From Wikipedia, the free encyclopedia
ტავაკულ კარმანი (დ. 7 თებერვალი, 1979, თაიზი, იემენი) — იემენელი უფლებათა დამცველი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცებაში ელენ ჯონსონ-სირლიფთან და ლეიმა გბოვისთან ერთად. ჯილდო გადაეცათ „ქალების უსაფრთხოებისა და ქალების უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლისა და სამშვიდობო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის გამო“.[9][10]. გახდა იემენის პირველი მოქალაქე, პირველი არაბი ქალი და მეორე მუსულმანი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია[11], ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის ლაურეატი[12].
ტავაკულ კარმანი | |
---|---|
არაბ. توكل عبد السلام خالد كرمان | |
დაბადების თარიღი | 7 თებერვალი, 1979[1] [2] [1] (45 წლის) |
დაბადების ადგილი | თაიზი[3] |
მოქალაქეობა | იემენი[4] [5] [6] |
განათლება | Sanaa University, ალბერტის უნივერსიტეტი და University of Massachusetts Lowell |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[7] [8] |
tawakkolkarman.net tkif.org/en/ | |
საერთაშორისო დონეზე ცნობადი სახე გახდა 2011 წელს მიმდინარე იემენის რევოლუციის დროს (არაბული გაზაფხულის ნაწილი). იემენელები მას ასევე უწოდებდნენ „რკინის ქალბატონს“ ან „რევოლუციის დედას“[13][14].
ჟურნალისტიკით დაინტერესდა 2005 წელს. 2007 წელს მან დაიცვა ახალი ამბების მობილური სერვისი, რომელსაც ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა. მოგვიანებით ორგანიზება გაუკეთა ყოველკვირეულ აქციას პრესის თავისუფლების დასაცავად[15][16]. მხარს უჭერდა ჟასმინის რევოლუციას ტუნისში, რომელსაც მოჰყვა ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის გადადგომა. იყო იემენის პრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის პოლიტიკური ოპონენტი[17].
WikiLeaks-ის თანახმად, ტავაკულ კარმანი, რომელიც საჯაროდ გმობდა საუდის არაბეთის პოლიტიკას, ფარულად შეხვდა ამ ქვეყნის ხელისუფლებას და ითხოვდა მათ მხარდაჭერას. ასევე დაადანაშაულა იემენის მეორე პრეზიდენტი აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადი ჰუტისა და ალ-ქაიდას მხარდაჭერაში[18].
ტავაკულ კარმანი დაიბადა 1979 წლის 7 თებერვალს იემენის შარაბ ას-სალამის რაიონში, თაიზის მუჰაფაზაში. მამამისი აბდელ სალამ ქარმანი იყო იურისტი და პოლიტიკოსი, ორჯერ ეკავა იუსტიციიის მინისტრის თანამდებობა ალი აბდალა სალეჰის მთავრობაში. ტავაკულ კარმანი გაიზარდა ქალაქ თაიზში და სწავლობდა ამავე ქალაქში.
ტავაკულ ქარმანმა განაცხადა, რომ მისი ოჯახი წარმოშობით ანატოლიიდან, ქალაქ ქარამანიდან არის, რომელიც მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. თურქეთის მთავრობამ მას შესთავაზა მოქალაქეობა და კარმანმა მიიღო კიდეც იგი 2012 წლის 11 ოქტომბერს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს ხელით[19][20][21].
განათლება მიიღო სანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტშ, რომელიც დაასრულა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით, შემდეგ პოლიტოლოგიის მაგისტრი აგხდა სანის უნივერსიტეტში. 2012 წელს გახდა კანადა]]ში მდებარე ალბერტის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი საერთაშორისო სამართალში.
საზოგადოებისათვის ცნობილია ასევე მისი დები: პოეტი ტარიკ კარმანი[22] და საფა კარმანი — ტელეარხ ალ-ჯაზირას ჟურნალისტი[23].
ტავაკულ კარმანის მეუღლეა მოჰამედ ალ ნაჰმი[13][24], წყვილს ჰყავთ სამი შვილი[25].
2005 წელს ტავაკულ კარმანმა კიდევ სხვა შვიდ ჟურნალისტ ქალბატონთან ერთად შექმნა უფლებათადამცველი მოძრაობა „ჟურნალისტები ჯაჭვების გარეშე“, რომლის მიზანიც იყო დაეცვათ ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით აზრისა და გამოხატვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებები[26][27]. ამ ორგანიზაციის მეორე სახელწოდება იყო „ქალი რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, ეს სახელი ოფიციალურად მიანიჭეს, რათა მიეღოთ ლიცენზია მთავრობისაგან[28].
კარმანის თქმით, მან ხელისუფლების მხრიდან მუქარა მიიღო ტელეფონით და ფოსტით, ოფიციალური გაზეთისა და რადიოს შექმნის შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმის გამო. მისი დის, ტარიკის სიტყვებით, 2011 წლის 26 იანვარს რომელიღაც „მაღალი თანამდებობის იემენელმა ჩინოვნიკმა“ დაურეკა ტავაკულს და მას მოკვლით დაემუქრა, თუკი საპროტესტო აქციებს გააგრძელებდა[29]. ამერიკელი ჟურნალისტი დექსტერ ფილინქსი „The New Yorker“-ისთვის დაწერილ სტატიაში ამტკიცებდა, რომ ეს მაღალჩინოსანი თავად პრეზიდენტი სალეჰი იყო[22].
ამავე დროს, ორგანიზაცია „ქალი რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ გამოდიოდა საინფორმაციო სამსახურის SMS-სერვისის მომხრედ, რომელსაც სრულიად აკონტროლებდა ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კონტროლი ეწინააღმდეგებოდა 1990 წელს მიღებულ კანონს პრესის შესახებ[22][30]. 2007 წელს ამავე ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში იემენში 2005 წლიდან მოყოლებული პრესის თავისუფლების დარღვევების შესახებ[30].
2009 წლიდან ტავაკულ კარმანი აკრიტიკებდა ინფორმაციის სამინისტროს მოღვაწეობას, რომელმაც რამდენიმე ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის ინიციირება გამოიწვია[15].
2007 წლიდან 2010 წლამდე კარმანმა არაერთი მჯდომარე საპროტესტო აქცია გამართა სანაში, მთავრობის სახლის წინ მდებარე თავისუფლების მოედანზე[16][26][31]. 2010 წელს ტავაკულს ხანჯლით თავს დაესხა ქალი, მაგრამ ტავაკულის მომხრეებმა მოახერხეს ამ თავდასხმის მცდელობის აღკვეთა[24][32].
ტავაკულ კარმანს არაერთხელ განუცდია დევნა პროდემოკრატიული პოზიციის გამო. 2011 წელს იგი მცირე ხნით დააპატიმრეს საპროტესტო აქციების ორგანიზებისა და იემენში დესტაბილიზაციის ბრალდებით[33].
ტავაკულ კარმანი არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „ისლახის“ წევრი, მაგრამ არ არის პარლამენტის წევრი. პარტია თავიდან შეიქმნა როგორც „ისლამური პოლიტიკური პარტია“, მაგრამ მოგვიანებით გადაიზარდა ფართო მოძრაობაში, რომელიც ოპოზიციაში ედგა იემენის პრეზიდენტ სალეჰს. პარტიის ძირითადი ელექტორატს შეადგენდნენ სალაფიტები და ძმები-მუსულმანები. თავად კარმანი არცერთი დაჯგუფების წევრად არ მოიაზერებდა თავს. ტავაკულ კარმანმა განაცხადა: „მე არ წარმოვადგენ ისლახის პარტიას და არ ვარ დაკავშირებული მის პოზიციებთან. ჩემი პოზიცია განპირობებულია ჩემი შეხედულებებით და არავის ვთხოვ ნებართვას“[23].
ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 2012-2013 წლებში ტავაკულმა მხარი დაუჭირა ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამედ მურსის გადადგომას, მაგრამ იგი კრიტიკულად ეკიდებოდა კონფლიქტის სამხედრო მოგვარებას, მურსის ძალადობრივ გადაყენებას, კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებას და ძმები-მუსულმანების მოღვაწეობის აკრძალვას ეგვიპტის პოლიტიკაში. თუმცა აღნიშნავდა, რომ მურსი იყო ეგვიპტის პირველი, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და რომ კონსტიტუციას მხარი დაუჭირა მოსახლეობის 60 %-მა რეფერენდუმის შედეგად. სამხედრო გადატრიალება შეარყევდა დემოკრატიისადმი რწმენას და გამოიწვევდა ექსტრემისტული ჯგუფების გაძლიერებას[34][35].
კარმანი შეეცადა ეგვიპტეში წასულიყო და მონაწილეობა მიეღო სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ მიმართულ აქციაში, მაგრამ ეგვიპტის სამხედრო ხელისუფლებამ აუკრძალა მას ქვეყანაში შესვლა და სანაში მოახდინეს მისი დეპორტაცია[36]. მოგვიანებით კარმანმა დაგმო ძალის გამოყენება სამხედრო ხუნტის მიერ მურსიის მხარდასაჭერად ჩატარებული დემონსტრაციების წინააღმდეგ და „ძმები მუსულმანების“ მომხრეების დაკავება[37].
კარმანი გამოდიოდა შიიტების აჯანყებისა და ალ-ქაიდას მოქმედებების წინააღმდეგ. ორივეს განიხილავდა იემენის სუვერენიტეტის საფრთხედ. იგი შიიტებსაც და სუნიტებსაც ადანაშაულებდა ვითარების განზრახ გართულებაში და იემენის მთავრობის დამხობაში. როდესაც გამოაცხადეს ჰუსიტების ინტეგრაცია იემენის არმიაში, კარმანმა განაცხადა, რომ არ შეიძლება მათი ინტეგრაცია, ვინც უარი თქვა იარაღის გადაცემაზე[38] .
ტავაკულ კარმანი თანამშრომლობდა იემენის გაზეთ „ალ-ტჰავრა“-სთან 2005 წელს, როდესაც მან დააარსა ორგანიზაცია „ჟურნალისტები ჯაჭვების გარეშე“. არის იემენის ჟურნალისტების პროფკავშირის წევრი[39].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.