Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
პანთეიზმი (ბერძნულიდან πάν — ყველაფერი და θεός — ღმერთი) — არის ფილოსოფიური და რელიგიური რწმენა იმისა, რომ რეალობა, სამყარო და ბუნება ღვთაების ან უზენაესი არსების იდენტურია.[1] პანთეიზმის ელემენტები, რომელსაც საუკუნეთა მანძილზე განსხვავებულად განმარტავდნენ, გხვდება ცალკეულ აღმოსავლურ რელიგიებში, სოკრატემდელი ბერძენი ფილოსოფოსების მონიზმსა და, მოგვიანებით, მატერიალისტურ სტოიციზმში. პანთეიზმის მიმდევრები იყვნენ, ასევე, აღორძინების ხანის ნატურალისტი ფილოსოფოსები (ჯორდანო ბრუნო, ბერნარდინო ტელეზიო და სხვ.). განვითარების მწვერვალს პანთეიზმი ბარუხ სპინოზას ფილოსოფიაში აღწევს. პირველად ტერმინი პანთეიზმი შემოიღო მათემატიკოსმა ჯოზეფ რაფსონმა 1697 წელს. პანთეიზმის ერთ განმარტებაში ჩასმა რთულია, რადგან, როგორც ცნება, თვითონ ასეთი, საკმაოდ ფართოა. პანთეიზმის მთავარ პრინციპად მაინც ღმერთსა და სამყაროს შორის არსებული არსობრივი განსხვავების უარყოფაა. უფრო ზუსტად, ღმერთს თითქოს არ აქვს ბუნებისგან დამოუკიდებელი არსებობა, იგი მთლიანად მოიცავს სამყაროს მთლიანობის პრინციპს. მიუხედავად პანთეიზმის შიგნით არსებული მრავალი მიმართულების არსებობისა, მისი ცენტრალური და მნიშვნელოვანი იდეების უმრავლესობა უცვლელია.
ტერმინი „პანთეიზმი“ გამოიგონა ინგლისელმა მათემატიკოსმა ჯოზეფ რაფსონმა (1697) თავის ლათინურ ნაშრომში „De Spatio Reali seu Ente Infinito“.[4] ტერმინის გაჩენამდეც მსოფლიო ისტორიაში მრავალი მწერალი, ფილოსოფიური სკოლა და რელიგიური მიმდინარეობა გამოთქვამდა პანთეისტურ იდეებს. მათ შორის იყვნენ სოკრატემდელი ფილოსოფოსები, ჰერაკლიტე, ანაქსიმანდრე და ასევე ქსენოფანეც. ვილჰელმ დილტეის აზრით, პანთეისტური მონიზმის შედარებით უფრო თანმიმდევრული ფორმა ძველ საბერძნეთში იყო სტოიციზმი,[5] დაწყებული ზენონ კიტიონელითა და შემდეგ უფრო განვითარებული (გვიანდელი პანთეიზმი) ფილოსოფოს და იმპერატორ მარკუს ავრელიუსით. ქრისტიანობამდელ რომის იმპერიაში სტოიციზმი, ეპიკურეიზმთან და ნეოპლატონიზმთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური სკოლა იყო. ძველ ჩინეთში ლაო-ძისა და ჩუან ძის ადრეული დაოსიზმი პანთეისტური იყო. მსგავს პანთეისტურ იდეებს ვხვდებით ინდუისტურ ფილოსოფიაშიც.
დასავლეთში IV-XV საუკუნეებში პანთეიზმი დაკნინებული იყო და განიხილებოდა, როგორც ერესი (მაგალითად, ამალრიკ ბენელის შემთხვევაში). ამ პერიოდის გამოჩენილ ღვთისმეტყველებს შორის, რომლებიც პანთეისტური იდეების მსგავსი შეხედულებებით გამოდიოდნენ, იყვნენ იოანე სკოტუს ერიუგენა, მაისტერ ეკჰარტი, ნიკოლაი კუზანსკი. პანთეისტური მსოფლმხედველობის პირველ ღია გამოვლენად ჯორდანო ბრუნო მიიჩნევა. ბარუხ სპინოზას „ეთიკა“ მთავარი წყარო იყო, რომლის მეშვეობითაც ევროპაში პანთეიზმი გავრცელდა (თუმცა, თვითონ სპინოზა არ იყენებდა ტერმინ „პანთეიზმს“[6]). ჯორდანო ბრუნო და სპინოზა XVI საუკუნის შუა ხანებიდან XVIII საუკუნის დასაწყისამდე პერიოდის პანთეისტური მონიზმის მთავარი წარმომადგენლები არიან.[7] ჯონ ტოლანდმა, რომელიც ბრუნოსა და სპინოზას გავლენას განიცდიდა, 1720 წელს დაწერა „პანთეისტიკონი: ანუ სოკრატეს საზოგადოების ზეიმობის საშუალება“, რომელიც ლათინურ ენაზე გამოაქვეყნა.[8]
1785 წელს პანთეიზმის კრიტიკოს ფრიდრიხ ჰაინრიხ იაკობსა და პანთეიზმ-ათეიზმში ბრალდებული გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის დამცველ მოზეს მენდელსონს შორის არსებულმა ღია კამათმა ხელი შეუწყო პანთეიზმის ცოდნის გავრცელებას XVIII-XIX საუკუნეების გერმანელ მოაზროვნეებს შორის. მიმდინარე დისკუსიებმა ევროპელ ფილოსოფოსებს შორის სპინოზას ავტორიტეტი მნიშვნელოვნად აამაღლა.
XIX საუკუნის ევროპაში პანთეიზმს ბევრი აფასებდა, როგორც მომავლის რელიგიას, მათ შორის, ისეთები, როგორებიც იყვნენ: უილიამ ვორდსვორტი და სემიუელ ტეილორ კოლრიჯი ინგლისში; ფრიდრიხ შლეიერმახერი, იოჰან გოტლიბ ფიხტე, ფრიდრიხ ვილჰელმ იოზეფ ფონ შელინგი და გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი გერმანიაში; უოლტ უიტმენი, რალფ უოლდო ემერსონი და ჰენრი დეივიდ თოროუ აშშ-ში; ლევ ტოლსტოი რუსეთში. მოგვიანებით პანთეისტური მოტივები ჩნდებოდა ყველგან, სადაც ფილოსოფია ისწრაფვოდა რელიგიისკენ. პანთეისტური შეხედულებების გავრცელების საფრთხეებიდან გამომდინარე 1964 წლის 8 დეკემბერს პაპმა პიუს IX „Syllabus Errorum“-ში პანთეიზმი „ჩვენი დროის უმნიშვნელოვანეს შეცდომებს“ შორის დაასახელა.
XX საუკუნეში პანთეიზმი შევიწროვდა კომუნისტური, ნაციონალ-სოციალისტური და ფაშისტური პოლიტიკური იდეოლოგიებით, მეორე მსოფლიო ომის შედეგებითა და ეგზისტენციალიზმ-პოსტმოდერნიზმით. XX საუკუნის ცნობილ პანთეისტებს შორის გამოირჩევიან ინგლისელი მწერალი დეივიდ ჰერბერტ ლორენსი, ამერიკელი პოეტი რობინსონ ჯეფერსი, მეცნიერი ალბერტ აინშტაინი, არქიტექტორი ფრენკ ლოიდ რაიტი, ისტორიკოსი არნოლდ ტოინბი.[9]
XX საუკუნის ბოლოს პანთეიზმი კვლავ აღორძინდა. პანთეიზმი პოპულარულია თანამედროვე სულიერებაში და ახალ რელიგიურ მოძრაობებში, როგორიცაა ნეოპაგანიზმი და თეოსოფია.[10] პანთეისტები დაჟინებით მოითხოვდნენ ეკოლოგიური ცნობიერების, შეგნების აუცილებლობას საზოგადოებასა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ პანთეიზმი პაგანიზმის თეოლოგიის „ფუნდამენტში“ იყო, პანთეისტებმა დაიწყეს ორგანიზაციების შექმნა სპეციალურად პანთეიზმისათვის და განიხილავდნენ მას როგორც დამოუკიდებელ რელიგიას.[11]
1975 წელს დაარსდა „უნივერსალური პანთეისტური საზოგადოება“.[12] 1999 წელს შეიქმნა „მსოფლიო პანთეისტური მოძრაობა“,[13] რომელსაც მომხრეები სხვადასხვა ქვეყნებში ჰყავდა და მათი რიცხვი ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით იზრდებოდა.
გლობალური ეკოლოგიური კრიზისი ცვლის ბუნებაზე დამოკიდებულებას, პანთეიზმის პოპულარობა და მნიშვნელობა XXI საუკუნის დასაწყისიდან „გაფართოვდა“. რიჩარდ დოკინზი თავის წიგნში „ღმერთი, როგორც ილუზია“ ნატურალურისტურ პანთეიზმს აღწერს, როგორც შელამაზებულ ათეიზმს.[14]
ვატიკანი აგრძელებს პანთეიზმის წინააღმდეგ გამოსვლებს რომის პაპის 2009 წლის ენციკლიკასა[15] და 2010 წლის 1 იანვრის ეპოსტელში[16], სადაც პანთეიზმი გაკრიტიკებულია ადამიანის ბუნებასთან შედარებით უპირატესობის უარყოფასა და „ბუნებაში ადამიანის ხსნის ხედვის“ გამო.[15] ჯეიმზ კამერონის ფილმი „ავატარი“, საერთო შეფასებით, წარმოადგენს ბუნებასთან პანთეისტურ დამოკიდებულებასა და ურთიერთობას. გაზეთი The New York Times ფილმს ახასიათებს, როგორც „პანთეიზმის ხანგრძლივ აპოლოგიას... რელიგიის ჰოლივუდის არჩევანი თანამედროვე თაობისთვის“.[17]
ტრერმინი პანენთეიზმი ოფიციალურად გამოიგონეს მე-19 საუკუნის გერმანიაში, რათა შემოეთავაზებინათ ფილოსოფიური სინთეზი ტრადიციულ თეიზმსა და პანთეიზმს შორის, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთი არის ყველაფერში, მოიცავს მთელ სამყაროს, მაგრამ ასევე არის სამყაროს მიღმა.[18] პანდეიზმი კიდევ ერთი სიტყვაა, რომელიც წარმოიშვა პანთეიზმიდან და პანთეიზმის პრინციპებს დეიზმთან აერთიანებს.[19] პანდეიზმი მიიჩნევს, რომ შემოქმედი ღმერთი თავად გახდა სამყარო და შეწყვიტა არსებობა, როგორც ცალკეულმა ცნობიერმა არსმა.[20] პანფსიქიზმი არის შეხედულება იმისა, რომ ცნობიერება, გონება ან სული არის ყველაფრის უნივერსალური თვისება.[21] ზოგიერთი პანთეისტი ასევე იზიარებს განსხვავებულ ფილოსოფიურ შეხედულებებს როგორიცაა ჰილოძოიზმს, შეხედულებას, რომ ყველაფერი ცოცხალია და ანიმიზმს, შეხედულებას, რომ ყველაფერს აქვს სული.[22]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.