ფოტოსინთეზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფოტოსინთეზი (ფოტო... და სინთეზი) — უმაღლესი მცენარეების, წყალმცენარეებისა და მაფოტოსინთეზებელი ბაქტერიების მიერ სინათლის კვანტის ენერგიის გარდაქმნა ქიმიურ ბმათა ენერგიად. ამ ენერგიას შთანთქავენ ქლოროფილი და სხვა პიგმენტები. ფოტოსინთეზის პროცესში მცენარე ჰაერიდან შეითვისებს СO2 და ფოთოლში არსებული წყლის დაშლის შედეგად გამოყოფს თავისუფალ ჟანგბადს. ამ დროს წარმოიქმნება ორგანული შენაერთები, რომლებიც საკვებად ხმარდება თვით მცენარეს და მთელ ცხოველთა სამყაროს. ადამიანი საწვავადაც იყენებს მათ (ქვანახშირი, ნავთობი და სხვა). გამოყოფილი ჟანგბადი კი დედამიწაზე აერობული სიცოცხლის არსებობის აუცილებელი პირობაა. ფოტოსინთეზის მეშვეობით დედამიწაზე ყოველწლიურად 1000 მლრდ. ტ-ზე მეტი ორგანული შენაერთი წარმოიქმნება (ამ ორგანული მასის თითქმის ნახევარი ოკეანეებისა და ზღვების მცენარეების ფოტოსინთეზის წვლილია). ამ დროს დაახლოებით 200 მლრდ. ტ СO2-ს ითვისებენ მცენარეები და 145 მლრდ. ტ O2-ს გამოყოფენ ატმოსფეროში. ფიქრობენ, რომ თანამედროვე ატმოსფეროს ჟანგბადი მთლიანად ფოტოსინთეზისეული წარმოშობისაა. ფოტოსინთეზი ერთადერთი ბიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ხდება ცოცხალი სისტემის თავისუფალი ენერგიის ზრდა. ყველა დანარჩენი (ქემოისინთეზის გამოკლებით) ხორციელდება ფოტოსინთეზის დროს დაგროვილი პოტენციური ენერგიის ხარჯზე. ამ ენერგიის ჯამური წლიური სიდიდე დაახლოებით 3X1021 ჯ არის და ჯერჯერობით ბევრად აღემატება ადამიანის მიერ წლიურად მოხმარებულ ენერგიას (3X1020 ჯ).