ბოსტონის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსტონის უნივერსიტეტი (ინგლ. Boston University, BU) — აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი კერძო კვლევითი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1839 წელს ნიუბერიში (ვერმონტის შტატი) როგორც ბიბლიის ინსტიტუტი, 1847 წლიდან იყო ქალაქ კონკორდში (ნიუ-ჰემფშირის შტატი), 1867 წლიდან — ბოსტონში (მასაჩუსეტსის შტატი), როგორც თეოლოგიის ინსტიტუტი, 1869 წლიდან აქვს თანამედროვე სახელი და სტატუსი. უნივერსიტეტის დამაარსებლები არიან ბიზნესმენები ა. რიჩი (1801–1872), ლ. კლაფინი (1791–1871) და ჯ. სლიპერი (1802–1889). ბოსტონის უნივერსიტეტი მონაწილეობს 400-ზე მეტ ცალკეულ სამეცნიერო პროექტში მსოფლიოს მასშტაბით. კვლევითი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა მედიცინა და მისი მომიჯნავე მეცნიერებები. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ფლობს სიმსივნის (კიბოს) კვლევის აშშ-ში საუკეთესო კომბინირებულ ლაბორატორიას. სახელდობრ ბოსტონის უნივერსიტეტმა დაიწყო 1965 წელს კიბოს უჯრედების შესახებ კვლევების ჩატარება. სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ ან ასწავლიდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები: სოლ ბელოუ, ელი ვიზელი, შელდონ ლი გლეშოუ, მარტინ ლუთერ კინგი, ოსამუ შიმომურა, დერეკ უოლკოტი, დენიელ ცუი, ასევე აშშ-ის თავდაცვის მინისტრი უილიამ კოენი, დნმ-ის ახალი სამსპირალიანი სტრუქტურის ერთ-ერთი აღმომჩენი მაქსიმ ფრანკ-კამენეცკი და სხვ.[22]
2016 წლისთვის, უნივერსიტეტის შემადგენლობაშია: 17 სკოლა და კოლეში, 19 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 79 სამეცნიერო ცენტრი, ბიბლიოთეკების სისტემა, ჰოვარდ გოტლიბის სახელობის კვლევითი ცენტრი მუგარის მემორიალურ ბიბლიოთეკაში. კამპუსები მდებარეობს ბრიუსელში (ბელგია), ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი), დუბაიში (აგს), ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ლოს-ანჯელესში (კალიფორნიის შტატი), სიდნეიში (ავსტრალია). სწავლობს 30 ათასზე მეტი სტუდენტი მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნიდან.[22]