From Wikipedia, the free encyclopedia
ლევან II დადიანი — ოდიშის მთავარი 1611-1657 წლებში, მანუჩარ I დადიანის ძე. იგი 14 წლის ასაკში აღმოჩნდა სამთავროს ტახტზე, ხოლო დროებითი ძალაუფლება ხელში აიღო მისმა ბიძამ, გიორგი ლიპარტიანმა. მისი მმართველობის დროს ოდიშის სამთავრომ განსაკუთრებულ სიძლიერეს მიაღწია.
ლევან II | |
---|---|
ლევან II დადიანის ფრესკა | |
ოდიშის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1611 |
მმართ. დასასრული: | 1657 |
წინამორბედი: | მანუჩარ I |
მემკვიდრე: | ლიპარიტ III |
მეუღლე: | თამუნია შერვაშიძე, დარეჯან ჭილაძე |
შვილები: | ალექსანდრე, მანუჩარ, 2 ქალიშვილი |
დინასტია: | დადიანები |
მამა: | მანუჩარ I დადიანი |
ხელმოწერა: | |
ლევანი იზრდებოდა კახეთში, თავისი პაპის, ალექსანდრე II-ის ოჯახში. სადაც შაჰ-აბასის მუხანათური პოლიტიკის სისტემას ის პატარაობიდან ეცნობოდა. ამასთანავე, კახეთის მეფის კარზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად იბრძოდნენ ოსმალეთის და მოსკოვის მეფის დიპლომატები. გაბატონებული იყო თვალთმაქცობა, მლიქვნელობა და ყოველგვარი სიბოროტე. ასეთ პირობებში აღზრდილ ლევან დადიანსაც ახასიათებდა ორპირობა, ცბიერება, სიმკაცრე და სხვა. რაც იმ ეპოქის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად იყო მიჩნეული. ამიტომ ვახუშტი ბატონიშვილი ლევანს ასე ახასიათებს: „რამეთუ ესე ლევან იყო ბოროტი, ხვანჯიანი, ამაყი, მზაკვარი და ძვირის-მომხსენე და იმარჯვებდა ჟამთა“
მაგრამ ამასთანავე ლევან დადიანი იყო ნიჭიერი მთავარი, უშიშარი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანი, რომელიც კარგად ერკვეოდა იმდროინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოხერხებულად იბრძოდა თავისი სამთავროს გაძლიერებისათვის იმ ხერხებითა და საშუალებებით, რომელიც მაშინ იყო გამოყენებული.
ლევანს მისი თანამედროვე იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი ასე ახასიათებს: „ეს მთავარი ჩვენს განათლებულ ქვეყანაში რომ აღზრდილიყო და ჩვენის საუკეთესო მასწავლებლებისაგან რომ სწავლა-განათლება მიეღო, ვერც ერთი მთავარი მას ვერ აჯობებდა. უმოძღვროდ და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნებით შეუთვისებია მას მარად საქებური ზნე ჩვეულება. უსაქმურად მისი ნახვა შეუძლებელია. პირიქით მუდამ დაუღალავად შრომობს და ყოველთვის მზად არის ყოველგვარის ვარჯიშიბისათვის. ლაშქრობაში ჩქარია, ჩუმი და მხნე. ამიტომ ყოველ ომში იგი იმარჯვებს. მეხსიერება ისეთი ძლიერი აქვს, რომ დავიწყება რა არის, არც იცის. ხომ მრავალი მოლაპარაკება აქვს სხვადასხვა საქმის გამო, მაგრამ ყოველის მოლაპარაკების და ხელშეკრულების უმცირესი სიტყვაც კი გაახსენდება ექვსის და შვიდის წლის შემდეგაც“-ო.[1]
ასე ახასიათებს ლევან II-ს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი:
„ყველაზე განთქმული მთავარი რომელიც სამეგრელოს ჰყოლია იმერეთისგან გამოყოფის შემდეგ - იყო ლევან დადიანი, ახლანდელი მთავრის ბიძა. ის იყო გულადი, გულუხვი, გონიერი, მიუკერძოებელი და თავის ვალდებულებების ხალისით შემსრულებელი. მან ომი გაუმართა მეზობლებს და დაამარცხა ყველა: და ეჭვგარეშეა, ის იქნებოდა შესანიშნავი მთავარი, უკეთეს ქვეყანაში რომ დაბადებულიყო. მაგრამ მის ქვეყანაში არსებულმა ჩვეულებამ რამდენიმე ცოლის მოყვანისა და მათ შორის ნათესავებისაც, ლევანი მიიყვანა ისეთ ქმედებებამდე, რომლებმაც ის ყოველგვარი ქებისათვის უღირსად აქცია“ | |
([2]) |
დონ კრისტოფორო დე კასტელი წერს: „ვეფხვი, რომელიც ბავშვებთან თამაშობს და ლომებთან იბრძვის. ქვეშევრდომის შემბრალებელია - ქედმაღალი და მძლევარი. ლევან დადიანზეა ნათქვამი.
იეროგლიფურად შეგუებული იყო კოლხეთის მეფის ბუნებასთან ის, რაც ხშირად ხდებოდა მის კარავში. იგი ერთობოდა ბავშვებთან და ლეკვებთან, შემდეგ კი სასტიკ მხეცად და დიდ მებრძოლად გადაიქცეოდა ხოლმე თავის მეზობელ მთავრებსა და მეფეებთან ბრძოლის დროს“[3].
ასეთი ნიჭითა და გამჭრიახობით აღჭურვილი ლევან დადიანი განაგრძობდა თავისი მამის პოლიტიკას, რათა სადადიანოს დამოუკიდებლობა განემტკიცებინა. ლევანი მიზნად ისახავდა ესარგებლა იმერეთის სამეფოს შინაგანი არეულობით და ხელში ჩაეგდო მეზობელი სამთავროები, განედევნა იმერეთის მეფე და თვითონ გამეფებულიყო დასავლეთ საქართველოში. ამ მიზნის განსახორციელებლად ლევანი ყოველგვარ პოლიტიკურ ხერხს იყენებდა: სამთავროებს უკავშირდებოდა ნათესაურად, ოსმალებთან და რუსებთან აწარმოებდა დიპლომატიურ მოლაპარაკებას, აწყობდა შინაურ ამბოხებებს გავლენიანი თავადების გადმობირებით, ქმნიდა საკმაოდ ძლიერ ჯარს და აწყობდა გამუდმებულ ლაშქრობებს იმერეთის წინააღმდეგ.
ამ დროს იმერეთში მეფობდა გიორგი III (1604-1639) რომელსაც დადიანი მოსვენებას არ აძლევვდა. დადიანმა კავშირი შეკრა გურია-აფხაზეთთან და მათ სიმტკიცის მიზნით დაემოყვრა. შემდეგ ლევანმა მოახერხა იმერეთის გავლენიანი ფეოდალების მომხრობა და 1623 წელს მან გაილაშქრა გიორგი III-ის წინააღმდეგ ქუთაისზე. აქ გოჭოურის ბრძოლაში გაიმარჯვა დადიანმა, რომელმაც შეიპყრო მრავალი ტყვე და მოითხოვა მათი გამოსასყიდი „მოვიდა ლევან დადიანი სპითა ადიშარ-აფხაზ-ჯიქითა და იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოწყდნენ მრავალნი. იძლია მეფე გიორგი და ილტვოდა: მაშინ დადიანმა შეიპყრა მრავალნი და წარჩინებულნი და მდაბიური, აღიღო ალაფი და იავარი და წარვიდა ოდიშს“[4].
ეს პირველი შეთხვევა იყო დასავლეთ საქართველოში შინაურ ომში წარყვანილ ტყვეების დასახსნელად ფულის მოთხოვნისა. ამის შემდეგ ეს წესი განმტკიცდა და ფეოდალებმა იგი გაიხადეს შემოსავლის ერთგვარ წყაროდ და ახლა ამ მიზნითაც დაიწყეს ერთმანეთის დარბევა.
ლევანმა არ იცოდა შებრალება და იგი სასტიკად ეპყობოდა მოწინააღმდეგეს. ამასთანავე იყო ეჭვიანი და დაუნდობელი. მან თავის მეუღლეს თამუნია შერვაშიძეს შესწამა სიძვა, დასაჯა იგი ცხვირის მოჭრით და უკანვე გაგზავნა აფხაზეთში. მისგან ნაყოლი ორი შვილიც მოაკვლევინა. შემდეგ ცოლი წაართვა თავის ბიძას გიორგი ლიპარტიანს, ჭილაძის ასული ნესტან-დარეჯანი და დედოფლად დაისვა. ასეთმა საქციელმა გამოიწვია აფხაზეთის სამთავროს სადადიანოსაგან განდგომა და შინაური აღშფოთება ლევანის წინააღმდეგ. შედგა შეთქმულება, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავარი სეტემან შარვაშიძე, იმერეთის მეფე გიორგი III, გურიის მთავარი სიმონ II გურიელი და პაატა წულუკიძე.
შეთქმულების მიზანი იყო ლევანის მოკვლა და მისი ძმის იოსების გადადიანება. შეთქმულებმა დაიქირავეს აფხაზი მკვლელი, რომელიც ნადიმის დროს უნდა მიპარებოდა ლევანს და მოეკლა იგი, მოისყიდეს მერიქიფეც, რომელმაც ნიშანი მისცა მკვლელს. ნასროლმა შუბმა მხოლოდ დაჭრა ლევანი. იგი სწრაფად განიკურნა. ლევანმა შეთქმულებზე შური იძია, მრავალი დახოცა, თავის ძმას იოსებს თვალები დასთხარა, პაატა წულუკიძე ზარბაზნიდან გაასრლონა, ორჯერ გაილაშქრა აფხაზეთში, სასტიკად დაამარცხა აფხაზები და ნადავლითა და ტყვეებით დაბრუნდა. ამ გამარჯვების შემდეგ ილორის წმინდა გიორგის ხატზე დაცული იყო შემდეგი წარწერა: „მას ჟამსა, ოდეს მიუხვედით შარვაშიძეს ზუფუს, მიწუს წყალსა აქათ მოვაოხრეთ. კიდევ მეორეთ მიუხდით ზუფუს, კაპოეტის წყალს აქათ სრულობით დავსწვით და ავაოხრეთ, და სადაც სიმაგრე იყო ავიღეთ და გავაცუდეთ“-ო,[5] შარვაშიძე იძულებული იყო დადიანს დამორჩილებოდა და დადიანმა მას ხარკად დაადვა ყოველწლიურად მწევარ-მეძებრების მიცემა. ახლა დადიანი შეუდგა გურიის სამთავროს დამორჩილების თადარიგს, ამისი საბაბიც ჩქარა მიეცა. გურიის მთავრის შვილმა სვიმონმა მოაკვლევინა თავისი თავისი მამა გურიელი მამია და თვითონ დაჯდა მთავრად 1625 წელს. ამან გამოიევია გურიაში აღშფოთება. ლევანმა ისარგებლა შემთხვევით, გაილაშქრა გურიაში და დაამარცხა სვიმონი, რომელსაც თვალები დასთხარეს. ლევანმა გურიელად დასვა მამიას ძმა აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია II, რომელიც განაგებდა სამ საეკლესიო კათედრას: ცაიშელისა, ჯუმათელისა და ხინელისა. მალაქია თავისი საეკელსიო მამულების სიმრავლითა და ყმებით არ ჩამოუვარდებიოდა წარჩინებულ თავადებს თავადებს. მას ჰყავდა ლაშქარი და დიდი საზოგადოებრივი გავლენაც ჰქონდა. ლევანმა მას უბოძა გურიელობაც და ამგვარად გურიის სამთავრო მოექცა ლევანის გავლენაში.
ამის შემდეგ ლევანმა დაიწყო სამზადისი იმერეთზე გასალაშქრებლად. ამ მიზნით ლევანი უახლოვდება ირანს, რომლის მოწინააღმდეგე ჯგუფს ეკუთვნოდა იმერეთის მეფე გიორგი III. ირანის შაჰმა ლევანს ჯამაგირიც კი დააუნიშნა, წელიწადში ათასი თუმანი, როდესაც ქართლში როსტომი გამეფდა (1633 წ,) ლევანი ახლა მას უკავშირედეოდა და აძლევს ცოლად მას თავის დას მარიამს.
ასეთი კავშირის შეკვრის შემდეგ ლევანმა გაილაშქრა იმერეთის მეფეზე. შეტაკება მოხდა 1635 წელს. იმერეთის ჯარი დამარცხდა და თვით მეფე გიორგი III დადიანს ტყვედ ჩაუვარდა. მეფის განსათავისუფლებლად ლევანმა მოითხოვა 50 კომლი ჩხარის სომეხი და ურია ვაჭარნი, რომლებიც მან დაასახლა რუხს და იქ გააშენა პარატა ქალაქი. ამის შესახებ ვახუშტი მოგვითხრობს: „მოერევნენ გიორგი მეფესა, შეიპყრეს და მოგვარეს ლევან დადაინსა. წარიყვანა გიორგი მეფე და წარვიდა ოდიშს და პატიმარ-ჰყო მუნ მეფე. ხოლო მან მოითხივა ვაჭარნი ჩიხორისა და ჩხარის სომეხნი და ურიანი სახსრად მეფისა გიორგისა. მაშინ ალექსანდრე (გიორგის ძე) უღონოქმნილმან მისცა იგინი სრულიად და დაიხსნა მამა თვისი“-ო[6]მეფის საფასურად დადიანმა ასევე მიიღო საჭილაო და სამიქელაო.
ამ გამარჯვების აღსანიშნავად ლევან დადიანს 1636 წელს შეუმკვია ხონის წმინდა გიორგის ხატი ასეთი წარწერით: „ჩვენ ხელმწიფემან: დადიანმან: პატრონმა: ლევან: მას ჟამსა: ოდეს: შევებით: ბაღდადს: მეფეს: გიორგის: და: კახს: ბატონსა: თეიმურაზს: და: გაგვემარჯუა: ძლიერებითა: შენითა: თავად: მეფე: ხელთ: დაგურჩა: და სრულობით: იმერელნი: და: კახნი: დარბაისელნი: ზოგნი: ხელთ დაგურჩა: და ზოგნი: გარდაიხვეწეს: კახი: მეფე: თეიმურაზ: და: მეფის: შვილები: ალექსანდრე: და მამუკა: ამავე: ჟამსა: ავჰყარეთ ქალაქი ჩხარისა: და ჩავასხით: ზუგდიდსა: აღვაშენეთ: და: გადაწყეთ: ქალაქი: რუხისა:“[7]
გაძლიერებული ლევანი თავის თავს ხელმწიფესა და მეფეს უწოდებდა. მისი ოცნება იყო იმერეთის სამეფოს დაპყრობა, დასავლეთ საქართველოს თავისი მფარველობის ქვეშ გაერთიანება და მეფობის მიღება. ამიტომ ლევანი დიდ ყურადღებას აქცევდა სამხედრო ძლიერების შექმნას. მან გაიჩინა არტილერია, ჩამოასხმევინა ერთს ფრანგს 30 ზარბაზანი. შეიძინა თოფები, წვრთნიდა მოლაშქრებს და სხვა.
ამასთავანე თავის სამთავროშ მან ალაგმა ურჩი თავადები, აღკვეთა ქურდობა, განამტკიცა მართლ-მსაჯულება და ამგვარად დაამყარა მტკიცე მმართველობა. ზუგდიდში ლევანმა განმართა ზარაფხანა და აქ იჭრებოდა სპარსული ფული. იგი ხელს უწყობდა სამთავროს ეკონომიკურ დაწინაურებას და ვაჭრობისა და ხელის შეწყობის მიზნით რუხში დაასახლა სომეხი და ებრაელი ვაჭრები.
საგარეო საქმეში ლევანი აწარმოებდა ისეთ მოხერხებულ პოლიტიკას, რომ მას ოსმალეთ–ირანისაგან საფრთხე არ მოელოდა.
ლევან დადიანის ოსმალებთან ამ ურთიერთობის შესახებ არქანჯელო ლამბერტი მოგვითხრობს: „დადიანს ფრიად პოლიტიკურად უჭირავს თავი ოსმალეთთაის მიმართ. ის იცნობს ოსმალეთის მტარვალობას და აგრეთვე იცის, რამდენი მომიჯნავე ქვეყანა დაუპყირა. ოსმალეთმა რომ მისი სამეფოც არ გასრისოს, დადიანი ცდილობს მეგობრობა დაიმსახუროს ოსმალეთისა, მაგრამ ისე კი, რომ ამით მთავრის ღირსებას არა მოაკლდეს რა. ასეთი მეგობრობის დასაცველად დადიანი ყოველ წელიწადს სულთანის ვეზირებს ფეშქაშებს უგზავნის და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სულთანს ხარჯს აძლევს. ამნაირ ღირსებას ისე შეუბღალავად იცავს, რომ არასოდეს არავითარს ბრძანებას ოსმალეთიდან მოსულს არ ასრულებს“-ო. [8]ამასვე ადასტურებს მეფის ელჩების ცნობა, რომ დადიანი ლევანი სულთანს ხარკს აძლესო. ირანთან კი ლევანი მეგობრულ ურთიერთობაში იყო მისი სიძის როსტომ მეფის დახმარებით და შაჰისაგან ყოველწლიურ ჯამაგირსაც იღებდა.
1636 წელს ლევან დადიანმა დაიწყო მოსკოვის მეფე მიხეილ თეოდორესძესთან დიპლომატიური მოლაპარაკება რუსეთის მფარველობის შესახებ[9]. ლევანს უნდოდა რუსეთის მხრივაც ჰქონდა ას ზურგი გამაგრებული და მოსკოვის მეფესთან მფარველობის ძიებაში. იგი არ ჩამორჩენილიყო საქართველოს მეფე-მთავრებს. ლევანმა ამ მიზნით 1636 წელს მოსკოვში ელჩად გაგზავნა მღვდელი გაბრიელი, რომელმაც მიხეილ თეოდორეს ძეს მოახსენა, რომ ლევან სურვილი აქვს თქვენს სამსახურში იყოს ისე. როგორც სხვანი, თქვენის უდიდებულესობის მონანი არიანო[10]. ელჩი მეფეს არწმუნებდა, რომ ლევანი საქართველოში ყველაზე ძლიერია, იგი ხარკს არავის აძლევს და მის სამთავროში ხუთი ქვიტკირის ქალაქიაო.
დადაინის ელჩი მეფეს ამასთანავე სთხოვდა, რომ კაზაკები (ყაზაყები) არ დაეცნენ სამეგრელოს ზღვის სანაპიროებს, რადგანაც ეს ხელს უშლის ვაჭრობის წარმოებას თათრებთანო, რომლებსაც ამის გამო სამეგრელოში ვერ შემოაქვთ მარილი და სხვა საჭირო საქონელი.
იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს (1639-1661) ასეთივე დიპლომატიური მოლაპარაკება ჰქონდა მოსკოვის მეფესთან ალექსი მიხეილისძესთან, რომელსაც იგი სთხოვდა დადიანის ალაგვმვას. რუსეთის ჩარევამ უფრო გაამწვავა დადიანისა და ალექსანდრე III-ს შორის ურთიერთობა. მოსკოვის მეფის დახმარებთ დამედებულს და წათამამებულს ალექსანდრეს ძმამ მამუკამ დაუწყო კირთევა ლევან დადიანს. ის ხშირად არბევდა ოდიშის საზღვრებს: „ძმამან ალექსანდრე მეფისა მამიკამ უწყო ბრძოლა ლევან დადიანსა მცირედ მცირეს და მოსწყვიტა სიკუდილსა და ანუ შეპყრობასა მისსა ფრიადო. ერთ-ერთი შეტაკების დროს ლევანმა ხელში ჩაიგდო მამუკა და ტყვედ წაიყვანა.
ძმის დატყვევებამ ალექსანდრე III საგონებელში ჩააგდო. ის უგზავნიდა მოციქულებს დადიანს და სთხოვდა მამუკას განთავისუფლებას, მაგრამ დადიანი უარზე იდგა და მამუკას არ უშვებდა. მაშისნ ალექსანდრე იძულებული იყო მიემართა შუამდგომლობით რუსეთისათვის: „ხოლო ალექსანდრე მეფემან, ვერსადა შეწევნითა მპოველმან და მომლოდემან, იხილა გაძლიერება რუსეთის მეფის ალექსისა, განიზრახა რათა მოეცეს მუნიდან ძალა“-ო. ალექსანდრე მოსკოვის მეფეს სთხოვდა თავის ძმის მამუკას განთავისუფლებას და აგრეთვე დადიანის დასასჯელად დონის ყაზახების გამოგზავნას შავი ზღვის სანაპიროების დასარბევად.
ლევანმა მაინც ვერ მიაღწია თავის მიზანს, ვერ შეძლო იმერეთის ხელში ჩაგდება. იმერეთის მეფემ, რომელიც ლევენისაგან განიცდიდა დიდ შევიწროებას, ახლა დახმარებისათვის მიმართა ოსმალეთს. ლევანის გაძლიერება-განდიდებას ოსმალეთი ეჭვის თავილის უცქეროდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლევანმა უწინდებურად უკვე არ ემორჩილებოიდა ოსმალეთს. ამის გამო ოსმალეთმა გამოგზავნა ჯარი, რომელმაც მოარბია ოდიში და ლევანი ახლა იძულებული გახდა ოსმალებისთვის გამოეცხადებინა მორჩილება და ხელი აეღო იმერეთის დალაშქრვაზე.
ლევან დადიანი მრავალმხრივი მოღვაწე იყო. მან კვალი დაამჩნია არა მარტო დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ შუა საუკუნეების საქართველოს კულტურასაც. მან დააარსა საოქრომჭედლო სახელოსნო, საიდანაც ქართული ჭედურობის მრავალი საინტერესო ნიმუში გამოვიდა. მანვე შეაკეთა და შეამკო ოდიშის თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი.
ლევან II დადიანს კარგად ესმოდა ქვეყნის ევროპული გარდაქმნის აუცილებლობა; იგი ოდიშის სამთავროში იწვევდა ევროპელ ვაჭრებს და ხელოსნებს. რუხი ქალაქად აქცია და იქ ზარაფხანა გახსნა. ცდილობდა ირანული აბრეშუმი საქართველოს გზით გასულიყო ევროპაში. მის დროს ოდიშის სამთავროში არსებობდა საოქრომჭედლო სახელოსნო, სადაც ქართველი ოსტატები მუშაობდნენ.
ლევანმა ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვარის მონასტერი და მისი რესტავრირებისათვის საჭირო თანხებიც გაიღო, მანვე რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ამჟამად პოემის უძველეს თარიღიან ხელნაწერს წარმოადგენს, მამუკა თავაქალაშვილსვე გადააწერინა მან „უთრუთიანსაამიანი“. ლევანის მეცენატობით არაერთი სხვა კულტურული ღონისძიება გატარდა.
ლევანის მოღვაწეობის წლებში იქმნებოდა დიდი რაოდენობით ეპიგრაფიკული ძეგლები.
ლევანის პირველი მეუღლე იყო აფხაზი მთავრის სეტემან შერვაშიძის ქალიშვილი თამუნია (თანური), ვარაუდობენ რომ ეს ქალი 1621 წლის ახლო ხანებში შეირთო. მას არქანჯელო ლამბერტი კარგად ახასიათებს: „ეს ქალი იყო ბუნებით ლამაზი და სავსე ყველა სათნოებითა, რომელიც შეეფერებოდა მის გვარის ქალს: ქარგვაში, წერა-კითხვაში, გულუხვობაში და ზრდილობაში მას ტოლი არ ჰყავდა. თავისი სათნოებით მიიზიდა ყველა თავის ქვეშევრდომის გული“. მალე ამ ქალისაგან ეყოლა მთავარს ორი ვაჟი. დედოფალს იხსენიებენ რუსი ელჩები. მისი სახელი ერთი ცნობით დარუნდია, მეორით თანური. აქ ჩანს, რომ ერთი და იგივე სახელის დამახინჯებასთან გვაქვს საქმე. ლევან დადიანმა მას ეჭვიანობის ნიადაგზე სიძვა დასწამა, დასაჯა ცხვირის მოჭრით და უკანვე გაგზავნა აფხაზეთში, ხოლო მისგან ნაყოლი ორი შვილი კი მოაკვლევინა.
მეორე ცოლი ლევან დადიანმა მალევე შეირთო. ის იყო მისი ბიძის, გიორგი ლიპარტიანისაგან წართმეული ცოლი — ჭილაძის ასული ნესტან-დარეჯანი. 1638 წლის 15 ნოემბერს მღვდელი გაბრიელ გეგენავა მოსკოვში ელჩობის დროს იუწყებოდა რომ ლევან დადიანს ჰყავდა ოთხი შვილი — ალექსანდრე 13 წლის, მანუჩარი 6 წლის, პირველი ქალიშვილი ალექსანდრეზე უფროსი იყო ასაკით და უმცროსი ქალიშვილი 11 წლის. ნესტანი 1639 წლის ბოლოსთვის უკვე გარდაცვლილი იყო, რადგანაც 13 ნოემბერს სამეგრელოში ჩასულ რუსეთის ელჩებს ლევან დადიანი ახლადგარდაცვლილი ცოლმგლოვიარე დახვდათ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.