სერბეთი და ჩერნოგორია — ყოფილი კონფედერაციული რესპუბლიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ჩამოყალიბდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, ორი ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკის სერბეთის და ჩერნოგორიის გაერთიანების შემდეგ. ახალ შექმნილ სახელმწიფოს იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა დაერქვა, 2003 წლიდან კი სახელი შეეცვალა და სერბეთის და ჩერნოგორიის სახელმწიფოთა კავშირი ეწოდა. 2006 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით ჩერნოგორიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 3 ივნისს. დღეს სერბეთის და ჩერნოგორიის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სერბეთის და ჩერნოგორიის რესპუბლიკებია.
ოფიციალური: სერბეთის და ჩერნოგორიის სახელმწიფო კავშირი.
ეროვნული: Србија и Црна Гора; Drzavna zajednica Srbija i Crna Gora.
ეტიმოლოგია:
სახელწოდება „სერბიის“ წარმოშობა უცნობია, შესაძლოა იგი სარმატული ენიდან მომდინარეობდეს. არსებობს სხვა ვერსიებიც, კერძოდ: გერმანიაში მცხოვრები სორბები (ლუჟიცელი სორბები) იგივე წარმოშობის არიან და როგორც ვარაუდობენ მათი ნაწილი, ლუზაციიც რეგიონიდან ბალკანეთში გადასახლდა. საყურადღებოა, რომ იმავე გერმანიაში არსებობდა დამოუკიდებელი სამთავრო Anhalt-Zerbst (ქალაქ Zerbst-იდან მომდინარე), რომელშიც ასევე ჩანს ეთნონიმი „სერბი“.
ჩერნოგორიას ვენეციელმა დამპყრობლებმა მონტენეგრო (სლავურად ცრნა გორა, ჩერნა გორა) უწოდეს, რაც „შავ მთას“ ნიშნავს. ეს სახელი, სავარაუდოდ, შეერქვა ლოვჩენის მთიანეთის მუქი ფერის წიწვოვანი ტყეების გამო.
1991-92 წლებში ერთაშორისი ურთიერთობების გამწვავების შედეგად დაიშალა იუგოსლავიის ს.ფ.რ., რომელიც 1945 წლიდან არსებობდა. მისი შემადგენლობიდან გავიდნენ სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჩრდილოეთი მაკედონია. 1992 წელს სერბეთმა და ჩერნოგორიამ შექმნეს საკავშირო სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სლობოდან მილოშევიჩი, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ იგი არ ცნო ყოფილი ფედერაციის სამართალმემკვიდრედ. მილოშევიჩის ნაციონალისტური პოლიტიკის საპასუხოდ 1998 წელს გართულდა ვითარება ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ კოსოვოს ავტონომიაში, რომელიც საომარ მდგომარეობაში გადაიზარდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად აქ გრძელდებოდა ეთნიკური წმენდა. ამიტომ 1999 წელს ამ პროცესში ჩაერთო ნატოს შეიარაღებული ძალები, რომლებმაც განახორციელეს სერბეთის ქალაქების საავიაციო დაბომბვები. ამჟამად კოსოვოს ტერიტორიაზე შეყვანილია ნატოს სამშვიდობო ძალები, თუმცა მდგომარეობა კვლავ ფეთქებადსაშიშია. კოსოვო ფორმალურად სერბეთის ნაწილია, თუმცა ფაქტობრივად გაეროს მმართველობის ქვეშ მყოფ საერთაშორისო პროტექტორატს წარმოადგენს. 2000 წლის სექტემბერში გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და მასობრივი სახალხო გამოსვლების შემდეგ სერბეთის ხელისუფლებაში ოპოზიციონერი ვოისლავ კოშტუნიცა მოვიდა. 2003 წლის თებერვალში იუგოსლავიის სკუპშინამ გამოაცხადა ახალი სახელმწიფოს - სერბეთის და ჩერნოგორიის კავშირის დაფუძნება. მანამდე ორივე რესპულიკის პარლამენტებმა დაამტკიცეს ახალი კავშირის კონსტიტუცია.
ღირსშესანიშნაობები - დურმიტორის ეროვნული პარკი, კოტორი და მისი ყურე, სტარი რასი და სოპოჩანი, სტუდენიცას მონასტერი.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.