მარტინ ჰაიდეგერი (გერმ. Martin Heidegger; დ. 26 სექტემბერი, 1889, მესკირხი, ბადენი — გ. 26 მაისი, 1976, იქვე) — გერმანელი ფილოსოფოსი, XX საუკუნის ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა იეზუიტების სკოლაში, შემდეგ ჰ. რიკერტთან ფრაიბურგის უნივერსიტეტში (ბრაისგაუ). 1916 იყო ე. ჰუსერლის ასისტენტი, პროფესორი მარბურგის (1922–1928), ფრაიბურგის (1928–1945) უნივერსიტეტებში. 1933–1934 ფრაიბურგის უნივერსიტეტის რექტორი. 1945 ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა სოფელ ტოდტნაუბერგში. ჰაიდეგერის მოძღვრების ამოსავალია ს. კიერკეგორის ეგზისტენციალური განცდები და ფ. ნიცშეს ირაციონალიზმი, ხოლო მეთოდი - ე. ჰუსერლის ფენომენოლოგია და ვ. დილთაის ჰერმენევტიკა, საკუთარი ფილოსოფიის სახელმძღვანელო აზრთან მისვლას კი იგი ფ. ბრენტანოს უმადლის.
მოძღვრება
ჰაიდეგერის მოძღვრების სახელმძღვანელო აზრია ონტოლოგიური პრობლემა — ყოფიერების საზრისის გარკვევა. ჰაიდეგერის აზრით, ტრადიციულ ონტოლოგიას ეს პრობლემა არ ესმოდა. მისი შეხედულებით, ყოფიერების საზრისის გაგების ჰორიზონტია ეგზისტენციალური დრო — დროულობა (Zeitlichkeit), როგორც ნამყო-აწმყოობადი მომავალი (Gewesend-gegenwärtigende Zukunft). მას ეფუძნება ადამიანის ზრუნვითი ცხოვრება, მისი ისტორიულობა და ისტორია, საერთოდ სამყარო-დრო, როგორც „ვულგარული“ დრო. დროულობის ტრანსცენდენტალური სტრუქტურა არის ეგზისტენცის ყოფნის „ზრუნვის“ ონტოლოგიური საზრისი. ამგვარად, ჰაიდეგერის აზრით, ყოფიერების ნამდვილი საზრისის გარკვევის მისია უნდა შეასრულოს „ფუნდამენტალურმა ონტოლოგიამ“, ე. ი. ადამიანის ყოფნის (Dasein) ეგზისტენციალურ-ფენომენოლოგიურ ანალიზზე დაყრდნობილმა ტრანსცენდენტალურმა ონტოლოგიამ.
ადამიანის არსებობაა ეგზისტენცია — ყოფიერებასთან ღია, დაუფარავი, ამავე დროს დაფარული მიმართება. ეგზისტენციალები მიუთითებენ ადამიანის არსებობის არანამდვილობასა (გაუცხოება, გადასროლილობა, Man და სხვ.) და ნამდვილობაზე (სინდისის ხმა, გადაწყვეტილობა, არჩევა და სხვ.). ინდივიდმა უნდა შეძლოს პირველიდან მეორემდე ამაღლება. საამისო იმანენტური ძალა მასშივეა: მარტოობისა და სიჩუმის დროს სინდისის უხმო ძახილი სწორედ ამას მოუწოდებს პიროვნებას. Man დაიძლევა მაშინ, როცა ინდივიდი გააცნობიერებს თავისი ყოფის სასრულობის განსაზღვრულობას; ნამდვილი პიროვნების ამოცანაა „ჩახედოს თავის გარდაუვალ ხვედრს თვალებში“ და გახდეს „თავისი სიკვდილის გმირი“, რადგან ადამიანის ყოფა „ნაპერწკალია წყვდიადში“, არარასთან დგომაა, ამიტომ პიროვნებამ საკუთარი გადაწყვეტით, თავისუფლებით უნდა განახორციელოს თავისი ერთჯერადი ცხოვრების აზრი.
ჰაიდეგერის ადრინდელი თვალსაზრისი ეგზისტენციალურ ანთროპოლოგიად შეიძლება მივიჩნიოთ. მეორე პერიოდში კი იგი ყურადღებას ამახვილებს ყოფიერების იდუმალებაზე, ეგზისტენციის ყოფიერებით განსაზღვრულობაზე, ენაზე, როგორც „ყოფიერების სახლზე“, ყოფიერების ჭეშმარიტებაზე, ამასთან, მისთვის მთავარია არა „შემობრუნება“, ცალკეული პერიოდი, არამედ გზის ერთიანობა, გზაზე სვლა. ფილოსოფოსობა არის ძიება, გზაზე ყოფნა, რისთვისაც აუცილებელია დასავლეთის რაციონალური და აღმოსავლეთის არაცნობითი აზროვნების შეხვედრა. ევროპა ყოფიერების გახსენებით უნდა მივიდეს აღმოსავლეთთან. ბოლო პერიოდში ჰაიდეგერთან აღნიშნავენ რელიგიურ ტენდენციებს, მის მოძღვრებას სეკულარიზებულ თეოლოგიად მიიჩნევენ.
ჰაიდეგერის ფილოსოფია უჩვეულო ტერმინოლოგიის გამო დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ხშირად თვით ეგზისტენციალისტებიც ვერ უგებენ ერთმანეთს (მაგ., ჰაიდეგერი და ჟ.პ. სარტრი).
ჰაიდეგერის მოძღვრება ხასიათდება ანტისციენტიზმით, ირაციონალიზმით, სუბიექტივიზმით, ლოგიკურის მიმართ ემოციურის პრიმატით.
მუნყოფიერება
სუბიექტის სუბიექტურობა ნათელს ხდის, ჰაიდეგერის აზრით, ადამიანის სრულ დამოკიდებულებას მისგან არსებითად განსხვავებულზე, საერთოდ ყოველგვარი არსებულისგან განსხვავებულზე, არარაზე; ნათელს ხდის,რადგან ყოველი არსებული, რასაც კი რაიმენაირი "არის"-ი მიეწერება აუცილებლობით გულისხმობს ადამიანს, როგორც სასრულობას, სასრულობა კი არ შეიძლება თვითმყოფი და თავის თავის საფუძველი იყოს, ამის გაცნობიერება მოხდა, ჰაიდეგერის აზრით ყოფიერება და დროში. ამ ნაწარმოებში წამოყენებული დებულება: "მუნყოფიერების "არსება" მის ეგზისტენცში ძევს", სხვას არაფერს ნიშნავდა. ეს არაა ესენციის და ეგზისტენციის ტრადიციული დაპირისპირება, ესეიგი სამყაროს გარეთ გასვლა ანუ ტრანსცენდენტის წყალობითაა არსებული. ეგზისტენცი როგორც ადამიანის არსება უპირისპირდება, არა მარტო ინ-სისცენცს, ე.ი. ადამიანის საყრდენის სამყაროშივე დანახვას, არამედ ეგზისტენციასაც. ეს უკანასკნელი ჰაიდეგერს მიაჩნია როგორც არამუნყოფიერებისნაირი, ე.ი. ადამიანისგან პრინციპულად განსხვავებულ ყოფიერთა, ობიექტთა დამახასიათებელი.
ძირითადი შრომები
- „ყოფიერება და დრო“, 1927.
- „ჭეშმარიტებასა და ფაქტებზე“, 1943.
- „ენის საუბარი“, 1959.
ლიტერატურა
- კ.ბაქრაძე, ექსისტენციალიზმი.1962.
- П. Гайденко, Екзистенциализм и проблема культуры. 1963.
- XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია.თბილისი.1970წ.
- გორდეზიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 589.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.