From Wikipedia, the free encyclopedia
ქანდაკება, სკულპტურა (ლათ. sculptura < sculpo — „გამოჭრა“, „ვთლი“) — სახვითი ხელოვნების პლასტიკა — გამოსახულება, რომლის შექმნასაც აქვს მოცულობითი ფორმა და სრულდება მაგარი ან პლასტიკური მასალებისგან.
სკულპტურების მთავარი ჟანრია — პორტრეტი, ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სიმბოლური, ალეგორიული გამოსახულება, ცხოველების გამოსახულება. სკულპტურების სამხატვრო გამოხატულებაა მოცულობითი ფორმის შექმნა, პლასტიკური მოდელირება (გამოქანდაკება), სილუეტის შექმნა, ფაქტურის, ზოგიერთ შემთხვევაში ფერისაც კი.
განასხვავებენ მომრგვალო სკულპტურასა (სტატუა, ჯგუფები, სტატუეტი, ბიუსტი, შეიძლება შეხედოთ სხვადასხვა მხრიდან) და რელიეფურს (როცა გამოსახულება მდებარეობს სიბრტყეზე). მონუმენტური სკულპტურა, ძეგლები, მონუმენტები ურთიერთობაშია არქიტექტურულ მხარესთან.
სკულპტურების შემადგენლობა შეიძლება იყოს ლითონი, ქვა, თიხა, ხე, თაბაშირი და სხვა. მისი დამუშავების მეთოდებია გამოქანდაკება, გამოძერწვა, ამოჩხაპნა, გამოჭრა, გამოთლა და სხვა.
იტალიური რენესანსის დროიდან მოყოლებული მოქანდაკეები ქმნიდნენ რეალური საგნების, რეალური სამყაროს მეტ-ნაკლებად ზუსტ გამოსახულებებს. სკულპტურა ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა თვითგამოხატვის საშუალებას. ეს იყო სახალხო ხელოვნება რომელიც შენობებს, სხვადასხვა დაწესებულებებს დეკორს უკეთებდა. სკულპტურა გამოიყენებოდა სხვადასხვა ისტორიული მოვლენის, დღესასწაულის თუ პიროვნების უკვდავსაყოფად.
XX საუკუნემ ფაქტობრივად გაანადგურა ქანდაკების ტექნოლოგიის ტრადიციები, მისი თემატიკა გახადა უფრო მრავალფეროვანი. ამ მხრივ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი XIX საუკუნის გამოჩენილმა მოქანდაკემ ოგიუსტ როდენმა გადადგა. როდენი შეიძლება მოვიაზროთ როგორც ტრადიციონალისტი, მისი ადამიანური სილამაზის გამორჩეული ხედვით, თუმცა მისი ნამუშევრები გამოირჩევა სინათლის საუცხოო თამაშითა და მოდერნული სტრუქტურით.
XX საუკუნის დასაწყისში ხელოვნების ამ დარგში, მნიშვნელოვანი და გაბედული ნაბიჯები გადადგეს პაბლო პიკასომ და ჟორჟ ბრაკიმ, რომლებიც იყვნენ იმ პერიოდის „კუბიზმის“ წარმომადგენლები. კუბისტები ყველაზე უბრალო საგნებს გამოსახავდნენ, რითიც ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ წმინდა პლასტიკური ენის უპირატესობა. საკუთარი მოღვაწეობით ისინი მკვეთრად სცილდებოდნენ ცხოვრებისეული სიუჟეტის ფარგლებს. ამან წარმოაჩინა ხელოვნების ავტონომიის მოდერნისტული იდეა.
პირველი ნაბიჯები კუბიზმის მოძრაობამ მხატვრობაში გადადგა, მაგრამ მალევე პაბლო პიკასომ მოძრაობის ტრადიციული სვლა ფერწერაში შეცვალა და შექმნა კუბისტური ქანდაკება. მალევე სკულპტურით დაინტერესდა გამოჩენილი ფერმწერი ჟაკ ლიფშიცი. კუბიზმის შემდეგ ჩამოყალიბდა მრავალი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა,მათ შორის ფუტურიზმი,კონსტრუქტივიზმი,პრიმიტივიზმი და დადაიზმი, რომელთა აყვავების ოქროს ხანა პირველი მსოფლიო ომის (1914–1918) წლებში იყო.
XX საუკუნეში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ქანდაკების აფრიკული და წყნარი ოკეანის რეგიონის სტილი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა იმ დროის მოქანდაკეებზე. ძერწვის ოსტატებმა უარი თქვეს ყოველგვარ რეალიზმზე და გადაწყვიტეს თავიანთ ნამუშევრებში უფრო მეტი ემოცია და გრძნობა შეეტანათ, რითიც მათ თავიანთ ნამუშევრებში საკუთარი ინდივიდუალობის უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობა ეძლეოდათ. აღსანიშნავია ამერიკელი იაკობ ეფშტეინის მოღვაწეობა, რომელსაც პრიმიტივიზმის ძლიერი გავლენა ეტყობოდა. იაკობი დასახლდა დიდ ბრიტანეთში, სადაც მისი „უხამსი“ და „საშინელი“ ნამუშევრები დიდი სკანდალის მიზეზი გახდა, და ეს სკანდალი მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე გრძელდებოდა.
სწორედ პრიმიტივიზმის გავლენა იყო ის ფაქტი, რომ მოქანდაკეებმა გაამარტივეს გამოსახულებები, თავიანთ შემოქმედებაში მიაღწიეს სრულ აბსტრაქციას, მაგრამ ამასთანავე შეინარჩუნეს დიდი ემოცია და ნამუშევრის სიუჟეტის საიდუმლოება. ერთ-ერთი ასეთი მოქანდაკე იყო ჟან არპი. იგი ქმნიდა სადად გამოძერწილ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ მაღალი ინსტრუმენტული ხარისხით. აღსანიშნავია რუმინელი კონსტანტინ ბრანკუზი, რომელიც ასხამდა ბრინჯაოს. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი სერია „ფრინველი სივრცეში“, რომელიც წარმოადგენს უბრალო, გლუვი ზედაპირის მქონე ნამუშევრებს. ფორმათა პირობითობა, მონუმენტურობა და ძლიერი პლასტიკა დამახასიათებელია საუკუნის მოქანდაკე, ბრიტანელი ჰენრი მურისთვის.
საკუთარი სიტყვა თქვეს და აქტიურად მოღვაწეობდნენ ამ დარგში იტალიური ფუტურიზმის წარმომადგენლები, რომლებმაც თავისებურად გაიაზრეს და შემოქმედებაში გამოიყენეს თანამედროვე ცხოვრების დინამიურობა და სიჩქარე. კონსტრუქტივიზმის მიმდევრებიც მოდერნისტულად აზროვნებდნენ, თუმცა მათ მიზნებს ინდივიდუალობა აკლდათ. ნაუმ გამბო და კონსტრუქტივიზმის სხვა წარმომადგენლები ცდილობდნენ აღმოეჩინათ ახალი ტექნოლოგიები ფორმათა შექმნის თვალსაზრისით. სწორედ ისინი იყვნენ ნოვატორები ქანდაკებაში საწარმოო მასალის გამოყენებისა.
მალე ასპარეზზე გამოჩნდა და გააქტიურდა მიმდინარეობა დადაიზმი, რომელმაც ხაზი გადაუსვა ყოველგვარ ტრადიციას ქანდაკებაში. დადაიზმის წარმომადგენლები საკუთარ „ანტიხელოვნების“ კოლაჟებში უამრავ შემთხვევით ნივთს ურევდნენ, ხშირად ნაგავსაც კი და ამით თავიანთი წარმოდგენით, განსაკუთრებულ ეფექტს ქმნიდნენ. დადაიზმის ბევრი დამცინავი ნიმუში გარკვეული დროის შემდეგ კვლავ აღმოცენდა, თუმცა მათგან ამოიღეს დამცინავი ელემენტები.
1914 წელს დაიწყო ხელოვნების რევოლუცია, რომელმაც ხელოვნების ყველა დარგზე მოახდინა გავლენა, განსაკუთრებით კი სახვით ხელოვნებაზე. ამ პერიოდში ყალიბდება კიდევ ერთი ცნობილი მიმდინარეობა ექსპრესიონიზმი. მისი გამორჩეული წარმომადგენელი იყო ალბერტო ჯიაკომენტი, რომლის ნამუშევრებშიც იგრძნობა უკიდურესი დაძაბულობა და ტრაგიზმი ადამიანის იმდროინდელ მსოფლშეგრძნებასა და ეგზისტენციალურ ცნობიერებაში. ექპრესიონიზმი თვითონ ხელოვანის სულიერ სამყაროს აცხადებს ერთადერთ უტყუარ რეალობად, რომელიც შემდეგ მთელი მისი შემოქმედების რეალობა ხდება.
1945 წლიდან თანამედროვე სკულპტურა საზოგადოებისთვის მისაღები ხდება. მისი თემატური მრავალფეროვნება, მასში გაჟღერებული სიახლეები და რეალობა ხალხში გაოცებას, შოკს და უარყოფით დამოკიდებულებას აღარ იწვევს. მისაღები ხდება მეტალისგან ჩამოსხმული ქანდაკებები, რომელიც პირველად დევიდ სმითმა შემოიღო, შემდეგ კი ენტონი კარომ „გააფერადოვნა“ და გააცოცხლა.
1950 წლიდან საზოგადოებაში გავრცელდა პოპ-არტი ანუ პოპულარული ხელოვნება, რომლის წარმომადგენლებიც მომხმარებლის მოთხოვნისამებრ ქმნიდნენ მოდერნისტულ ნამუშევრებს. მაგალითად, ჯასპერ ჯონსმა ჩამოასხა ლუდის უდიდესი კათხები, კლას ოლდენბურგმა კი — ჰამბურგერისა და ნაყინის გიგანტური სკულპტურები.
ამგვარად საზოგადოებამ საბოლოოდ მიიღო სკულპტურა, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი და მას აღარ აშინებდა ქანდაკების განვითარება და ინოვაციები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.