გრავიტაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
გრავიტაცია, მსოფლიო მიზიდულობა — უნივერსალური ურთიერთქმედება მატერიის ნებისმიერ სახეთა შორის. არარელატივისტური სხეულების (რომელთა სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე ბევრად ნაკლებია) სუსტი გრავიტაცია ემორჩილება ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონს, რომელიც ნიუტონმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა 1687 წელს თავის „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკურ საწყისებში“. ნიუტონის თეორიაში გრავიტაცია ითვლება შორსქმედებად, რომელიც მყისად ვრცელდება, რაც ეწინააღმდეგება ფარდობითობით თეორიას. ფარდობითობით თეორიაზე დაფუძნებული გრავიტაციის თეორია შექმნა ა. აინშტაინმა. 1916 წელს მან საბოლოოდ ჩამოაყალიბა იგი და უწოდა ფარდობითობის ზოგადი თეორია. ამ თეორიამ ძირფესვიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სივრცეზე, დროზე და მათ კავშირზე მატერიასთან. ფარდობითობის ზოგად თეორიაში მოყვანილი იდეების განვითარებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა არაევკლიდური გეომეტრიის შემქმნელის ნ. ლობაჩევსკის, ი. ბოლიაის, გ. რიმანისა და კ. გაუსის შრომებს.