ბუდაპეშტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბუდაპეშტი (უნგრ. Budapest) — უნგრეთის დედაქალაქი და მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი. მოსახლეობის მიხედვით ის ევროკავშირის სიდიდით მეცხრე ქალაქია,[6][7][8] სადაც 525კმ² ფართობის ტერიტორიაზე 1 752 286 ადამიანი ცხოვრობს.[9] ბუდაპეშტი, რომელიც ერთოდროულად ქალაქიცაა და მედიეც, ქმნის ბუდაპეშტის აგლომერაციის ცენტრს. აგლომერაციის ფართობი 7626კმ²-ია და მისი მოსახლეობა 3 303 786 კაცს შეადგენს, რაც მთელი უნგრეთის მოსახლეობის 33%-ია.[10][11]
ქალაქი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ბუდაპეშტი უნგრ. Budapest | |||||||
ზემოდან, მარცხნიდან მარჯვნივ: მდინარე დუნაი და უკანა ფონზე მატიაშის ეკლესია, ბუდას ციხესიმაგრე გელერტის მთიდან, უნგრეთის პარლამენტი, გმირთა მოედანი, წმინდა იშტვანის ბაზილიკა | |||||||
| |||||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||||
შიდა დაყოფა | I რაიონი, II რაიონი, III რაიონი, IV რაიონი, V რაიონი, VI რაიონი, VII რაიონი, VIII რაიონი, IX რაიონი, X რაიონი, XI რაიონი, XII რაიონი, XIII რაიონი, XIV რაიონი, XV რაიონი, XVI რაიონი, XVII რაიონი, XVIII რაიონი, XIX რაიონი, XX რაიონი, XXI რაიონი, XXII რაიონი და XXIII რაიონი | ||||||
კოორდინატები | 47°29′54″ ჩ. გ. 19°02′27″ ა. გ. | ||||||
ქალაქის მერი | გერგეი კარაჩონი[1] [2] [3] | ||||||
დაარსდა | 17 ნოემბერი, 1873 | ||||||
ფართობი | 525,14 კმ² | ||||||
ცენტრის სიმაღლე | 102±1 მეტრი | ||||||
ოფიციალური ენა | უნგრული ენა | ||||||
მოსახლეობა | 1 671 004 (1 იანვარი, 2023)[4] | ||||||
სიმჭიდროვე | 3347,02 კაცი/კმ² | ||||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||||
სატელეფონო კოდი | 1 | ||||||
საფოსტო ინდექსი | 1011–1239[5] | ||||||
ოფიციალური საიტი | budapest.hu | ||||||
ბუდაპეშტის ისტორია იწყება მაშინ, როდესაც ადრეული კელტური დასახლება რომაულ ქალაქ აკვინკუმად გარდაიქმნა[12][13] და ქვემო პანონიის დედაქალაქი გახდა.[12] უნგრელები ამ ადგილზე IX საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ,[14] მაგრამ 1241–42 წლებში ტერიტორია მონღოლების შემოსევის დროს გაიძარცვა და განადგურდა.[15] აღდგენილი ბუდა XV საუკუნისთვის რენესანსული ჰუმანიზმის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად გადაიქცა.[16][17][18] 1526 წელს მოჰაჩის ბრძოლას ოსმალების თითქმის 150 წლიანი მმართველობა მოჰყვა.[19] 1686 წელს ბუდას გათავისუფლების შემდეგ, რეგიონი განვითარების ახალ ეპოქაში შევიდა და პეშტ-ბუდა გლობალური ქალაქი გახდა, ხოლო 1873 წლის 17 ნოემბერს ბუდას, ობუდასა და პეშტის გაერთიანების შემდეგ ახალ დედაქალაქს „ბუდაპეშტი“ ეწოდა.[9][20] ბუდაპეშტი, ასევე, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის თანადედაქალაქი გახდა,[21] რომელიც 1918 წელს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიშალა. ქალაქი იყო 1848 წლის უნგრეთის რევოლუციის, 1945 წლის ბუდაპეშტის ბრძოლისა და 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის ეპიცენტრი.[22][23]
ბუდაპეშტი არის ბეტა + გლობალური ქალაქი რომელსაც აქვს ძლიერი კომერცია, ფინანსები, მედია, ხელოვნება, მოდა, კვლევები, ტექნოლოგიები, განათლება და გართობა.[24][25] უნგრეთის ფინანსური ცენტრი,[26] 2014 წელს ევროპის რიგით მეორე სწრაფად განვითარებად ურბანულ ეკონომიკად დასახელდა.[27] ბუდაპეშტში მდებარეობს ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტის[28], ევროკავშირის პოლიციის კოლეჯისა[29] და ჩინეთის საინვესტიციო ხელშეწყობის სააგენტოს პირველი საგარეო ოფისის შტაბ-ბინები.[30] ბუდაპეშტში წარმოდგენილია 40-ზე მეტი კოლეჯი და უნივერსიტეტი, მათ შორის, ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი, ზემელვაისის უნივერსიტეტი და ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი.[31][32] 1896 წელს გახსნილი[33] ბუდაპეშტის მეტროთი ყოველდღიურად 1,27 მილიონი ადამიანი, ხოლო ბუდაპეშტის ტრამვაის მომსახურებით კი 1,08 მილიონი ადამიანი სარგებლობს.[34]
ბუდაპეშტის ცენტრალური რაიონი, მდინარე დუნაის გასწვრივ, გამოცხადებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილად და წარმოდგენილია კლასიკური არქიტექტურის რამდენიმე ცნობილი ძეგლით, მათ შორისაა უნგრეთის პარლამენტი და ბუდას ციხესიმაგრე.[35] ქალაქს ასევე აქვს 80-მდე გეოთერმული წყარო,[36] თერმული წყლის გამოქვაბულების უდიდესი სისტემა,[37] სიდიდით მეორე სინაგოგა და სიდიდით მესამე პარლამენტის შენობა მსოფლიოში.[38] ბუდაპეშტი ყოველწლიურად 12 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობს, რაც მას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად აქცევს.[39] ის ასევე Big7Media-ს „ევროპის 2020 წლის საუკეთესო მიმართულებების“ სიის სათავეშიც მოექცა.[40] კომპანია Which?-ის მიერ ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში ბუდაპეშტმა მესამე ადგილი დაიკავა.[41]