ადამიანის უფლებები
From Wikipedia, the free encyclopedia
ადამიანის უფლებები — გაეროს განმარტებით, არის თანდაყოლილი უფლებები ყველა ადამიანური არსებისთვის, განურჩევლად რასისა, სქესისა, ეროვნებისა, ეთნიკურობისა, ენისა, რელიგიისა ან სხვა ნებისმიერი სტატუსისა. ადამიანის უფლებები მოიცავს უფლებებს სიცოცხლესა და თავისუფლებაზე, მონობისა და წამებისგან თავისუფლებას, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას, მუშაობისა და განათლების უფლებას, და მრავალ სხვას.
ამ სტატიას სჭირდება სქოლიოები (წყაროები). |
ადამიანის უფლებების ზოგადი სფერო რეგულირდება საერთაშორისო სამართლით, ისევე როგორც ეროვნული და მუნიციპალური კანონმდებლობებით, რამდენადაც საერთაშორისო სამართალი განხორციელდება იმ შემთხვევაში, რამდენადაც ის გამოიხატება ადგილობრივ კანონმდებლობებში, თუმცა ფუნდამენტური ლეგალური ქოლგა საერთაშორისო სამართლის ქვეშაა დაცული, იმდენად, რამდენადაც ადამიანის უფლებები გამოხატავს იმ ძირითად მორალურ პრინციპებსა და ნორმებს, ადამიანის ცხოვრებისა და ქცევის გარკვეული სტანდარტების შესახებ, რომელზეც შეთანხმებულია საერთაშორისო ცივილიზაცია. ადამიანის უფლებების დოქტრინა, საერთაშორისო სამართლისა და გლობალური თუ რეგიონალური ორგანიზაციების საქმიანობის გარდა, მოქმედებს და რეგულირდება ასევე სახელმწიფოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ღონისძიებებისა და პოლიტიკების შედეგად.
ადამიანის უფლებები საყოველთაოდ გაგებულია, როგორც განუყრელი, ფუნდამენტური უფლებები, რაც გამომდინარეობს მხოლოდ ადამიანურ არსებად ყოფნიდან, შესაბამისად ისინი უნივერსალურია და ეგალიტარიანული იმ გაგებით, რომ ყველასთვის ერთია. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების გაგება ავალდებულებს სახელმწიფოებს და პიროვნებას, პატივი სცეს სხვა ადამიანების უფლებებს, რაც მათ შორის იმაშიც გამოიხატება, რომ ამ უფლებების წართმევა დაუშვებელია სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემთხვევაშიც კი, ისევე, როგორც ისეთი გარემოებების შემთხვევაში, მაგალითად, როგორიცა არასამართლებრივი დაპატიმრება, წამება ან ჩამოხრჩობა.
ადამიანის უფლებების ფილოსოფია მიემართება ეგზისტენციალურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებს, როგორიცაა არსებობა, არსი, ბუნება, უნივერსალობა, სამართლიანობა, და ადამიანის უფლებების ლეგალური სტატუსი. მტკიცებები ადამიანის უფლებების განუყრელობისა და უნივერსალურობის შესახებ, ისევე როგორც თავად ცნება „უფლების“ განსაზღვრება ხშირად იწვევდა კრიტიკულ, სკეპტიკურ და წინააღმდეგობრივ ფილოსოფიურ დაშვებებს. ამ დაეჭვებებმა, რეფლექსიამ და კრიტიკულმა პასუხებმა დროთა განმავლობაში შექმნა ადამიანის უფლებების პოლიტიკური და სამართლის ფილოსოფიის ახალი განზომილებები. კონსენსუსი არსებობს იმაზე, რომ ადამიანის უფლებები მოიცავს უფლებების ფართო ვარიაციებს, თუმცა დებატების საგანია, თუ მათგან რომელი კონკრეტული უფლებები უნდა ჩაითვალოს ადამიანის უფლებების ძირითად ჩარჩოში. ნაწილი ამტკიცებს, რომ განუყრელი უფლებების ზოგად ჩარჩოში მოიაზრება ისეთი უფლებებიც, როგორიცაა, მაგალითად, უფლება სამართლიან სასამართლოზე, მონობისგან დაცვა, გენოციდის აკრძალვა ან განათლების უფლება, ნაწილი კი გვთავაზობს, რომ ადამიანის უფლებების ჩარჩო იყოს მინიმალური, რათა თავიდან აცილებულ იქნას ჩაგვრის უკიდურესი გამოვლინებები.
ძირითადი იდეები, რომლებმაც შექმნა ადამიანის უფლებათა მოძრაობა, განვითარდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მათ შორის, ისეთ მოვლენებზე რეაქციით, როგორიც იყო ჰოლოკოსტი. ამ მოვლენების კულმინაცია იყო ადამიანის უფლებთა საყოველთაო დეკლარაციის მიღება პარიზში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 1948 წელს. იქამდე, ამგვარი უნივერსალური კონცეფცია არ არსებობდა - თუმცა წინამორბედი ადამიანის უფლებათა დისკურსისა იყო „ბუნებრივი უფლებები“, რომელიც შუა საუკუნეების ბუნებრივი სამართლის ტრადიციის ნაწილი იყო - ეს გაგებები პოპულარული გახდა ევროპული განმანათლებლობის დროს, ჯონ ლოკის, ფრენსის ჰიუჩსონის, ჟან-ჟაკ ბურლამაკის და სხვა ფილოსოფოსების მოღვაწეობისას, რაც მოგვიანებით ფრანგული რევოლუციისა და ამერიკული რევოლუციის პოლიტიკურ დისკურსადაც იქცა. თანამედროვე არგუმენტები ადამიანის უფლებათა დისკურსში შემუშავდა XX საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც რეაქცია მონობაზე, წამებაზე, გენოციდზე, სამხედრო დანაშაულებზე და სხვა, როგორც ადამიანის მოწყვლადობის აღიარება ასეთი მოქმედებებისადმი და შემაჩერებელი ზომების მიღება უფრო სამართლიანი საზოგადოებების არსებობის შესაძლებლობისათვის.