიან, ხოლო ჩერქეზები მოსახლეობის მხოლოდ 11.9%-ს შეადგენენ. კავკასიაში რუსეთის ექსპანსიის შედეგად მე-19 საუკუნის დასაწყისში, ყუბანში კაზაკების ჩასახლება და კორდონის ხაზების მშენებლობა დაიწყო. კავკასიის ომის შედეგად ადიღურ-აფხაზური მოსახლეობა სხვადასხვა მონაცემით, თითქმის 10-ჯერ შემცირდა. დღევანდელი ყარაჩაი-ჩერქეზეთი ერთ-ერთია, ადიღეს რესპუბლიკასა და ყაბარდო-ბალყარეთთან ერთად, რომელიც ჩერქეზთა მთლიან ტერიტორიას ქმნის.
ეთნიკური ჯგუფი | რაოდენობა,% (2010 წელი) | რაოდენობა,% (2002 წელი) |
---|---|---|
ყარაჩაელები | 194,324 (41%) | 169 198 (38,5 %) |
ჩერქეზები | 56,466 (11,9%) | 49 591 (11,3 %) |
რუსები | 150,025 (31,6%) | 147 878 (33,6 %) |
აბაზები | 36,919 (7,8%) | 32 346 (7,4 %) |
ნოღაელები | 15,654 (3,3%) | 14 873 (3,4 %) |
უკრაინელები | 1,990 (0,4%) | 3 331 |
სხვა | 18,892 (4,0%) | 13,319 |
ამერიკელი დამოუკიდებელი მკვლევრის, ექსპერტ ინგუშეთის ჩათვლით სტეფან შეფილდის მონაცემებით ჩერქეზთა საერთო რაოდენობა მთელს მსოფლიოში 6 248 000 შეადგენს, აქედან სამშობლოში - ჩერქეზულ რესპუბლიკებში ცხოვრობს 690 000-ზე მეტი ჩერქეზი; გამოდის რომ ისტორიულ სამშობლოში ჩერქეზთა მხოლოდ 10% ცხოვრობს. მათი მოსახლეობის 90% დანარჩენ მსოფლიოში ასე გადანაწილდა:
ქვეყანა | რაოდენობა |
---|---|
თურქეთი | 5 000 000 |
გერმანია | 100 000 |
იორდანია | 100 000 |
სირია | 100 000 |
საფრანგეთი | 15 000 |
აშშ | 5 000 |
ისრაელი | 5 000 |
ნიდერლანდები | 3 000 |
ჩრდილო კავკასიის ხალხთა ძირითადი რაოდენობა, ისევე როგორც მთელი ახლო აღმოსავლეთი, ირანისა და ერაყის ნაწილის გამოკლებით, სუნიტური ისლამის მიმდევრები არიან. ტრადიციული ისლამის მოძღვრების ქანაფიტური მიმართულებისანი არიან ჩერქეზები, ადიღეელები, შაფსუღები, ყაბარდოელები, ბალყარელები, ყარაჩაელები, ნოღაელები, ყუმუხთა ნაწილი, ყირიმის თათრები, დიგორელი ოსები.
რელიგია | % |
---|---|
ისლამი | 64% |
მართლმადიდებლობა | 13,2% |
ქრისტიანობის სხვა მიმდინარეობები | 1,8% |
ადგილობრივი წარმართობა | 2% |
სხვა | 19% |
ყარაჩაი-ჩერქეზეთი ბილინგვისტური რესპუბლიკების სიაში შედის, მოსახლეობაში მიმდინარე ეთნო-კონფლიქტებს კიდევ უფრო ამწვავებს მეზობელ რესპუბლიკებთან ურთიერთმიმართება, კერძოდ, ყაბარდო-ბალყარეთთან, რომელთანაც ყარაჩაი-ჩერქეზეთის მოსახლეობა ეთნოლინგვისტური კრიტერიუმებითაა დაკავშირებული. ამ ყველაფრის გამო 1990-იან წლებში რევიზიონისტური პროექტებით წამოიჭრა კონფლიქტური საკითხების გადაჭრის განსხვავებული გზა, რაც გულისხმობდა ყარაჩაულ-ბალყარული და ადიღური რესპუბლიკების შექმნას - ყაბარდოს, ადიღესა და ჩერქეზეთის შემადგენლობით, შაფსუღთა რაიონის მიმართებასთან ერთად.
ჩერქეზული ენა ყაბარდოულ ენასთან ერთად მიეკუთვნება იბერიულ-კავკასიური ენების აფხაზურ-ადიღურ ჯგუფს. ჩერქეზთა გრაფიკული ანბანი პირველად არაბული გრაფიკის საფუძველზე შეიქმნა 1918 წელს, მას 1927 წელს ჩაენაცვლა ლათინური ანბანი, 1938 წლიდან დღემდე კი ადიღეური ენისათვის გამოიყენება კირილიცა.
ადიღურ ენათა ჯგუფის გრამატიკაზე, ლექსიკონებსა და ლექსიკოგრაფიაზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ენათმეცნიერები: ლიულიე, შორა ნოღმა, უმარ ბერსეი, პეტრე უსლარი, არნოლდ ჩიქობავა, ზეინაბ კერაშევა, სიმონ ჯანაშია, გიორგი როგავა, ქეთევან ლომთათიძე და სხვები.
ყარაჩაული ენა ბალყარულ ენასთან ერთად მიეკუთვნება ალთაურ ენათა თურქულ ჯგუფს. ყარაჩაელებთა გრაფიკული ანბანიც კირილიცითაა წარმოდგენილი (1937 წლიდან).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.