გერმანელი გეოლოგი From Wikipedia, the free encyclopedia
ოტო ვილჰელმ ჰერმან აბიხი (გერმ. Otto Wilhelm Hermann von Abich; დ. 11 დეკემბერი, 1806, ბერლინი — გ. 1 ივლისი, 1886, ვენა, დაკრძალულია კობლენცში, გერმანია) — გერმანელი გეოლოგი. კავკასიის ცნობილი მკვლევარი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1853), საპატიო წევრი 1866 წლიდან. აბიხი არის აზერბაიჯანის გეოლოგიური შესწავლის ფუძემდებელი.
ოტო ვილჰელმ ჰერმან აბიხი | |
---|---|
გერმ. Otto Wilhelm Hermann von Abich | |
დაბ. თარიღი | 11 დეკემბერი, 1806[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ბერლინი[6] [2] [3] [4] |
გარდ. თარიღი | 1 ივლისი, 1886[2] [4] (79 წლის) |
გარდ. ადგილი | ვენა[6] [2] [3] [4] |
დასაფლავებულია | კობლენცი |
მოქალაქეობა |
პრუსიის სამეფო რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | გეოლოგი, პროფესორი, ბოტანიკოსი და მინერალოგი |
მუშაობის ადგილი | დერპტის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Adele Abich |
მამა | Heinrich Carl Wilhelm Abich |
ჯილდოები | კონსტანტინეს მედალი |
ვილჰელმ ჰერმან აბიხი დაიბადა ბერლინში 1806 წლის 11 დეკემბერს. აბიხის ბიძა იყო ცნობილი მოგზაური და ლინგვისტი ორიენტალისტი ჰაინრიხ იულიუს ფონ კლაპროთი. აბიხი სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1831 წელს. უნივერსიტეტში ისმენდა ლეოპოლდ ბუხის, ალექსანდერ ჰუმბოლდტის, კარლ რიტერისა და გეორგ ჰეგელის ლექციებს.
1833-1834 წლებში შეისწავლა იტალიის ვულკანები: ეტნა, სტრომბოლი და ვეზუვი. სწავლობდა გეიზერებსაც. 1841 წელს მიიწვიეს დერპტის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტში გეოლოგიის კათედრაზე. 1843 წლიდან დაიწყო მრავალწლიანი გამოკვლევები კავკასიასა და ირანში. 1854 წელს დასახლდა კავკასიაში, სადაც დარჩა 1877 წლამდე. აბიხის შრომები შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს კავკასიის გეოლოგიის შესახებ. აბიხმა შეისწავლა ამ მხარის ცალკეული რეგიონების გეოლოგიური აგებულება, აღწერა სასარგებლო წიაღისეულის (ქვამარილი, მანგანუმი, ნავთობი და სხვა) საბადოები. მისი შრომების ნაწილი მიძღვნილია მიწისძვრების, მყინვარებისა და სხვა საკითხებისადმი. ერთ-ერთმა პირველმა წამოაყენა ქიმიური პრობლემები პეტროგრაფიაში და ხაზი გაუსვა მინდვრის შპატების მნიშვნელობას ვულკანოგენური ქანებისათვის. სრულად აღწერა კავკასიის ფიზიკურ-გეოგრაფიული და გეოლოგიური აგებულება. პირველმა განმარტა მეცნიერულად კავკასიის ოროგრაფიის ხასიათი, მთების აზევების ძირითადი მიმართულებანი, მათი ასაკი, ურთიერთკავშირი. აბიხის შრომებმა დიდად შეუწყო ხელი სამთო საქმის განვითარებას კავკასიაში. 1870-1873 წლებში შეისწავლა სევანის ტბის სამხრეთით მდებარე რეგიონი.
აბიხმა საერთო ჯამში კავკასიაში დაახლოებით 37 წელი იცხოვრა. კავკასიაში ყოფნისას მან გააშუქა სტატიგრაფიული, პალეონტოლოგიური, გეოტექტონიკური, სეისმოლოგიური, გეომოროფლოგიური და გლაციოლოგიური საკითხები. აღწერს ნიადაგების აგებულებას, კავკასიონის ძველსა და თანამედორვე გამყინვარებას და სხვ. გამოიკვლია თრიალეთისა და ქართლის ქედები, კოლხეთის დაბლობი, მდინარეების ენგურისა და ყვირილის ზემოთები. თბილისში ყოფნისას აბიხმა პირველად შეისწავლა თბილისში განლაგებული „არეულშრეებრივი კონგლომერატები“ და თბილისის მინერალური წყლები.
ცხოვრების ბოლო 10 წელი ვენაში გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მისი სახელობისაა მინერალი აბიხიტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.