დიდი აფეთქება
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი აფეთქება (ინგლ. Big Bang) ― დაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით.[1][2][3] მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან[4] და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „დიდი აფეთქება“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. დიდი აფეთქება ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა).[5] სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს.[6]
საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია. ამ პირველადი სამშენებლო მასალების გარდა, ასტრონომები აკვირდებიან უცნობი ბნელი მატერიის გრავიტაციულ გავლენებსაც, რომლებიც გალაქტიკების გარშემოა. სამყაროს გრავიტაციული პოტენციალის უდიდესი ნაწილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ფორმით არსებობს. არაერთი დაკვირვება მიუთითებს, რომ ეს ზედმეტი გრავიტაციული პოტენციალი არაა წარმოქმნილი ბარიონული მატერიის მიერ, როგორიცა ჩვეულებრივი ატომები. სუპერნოვების წითელი წანაცვლების გაზომვები მიუთითებს, რომ სამყაროს გაფართოების სიჩქარე იზრდება, რაც ბნელი ენერგიის არსებობას მიეწერება.[7]
1927 წელს ჟორჟ ლემეტრმა პირველად გამოთქვა მოსაზრება, რომ სამყაროს გაფართოების კვალს უკან დროში მივყავართ წარმოშობის ერთ წერტილამდე, რომელსაც თავად „პირველყოფილ ატომს“ უწოდებდა. 1929 წელს გალაქტიკების წითელი წანაცვლების ანალიზის შედეგად ედვინ ჰაბლმა დაადასტურა, რომ გალაქტიკები მართლაც შორდებიან ერთმანეთს, რაც გაფართოებადი სამყაროს მნიშვნელოვანი დაკვირვებადი მტკიცებულება იყო. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სამეცნიერო საზოგადოება დაყოფილი იყო დიდი აფეთქების თეორიის და მისი მეტოქე, სტატიკური მოდელის (ინგლ. steady-state model) მომხრეებად. ორივე მოდელი მოიცავს დაკვირვებადი გაფართოების ახსნას, თუმცა, სტატიკური მოდელი გულისხმობს უსასრულო (მარადიულ) სამყაროს, განსხვავებით დიდი აფეთქებისგან, რომელიც სამყაროს სასრულ ასაკს გვთავაზობს. 1964 წელს აღმოაჩინეს კოსმოსის მიკროტალღური ფონური რადიაცია, რამაც ბევრი კოსმოლოგი დაარწმუნა, რომ სტატიკური მოდელი მცდარი იყო,[8] რადგანაც, მისგან განსხვავებით, დიდი აფეთქების მოდელი პროგნოზირებდა ერთგვაროვან ფონურ რადიაციას სამყაროს მასშტაბით, რაც გამოწვეული უნდა ყოფილიყო შორეულ წარსულში არსებული მაღალი ტემპერატურითა და სიმკვირივით. ამჟამად, დიდი აფეთქების თეორიას ემპირიულ მტკიცებულებათა ფართო სპექტრი უმაგრებს ზურგს და იგი თითქმის უნივერსალურად მიღებული მოდელია.[9]