From Wikipedia, the free encyclopedia
ერნესტ მილერ ჰემინგუეი (ინგლ. Ernest Miller Hemingway; დ. 21 ივლისი, 1899 — გ. 2 ივლისი, 1961) — ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი. მისი გამორჩეული წერის სტილი ხასიათდება მკაცრი მინიმალიზმით და მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე. ჰემინგუეის პროტაგონისტები, როგორც წესი, სტოიციზმით გამოირჩევიან, და მიჩნეულია, რომ ისინი თავად ავტორის საკუთარი ხასიათის გამოხატულება უნდა იყოს — მისი გმირები არიან მამაკაცები, რომელებმაც „ზეწოლას ღირსეულად უნდა გაუძლონ“. მის ნამუშევართა უმრავლესობა ამჟამად ამერიკული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა.
1916 წელს მან სასკოლო ჟურნალში დაბეჭდა საბავშვო მოთხრობა „მანიტუს სასამართლო“, რომელშიც აღწერილი იყო ჩრდილოეთის ეგზოტიკა და ინდიელების ფოლკლორი. შემდეგ ნომერში მან დაბეჭდა მოთხრობა „ყველაფერი კანის ფერშია“, სადაც მან აღწერა კრივის ბინძური მხარეები. 1916 წლის ზაფხულში სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა, მშობლებისგან დამოუკიდებლად ჩრდილოეთ მიჩიგანში წასვლა სამოგზაუროდ, თავის მეგობრებთან ერთად.
ჰემინგუეი ნაწილი იყო 1920-იანი წლების პარიზის უცხოელ მწერალთა პლეადის „დაკარგული თაობა“, ტერმინი, რომელიც პირველად გამოიყენა და პოპულარული გახადა გერტრუდ შტაინმა. ის დატვირთულ სოციალურ ცხოვრებას ეწეოდა, ოთხჯერ იქორწინა, ცხოვრების მანძილზე კი მრავალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.
ჰემინგუეის მიღებული აქვს პულიცერის პრემია (1953) და ნობელის პრემია ლიტერატურაში (1954) ნაწარმოებისთვის „მოხუცი და ზღვა“. 1961 წელს, 61 წლის ასაკში მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ერნესტ მილერ ჰემინგუეი დაიბადა 1899 წლის 21 ივლისს, ჩიკაგოს ერთ-ერთ გარეუბან ოკ-პარკში, ილინოისის შტატში[33] მამამისი - კლარენს ედმონდს ჰემინგუეი - იყო ფსიქიატრი, ხოლო დედამისი - გრეის ჰოლ-ჰემინგუეი - მუსიკოსი. ორივენი იყვნენ კარგად განათლებულნი და საკმაოდ პატივსაცემი პიროვნებები ოკ-პარკის კონსერვატიულ საზოგადოებაში.[34] როდესაც კლარენსი და გრეისი დაქორწინდნენ 1896 წელს, გადავიდნენ საცხოვრებლად გრეისის მამის, ერნესტ ჰოლის სახლში,[35] ვის პატივსაცემადაც დაარქვეს თავიანთ პირველ შვილს სახელი.[შენიშვნა 1] ჰემინგუეი ამბობდა, რომ მას არ მოსწონდა თავისი სახელი, რადგან იგი უკავშირებდა მას ოსკარ უაილდის გულუბრყვილო, სულელ პერსონაჟს დადგმიდან „იყო ერნესტის მნიშვნელობა“.[36] ოჯახის შვიდოთახიანი სახლი, პატივსაცემი სამეზობლოში, მოიცავდა გრეისის მუსიკალურ სტუდიასა და კლარენსის მედიცინურ ოფისს.[37]
ჰემინგუეი დადიოდა ოკ-პარკ და რივერ-ფორესტის სკოლაში 1913 წლიდან 1917 წლამდე, სადაც ვარჯიშობდა სხვადასხვა სპორტში: ბოქსი, თხილამურები, ფეხბურთი, წყალბურთი. ჰქონდა კარგი ნიშნები ინგლისურში.[38] ერნესტი და მისი და, მარსელინა, ორი წლის განმავლობაში უკრავდნენ სკოლის ორკესტრში [39] უმცროს ასაკში მეცადინეობდა ჟურნალისტიკაში, ასწავლიდა ფენი ბიგსი. კლასის საუკეთესო მწერლებს საშუალება ჰქონდათ განეთავსებინათ საკუთარი ნაწარმოები სკოლის გაზეთში The Trapeze. ერნესტსა და მარსელინას ჰქონდათ განთავსებული თავისი სტატიები ამ გაზეთში; ჰემინგუეის პირველი სტატია, გამოქვეყნებული 1916 წლის იანვარში, ეხებოდა ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის ადგილობრივ შესრულებას.[40] მან გააგრძელა წვლილის შეტანა ამ საქმეში და დაიწყო როგორც Trapeze-ს, ასევე Tabula-ს (სკოლის გაზეთისა და ყოვეწლიური წიგნი) რედაქტირება. მსგავსად მარკ ტვენის, სტივენ კრეინის, თეოდორ დრაიზერისა და სინკლერ ლიუისისა, ჰემინგუეიც იყო ჟურნალისტი სანამ შეუდგებოდა ნოეველების წერას. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან დაიწყო რეპორტიორად მუშაობა The Kansas City Star-ში[41] მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ ექვსი თვე მუშაობდა ამ გაზეთში, იგი შემდეგაც იყენებდა Star-ის წერის სტანდარტს: „გამოიყენე მოკლე წინადადებები. პირველი პარაგრაფი უნდა იყოს მოკლე. გამოიყენე ენერგიული ინგლისური. იყავი პოზიტიური, და არა ნეგატიური.“[42]
სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჰემინგუეი ერთ ხანს ადგილობრივ გაზეთში თანამშრომლობდა, მერე კი ევროპაში გაემგზავრა. იქ მაშინ პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა და ახალგაზრდა მწერალმა გადაწყვითა ბრძოლებში მიეღო მონაწილეობა. თავდაპირველად უარი უთხრეს ომში გაგზავნაზე, რადგან კრივის გაკვეთილებზე თვალი სერიოზულად დაზიანებოდა. ბოლოს მაინც მოახერხა ნებართვის მიღება და 1918 წლის გაზაფხულზე წითელი ჯვრის ავტოკოლონაში ჩაირიცხა, რომელიც იტალიაში მიემგზავრებოდა. მალევე გაამწესეს იტალია-ავსტრიის ფრონტზე, და ორი თვე არც კი გასულიყო, რომ ცეცხლის ხაზზე მოხვდა და მძიმედ დაიჭრა. ყუმბარის ნამსხვრევებს სულ დაეცხრილა, ორასზე მეტი ჭრილობა ჰქონდა. მიუხედავად დიდი ტრავმისა, მაინც მოახერხა დაჭრილი იტალიელი ჯარისკაცი უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. მაშინვე მილანში გადაიყვანეს და ზედიზედ რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ეს ყველაფერი თითქმის ზედმიწევნით არის აღწერილი რომანში „მშვიდობით, იარაღო!“. ჰემინგუეი სამხედრო მამაცობისთვის ორჯერ დააჯილდოვეს იტალიური ორდენებით.
ჰოსპიტალში სამკურნალოდ მყოფს ამერიკელი მედდა შეუყვარდა. ათი წლის შემდეგ ეს სასიყვარულო ამბავი, ასევე სამხედრო გამოცდილება დაედო საფუძვლად მის ცნობილ რომანს „მშვიდობით, იარაღო!“
ოუკ-პარკში ომის გმირად დაბრუნებული იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მის მშობლიურ მხარეში ცხოვრება საკმაოდ მოსაწყენი იყო და ჩიკაგოური ჟურნალის რედაქციაში მოეწყო სამუშაოდ. სწორედ იქ გაიცნო მწერალი შერვუდ ანდერსონი, რომელმაც დაარწმუნა, ამერიკული დასავლეთის „უსულობას“ გასცლოდა და ევროპაში გამგზავრებულიყო. 1921 წელს, ჰედლი რიჩარდსონზე დაქორწინების შემდეგ, ჰემინგუეი ევროპაში გაემგზავრა.
რამდენიმე მოთხრობის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებამ ჰემინგუეის ყურადღება მიაქცია. მისმა ორიგინალურმა წერის მანერამ და თხრობის სტილმა მკითხველზე შოკური ეფექტი მოახდინა. ამას დაემატა ჰემინგუეის, როგორც პიროვნებისადმი გამოჩენილი ყურადღება. მით უმეტეს, რომ თვითონ აქტიურად ცდილობდა, „მამაცი გმირის“ სახე დაემკვიდრებინა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრილმა მცირე ძალისხმევა როდი გამოიჩინა, რომ ჯერ შეექმნა, შემდეგ კი ყველას თვალში გაემყარებინა შთაბეჭდილება საკუთარ თავზე, როგორც ჯარისკაცსა და სამხედრო კორესპონდენტზე, მამაც ადამიანზე, რომელიც გამუდმებით მიიწევს თავგადასავლებისკენ, კრივის, ნადირობის, თევზაობისა და ხარების ბრძოლის მოყვარულ ადამიანზე.
1930-იან წლებში, როგორც მისი ბიოგრაფები ამბობენ, „ვარსკვლავურმა დაავადებამ“ შეიპყრო და წერაზე მეტად საკუთარი თავის წარმოჩინებით იყო დაკავებული.
ჰემინგუეი ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ამ ქორწინებებიდან სამი ვაჟი დარჩა. პირველი რამდენიმე წელი, რომელიც პირველ ცოლ ჰედლი რიჩარდსონთან გაატარა, თითქმის იდეალური იყო. მათი ქორწინება დაირღვა, როდესაც მან მშვენიერი პოლინ პფეიფერი გაიცნო. ჰედლისთან განქორწინებას ჰემინგუეი ცხოვრების ბოლომდე თავისი ცხოვრების „უდიდეს ცოდვას“ უწოდებდა.
პოლინთან თორმეტი წელი იცხოვრა, მერე იყო მარტა, რომელიც ესპანეთში გაიცნო. მალე დაახლოვდნენ, მაგრამ მალევე გაიყარნენ.
ჰემინგუეის მეოთხე ცოლი, მერი უელში, თითქოს მისი შეკვეთით იყო შექმნილი. მომთმენი, ლამაზი, ჰემინგუეიზე ცხრა წლით უმცროსი, ქმარს მოწიწებით ეპყრობოდა და ეთაყვანებოდა. ჰემინგუეი მას „ჯიბის რუბენსის ნახატს“ უწოდებდა. ჰემინგუეის სიცოცხლის ბოლომდე ისინი ერთად ცხოვრობდნენ იმის წყალობით, რომ მერი თავისი ქმრის ბევრ საქციელზე ხუჭავდა თვალებს.
პირველი თავისებურება ჰემინგუეის სტილისა ეს არის გამომსახველ საშუალებათა უდიდესი სიძუნწით ხმარება. იგი ცდილობს მინიშნებით გააცნოს მკითხველს ესა თუ ის სიტუაცია, უშუალოდ დაანახვოს მას გმირი. კი არ მოგვითხრობს თავისი გმირების თავგადასავალს, არამედ გვაჩვენებს, და ყოველგვარ მსჯელობას თუ ავტორისეულ რემარკებს თავს არიდებს. იგი მკითხველის აქტიურ ჩარევას გულისხმობს, რომელმაც თავის წარმოდგენაში უნდა აღადგინოს ის, რაც ავტორმა განგებ გამოტოვა - გმირისა თუ მოვლენის დახასიათება, მისი ბიოგრაფია თუ მომავალი.
„მე ვნახე მარლინების ქორწილის გრანდიოზული სანახაობა, ზედმიწევნით გავეცანი მეთევზეთა ცხოვრების ყოველ დეტალს, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა, მაგრამ „მოხუცსა და ზღვაში“ ესენი სულ გამოვტოვე, რადგან ისედაც იგრძნობა ეს, როდესაც მოთხრობას კითხულობთ. როდესაც იცი და ისე გამოტოვებ, არაფერი იკარგება, მკითხველი მაინც გრძნობს იმ გამოტოვებულს და წარმოსახვაში თვითონვე აღადგენს, ხოლო როდესაც არცოდნის გამო გამოტოვებს რამეს მწერალი, როდესაც იმიტომ გამოტოვებს, რომ არ იცის, ესეც ხელადვე საგძნობი გახდება და ყველაზე დიდი უბედურებაც ეს არის[43].“ | |
(ე. ჰემინგუეი) |
ჰემინგუეი აისბერგს ადარებს ლიტერატურას: მხოლოდ მერვედი ნაწილი ჩანს აისბერგისა წყალს ზემოთ, დარჩენილი წყალშია, დაფარული; ლიტერატურაშიაც ასე უნდა, მერვედი ნაწილი უნდა დაიწეროს იმისა, რაც მწერალმა იცის და რაც ნაწარმოებში იგულისხმება. ჰემინგუეი ცდილობს, არც ერთი ზედმეტი ფრაზა არ იხმაროს, მაგრამ, სამაგიეროდ, შეარჩიოს ისეთი სიტყვა, რაც ზედმიწევნითი სისწორითა და სიმართლით გამოხატავს და შექმნის საჭირო განყწობილებას. ოცდაცხრამეტჯერ დავწერე რომანის „მშვიდობით, იარაღო!“ დასასრულიო, განაცხადა ჰემინგუეიმ, და როდესაც ჰკითხეს, მაინც რა გაგიძნელდაო, მან უპასუხა: შესაფერ სიტყვას ვეძებდიო.
პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
ერნესტ ჰემინგუეი ვიკიციტატებში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.