ანგოლის სამოქალაქო ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანგოლის სამოქალაქო ომი (პორტ. Guerra Civil Angolana) — შეიარაღებული კონფლიქტი ანგოლის ტერიტორიაზე, რომელიც 1975-2002 წლებში მიმდინარეობდა. ომი ანგოლის პორტუგალიისგან დამოუკიდებლობის მიღებისთანავე, 1975 წლის ნოემბერში დაიწყო, და ქვეყნის 2 მთავარი ანტიკოლონისტური პარტიზანული დაჯგუფების, კომუნისტური ანგოლის სახალხო გათავისუფლების მოძრაობისა (მპლა) და ანტიკომუნისტური ანგოლის სრული დამოუკიდებლობის ეროვნული კავშირის (უნიტა) დაპირისპირებას წარმოადგენდა.
ანგოლის სამოქალაქო ომი | |||||
---|---|---|---|---|---|
ცივი ომის, კონგოს პირველი და მეორე ომის ნაწილი | |||||
კუბური ტანკი PT-76 ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს | |||||
თარიღი | 11 ნოემბერი 1975 - 4 აპრილი 2002 | ||||
მდებარეობა | ანგოლა | ||||
შედეგი |
მპლა-ს გამარჯვება
| ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ანგოლის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში |
მპლასა და უნიტას ანგოლურ საზოგადოებაში ერთმანეთისგან განსხვავებული ფესვები ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაჯგუფების მიზანი კოლონიალური რეჟიმის დამხობა იყო. კონფლიქტის მესამე ძალამ, ანგოლის გათავისუფლების ეროვნულმა მოძრაობამ (ფნლა), რომელიც ანგოლის დამოუკიდებლობის ომის დროს მპლასა და უნიტასთან ერთად იბრძოდა, სამოქალაქო ომში დიდი როლი არ უთამაშია. ამასთან ერთად, კაბინდის ანკლავის გათავისუფლების ფრონტი (ფლეკ), რომელიც სეპარატისტული მოძრაობების ასოციაციას წარმოადგენდა, კაბინდის რეგიონის ანგოლისგან გამოყოფისთვის იბრძოდა.[37] კუბური და საბჭოთა ძალების დახმარებით, მპლ-მ ფნლა-ს ლუანდიდან გამოგდება, სამოქალაქო ომში გამარჯვება და დე-ფაქტო მთავრობის ჩამოყალიბება შეძლო.[38] ფნლა დაიშალა, მაგრამ აშშ-სა და სამხრეთ აფრიკის დახმარებით, უნიტამ ანგოლის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში გააგრძელა საომარი მოქმედებები.
კონფლიქტი ხშირად იყოფა 3 პერიოდად: 1975-დან 1991-მდე, 1992-დან 1994-მდე, და 1998-დან 2002-მდე. 2002 წლისთვის, როდესაც მპლამ გაიმარჯვა, 500,000-დან 800,000-მდე ადამიანი დაიღუპა, და 1,000,000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.[35] ომმა ძლიერ დააზიანა ანგოლის ინფრასტრუქტურა, საჯარო მმართველობა, ეკონომიკა და რელიგიური დაწესებულებები.
ანგოლის სამოქალაქო ომი გამოირჩევა ქვეყნის ძალადობრივი შინაგანი დინამიკისა და გარე ძალების პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის კომბინაციით. ომი ხშირად განიხილება, როგორც ცივი ომის პროქსი-კონფლიქტი, რადგანაც საბჭოთა კავშირი, აშშ და მათი მოკავშირეები აქტიურად უჭერდნენ მხარს მოწინააღმდეგე ძალებს.[39] კონფლიქტი მჭიდროდ იყო გადახლართული კონგოს მეორე ომთან მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და სამხრეთ აფრიკის სასაზღვრო ომთან. დღესდღეობით ქალაქგარე არეალებში ხშირად ნაღმებია განლაგებული, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვება.[36]