From Wikipedia, the free encyclopedia
იური ვლადიმერის ძე ანდროპოვი (რუს. Юрий Владимирович Андропов; დ. 2 ივნისი [ ძვ. სტ. 15 ივნისი] 1914[1], ნაგუტსკაია, სტავროპოლის მხარე, რუსეთის იმპერია — გ. 9 თებერვალი 1984, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა პოლიტიკოსი და სკკპ-ის გენერალური მდივანი.
ანდროპოვი სწავლობდა რიბინსკის საზღვაო-სატრანსპორტო ტექნიკურ კოლეჯში, რომელიც დაამთავრა 1936 წელს. მუშაობდა მეზღვაურად მდინარე ვოლგის სანაპირო ხაზზე. 1939 წელს ის გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1940-1944 წლებში იყო კარელია-ფინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. მეორე მსოფლიო ომის, კერძოდ, სამამულო ომის დროს ის ფინეთის წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლას ედგა სათავეში. 1947 წელს ის ხელმეორედ დააბრუნეს თანამდებობაზე. 1956 წელს ის ბუდაპეშტში გააგზავნეს. იქ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნგრეთის აჯანყების ჩახშობაში. 1961 წელს გახდა კომუნისტური პარტიის სრულუფლებიანი წევრი. 1967 წელს კი — კგბ-ის ხელმძღვანელი. 1973 წლიდან — პოლიტბიუროს სრულუფლებიანი წევრი.
1982 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი. 12 ნოემბერს მისი ადგილი დაიკავა იური ანდროპოვმა.
მიუხედავად მისი ხანმოკლე მოღვაწეობისა, მან ქვეყანაში დაიწყო მთელი რიგი ცვლილებები. იგი გამოირჩეოდა წინა ლიდერებთან შედარებით სიმკაცრით. ანდროპოვმა აქტიური ბრძოლა გამოუცხადა დისიდენტებს; მისი ინიციატივით განხორციელდა სოლჟენიცინისა და სახაროვის გადასახლება და დაკავება. წამოიწყო ანტიკორუფციული ბრძოლა. დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია შრომის დისციპლინის გასაძლიერებლად. მის დროს კონტროლი გამკაცრდა მრეწველობაში; დააწესა ჯარიმები და ციხე მათთვის, ვინც ფარულად აცარიელებდნენ სსრკ-ის ბიუჯეტს. თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ იმ პირებს, ვინც არღვევდნენ კანონებს. მან მეტი ავტონომია მიანიჭა სახელმწიფო საწარმოებს, რის შედეგადაც ქარხნის მენეჯერებს საშუალება მიეცათ, მეტი კონტროლი გაეწიათ მოგებისათვის. მისმა ასეთმა პოლიტიკამ შედეგად გამოიღო ის, რომ 7%-ით გაიზარდა სამრეწველო პროდუქტები. აგრეთვე გაიზარდა ინვესტიციები, რომლებმაც გზა გაუხსნეს რობოტებისა და სხვა მანქანა-დანადგარების განვითარება-გაუმჯობესებას.
საგარეო პოლიტიკა, კვლავ უცვლელი რჩებოდა. ანდროპოვი ცდილობდა ჰელსინკის ხელშეკრულების ანულირებას. აშშ-თან ურთიერთობა ისევ დაძაბული იყო, სსრკ-ში მიმდინარე ცვლილებებით შეშფოთებულმა რეიგანმა საბჭოთა კავშირი "ბოროტების იმპერიად" გამოაცხადა. 1983 წლის 8 მარტს ამერიკამ გფრ-ის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, დანიისა და იტალიის ტერიტორიებზე განალაგა პერმანგ-2-ის საშუალო რადიოლოკაციური რაკეტები. რითაც აშშ-მ დაარღვია ჟენევის მოლაპარაკების შეთანხმებანი განიარაღების შესახებ. ამის საპასუხოდ, საბჭოთა ბლოკმაც განალაგა თავისი რაკეტები.
1983 წლის შემოდგომაზე ანდროპოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. ექიმებმა ურჩიეს სიცივეს მორიდებოდა. სექტემბერში მან გამართა პოლიტბიუროს სხდომა და ყირიმში გაფრინდა შეხვედრაზე, სადაც გაცივდა. ეს იყო მისი ბოლო შეხვედრა. 7 ნოემბრის აღლუმზე ჯანმრთელობის გართულების გამო არ გამოცხადებულა. მისი ორგანიზმი სუსტი აღმოჩნდა და, შესაბამისად, დაავადებაც ძნელად განკურნებადი გახდა. ანდროპოვი 1984 წლის 9 თებერვალს 04:50 გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით თირკმლის უკმარისობით. ბევრი ვერსიებია მისი დაღუპვის შესახებ გამოთქმული. არის ვერსია, რომლის მიხედვითაც ის მოკლეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.