From Wikipedia, the free encyclopedia
თავჭედილა (ლათ. Amanita pantherina) — ქუდიანი სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებს.
თავჭედილა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Amanita pantherina (DC.) Krombh. 1846 | |||||||||||||||
|
ძლიერ შხამიანი სოკოა. შეიცავს დიდი რაოდენობით მომწამვლელ ნივთიერებებს: მუსკარინს, მუსკიმოლსა და იბოტენის მჟავას. იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად წიწვოვან, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus maculatus.[1] 1846 წელს სოკო ამანიტას გვარში გადაიტანა გერმანელმა მიკოლოგმა იულიუს ვინცენც ფონ კრომბჰოლცმა.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
ქუდის დიამეტრი — 4-12 სმ, მკვრივი, თავიდან ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ამოზნექილი და გაშლილი, თხელი დაკბილული კიდეებით და (ზოგჯერ) საერთო საბურველისგან ნარჩენი პატარა დაკიდული ფანტელებით. კანი ადვილად სცილდება ქუდს.[3] ქუდის ფერი მურა, მოყავისფრო, ზეთისხილისფერ-ტალახისფერი ან ნაცრისფერი, გლუვი და მბზინავი, დაფარულია წვრილი, თეთრი ფანტელებით.
რბილობი — თეთრი, ჰაერზე ფერს არ იცვლის, წყალწყალა, მყიფე, არასასიამოვნო სუნითა და მოტკბო გემოთი, რომელიც ბოლოკის ან უმი კარტოფილის სუნს მოგვაგონებს.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, თეთრი, ფეხთან არ არის შეზრდილი, სიბერეში ზოგჯერ მომურო ლაქებით.
ფეხის სიგრძე — 4-12 სმ, სისქე — 1-1,5 სმ, თეთრი, ცილინდრული, ოდნავ შევიწროებული ზემოთ, ქვემოთ გორგლისებურ-გაფართოებული, ფუყე, თეთრი შეზრდილი რგოლისმაგვარი ვულვით, ზოგჯერ მრავალფენიანია. ფეხის ზედაპირი ოდნავ ბუსუსებიანი. საყელო ქვემოთ აქვს განთავსებული, ზოლების გარეშე, დაკიდული, გლუვი, მყიფე, ზოგჯერ საყელოს გარეშე.[4]
სპორების ფხვნილი — თეთრი, სპორები — 11×7,5 მკმ, გლუვი, ფართოელიფსისებრი.
იზრდება წიწვოვან, შერეულ და ფართოფოთლოვან ტყეებში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. მიკორიზას ქმნის ფიჭვთან, მუხასთან, წიფელთან და სხვ. ურჩევნია ტუტე ნიადაგი.
ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში, მათ შორის მთელ საქართველოში.[5] სამხრეთ ნახევარსფეროში ცნობილია მხოლოდ სამხრეთ აფრიკასა[6] და ავსტრალიაში.[7]
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.[8] მასიურად მოდის სექტემბრის დასაწყისში.
ციმბირში, თავჭედილას რელიგიური დატვირთვა აქვს და გამოიყენება როგორც დამათრობელი საშუალება და ენთეოგენი. თავჭედილა შეიცავს ფსიქოაქტიურ ნაერთებს — იბოტენის მჟავას და მუსკიმოლს,[10] რომლებიც იწვევენ ჰალუცინაციას, სინესთეზიას, ეიფორიას, დისფორიას, რეტროგრადულ ამნეზიას.
იბოტენის მჟავა — გაშრობის დროს დეკარბოქსილირდება მუსკიმოლად, რომელიც ითვლება ნაკლებ ტოქსიკურად და მოქმედებს როგორც ჰალუცინოგენი.
თავჭედილა აგრეთვე, შეიცავს მუსკარინს, რომელიც აცეტილქოლინის მსგავსად მოქმედებს, ასტიმულირებს M-ქოლინერგულ რეცეპტორს, რომელიც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებასა და გულის წუთობრივი მოცულობის შემცირებას. ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლის დამახასიათებელი სურათი და უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილიც კი.
სიმპტომები მოწამვლიდან ორი საათის შემდეგ ვლინდება. თავს იჩენს: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ავადმყოფი ძლიერ აღზნებადობასა და გაღიზიანებას განიცდის, კანი წითლდება, თვალის გუგები ფართოვდება, რასაც შეიძლება მოყვეს კრუნჩხვები, მხედველობის დაქვეითება, ცნობიერების დაკარგვა, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილიც კი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.