From Wikipedia, the free encyclopedia
დავით გამყრელიძე (დ. 2 აპრილი, 1964, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეწარმე და პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი. კენჭს იყრიდა 2008 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ამომრჩეველთა 4.02% მიიღო.
დავით გამყრელიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 აპრილი, 1964 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | ახალი მემარჯვენეები |
მამა | ერეკლე გამყრელიძე |
მეუღლე/ები | მარინა მადიჩი |
შვილ(ებ)ი | ერეკლე და ნინო |
დავით გამყრელიძემ დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1982 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე. იყო წარჩინებული სტუდენტი, კომკავშირის აქტივისტი — პედიატრიული ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი, თარხნიშვილის სახელობის სტიპენდიატი, სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს წევრი, მონაწილეობდა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციებსა და ოლიმპიადებში.
1988 წლიდან ჩაერთო ეროვნული მოძრაობაში. გამყრელიძემ მეგობრებთან ერთად დააფუძნა ქრისტიანულ-დემოკრატიულ ასოციაციას, რომელიც შემდგომ ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირად ჩამოყალიბდა. 1989 წლის გაზაფხულზე საქართველოში ეროვნულ განმთავისუფლებელი მოძრაობის კოორდინაციის მიზნით ჩამოყალიბდა ეროვნული ფორუმი, რომელშიც ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს დავით გამყრელიძე და ირაკლი კაკაბაძე წარმოადგენდნენ. გამყრელიძე აქტიურად მონაწილეობდა 1989 წლის აპრილის საპროტესტო გამოსვლებში.
1990 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, დავით გამყრელიძემ დაიწყო ბიზნეს-საქმიანობა, რამდენიმე მეგობართან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოში პირველ სადაზღვევო კომპანიას — „ალდაგი“. მალე „ალდაგი“ სადაზღვევო ინდუსტრიის ფლაგმანი გახდა. 1999 წელს დავით გამყრელიძე, როგორც „ალდაგის“ პრეზიდენტი, საქართველოს წარმატებულ ბიზნესმენთა ათეულში დაასახელეს.
1998 წელს ის აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად.1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. პარლამენტში იყო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. იმავე წელს მან დატოვა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და თანამოაზრე ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად დატოვა ფრაქცია. მათ 2000 წლის სექტემბერში შექმნეს „ახალი ფრაქცია“. 2001 წლის 15 ივნისს „ახალი ფრაქციის“, „ახალი მოძრაობისა“ და „ნეოკონსერვატორების“ ბაზაზე შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“. დავით გამყრელიძე პარტიის თანათავმჯდომარედ აირჩიეს ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად.
დაფუძნებიდან ერთ წელიწადში, 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში ახლებმა წარმატებას მიაღწიეს. პარტიამ საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი აიღო, ხოლო თბილისის მასშტაბით მესამე. ადგილობრივ არჩვენებში გამარჯვების შემდეგ პარტია საპარლამენტო არჩენებში გამარჯვებისთვის ემზადებოდა. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პარტიის ყრილობამ დავით გამყრელიძე აირჩია თავმჯდომარედ. ამ არჩევნების შედეგები გაუქმდა, ხოლო 2004 წლის მარტის არჩევნებში მემარჯვენეების და მრეწველების ბლოკმა გადალახა 7%-იანი ბარიერი და გამყრელიძე კვლავ პარლამენტის წევრი გახდა. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“. ის იყო საპარლამენტო უმცირესობის, „მემარჯვენე ოპოზიციის“ ლიდერი. 2006 წლის 3 ივნისს „ახალი მემარჯვენეების“ მე-3 ყრილობაზე დავით გამყრელიძე კვლავ იქნა არჩეული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მორიგი 4-წლიანი ვადით.
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დავით გამყრელიძე წარდგენელი იყო ერთ-ერთ კანდიდატად. მან ამომრჩეველთა ხმების 4.02 % მოაგროვა. იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამყრელიძემ გაიმარჯვა ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა არ შევიდა პარლამენტში და დახია დეპუტატის მანდატი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ დავით გამყრელიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში. სათავეში ჩაუდგა „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს (პარტიები: „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“).[1]
დავით გამყრელიძეს ჰყავს მეუღლე მარინა მადიჩი და ორი შვილი — ერეკლე და ნინო. ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს. არის არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველო ნატოში“ თავმჯდომარე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.