სოფელი გორის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
სვერი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში, ქემერტის თემში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირზე, ზეგანზე. ზღვის დონიდან 1080 მეტრი, ცხინვალიდან 15 კილომეტრი.[2] ჩამოუდის მდინარე სვერისხევი. დიდი ლიახვის ხეობის უკანასკნელი ქართული სოფელია. სვერის ჩრდილო-დასავლეთით ოსების სოფელი ქირწინა მდებარეობს. სახნავ-სათეს ზეგანს გვერდისთავს უწოდებენ.[3]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
გადმოცემით, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სველი მიწების გამო ეწოდა სოფელს „სვერი“. ქეთევან გოდერძიშვილს სოფლის მეორე სახელად მოყვანილი ჰყავს ქართლისთავი.[4] ოსურად ეწოდება Сер (სერ).[5]
1910 წლის „კავკასიის კალენდრის“ მიხედვით, შედიოდა რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის გორის მაზრის ცხინვალის მონაკვეთში.[6] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის ქემერტის სოფსაბჭოში.[2] 1991 წელს ცხინვალის რაიონი გაუქმდა და შეუერთდა გორის რაიონს. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სოფელს აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[7] 2006 წლიდან ქურთის მუნიციპალიტეტშია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქართული მოსახლეობა დევნილად იქცა. ამ დროიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[8] და დე ფაქტოდ შედის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.
სვერის მკვიდრთა გვარებია: ხეთერელი, პაპელიშვილი, ხეთაგაშვილი და სხვა.[3]
წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ეთნოსი |
---|---|---|---|---|
1907[6] | 150 | ქართველები | ||
1939[9] | 114 | 52 | 62 | |
1970[9] | 116 | 60 | 56 | ქართველები |
1979[9] | 102 | 47 | 55 | ქართველები |
1989[9] | 101 | 49 | 52 | ქართველები |
2002[10] | 116 | 59 | 57 | ქართველები (84%) |
2015[11][georgian 1] | 33 | 18 | 15 |
სოფლის დასაწყისში დგას კოშკის (XVII–XVIII სს.) ნანგრევი. მის წინ გაქვავებული დუღაბი ძევს, გადმოცემით იგი კოშკის დროინდელია. სვერის კოშკი ლეკიანობის დროს მთელი სოფლის თავშესაფარს წარმოადგენდა. შიგნით მიხეილას წყაროდან წყალიც შედიოდა. სოფელში არის საცხოვრებელი სახლის მაგვარი პატარა წმინდა გიორგის ეკლესია. გადმოცემის თანახმად, აქ მუხა მოჭრეს და მისი ფიცრებით, კავებითა და ყავრით ააგეს და გადახურეს ეს საყდარი. ქვის ძველი საყდარი წმინდა ზაქარიას სახელობისა ყოფილა.[3] სოფლის სიახლოვეს მთაზე აგებულია სვერის ციხე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.