From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2010) — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, რომელიც გაიმართა 2010 წლის 30 მაისს. ამ არჩევნებში პირველად ჩატარდა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული მანდატების 86,4%.
2009 წლის გაზაფხულზე საქართველოს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ თბილისში გაიმართა საპროტესტო აქციები საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. აქციების მიმდინარეობისას, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ წამოაყენა წინადადება, რომ ადგილობრივი არჩევნები კანონით გათვალისწინებულ ვადაზე, 2010 წლის შემოდგომაზე, ადრე – 2010 წლის გაზაფხულზე ჩატარებულიყო, ხოლო თბილისის მერი ამომრჩევლებს პირდაპირი წესით აერჩიათ. უგულავას ინიციატივას დაეთანხმა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც 2009 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გამოხატა მზადყოფნა 2010 წელს ყველა მერის პირდაპირი არჩევნების შესახებ.[1] მიუხედავად ამისა, 2009 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც პირდაპირი წესით მერის არჩევნები მხოლოდ თბილისში დადგინდა.[2] ასევე განისაზღვრა, რომ თბილისის მერი აირჩეოდა 30 %-იანი ბარიერი,[3] რასაც წინ უძღოდა დისკუსიები ბარიერის ოდენობის შესახებ.[4]
ამომრჩეველი ირჩევდა მხოლო წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. საკრებულოების არჩევნები ტარდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულო შედგებოდა 15 მანდატისაგან (10 მაჟორიტარული და 5 პროპორციული), ქალაქები იყოფოდა ხუთ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქად. ქალაქის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს ჰქონდა ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლებაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საარჩევნო ოლქში არჩეულად ითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა სხვებზე მეტ ხმას. 10 პროცენტული მანდატი გადანაწილდება მხოლოდ საარჩევნო სუბიექტებს (პარტია/ბლოკი) შორის, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით მიიღებდა ხმების არანაკლებ 5 %.
ანალოგიური წესი მოქმედებდა მუნიციპალიტეტებში, თუმცა აქ მაჟორიტარული ოლქებისა და მანდატების რაოდენობა სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული იყო. მაქსიმალური რაოდენობის მაჟორიტარული ოლქი და მანდატი შეიქმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – 29. განსხვავებული წესი მოქმედებდა თბილისში, სადაც განისაღვრა 25 მაჟორიტარული და 25 პროპორციული მანდატი. პროპორციული სიისთვის დაწესდა 5%-იანი ზღურბლი. თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდა პირდაპირი წესით, ორტურიანი სისტემით, 30 %-იანი ბარიერის პირობებში. სულ საკრებულოებში არჩეულ იქნა 1550 წევრი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 544 770.
სულ არჩევნებში 26 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, მათგან 16 დამოუკიდებლად, ხოლო დანარჩენი პარტიები სამ ბლოკში გაერთიანდნენ. მოგვიანებით, ორმა პარტიამ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, რის გამოც სულ დარჩა 17 საარჩევნო სუბიექტი.[5] მნიშვნელოვანი საარჩევნო სუბიექტები იყვნენ:
არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს ეროვნულმა ფორუმმა და საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ.
თბილისის მერობის კვალიფიციური კანდიდატები იყვნენ:
თბილისის მერის არჩევნებში აგრეთვე მონაწილეობდნენ: თამაზ ვაშაძე, დავით იაკობიძე, ნიკა ივანიშვილი, გიორგი ლაღიძე.
საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში ხმათა უმრავლესობა მიიღო მმართველმა პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მათ შორის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში (ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ხონის მუნიციპალიტეტი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, თიანეთის მუნიციპალიტეტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი) - ხმათა 80 %-ზე მეტი. მეორე ადგილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავიდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა.
შედეგები იმ პარტიებისთვის, რომლებმაც გადალახეს 5 %-იანი ბარიერი თვითმმართველი ერთეულების მიხედვით:
ჯამური შედეგები საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში (გარდა თბილისისა):
პარტიები და ბლოკები | პროპორციული წესით მიღებული ხმების რაოდენობა % | პროპორციული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა | მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა | სულ მიღებული მანდატების რაოდენობა |
---|---|---|---|---|
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 73.9 | 495 | 958 | 1453 |
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა | 10.3 | 69 | 12 | 81 |
ალიანსი საქართველოსთვის | 7,2 | 48 | 5 | 53 |
თოფაძე–მრეწველები | 2.5 | 17 | 26 | 43 |
ერთიანი ეროვნული საბჭო | 5,5 | 37 | 4 | 41 |
სხვები | 0.6 | 4 | 13 | 17 |
თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ 46,64 % შეადგინა. პროპორციულ სიაში ხმათა 52,5% მიიღო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა „ალიანსი საქართველოსთვის“. შერეული საარჩევნო სისტემის მეშვეობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო მანდატების 78%. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები:
პარტიები და ბლოკები | პროპორციულიწესით მიღებული ხმების რაოდენობა % | პროპორციული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა | მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა | სულ მიღებული მანდატების რაოდენობა |
---|---|---|---|---|
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 52.5 | 14 | 25 | 39 |
ალიანსი საქართველოსთვის | 18,0 | 5 | 0 | 5 |
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა | 12.0 | 3 | 0 | 3 |
ერთიანი ეროვნული საბჭო | 8,3 | 2 | 0 | 2 |
თოფაძე–მრეწველები | 6.2 | 1 | 0 | 1 |
სხვები | 3.0 | 0 | 0 | 0 |
სულ | 100 | 25 | 25 | 50 |
თბილისის მერად არჩეულ იქნა გიგი უგულავა, რომელმაც მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა და გადალახა 30%-იანი ბარიერი. უგულავა გახდა პირველი პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერი.
კანდიდატი | პარტია | ხმების რაოდენობა | |
---|---|---|---|
გიგი უგულავა | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 55,23% | |
ირაკლი ალასანია | ალიანსი საქართველოსთვის | 19,05% | |
გიორგი ჭანტურია | ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა | 10,7% | |
ზვიად ძიძიგური | ერთიანი ეროვნული საბჭო | 8,31% | |
გოგი თოფაძე | მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს | 5,19% | |
თამაზ ვაშაძე | პოლიტიკური მოძრაობა სოლიდარობა | 0,65% | |
ნიკოლოზ ივანიშვილი | ივანიშვილი - სახალხო დემოკრატები | 0,51% | |
დავით იაკობიძე | თორთლაძე დემოკრატიული პარტია | 0,21% | |
გიორგი ლაღიძე | მომავალი საქართველო | 0,14% | |
არჩევნებს უმეტესწილად, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა.[6] არჩევნების შედეგები აგრეთვე აღიარა რამდენიმე დამარცხებულმა საარჩევნო სუბიექტმა.[7]
აგრეთვე დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ეხებოდა მედიის მიერ საარჩევნო საკითხების გაშუქებისას საეთერო დროის უთანასწორო განაწილებას.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.