მედეა (მითოლოგია)
ძველი კოლხეთის მეფის, აიეტის ასული ბერძნულ მითოლოგიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
მედეა — ბერძნული მითის მიხედვით ძველი კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასული, ქალკიოპესა და აფსირტეს დაჲ, კირკეს ძმისშვილი, ჰელიოსის შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმი (დაახლ. ძვ. წ. XIV-XIII საუკუნე). ლეგენდის მიხედვით, მას შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი იასონი და დიდი დახმარება გაუწია მას კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცებაში. მითის ერთ-ერთი ვერსიით შეყვარებულებმა საბერძნეთში ჩააღწიეს, მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის კრეონტის ასულ კრეუსას მოყვანა დააპირა. მედეამ შური იძია იასონზე და მისი საცოლე სიკვდილს შეჰყარა. ამით განრისხებულმა კორინთელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, მითის მიხედვით, გაუბედურებული ქალი კოლხეთში დაბრუნდა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მედეა (მითოლოგია)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მედეა (მითოლოგია) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
მედეას სახელს ანტიკურ და წინაანტიკურ სამყაროში ბევრი რამ უკავშირდება. ძველ ხალხს ის ქალღმერთად მიაჩნდა, მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს. ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის თანამედროვე სახით განვითარებას. თვით ტერმინი მედიცინა მისი სახელიდან მომდინარეობს. ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, მედეას მკურნალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა, მას ბევრი უკურნებელი სენის წამლობა შეეძლო. რამდენიმე ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილსაც კი აცოცხლებდა, მოხუცთ კი სიჭაბუკეს უბრუნებდა.