არაბული გაზაფხული
From Wikipedia, the free encyclopedia
არაბული გაზაფხული (მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოიყენებენ ასევე ტერმინს პანარაბული რევოლუცია[1][2]) — საპროტესტო აქციების და ამბოხებების სერია, რომელიც 2010-იანი წლების დასაწყისში არაბულ ქვეყნებში განხორციელდა. არაბული გაზაფხულის დაწყების ადგილად ტუნისი მიიჩნევა[⇨]. ტუნისში საპროტესტო აქციები, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებით დასრულდა, 2010 წლის 17 დეკემბერს დაიწყო. არაბული გაზაფხულის დაწყების საბაბი ხილით მოვაჭრე მოჰამედ ბუაზიზის ქმედება გახდა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა პოლიციამ მას პროდუქცია და სასწორი ჩამოართვა, პროტესტის ნიშნად ქალაქ სიდი-ბუზიდის გუბერნატორის ოფისის წინ თავი დაიწვა [3]. პროტესტი სწრაფად გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის გადადგომით დასრულდა. ტუნისიდან საპროტესტო ტალღა მთელ არაბულ სამყაროში გავრცელდა, მოიცვა ეგვიპტე[⇨], ალჟირი, იორდანია, იემენი[⇨], ბაჰრეინი[⇨] და ლიბია[⇨]. მცირე ინციდენტებით აღინიშნა მავრიტანიაში, საუდის არაბეთში, ომანში, სუდანში, სირიაში[⇨], ერაყში, მაროკოში, ჯიბუტში.[4][5][6][7][8][9][10]. არაბული გაზაფხულის შემდეგ დაწყებული სამოქალაქო ომები დღემდე გრძელდება.
არაბული გაზაფხული | |
---|---|
ხელისუფლება არაერთხელ ჩამოაგდეს მთავრობა დაემხო სამოქალაქო ომი საპროტესტო აქციები და სამთავრობო ცვლილებები დიდი საპროტესტო აქციები მცირე საპროტესტო აქციები | |
ადგილმდებარეობა |
ჩრდილოეთი აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი |
თარიღი | დეკემბერი, 2010 – დეკემბერი, 2012 |
მახასიათებლები | დემონსტრაციები, შეტაკებები, არეულობები, თვითდაწვა. |
გარდაცვლილი/ები | 61,080+ |
არაბული გაზაფხული საინტერესო იყო იმითაც, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზება ხდებოდა როგორც ტრადიციული (მაგალითად პარასკევის ლოცვის შემდეგ)[11], ისე თანამედროვე საშუალებებით, პირველ რიგში ინტერნეტით და სოციალური მედიით[12].
მეტწილად მშვიდობიანად დაწყებულ აქციების წინააღმდეგ ხელისუფლებებმა ძალა გამოიყენეს, რომელიც საპოლიციო ინტერვენციას სცდებოდა და ხშირ შემთხვევაში, დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯარსაც იყენებდნენ.[13][14] საბოლოოდ, საპროტესტო ტალღა, რომელიც ზოგ ქვეყანაში ხელისუფლების სწრაფი და მეტწილად მშვიდობიანი ცვლილებით დასრულდა, ზოგ ქვეყანაში სამოქალაქო ომში გადაიზარდა. საპროტესტო ტალღის შედეგად შექმნილმა პოლიტიკურმა ვაკუუმმა არაბულ ქვეყნების პოლიტიკური დესტაბილიზაცია, იემენის, ლიბიის და სირიის სამოქალაქო ომები, უცხო ქვეყნების სამხედრო ჩარევა, 2012 წლის სამხედრო გადატრიალება ეგვიპტეში, ისლამური სახელმწიფოს აღზევება, არაბული ქვეყნების დიდ ნაწილში ახალი ავტორიტარული რეჟიმების ჩამოყალიბება და სხვა მოვლენები გამოიწვია. მოვლენები, რომლებიც არაბული გაზაფხულის შემდგომ განვითარდა, მედიაში და აკადემიური ლიტერატურის ნაწილში არაბული ზამთრის[⇨] სახელით შევიდა.[15][16]
ერთადერთი ქვეყანა, სადაც არაბული გაზაფხულის შედეგად კონსტიტუციური და შედარებით სტაბილური პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდა ტუნისი იყო.[3] ლიბიაში, სირიაში და იემენში სამოქალაქო ომები მრავალმხრიან კონფლიქტად იქცა, რომელშიც არაერთი საერთაშორისო და რეგიონული ძალა ჩაერთო. სუდანში, ლიბანში, ალჟირში და ერაყში 2019-2020 წლებში მომხდარი მსხვილმასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები კი შეფასდა როგორც არაბული გაზაფხულის გაგრძელება ანდაც მეორე ტალღა.[17]