From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო — საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საქართველოს სსრ-ის არსებობის ბოლოს და მეორე რესპუბლიკის საწყის პერიოდში, 1990-1992 წლებში.
1989 წელს შეტქნილ იქნა ცვლილება საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში და საქართველოს სსრ-ის უმაღლეს საბჭოს ეწოდა უზენაესი საბჭო.[1] მისი არჩევნები დაგეგმილი იყო 1990 წლის მარტში, თუმცა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის გამო გადადებულ იქნა შემოდგომაზე. ამის შემდეგ მოხდა განხეთქილება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელიც დაიყო ზვიად გამსახურდიასა და გიორგი ჭანტურიას მომხრეებად. ჭანტურიას ირგვლივ გაერთიანებულმა არ მიიღეს მონაწილეობა ოფიციალურ არჩევნებში, ხოლო გამსახურდიას ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ 1990 წლს 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში დაამარცხა მმართველი კომუნისტური პარტია და მოიპოვა უმრავლესობა უზენაეს საბჭოში. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა თითქმს 70%-მა, თუმცა ძალიან დაბალი მონაწლეობა დაფიქსირდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიებში.
უზენაესი საბჭო, მიუხედავად კაპიტალიზმზე ეტაპობრივი გადასვლის მხარდაჭერისა, იქცა ქართული ნაციონალიზმის ორგანოდ. საბჭოში ხდებოდა უმცირესობის, ზომიერი ოპოზიციის და საბჭოში წარმომადგენლობის არმქონე ეთნიკური უმცირესობების შეხედულებათა მარგინალიზაცია. უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერში გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1991 წლის 14 აპრილს უზენაესმა საბჭომ შემოიღო საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა და ამ თანამდებობაზე აირჩია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. ამის შემდეგ საბჭოს თავმჯდომარე გახდა აკაკი ასათიანი. 1991 წლის აგვისტოში უზენაესმა საბჭომ აკრძალა საქართველოს კომუნისტური პარტია და გაუუქმა მანდატი ამ პარტიიდან არჩეულ საბჭოს 64 დეპუტატს.[2]
იმოქმედა უზენაესი საბჭოს მხოლოდ პირველმა მოწვევამ 1990 წლის 14 ნოემბრიდან 1992 წლამდე.[3] 1992 წლის იანვარში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უზენაესი საბჭო დათხოვნილ იქნა სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით 1992 წლის 2 იანვარს. სამხედრო საბჭომ 1992 წლის 21 თებერვალს აღდგენილად გამოაცხადა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და 1992 წლის 4 ნოემბერს დანიშნა საპარლამენტო არჩევნები. ახალი წარმომადგენლობითი ორგანო — საქართველოს პარლამენტი — არჩეულ იქნა 1992 წლის ნოემბერში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.