![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f3/Sirius_A_and_B_Hubble_photo.jpg/640px-Sirius_A_and_B_Hubble_photo.jpg&w=640&q=50)
სირიუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
სირიუსი — ვარსკვლავთა სისტემა და ცის ყველაზე კაშკაშა, -1.46 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდის და კანოპზე ორჯერ მეტი სიკაშკაშის მქონე ვარსკვლავი. სახელწოდება „სირიუსი“ ძველი ბერძნული სიტყვიდან, Σείριος-დან მომდინარეობს და „კაშკაშას“ ან „მცხუნვარეს“ ნიშნავს. ბაიერის აღნიშვნების მიხედვით, იგი აღინიშნება, როგორც ალფა დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედისა (α CMa). შეუიარაღებელი თვალი, მას ერთეულ ვარსკვლავად აღიქვამს, თუმცა, სინამდვილეში სირიუსი ორმაგ ვარსკვლავთა სისტემაა, რომელიც მოიცავს სპექტრული A1V ტიპის მთავარი მიმდევრობის თეთრ ვარსკვლავს — სირიუს A-ს და სპექტრული DA2 ტიპის თანამგზავრ მკრთალ თეთრ ჯუჯას — სირიუს B-ს. მათ შორის არსებული მანძილი, 8.2-31.5 ასტრონომიულ ერთეულს შორის მერყეობს.[10]
![]() სირიუს A და სირიუს B, გადაღებულია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით. ქვედა მარცხენა კუთხეში, შესაძლებელია თეთრი ჯუჯის დანახვა. დიფრაქციული სხივები და ერთად თავმოყრილი რგოლები, ინსტრუმენტულ ეფექტებს წარმოადგენენ. | |
დაკვირვების მონაცემები | |
---|---|
ეპოქა: | J2000.0 |
თანავარსკვლავედი: | დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი |
პირდაპირი ასვლა: | 06სთ 45წთ 08.91728წმ[1] |
დახრილობა: | -16გრად 42მინ 58.0171სეკ [1] |
მანძილი: | 8.60 ± 0.04 სინათლის წელი (2.64 ± 0.01 პარსეკი) |
ვარსკვლავიერი სიდიდე: | −1.46[2] |
სირიუს A | |
პირდაპირი ასვლა: | 06სთ 45წთ 08.917წმ[3] |
დახრილობა: | −16გრად 42მინ 58.02სეკ [3] |
მასა: | 2.02 მზის მასა[4] |
რადიუსი: | 1.711 მზის რადიუსი[4] |
სპექტრული ტიპი: | A1Vm[5] |
სიკაშკაშე: | 25.4 მზის სიკაშკაშე[4] |
ზედაპირის გრავიტაცია: | 4.33 სგწ[6] |
ტემპერატურა: | 9,940 კელვინი[6] |
ვარსკვლავიერი სიდიდე: | −1.47[7] |
აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე: | −1.47[7] |
სირიუს B | |
პირდაპირი ასვლა: | 06სთ 45წთ 09.0წმ[8] |
დახრილობა: | -16გრად 43მინ 06სეკ [8] |
მასა: | 0.978 მზის მასა[4] |
რადიუსი: | 0.0084 ± 3% მზის რადიუსი[9] |
სპექტრული ტიპი: | DA2[7] |
სიკაშკაშე: | 0.056 მზის სიკაშკაშე |
ზედაპირის გრავიტაცია: | 8.57 სგწ[9] |
ტემპერატურა: | 25,200 კელვინი[4] |
ვარსკვლავიერი სიდიდე: | 8.44[7] |
აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე: | 8.44[7] |
დამახასიათებელი სიკაშკაშის და დედამიწასთან სიახლოვის გამო, სირიუსი ნათლად ჩანს. 2.6 პარსეკი (8.6 სინათლის წელი) მანძილით (Hipparcos-ის ხელოვნური თანამგზავრის მიერ განსაზღვრული),[1][11][12] სირიუსი, დედამიწის ერთ-ერთი უახლოესი ვარსკვლავთა სისტემაა. იგი თანდათან უახლოვდება მზის სისტემას, რის გამოც, მომავალი 60 000 წლის განმავლობაში, მისი სიკაშკაშე უმნიშვნელოდ გაიზრდება. აღნიშნული დროის შემდეგ, მისი მანძილი ზრდას დაიწყებს და სირიუსი თანდათან გამკრთალდება, მაგრამ შემდეგი 210 000 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის სტატუსს.[13]
სირიუს A-ს მასა, დაახლოებით ორჯერ აღემატება მზის მასას. მას 1.42-ის ტოლი აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე გააჩნია და მზეზე 25-ჯერ კაშკაშაა,[4] მაგრამ გაცილებით ნაკლები სიკაშკაშის მქონეა ისეთ ვარსკვლავებთან შედარებით, როგორებიცაა, კანოპი და რიგელი. სირიუსის სისტემა, დაახლოებით 200-300 მილიონი წლისაა.[4] თავდაპირველად, იგი ორი კაშკაშა მოლურჯო ვარსკვლავისგან შედგებოდა. დაახლოებით 120 მილიონი წლის წინ, თეთრ ჯუჯად დაშლამდე და გარე შრეების ჩამოშლამდე, სირიუს B, წითელი გიგანტი გახდა.[4]
იმ თანავარსკვლავედის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელშიც სირიუსი მდებარეობს (დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი), სისტემა ასევე ცნობილია, როგორც „ქოფაკის ვარსკვლავი“[14]. ძველ ეგვიპტეში, სირიუსის მზესთან ერთად გამოჩენა, ნილოსის ადიდების ნიშანი იყო, ძველი ბერძნებისთვის კი — ზაფხულში „ძაღლის დღეების“ (ცხელი, დახშული ჰაერის მქონე დღეები) გახშირებას ნიშნავდა მაშინ, როდესაც სამხრეთ ნახევარსფეროში, პოლინეზიელებისთვის ზამთარს მოასწავებდა და მნიშვნელოვან მითითებას წარმოადგენდა წყნარი ოკეანის გარშემო ნავიგაციისთვის.