From Wikipedia, the free encyclopedia
ანატოლიის ბეილიქები (თურქ. Anadolu beylikleri), ასევე ცნობილი როგორც თურქმანული ბეილიქები — მცირე სამთავროები (ან სამეფოები) ანატოლიაში, რომლებიც ბეგების მიერ იმართებოდა. ტერმინი ბეილიქი აღნიშნავს ტერიტორიას რომელიც ბეგის (ბატონი) მიერ იმართება. თავდაპირველად ბეილიქები მე-11 საუკუნეში იქმნება, ხოლო ბეილიქების წარმოქმნის მეორე და უფრო ვრცელი ეტაპი მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში რუმის სასულთნოს დასუსტებას უკავშირდება.
1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში სელჩუკების მიერ ბიზანტიის იმპერიის დამარცხების შედეგად, გამარჯვებული თურქმანული ტომები, მათი სარდლების მეთაურობით თანდათან ანატოლიაში დასახლდნენ. სელჩუკთა ცენტრალური ხელისუფლების ქალაქ კონიაში გამყარება, მეტწილად იმის შედეგი იყო, რომ ეს კლანები, რომლებიც ბეგების მიერ იმართებოდა, სელჩუკებს ბიზანტიელების თავდასხმებისგან იცავდნენ, რის სანაცლოდაც ცენტრალური ხელისუფლებისაგან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას იღებდნენ.
აღმოსავლეთიდან მონღოლთა შემოსევებმა სელჩუკთა ძალაუფლება შეარყია და 1243 წელს ქოსე-დაღის ბრძოლის შემდეგ რუმის სასულთნო მონღოლთა მოხარკედაც კი იქცა. მონღოლთა მემკვიდრე ჰულაგუიანთა სახელმწიფომ ანატოლიაში ძალაუფლების გამყარება მოახერხა, რამაც ხელი შეუწყო რუმის სასულთნოს საბოლოო დეზინტეგრაციას და ადგილობრივი ბეგების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. რუმის სასულთნოში დაწყებულმა შინა აშლილობამ ბოლო მოუღო სელჩუკთა მმართველობას. ანატოლიის ბეგები რუმის სასულთნოს ყოფილ ათაბეგებს (სელჩუკ სარდლებს) და მონღოლების მიერ სპარსეთიდან და თურქესტანიდან გამოხიზნულ მუსლიმ ლიდერებს დაემორჩილნენ, ვისთანაც ერთად ისინი ბიზანტიის იმპერიას ესხმოდნენ თავს და ამ პროცესში ახალ ემირატებს აარსებდნენ.
იმისათვის რომ ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე კონტროლი განემტკიცებინათ, ანატოლიელი ბეგები ისლამური სამყაროდან იწვევდნენ ღაზი მებრძოლებსეს. ღაზი მებრძოლები მულასა და სარდლების შთაგონებით მოტივირებული იყვნენ ისლამური სამყაროს პოზიციების განმტკიცებით. ანატოლიაში არსებულ ქრისტიანულ სამეფო-სამთავროებზე განუწყვეტლივმა თავდასხმებმა კიდევ უფრო გაზარდა ბეილიქების გავლენის არეალი. 1300 წლისთვის კი თურქებმა ეგეოსის ზღვის სანაპიროს მიაღწიეს.
თავდაპირველად ანატოლიურ ბეილიქებს შორის სიძლიერით კარამანიდები და გერმიანიდები გამოირჩეოდა. ოსმალთა ბეილიქი, რომელმაც მოგვიანებით ოსმალეთის იმპერიას დაუდო საფუძველი, ანატოლიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობდა და ამ მომენტისათვის ჯერ კიდევ უმნიშვნელო ძალად ითვლებოდა. ეგეოსის ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ჩრდილოეთიდან სამხრეთით, გადაჭიმული იყო კარასიდების, სარუხანიდების, აიდინიდების, მენთეშეს და თეკეს ბეილიქები. ჯანდარიდები (მოგვიანებით ისფენდიარიდები) შავი ზღვის რეგიონს, კასთამონუ და სინოპის მიდამოებს ფლობდნენ.[1]
ოსმალთა ლეგენდარული წინაპარის, ოსმან I-ის დროს ოსმანთა ბეილიქი ბიზანტიის მიმართლებით სამხრეთ-დასავლეთით გავრცელდა და მე-14 საუკუნის პირველ ათწლეულში მარმარილოს ზღვას მიაღწია. კარასიდების ბეილიქის შემოერთებით და 1354 წელს რუმელიაში ექსპანსიებით, ის მალე შედარებით ძლიერ ბეილიქად ჩამოყალიბდა, რომელიც ამ დროისთვის კონკურენციას უწევდნენ კარამანიდებს, ეს უკანასკნელი კი ამ დროისთვის ერთ-ერთ უძლიერეს ბეილიქად ითვლებოდა. მე-14 საუკუნის მიწურულს ოსმალებმა ცენტრალური ანატოლიისკენ დაიწყეს ექსპანსია.
კარამანიდებმა სხვა ანატოლიური ბეილიქების, მამლუქების, აყ-ყოიუნლუს, ბიზანტიის, პონტოელების და უნგრელების დახმარებით რამდენჯერმე სცადეს ოსმალების შეჩერება, თუმცა ყოველი მცდელობა უშედეგო გამოდგა. საუკუნის მიწურულს, ოსმლებმა კარამანიდების სამფლობელოს დიდი ნაწილი და სხვა ნაკლებად ცნობილი ბეილიქები დაიპყრეს. თემურლენგის ლაშქრობებმა, და 1402 წლის ანკარის ბრძოლამ ოსმალოთა ანატოლიაში ექსპანსიები დროებით შეაფერხა.
თუმცა ოსმლთა სახელმწიფომ მეჰმედ I-ის და მისი ძის მურად II-ის მმართველობის დროს მალევე აღიდგინა პოზიციები, და 30 წლის განმავლბოაში მათ დაკარგული ბეილიქების დაბრუნება მოახერხეს. კარამანიდებს უკანასკნელი დარტყმა მეჰმედ II-მ მიაყენა, რომელმაც მათი მიწები დაიპყრო და ანატოლიაში საბოლოოდ განიმტკიცა პოზიციები. შემდეგი ნაბიჯები სელიმ I-მა გადადგა, რომელმაც 1515 წლებში მამლუქების წინააღმდეგ გამართულ სამხედრო კამპანიის პროცესში მანადანიდების და დულკადირის ბეილიქი დაიპყრო, ხოლო მისმა ძემ სულეიმან I-მა 1534 წელს წარმოებული კამპანიით თითქმის გააერთიანა ის ტერიტორიები, რომელზედაც დღეს თურქეთის რესპუბლიკა მდებარეობს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.