პრიმატები (ლათ. Primates) — ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 13-15 სმ-დან 175 სმ და მეტს, მასა 60-100 გრ-დან 180 კგ აღწევს. აქვთ კარგად განვითარებული ხუთთითიანი კიდურები. ცერი მოძრავია და დანარჩენ თითებს უპირისპირდება. თითის ბოლო ფალანგებზე არის ფრჩხილები (გამონაკლისია ტუპაიები). აქვთ ლავიწი, იდაყვი და სხივის ძვლები ერთმანეთს არ ეზრდება. ბეწვი უმეტესად სქელია, კარგად განვითარებული, ნახევრად მაიმუნებს თივთიკიც აქვთ. შეფერილობაში უმეტესად კაშკაშა ტონები ჭარბობს. თვალბუდეები საფეთქლის ფესოსაგან გამოყოფილია ძვლოვანი რგოლით ან ტიხრით. ნახევრად მაიმუნების თავის ტვინი თითქმის მოკლებულია ღარებსა და ხვეულებს, კარგადაა განვითარებული ყნოსვის წილანები, ნახევარსფეროები ნათხემს მხოლოდ ნაწილობრივ ფარავენ. მაიმუნებისა და ადამიანის ტვინის ნახევარსფეროები, რომლებიც მთლიანად ფარავენ ნათხემს, მრავალრიცხოვან ღარებსა და ხვეულებს შეიცავენ. ყნოსვის წილანები სუსტადაა გამოხატული, მხედველობის მიდამოები კარგად განვითარებულია. პრიმატებს უმეტესად ბინოკულარული (მაიმუნებისა და ადამიანის, ამის გარდა, ფერადიც) მხედველობა აქვთ. თავის ტვინის ძლიერი განვითარების გამო ტვინის ქალას მოცულობა დიდია. ქალას სახის ნაწილი დაგრძელებულია. კბილების სისტემა ჰეტეროდონტული (საჭრელები, ეშვები, მცირე და დიდი ძირითადი კბილები) და დიფიოდონტურა (სარძევე და მუდმივი კბილები). ადამიანსა და ცხვირვიწრო მაიმუნებს 32 კბილი აქვთ, ნახევრად მაიმუნების უმეტესობას და კაპუცინისებურებს — 36. პრიმატებს აქვთ ნაღვლის ბუშტი, კარგად განვითარებული ბრმა ნაწლავი. უმდაბლესი პრიმატის საშვილოსნო ორრქიანია, უმაღლესისა — მარტივი. პრიმატების უმრავლესობის პლაცენტა დისკოიდურია.

სწრაფი ფაქტები პრიმატები, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
დახურვა

თანამედროვე პრიმატებს ყოფენ 2 ქვერიგად: უმდაბლესი პრიმატები ანუ ნახევრად მაიმუნები (Prosimii) და უმაღლესი პრიმატები ანუ მაიმუნები (Anthropoidea). მათში გაერთიანებულია 12 ოჯახის 57 გვარი და 200 სახეობა. გავრცელებული არიან უმთავრესად აფრიკაში (მადაგასკარის ჩათვლით), აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, მალაის არქიპელაგის მრავალ კუნძულზე, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში (გიბრალტარში).

პრიმატები ბინადრობენ უმთავრესად ხეებზე. (ბაბუინები, ზოგიერთი ტუპაია და ლემური — ძირითად მიწაზე). აქტიური არიან დღისით. ტერფმავალი ცხოველებია, ქმნიან ჯოგებს; იშვიათად გვხვდებიან წყვილებად ან ერთეულებად. იკვრბრბიან შერეული საკვებით, უფრო მცენარეულობით, იშვიათად მწერებსაც ჭამენ. მრავლდებიან მთელი წლის მანძილზე. შობენ ერთ ნაშიერს, უმდაბლესი პრიმატები — 2-3 ნაშიერს.

ნამარხი ადამიარების მსგავსი მაიმუნები ცჰნდებიან მხოლოდ ოლიგოცენურ ეპოქაში. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დრიოპითეკების სხვადასხვა სახეობათა ნაშთები, რომლებიც ევროპის მიოცენურ ნალექებშია ნაპოვნი. მათ ადამიანის მსგავსი ადამიანებისა და ადამიანის საერთო წინაპრად მიიჩნევენ.

პრიმატების პრაქტიკული მნიშვნელობა შედარებით მცირეა, თუმცა აბორიგენები მრავალი მათგანის ხორცს საკვებად იყენებენ. ტყავისაგან სხვადასხვა ნაკეთობას ამზადებენ. მაიმუნებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერიმენტებისთვის. ზოგიერთი მათგანი შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის „წითელ წიგნში“.

ლიტერატურა

  • ჯანაშვილი ა., ხერხემლიანთა ზოოლოგია, გამოც. მე-3, თბ., 1956;
  • Вебер М., Приматы, [пер. с нем.], М. - Л., 1936; Жизнь животных, т. 6, М., 1971.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984.  გვ. 191.
სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.