From Wikipedia, the free encyclopedia
ამირ აბას ჰოვეიდა (სპარს. امیرعباس هویدا დ.18 თებერვალი, 1919, თეირანი — გ. 7 აპრილი, 1979, თეირანი) — ირანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობის დროს 1965 წლიდან 1977 წლამდე.[1]
ამირ აბას ჰოვეიდა | |
სპარს. امیرعباس هویدا | |
ირანის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 იანვარი 1965 – 7 აგვისტო 1977 | |
მონარქი | მოჰამედ რეზა ფეჰლევი |
წინამორბედი | ჰასან ალი მანსური |
მემკვიდრე | ჯამშიდ ამუზეგარი |
დაბადებული | 18 თებერვალი 1919 ირანი, თეირანი |
გარდაცვლილი | 7 აპრილი 1979 თეირანი, ირანი |
პოლიტიკური პარტია | ირანე ნოვინი (1963-1975) რასთახიზი (1975-1978) |
მამა | ჰაბიბულა ჰოვეიდა |
დედა | აშრაფ ოლ-მოლუქი |
მეუღლე | როზიტა მანსური (1950-1951) ლეილა ემამი (1964-1973) |
განათლება | ბრიუსელის უნივერსიტეტი (1941) |
რელიგია | ისლამი, შიიზმი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენი სისნეროსის ორდენი(ესპანეთი) |
ხელმოწერა |
ამირ აბას ჰოვეიდა დაიბადა 1919 წლის 18 თებერვალს თეირანში დიპლომატ ჰაბიბულა ჰოვეიდას (ირანის ელჩი ლიბანსა და საუდის არაბეთში) და აშრაფ ოლ-მოლუქ სარდარის ოჯახში. 1938 წელს ბეირუთში დაამთავრა ფრანგული სკოლა. სწავლა განაგრძო ჯერ ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, შემდეგ ბრიუსელსა და ლონდონში. 1941 წელს ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში დაამთავრა პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტი. ამ დროს ქვეყანა ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ.
ირანში დაბრუნებისთანავე ჩაირიცხა ოფიცერთა აკადემიაში, სადაც 8 თვე სწავლობდა.
დიპლომატიური საქმიანობა დაიწყო 1942 წელს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მუშაობდა პარიზში (1945 წლიდან 1947 წლამდე), ბონში (1947 წლიდან 1950 წლამდე), ანკარაში (1957 წ.). 1950 წელს დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის თანაშემწედ, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულა ენთეზამის მდივნად და რამდენიმე თვის შემდეგ ირანის წარმომადგენლად გაეროს ლტოლვილთა დახმარების კომიტეტში ჟენევასა და ნიუ-იორკში (1951 — 1956 წლებში).[2]
1958 წელს აირჩიეს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) დირექტორთა საბჭოს წევრად, შემდეგ — NIOC-ის მმართველ დირექტორად. მან შემოიტანა მენეჯმენტის დასავლური მეთოდები, ითვლებოდა ინოვაციურ მენეჯერად, ჩამოაყალიბა მუშებთან უკუკავშირის — წაახალისა საჩივრები, რეგულარულად მიირთმევდა საერთო სასადილოში, სადაც პირადად ესაუბრებოდა კოლექტივს.
იგი ემხრობოდა ადგილობრივი მაღალკვალიფიციური მუშათა კლასის ჩამოყალიბებას ირანში — უამრავი უცხოელი სპეციალისტის სანაცვლოდ. ჰოვეიდა და ჰასან ალი მანსური გარშემორტყმული იყვნენ პროგრესული მოაზროვნე ახალგაზრდა ტექნოკრატებით დასავლური განათლებით, რომლებთანაც ჰოვეიდა და მანსური განიხილავდნენ ეკონომიკური რეფორმების გზებს. შემდგომში ეს ელემენტები შეადგენდნენ 1963 წელს ჩამოყალიბებული ირანე ნოვინის პარტიის მხარდამჭერთა ბაზას.
1964 წლის 7 მარტიდან 1965 წლის 1 თებერვლამდე — ფინანსთა მინისტრი ჰასან ალი მანსურის მთავრობაში.[3]
1965 წლის 21 იანვარს ირანის პრემიერ მინისტრი ჰასან ალი მანსური მოკლა ისლამის ფედაინების ორგანიზაციის ბოევიკმა. ირანის შაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევმა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობა ჰოვეიდას შესთავაზა. პრემიერობის გარდა, ჰოვეიდა გახლდათ ირანის მმართველი პარტია ირანე ნოვინის დე ფაქტო ლიდერი (და ბოლო წლებში ოფიციალურად გენერალური მდივანი 1975 წლამდე), 1975-1976 წლებში იყო ახალი მმართველი პარტია რასთახიზის გენერალური მდივანი. ჰოვეიდა სარგებლობდა პრაგმატული პოლიტიკოსის რეპუტაციით. 1971 წლის ოქტომბერში მისი ორგანიზებით პერსეპოლისში გაიმართა სპარსეთის იმპერიის დაარსების 2500 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.
1979 წლის თებერვალში ისლამური რევოლუციის შედეგად შაჰის რეჟიმი დაემხო. მოჰამედ რეზა ფეჰლევის ქვეყნიდან წასვლისა და სავაქის მცველების გაქცევის შემდეგ შეწყალების იმედით ჰოვეიდა ახალ ხელისუფლებას ჩაბარდა. 1979 წლის 7 აპრილს ბრალი წაუყენეს 17 დანაშაულში. მათ შორის იყო: „დედამიწაზე კორუფციის გავრცელება“, „ომი ღვთის წინააღმდეგ“, „ამბოხის აქტები“, „შეთქმულება ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მეჯლისის არჩევნებში ჩარევით. მინისტრების თანამდებობიდან დანიშვნა და გათავისუფლება უცხოური საელჩოების მითითებით“, „ნავთობის, სპილენძის და ურანის უცხოელებისთვის გადაცემა“, „პირდაპირი მონაწილეობა ჯაშუშობაში დასავლეთისა და სიონიზმის სასარგებლოდ“. და ა.შ. სადექ ხალხალის ისლამური რევოლუციური სასამართლოს მიერ მიუსაჯეს სიკვდილი. დახვრიტეს იმავე დღეს. გაკვეთის დასკვნის მიხედვით, ის ასევე სავარაუდოდ სცემეს სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით ადრე. ამირ აბას ჰოვეიდა სამი თვის შემდეგ ნათესავებმა დაკრძალეს ბეჰეშტე-ზაჰრას სასაფლაოზე უსახელო საფლავში.[4]
1966 წლის 19 ივლისს ჰოვეიდა დაქორწინდა ლაილა ემამიზე (1932–2018). გაიმართა მოკრძალებული საქორწინო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ შაჰი, დედოფალი ფარაჰ ფეჰლევი, ლაილას მშობლები, ჰოვეიდას დედა, მისი მეგობარი მანუჩეჰრ შაჰღოლი და მისი მეუღლე. ქორწინება დასრულდა ხუთი წლის შემდეგ, 1971 წელს, თუმცა ისინი მეგობრებად დარჩნენ და ხშირად ერთად მოგზაურობდნენ.
ამირ აბას ჰოვეიდა საუბრობდა სპარსულ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ, გერმანულ და არაბულ ენებზე. დაწერა რამდენიმე წიგნი ფრანგულად და ინგლისურად, რომელთა უმეტესობა ითარგმნა სპარსულ ენაზე.
იყო მასონი (1960 წლიდან). ჭორების თანახმად, გახლდათ ბაჰაიზმის მიმდევარი (თავად ჰოვეიდამ უარყო ეს).[5][6]
2000 წელს აბას მილანმა გამოაქვეყნა ჰოვეიდას ბიოგრაფია სათაურით "სპარსელი სფინქსი" ინგლისურად, 2001 და 2002 წლებშიგამოვიდა სპარსულ ენაზე. [7]
ჰოვეიდას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საპატიო ლეგიონის მეთაურის წოდება
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.