სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
From Wikipedia, the free encyclopedia
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები — უფლებების ისეთი კლასი, რომელიც იცავს ადამიანების თავისუფლებას მთავრობების, სოციალური ორგანიზაციებისა და კერძო პირების მხრიდან დარღვევებისგან. ისინი უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებას, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებისა და სახელმწიფოს სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში დისკრიმინაციისა და რეპრესიების გარეშე.
სამოქალაქო უფლებები მოიცავს ხალხის ფიზიკური და გონებრივი ერთიანობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას; დაცვას ისეთი ნიშნით დისკრიმინაციისგან, როგორიცაა რასა, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, ეროვნული წარმომავლობა, კანის ფერი, ასაკი, პოლიტიკური მიკუთვნებულობა, ეთნოსი, რელიგია და შეზღუდული შესაძლებლობები;[1][2][3] და ინდივიდუალურ უფლებებს, როგორიცაა პირადი ცხოვრებისა და აზრის, სიტყვის, რელიგიის, პრესის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება.
პოლიტიკურ უფლებებში შედის კანონით განსაზღვრული ბუნებრივი სამართლიანობა (პროცედურული სამართლიანობა), როგორიცაა ბრალდებულის უფლებები (მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება, სათანადო პროცესი, გამოსწორების ან იურიდიული დახმარების მოთხოვნის უფლება) და სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკაში მონაწილეობის უფლებები, როგორიცაა გაერთიანების თავისუფლება, შეკრების უფლება, შუამდგომლობის უფლებამოსილება, თავდაცვისა და ხმის მიცემის უფლება.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები აყალიბებენ ადამიანის საერთაშორისო უფლებების საწყის და უმთავრეს ნაწილს.[4] ისინი მოიცავენ 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ ნაწილს (მეორე ნაწილი შედგება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებისგან). ადამიანის უფლებებათა სამი თაობის თეორია უფლებების ამ ჯგუფს „პირველი თაობის უფლებებად“ მიიჩნევს, ხოლო ნეგატიური და პოზიტიური უფლებების თეორია მათ ზოგადად ნეგატიურ უფლებებად აღიქვამს.