From Wikipedia, the free encyclopedia
პოგრომი არის ძალადობრივი აჯანყება, რომელიც გამოწვეულია ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის, განსაკუთრებით ებრაელების, ხოცვა-ჟლეტის ან განდევნის მიზნით.[1] ტერმინი რუსულიდან, რუსეთის იმპერიაში მე-19 და მე-20 საუკუნეების მოვლინების აღსაწერად წარმოიქმნა (იხ. კიევის პოგრომი 1881 წელს).[2][3][4][5] წარსულ მოვლენებსაც, რომლებიც განხორციელდა ებრაელთა წინააღმდეგ, იგივე სახელით გახდა ცნობილი. ამ სიტყვას არაებრაული ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური დევნის აღსაწერადაც იყენებენ. პოგრომის მახასიათებლები განსხვავდება ინციდენტების მიხედვით, დროითი კუთხით, მათი ნაწილი მიმართულია და ხანდახან კულმინირებული ხოცვა-ჟლეტით.
იუდენგასეს, ფრანკფურტში მდებარე ებრაული გეტოს ძარცვა. 1614 წლის 22 აგვისტო. | |
სამიზნე | ძირითადად ებრაელი სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ერთად |
---|
რუსეთის იმპერიაში მომხდარი პოგრომების სიას მიეკუთვნება: ოდესის პოგრომები, ვარშავის პოგრომი (1881), კიშინიოვის პოგრომი (1903), კიევის პოგრომი (1905) და ბიალისტოკის პოგრომი (1906). 1917 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ფონზე რამდენიმე პოგრომი მოხდა, მათ შორის ლვოვის პოგრომი (1918) და კიევის პოგრომები (1919). ნაცისტურ გერმანიაში ყველაზე მაშტაბური პოგრომი იყო 1938 წლის კრისტალნახტი, რომლის დროსაც მინიმუმ 91 ებრაელი დაიღუპა, 30,000-მდე ებრაელი დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიყვანეს, 1,000 სინაგოგა დაწვეს და 7,000-ზე მეტი ებრაული ბიზნესი გაანადგურეს ან დააზიანეს.[6]
მეორე მსოფლიო ომის ცნობილი პოგრომები მოიცავს: 1941 წლის ფარჰუდს ერაყში, 1941 წლის იაშის პოგრომს რუმინეთში, სადაც 13,200-ზე მეტი ებრაელი დაიღუპა, და ჟედვაბნის პოგრომს გერმანიის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგი პოგრომები მოიცავს 1945 წლის ტრიპოლის, 1946 წლის კიელცეს, 1947 წლის ალეპოსა და 1955 წლის სტამბოლის პოგრომებს.
ამ ტიპის ძალადობა მოხდა სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართაც. მაგალითებია 1984 წლის სიქების ხოცვა-ჟლეტა, რომლის დროსაც დაიღუპა 3000 სიქი[7][8] და 2002 წლის გუჯურატის პოგრომი ინდოელი მუსლიმების წინააღმდეგ.
2008 წელს, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებულების მიერ პალესტინელ არაბებზე განხორციელებულ ორ თავდასხმას ისრაელის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ეჰუდ ოლმერტმა, "პოგრომი" უწოდა. ეს თავდასხმები მოხდა პალესტინის მიწებზე, რომლებიც ისრაელმა 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ დაიკავა და რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ოკუპირებულად ითვლება.
2023 წლის თებერვალში, პალესტინის ქალაქ ჰუვარაზე ისრაელის დასახლებულების მიერ განხორციელებული თავდასხმა ცნობილი გახდა "ჰუვარას პოგრომის" სახელით. ამ თავდასხმამ მწვავე რეაქციები გამოიწვია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.[9][10][11][12][13] 2023 წელს Wall Street Journal-ის რედაქციაში 2023 წელს ჰამასის თავდასხმა ისრაელზე პოგრომად მოიხსენია.
1882 წელს პირველად ინგლისურ ენაში გამოყენებული რუსული სიტყვა "პოგრომი" ( погро́м , /pɐˈɡrom/ ( მოსმენა)) წარმოშობილია საერთო წინსართიდან "по-" და ზმნიდან ( громи́ть, /ɡrɐˈmʲitʲ/ ) რაც ნიშნავს "დამსხვრევას, განადგურებას, ძალადობრივ დაშლას". არსებითი სახელი "პოგრომი," რომელიც შედარებით მოკლე ისტორიის მქონეა, გამოიყენება ინგლისურ და მრავალ სხვა ენაში როგორც ნათხოვარი სიტყვა, შესაძლოა იდიშიდან (სადაც სიტყვა იღებს ფორმას "ფოგრომი"). მისი თანამედროვე ფართო გავრცელება დაიწყო 1881-1883 წლებში, რუსულ იმპერიაში ანტისემიტური ძალადობის შედეგად.
Encyclopædia Britannica- ს თანახმად, „ტერმინი მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიაში ებრაელებზე თავდასხმების ასაღწერად გამოიყენება, [და] პირველი ვრცელი პოგრომები მოჰყვა 1881 წელს ცარ ალექსანდრე II-ის მკვლელობას“. Wiley-Blackwell Dictionary of Modern European History 1789 წლიდან ნათქვამია, რომ პოგრომები „ეს იყო ანტისემიტური არეულობები, რომლებიც ცარისტული იმპერიის შიგნით პერიოდულად ხდებოდა“. თუმცა, ტერმინი ფართოდ გამოიყენება მრავალი მოვლენის აღსანიშნავად, მათ შორის ისეთ ინციდენტებზე, რომლებიც რუსეთის იმპერიაში ანტიებრაულ პოგრომებამდე განხორციელდა. რუსი ებრაელების ისტორიკოსი ჯონ კლიერი "რუსები, ებრაელები და 1881-1882 წლების პოგრომები"-ში წერს: „მეოცე საუკუნისთვის სიტყვა „პოგრომი“ ინგლისურ ენაზე გამოიყენებოდა ზოგად ტერმინად ებრაელების წინააღმდეგ მიმართული კოლექტიური ძალადობის ყველა ფორმის აღსაწერად“.[14]
ტერმინი "პოგრომი" ხშირად გამოიყენება არაებრაული ეთნიკური ჯგუფების მიმართ განხორციელებული ძალადობის თუ დევნის აღსაწერად, რაც ბუნებრივი დასტურია, რომ ანტისემიტიზმი არ არის მისი ერთადერთი განმსაზღვრელი მახასიათებელი. ისტორიკოსი ვერნერ ბერგმანი ფიქრობს, რომ პოგრომი უნდა განისაზღვროს როგორც კოლექტიური ძალადობის ცალმხრივი აქტი, რომელიც უმრავლესობის მიერ უმცირესობის წინააღმდეგ არის მიმართული და როდესაც სახელმწიფოსგან დაცვა მოსალოდნელი არ არის.[4] ბერგმანი დასძენს, რომ ტერმინს დასავლურ გამოყენებაში "ანტისემიტური ელფერები" მაინც თან ახლავს.[15] ისტორიკოსი დევიდ ენგელი აღნიშნავს, რომ ტერმინი ძირითადად გამოიყენება იმ ინციდენტების აღსაწერად, რომელშიც უმრავლესობის ჯგუფები ძალადობენ ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ და ამ ქმედებებს ამართლებენ იმით, რომ კანონით მათი (უმცირესობების) დაცვა ნაკლებად სავარაუდოა.[5]
"პოგრომ"-ის უნივერსალურად შეჯერებული განმარტება არ არსებობს.[5][16] კლიერი წერს, რომ ტერმინის განურჩევლად გამოყენებას, განსაკუთრებით სამხრეთ ევროპის მოვლენებთან მიმართებით, შესაძლოა შეცდომაშიც შევყავდეთ, რადგან ჩნდება განცდა, თითქოს მსგავსი მოვლენები ხშირი იყო და ყველას საერთო მახასიათებლები გააჩნდა."[3] სწორედ ამიტომ, მორგენტაუს მოხსენებაში, 1918-1919 წლის მოვლენები (კერძოდ კიელცის პოგრომი, პინსკის ხოცვა-ჟლეტა და ლვოვის პოგრომი) შეფასებულია, როგორც "ექსცესები", რადგან ავტორების მტკიცებით, ტერმინი "პოგრომი" საჭიროებდა ანტისემიტურ და არა პოლიტიკურ ხასიათს, რაც ომიანობის მდგომარეობას ვერ შეესადაგებოდა.[5][17][18] მედიის მხრიდან 1991 წლის crown Heights-ის ბუნტის "პოგრომ"-ად მოხსენებამ, საზოგადოებაში კამათი გამოიწვია.[19][20][21]
ვერნერ ბერგმანი ვარაუდობს, რომ ყველა ასეთ ინციდენტს აქვს განსაკუთრებული გამაერთიანებელი მახასიათებელი: „საფრთხის კოლექტიური ატრიბუტით, პოგრომი განსხვავდება ძალადობის სხვა ფორმებისგან, როგორიცაა ლინჩი, რომელიც მიმართულია უმცირესობის ჯგუფის ცალკეულ წევრებზე, ხოლო ძალაუფლების დისბალანსი ამბოხებულთა სასარგებლოდ განასხვავებს პოგრომებს ბუნტის სხვა ფორმებისგან (როგორიცაა საკვები ბუნტი, რასობრივი ბუნტი ან „საზოგადოებრივი ბუნტი“) თანაბრად შეიარაღებულ ჯგუფებს შორის. ამასთან, ორგანიზებულობის დაბალი დონე განასხვავებს მათ ვიგილანტიზმისგან, ტერორიზმისგან, ხოცვა-ჟლეტისგან და გენოციდისგან“.[4]
პირველი ცნობილი ანტიებრაული არეულობა ჩვენი წელთაღრიცხვით 38 წელს, ალექსანდრიაში მოხდა, უფრო ცნობილი არეულობა კი მალევე 66 წელს. სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს ადგილი ჰქონდა შუა საუკუნეების ევროპაში. ებრაული საზოგადოებები სამიზნედ იქცნენ 1189 და 1990 წლების ინგლისში, ევროპის ირგვლივ ჯვაროსნური ომების და 1348-1350 წლებში შავი ჭირის დროს, ასევე ტულონში, ერფურტში, ბაზელში, არაგონში, ფლანდრიაში[22][23] და სტრასბურგში.[24] ამ პერიოდში 510-მდე ებრაული საზოგადოება განადგურდა.[25] მოვლენები 1370 წლის ბრიუსელის ხოცვა-ჟლეტამდე გაგრძელდა. დამატებით 1389 წლის დიდ შაბათს, პრაღის პოგრომის დროს, ქრისტიანულმა ბრბომ ებრაულ კვარტალს ცეცხლი წაუკიდა, დახოცეს მრავალი ებრაელი, ხოლო ვინც ქალაქის მთავარ სინაგოგში გამოიკეტა, წამებით და ბრბოს ხელით სიკვდის თვითმკვლელობა ამჯობინეს. დაღუპულთა რიცხვი 400-500 მამაკაცს, ქალს და ბავშვს შეადგენდა.[26] ებრაელებზე თავდასხმები გაგრძელდა ბარსელონასა და სხვა ესპანურ ქალაქებში 1391 წლის ხოცვა-ჟლეტის დროს.
1648-1657 წლებში, დღევანდელ უკრაინაში, ხმელნიცკის აჯანყების დროს, ებრაელებისა და პოლონელების მასობრივი მკვლელობა განხორციელდა.[27] თანამედროვე ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ხმელნიცკის კაზაკებმა 40,000-დან 100,000-მდე ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები მოკლეს, თუმცა შესაძლებელია, ეს რიცხვი მეტიც ყოფილიყო.
მე-19 საუკუნის დასაწყისში, გერმანიის კონფედერაციაში ებრაელთა ემანსიპაციის მცდელობამ, რომელიც მიზნად ისახავდა მათი უფლებების გაფართოებასა და მოქალაქეობრივ თანასწორობას, საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ამას მოჰყვა ებრაელების წინააღმდეგ ძალადობის ტალღა, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ჰეპ-ჰეპის აჯანყება.[28]
რუსეთის იმპერიაში ებრაული მოსახლეობის რაოდენობა 1772, 1793 და 1795 წლებში პოლონეთის ანექსიის და მისი ტერიტორიების დანაწილების შედეგად გაიზარდა. მანამდე რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ძალიან ცოტა ებრაელი ცხოვრობდა.[29] პოლონეთისგან მიტაცებული ტერიტორიების ნაწილზე, ეკატერინე დიდმა დასახლების ზონა (Pale of Settlement) დააარსა. ებრაელების უმეტესობას ამ ტერიტორიებზე დასახლების მუდმივი ნებართვა მიეცათ, მათ შორის მათ, ვინც სამეფო ბრძანებულებით იქნა გაძევებული სანქტ-პეტერბურგიდან, მოსკოვიდან და სხვა დიდი ქალაქებიდან.[30] 1821 წლის ოდესის ინციდენტმა მე-19 საუკუნის პოგრომების სერიას მისცა დასაბამი; საუკუნის ბოლომდე ოდესაში კიდე ოთხი მსგავსი პოგრომი მოხდა. 1881 წელს ნაროდნაია ვოლიას მიერ ალექსანდრე II-ის მკვლელობას ჯერ კიევის პოგრომი, შემდეგ კი 200 მსგავსი მოვლენა მიყვა თან, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა.[31]
რუსეთის იმპერიაში მე-20 საუკუნის პირველი პოგრორი 1903 წელს, კიშინიეევში მოხდა. შედეგად დაიღუპა 49 ებრაელი, ასობით დაიჭრა, 700 სახლი განადგურდა და 600 ბიზნესი გაძარცვეს. იმავე წელს მსგავსი ტრაგედია განმეორდა გომელში (ბელორუსია), სმელაში, ფეოდოსიასა და მელიტოპოლში (უკრაინა). უკიდურესი ველურობის გამოვლენა იყო დაჭრილების დასახიჩრება.[32] შემდეგ იყო ჟიტომირის (29 მოკლულით)[33] და 1905 წლის ოქტომბრის კიევის პოგრომი, რამაც გამოიწვია დაახლოებით 100 ებრაელის ხოცვა-ჟლეტა.[34] სამი წლის მანძილზე, 1903-იდან 1906-ის ჩათვლით, 660-ამდე პოგრომი დაფიქსირდა უკრაინასა და ბესარაბიაში, ათეულამდე შემთხვევა ბელარუსიაში, სადაც თანამონაწილე რუსეთის მთავრობაც იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ანტიებრაული პოგრომები არ დაფიქსირებულა.[32] იმავე პერიოდში, ებრაულმა შრომით ბუნდმა დაიწყო შეიარაღებული თავდაცვითი ნაწილების ორგანიზება, რომელიც მზად იქნებოდა შეტევებზე და პოგრომებზე საპასუხო სროლისთვის. შედეგად ებრაულ თემზე თავდასხმებმაც მცირე ხნით იკლო.[34]
თუმცა, ფართო კონტექსტში ებრაელებზე ძალადობა კვლავ გრძელდებოდა. ისტორიკოსი კოლინ ტაცის თქმით, 1881-დან 1920 წლამდე, უკრაინაში დაფიქსირებული იყო 1,326 დოკუმენტირებული პოგრომი, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 70,000-დან 250,000-მდე ებრაელი მოქალაქე და ნახევარ მილიონმა ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი.[35][36] აღმოსავლეთ ევროპაში ებრაელების მიმართ ძალადობის მაშტაბმა აიძულა მათ თავშესაფარი დასავლეთ ევროპაში და შეერთებულ შტატებში ეძიათ, შედეგად მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის დასაწყისში, დაახლოებით 2.5-მა მილიონმა ებრაელმა დატოვა აღნიშნული ტერიტორია.[37]
ფართომასშტაბიანი პოგრომების რაოდენობამ, რომლებიც რამდენიმე ათწლეულით ადრე რუსეთის იმპერიაში დაიწყო, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთის სამოქალაქო ომის ქაოტურ პერიოდში, მკვეთრად იმატა. რუსეთის იმპერიის დაშლამ და შემდგომმა ფრაქციებს შორის ძალაუფლებისთვის ჭიდილმა, არასტაბილური გარემო შექმნა, სადაც ეთნიკური და რელიგიურ უმცირესობები, განსაკუთრებით ებრაელები, ხშირი სამიზნე ხდებოდნენ.
ამ პერიოდის განმავლობაში, უკრაინა იქცა კონკურენტი ფრაქციების პლაცდარმად, სადაც ბოლშევიკები, უკრაინელი ნაციონალისტები და სხვადასხვა ანტიბოლშევიკური თეთრი არმიები ერთმანეთს ებრძოდნენ. არეულობის ფონზე მაღალი იყო ანტისემიტური განწყობაც.
პრფორესორი ზვი გიტელმანი თავის ნაშრომში "ამბივალენტობის საუკუნე" (A Century of Ambivalence) წერს, რომ 1912 და 1919 წლებში, უკრაინაში 1,200-ზე მეტი პოგრომი განხორციელდა, რაც მისივე თქმით 1648 წლის ხმელნიცკის აჯანყების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში ებრაელთა უდიდეს ხოცვა-ჟლეტას წარმოადგენდა. ძალადობის მასშტაბმა გამოიწვია ებრაული იმიგრაციის მკვეთრი ზრდა.[38]
ალექსანდრე სოლჟენიცნმა თავის წიგნში "ორასი წელი ერთად" (ინგ. Two Hundred Years Together, რუს. Двести лет вместе), გამოჩენილი ებრაელი სოციოლოგის ნაუმ გერგელის (1887-1931) მიერ ჩატარებული კვლევებიდან, დამატებითი სტატისტიკა მოჰყავს. გერგელის კვლევამ ანტიებრაული ძალადობის 1,236 ინციდენტი დააფიქსირა, მათგან 887 მასობრივ პოგრომად დაასახელა, დანარჩენი შემთხვევები კლასიფიცირებულია, როგორც "ექსცესი" - ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც არ იღებენ მასობრივ მასშტაბებს.[36][39][40]
გერგელის კვლევებზე დაყრდნობით ებრაელების წინააღმდეგ პოგრომის:
ნაუმ გერგელის ფიგურები, რომელიც ისტორიკოსთა ნაწილის აზრით რეალურად ბევრად მაღალი მაშტაბის იყო, გულდასმით იყო შედგენილი მოწმეების ჩვენებებისა და იმდროინდელი გაზეთების შესწავლის საფუძველზე. ინფორმაცია შეაგროვა აღმოსავლეთ ებრაელთა ისტორიულმა არქივმა (Mizrakh-Yidish Historiche Arkhiv). ორგანიზაცია თავდაპირველად დაარსდა კიევში, შემდეგ გადავიდა ბერლინში, მოგვიანებით კი პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ნიუ-იორკში დამკვიდრდა. კვლევის ინგლისური ვერსია პირველად 1951 წელს YIVO annual of Jewish Social Science-ზე გამოიცა "The Pogroms in the Ukraine in 1918–1921" დასახელებით.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, დამოუკიდებლობისთვის ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტების დროს, 1918 წლის ლუოვის პოგრომის შედეგად 72 ებრაელი დაიღუპა და 443 დაშავდა.[43] [44] [45] [46] [47] მომდევნო წელს ნიუ-იორკ ტრიბუნის გამოცემის მიხედვით, პოგრომები დაფიქსირდა ახალდაარსებულ მეორე პოლონეთის რესპუბლიკის რამდენიმე ქალაქში.
1919 წლის 8 აგვისტოს, პოლონელმა ჯარისკაცებმა საბჭოთა რუსეთთან ომში, ოპერაცია მინსკის მეშვეობით ქალაქზე კონტროლი მოიპოვეს. ოკუპაციის დროს, ბოლშევიკური მოძრაობის მხარდაჭერაში ბრალდებული 31 ებრაელი მოკლეს, ბევრ დანარჩნეს თავს დაესხნენ და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ჯარისკაცებმა ადგილობრივ სამოქალაქო პირებთან ერთად ებრაელების საკუთრებაში მყოფი 377 მაღაზია და მრავალი კერძო სახლი გაძარცვეს.[48][49] 1919 წლის ოქტომბერში, ჰენრი მორგენთაუს მოხსენებაში, რომელიც მინსკში მომხდარ ძალადობას ეხება, ნათქვამია, რომ საერთაშორისო ყურადღების და მხარდაჭერის მოსაზიდად, ებრაელი ლიდერების მხრიდან მომვლენების სიმძიმე გაზვიადებული იყო. განცხადებას კამთი მოყვა, რადგან მიჩნეული იყო, რომ ებრაელების განცდილ ტანჯვას მსგავსი რიტორიკა აკნინებდა.[50][51] თუმცა, ისტორიკოსი ელისა ბემპორადის თანახმად, ძალადობამ რაც მინსკში მცხოვრებმა ებრაელებმა გამოცადეს, დიდი გავლენა იქონია მათ პოლიტიკურ პრეფერენციაზე. მათ სახლებზე და ბიზნესზე უწყვეტი თავდასხმის, ძარცვის და განადგურების ფონზე, ბევრმა ებრაელმა, მიუხედავად ბოლშევიკებთან მათი კომპლექსური ურთიერთობისა, წითელი არმიის შემოსვლას და ბელორუსის სსრ-ის დაარსებას მხარი დაუჭირეს.[52][53]
პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობამ და მისმა შედეგებმა, უშუალოდ ჩართული მხარეების გარდა, ნეგატიური გავნელა იქონია ნეიტრალურ ქვეყნებზეც. არგენტინის შემთხვევაში მთავარი დარტყმა მიადგა ვაჭრობას. გართულებული საზღვაო ტრანსპორტირების ფონზე, რაც სარისკოც გახდა და ძვირიც, საერთაშორისო ვაჭრობაზე მოთხოვნამაც მნიშვნელოვნად იკლო.[54] ამ ყველაფერს ჭარბი იმიგრაციაც დაემატა, მათი დიდი ნაწილი დედაქალაქში, ბუენოს-აირესში და სხვა ურბანულ ნაწილებში იყრიდა თავს.[55] რთულ პირობებს გამოქცეული ადამიანები, ოღონდ თავი ერჩინათ, მზად იყვნენ ადგილობრივ მუშახელზე იაფადაც ემუშავათ. შემცირებული ხელფასი ფასების ზრდის პარალელურად, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებდა.[56]
ომი 1918 წლის ბოლოს დასრულდა, მაგრამ ევროპა საერთაშორისო ვაჭრობის აღსადგენად მზად არ იყო, იმიგრანტებსაც დანგრეულ ქალაქებში დაბრუნება არ სურდათ.[57] ადგილზე პროტესტის მაშტაბი განაგრძობდა ზრდას. ადამიანები ხელფასების მატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მშრომელთა უფლებების აღიარებას ითხოვდნენ. მუშათა კლასის გაძლიერება, სოციალისტურ-ანარქისტული იდეოლოგიის გავრცელებასთან ერთად, სახელმწიფოს წარმომადგენლებში და ელიტარულ ჯგუფებში, შიშის საბაბს იძლეოდა.[58] ორიოდე წლის წინ 1917 წლის ოქტომბერს ბოლშევიკების მიერ განხორციელებული წარმატებული რევოლუცია, შიშის ზარს სცემდა მთელ დანარჩენ მსოფლიოს, კომუნისტური იდეები მალე ვრცელდებოდა და მუშათა კლასების, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის დროს, სახელმწიფოს წინააღმდეგ გაერთიანებას უწყობდა ხელს.[59] პირველი მასშტაბური წინააღმდეგობა 1919 წლის 7 იანვარს ბუენოს-აირესში, Talleres Vasena-ს მეტალურგიულ ქარხანაში მუშების გაფიცვამ გამოიწვია. ამ ყველაფერმა ფართო მაშტაბი მიიღო და ქუჩის პროტესტშიც გადაიზარდა. შედეგად ხელისუფლება, პრეზიდენტი იპოლიტო ირიგოიენის ხელმძღვანელობით, იძულებული გახდა პოლიცია და ჯარი გამოეყვანა.[60]
პროტესტის ჩახშობის მცდელობამ მალევე მიიღო ძალადობრივი ფორმა და რაც 7 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა. მოვლენა ისტორიაში ტრაგიკული კვირის სახელით შევიდა (Semana Trágica). დარბევის მთავარ სამიზნედ ებრაელები იქცნენ, რადგან სახელმწიფო და ელიტარულ წრეებში, სოციალისტურ-ანარქისტული იდეების გამვრცელებებლად სწორედ ისინი ითვლებოდნენ. სოციალური არეულობის და უკონტროლო ძალადობის კვალდაკვალ, ნაციონალისტური ჯგუფების სამიზნედ იქცნენ კატალონიელებიც. მიუხედავად მათი კოლონიის ფესვებისა, რომელიც ქალაქის დაარსებიდან მოდის, გარკვეულ ჯგუფებში ესპანური ნაციონალიზმის გავლენით, ისინი სემიტურ ეთნოსად მოიაზრებოდნენ, მათი მემარცხენე მიდრეკილება კი მტრულ დამოკიდებულებას მხოლოდ და მხოლოდ ზრდიდა.[61][62]
1904-1906 წლებში, ირლანდიის ქალაქ ლიმერიკში ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ცნობილი როგორც ლიმერიკის ბოიკოტი, მნიშვნელოვანი დაპირისპირების წყარო გახდა. კამპანია დაიწყო ჯონ კრეის, კათოლიკე მღვდლის, ანტისემიტური ქადაგებების შედეგად, რომლებშიც მან უსაფუძვლოდ დაადანაშაულა ებრაელები ეკონომიკურ ექსპლუატაციასა და რიტუალურ მკვლელობებში. ეს ქადაგებები მოსახლეობაში ანტისემიტური განწყობების გაღვივებას და ებრაული ბიზნესების ბოიკოტს, ასევე ფიზიკურ ძალადობას უწყობდა ხელს.[63]
ლიმერიკის ებრაული საზოგადოება, რომელიც ლიტვიდან ემიგრირებულმა ებრაელებმა 19-ე საუკუნის ბოლოს ჩამოაყალიბეს, ქალაქის ეკონომიკის ნაწილად იქცა. ისინი ძირითადად ვაჭრობითა და სასურსათო საქონლის გაყიდვით იყვნენ დაკავებულნი. თუმცა, ჯონ კრეის ქადაგებებმა, რომლებიც ებრაელების წინააღმდეგ იყო მიმართული, საბოლოოდ ებრაული ოჯახების მასობრივი გადასახლება გამოიწვია. ეს მოვლენები ქალაქის სოციალურ სტრუქტურაზე ხანგრძლივ და ღრმა გავლენას ახდენდა, რასაც ებრაული საზოგადოების მნიშვნელოვანი კლება მოყვა.[64]
1920-იან წლებში ჩრდილოეთ ირლანდიაში სექტარიანული არეულობები მძვინვარებდა, რომლებიც კათოლიკური მოსახლეობის განდევნას ისახავდა მიზნად. 1920 წლის 21 ივლისს ბელფასტში პროტესტანტი ლოიალისტები ჰარლანდისა და ვოლფის გემთსაშენებზე შეიჭრნენ და 11,000-ზე მეტი კათოლიკე და მემარცხენე პროტესტანტი მუშაკი გაათავისუფლეს.[65][66][67] მომდევნო სამდღიანმა არეულობებმა 20-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ეს მოვლენები „ბელფასტის პოგრომის“ სახელითაა ცნობილი.[68][67]
მსგავსი ძალადობა 23-25 აგვისტოს ლისბერნშიც მოხდა, სადაც პროტესტანტებმა კათოლიკური ბიზნესები და სახლები გაძარცვეს და დაწვეს, რის შედეგადაც 1,000-მა კათოლიკემ იძულებით დატოვა ქალაქი.[69] 1922 წლის პირველ ნახევარში ჩრდილოეთ ირლანდიაში სექტარიანულ შეტაკებებში ასობით ადამიანი დაიღუპა.[70][71][72]
1911 წელს უელსში, ტრედეგარის არეულობის დროს, ებრაელთა სახლები და ბიზნესები ერთი კვირის განმავლობაში იძარცვებოდა და იწვოდა. არეულობა ადგილობრივი სოციალური დაძაბულობისა და ანტისემიტური განწყობების ფონზე დაიწყო. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა ბრიტანეთის არმიის ჩარევა მოითხოვა. მან უელსში განვითარებულ მოვლენებს "პოგრომი" უწოდა.[73]
1936 წელს, ბრიტანეთში ანტისემიტური ძალადობა ისევ გამოვლინდა ომსშორისი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ინციდენტში, რომელიც ცნობილია როგორც „მაილ ენდის პოგრომი“. ამ მოვლენების დროს 200 შავპერანგიანმა ახალგაზრდამ იერიში მიიტანა ლონდონის ისტ ენდში, სტეპნიზე, სადაც ებრაელთა მაღაზიებისა და სახლების ფანჯრები დაამსხვრიეს და ფანჯრიდან გადააგდეს ხანდაზმული მამაკაცი და ახალგაზრდა გოგონა.[74][75][76]
ნაცისტურ გერმანიაში პირველი მნიშვნელოვანი პოგრომი, ცნობილი როგორც Kristallnacht (ბროლის ღამე), მოხდა 1938 წლის 9-10 ნოემბერს. ამ ორკესტრირებული თავდასხმას სულ მცირე 91 ევრაელი ემსხვერპლა, დაახლოებით 30,000 დააპატიმრეს და გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკებში.\ 1,000-ზე მეტი სინაგოგა და ებრაული ბიზნესი დაზიანდა, დაინგრა ან დაიწვა. პოგრომმა კი ქუჩებში დაფანტული მინის ნამსხვრევების სახელი მიიღო.[77]
ბროლის ღამის შედეგები ებრაული საზოგადოებისათვის დამანგრეველი იყო. გარდა ფიზიკური განადგურებისა, ებრაელებს დაეკისრათ ჯარიმა და ნაცისტურმა რეჟიმმა მათთვის ქონების ჩამორთმევაც დაიწყო. მსოფლიო თვალს ადევნებდა მესამე რაიხის მკაფიო ანტისემიტურ ნაბიჯებს, თუმცა საერთაშორისო რეაგირება მას არ მოჰყოლია. ნაცისტები მსოფლიო მდუმარების ფონზე მეტად გათამამდნენ და არაერთი ძალადობის აქტი განახორციელეს, როგორც ებრაელების ისე სხვა ეთნიკური უმცირესობების მიმართ. მომდევნო ნაბიჯები უფრო და უფრო მძიმე იყო და კაცობრიობის წინაშე უდიდესი დანაშაულით დასრულდა.[78]
მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების სიკვდილის რაზმები, როგორიცაა Einsatzgruppen, ოკუპირებულ ევროპაში ადგილობრივ მოსახლეობას ებრაელებზე თავდასხმას და ძალადობას აიძულებდნენ. აღნიშნული ძალისხმევისთვის ნაცისტებმა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური გერმანელებისაგან დაკომპლექტებული Volksdeutscher Selbstschutz-ის ბატალიონები მოაწყვეს.[79][80]
ჰოლოკოსტის დროს, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწყობილი არაერთი პოგრომი განხორციელდა.[81][82] ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი მოხდა იასში, რუმინეთი, პრემიერ-მინისტრი იონ ანტონესკუს განკარგულებით. 1941 წლის 29 ივნისიდან 6 ივლისამდე, რუმინეთის მოქალაქეები პოლიციასთან და სამხედრო ძალებთან ერთად ებრაულ თემს სასტიკად უსწორდებოდნენ. ერთ კვირიან საშინელ ძალადობას 13,266 ებრაელი ემსხვერპლა. მეთოდები მოიცავდა მასობრივ სროლას და ცემას. თუმცა ყველაზე სასტიკი ქმედება იყო, მათი გადავსებულ ვაგონში მოთავსება და რამდენიმე დღიანი ტრანსპორტირება უწყლოთ, საჭმლის გარეშე და შეზღუდული ვინტილციით. ასეთ ვაგონებში დაახლოებით 2,500-3,000 ებრაელი გარდაიცვალა.[82]
ომის დროს ანტისემიტური განწყობა საზრდობდა ახლო აღმოსავლეთშიც. ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი შემთხვევა იყო ფარჰუდის პოგრომი, რომელიც მოხდა ბაღდადში, ერაყში. 1841 წლის 1-2 ივნისს, რაშიდ ალის, იუნის ალ-საბავის და ალ-ფუტუვას ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ორ დღიან ძალადობას 150-180-ამდე ებრაელი შეეწირა, დაშავდა 600 ადამიანი და გააუპაატიურეს ქალები. გაძარცვული იქნა 1,500 ებრაული მაღაზია თუ სახლი.[83][84] ჩახშობის მცდელობას დაიღუპა 300-400 არაებრაელი მეამბოხე.[85]
ლვოვის პოგრომი (1941) - 1941 წლის ივნის-ივლისში, ქალაქ ლვოვში ორი დამანგრეველი პოგრომი განხორციელდა, რომელსაც ნაცისტების Einsatzgruppen-ის ძლიერი წაქეზებით უკრაინის სახალხო მილიცია ჩაუდგა სათავეში. ეს პოგრომები გერმანიის საბჭოთა კავშირში შეჭრის შემდეგ, ძალაუფლების სწრაფი ცვლილების პერიოდში დაიწყო. ძალადობას ემსახურებოდა ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი და ბრალდებები, რომ ებრაელები საბჭოთა NKVD-სთან თანამშრომლობდნენ 1939-1941 წლების საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში. ამ პოგრომების შედეგად დაახლოებით 6,000 პოლონელი ებრაელი სასტიკად იქნა მოკლული.[86] მრავალი მათგანი საკუთარი სახლებიდან გამოიყვანეს, ქუჩებში სცემეს ან საჯაროდ დახვრიტეს. ებრაული ბიზნესები და სახლები სისტემატურად იძარცვებოდა და ნადგურდებოდა, ხოლო ქალაქის სინაგოგებს წვავდნენ.
კიევის პოგრომი (ბაბინ იარის ხოცვა-ჟლეტა) - 1941 წლის სექტემბერში, კიევის გერმანული ოკუპაციის შემდეგ, ბაბინ იარის ხეობაში 33,000-ზე მეტი ებრაელი გაანადგურეს. ეს მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ხშირად პოგრომის ნაწილად მიიჩნევა, სადაც ებრაელები ძალით აიყვანეს, ტანსაცმელი გახადეს და სისტემატურად დახოცეს. ამ ხოცვა-ჟლეტის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ გერმანული Einsatzgruppen C-ის ძალები, რომლებმაც მანიაკური სისასტიკით იმოქმედეს.[87]
ოდესის პოგრომი (1941) 1941 წლის ოქტომბერში, ოდესის რუმინეთისა და გერმანიის ძალების ოკუპაციის შემდეგ, რამდენიმე დღიანი ხოცვა-ჟლეტა გაიმართა. 30,000-ზე მეტი ებრაელი დაიღუპა, ბევრი მათგანი დახვრიტეს ან ცოცხლად დაწვეს. ამ ხოცვა-ჟლეტის ორგანიზატორები იყვნენ რუმინეთის არმიის გენერალი იონ ანტონესკუ და გერმანული SS-ის სპეციალური ძალები.[88][89]
ჟიტომირის პოგრომები - 1941 წლის ივლისსა და აგვისტოში, ჟიტომირში რამდენიმე პოგრომი გაიმართა, სადაც ათასობით ებრაელი დაიღუპა გერმანული Einsatzgruppen D-ის და ადგილობრივი უკრაინელი კოლაბორაციონისტების დახმარებით. ამ პოგრომებში მონაწილეობდნენ OUN-ის (Organization of Ukrainian Nationalists) წევრები, რომლებიც სტეფან ბანდერას ფრთას მიეკუთვნებოდნენ.[90][91]
ვინიცას პოგრომი (1941) - 1941 წლის ზაფხულში, ნაციების შეჭრის ნაწილად, ვინიცაში ებრაელების მნიშვნელოვანი ნაწილი დახოცეს მასობრივი განადგურების შედეგად, სადაც მონაწილეობდნენ როგორც გერმანული, ასევე ადგილობრივი ძალები. ამ პოგრომის დროს, ორდენბურგის და კვერსტინგის კომენდანტურების ხელმძღვანელობით, განსაკუთრებით სასტიკი ძალადობა მოხდა.[92]
კამენეც-პოდოლსკის ხოცვა-ჟლეტა (1941) - ეს მასობრივი ხოცვა-ჟლეტა 1941 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც დაახლოებით 23,000 ებრაელი, ძირითადად უნგრეთიდან და ადგილობრივი უკრაინიდან, გერმანული და უნგრული ძალების მიერ გაანადგურეს. ამ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობდნენ SS-ის ობერფიურერი ფრიდრიხ იეკელი და უნგრეთის გენერალი ფერენც ფეკეტესალამი.[93][94]
ამავდროულად, ლიტვაში, განსაკუთრებით ქალაქ კაუნასში, ანტიებრაულმა ძალადობამ იმატა. გერმანელების საბჭოთა კავშირში შეჭრის ფონზე, ალგირდას კლიმაიტის ხელმძღვანელობით ადგილობრივმა ძალებმა და ლიტვური აქტივისტთა ფრონტის (LAF) პარტიზანებმა პოგრომების სერია წამოიწყეს. ამ მოქმედებებს კიდევ უფრო მეტი ინტენსივობა შესძინა 29-ე ლიტვური ტერიტორიული კორპუსის 3,600 ჯარისკაცის დეზერტირობამ, რომლებმაც საბჭოთა არმია მიატოვეს და ნაცისტურ ძალებს შეუერთდნენ.[95] 1941 წლის 25-26 ივნისს, ამ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ეპიზოდი განვითარდა, როდესაც დაახლოებით 3,800 ებრაელი დახოცეს. მკვლელობები გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით, მრავალი მსხვერპლი საჯაროდ სიკვდილამდე აწამეს. სინაგოგები გადაწვეს, ებრაული სახლები გაძარცვეს და უბნები გაანადგურეს.[96]
1941 წლის ივლისში, იედვაბნეს პოგრომის დროს, ეთნიკურმა პოლონელებმა, ნაცისტური Ordnungspolizei-ის (საკანონმდებლო პოლიცია) თანდასწრებით, 340-ზე მეტი ებრაელი ბეღელში ცოცხლად დაწვეს. ამ სისასტიკეში გერმანული Einsatzgruppe B-ის როლის საკითხი დღემდე დავის საგანია.[97][98][99][100][101][102]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.