Remove ads

აკადემიის პრიზები ანუ ოსკარები (2013 წელს ოფიციალური სახელწოდება, „აკადემიის პრიზები“ შეიცვალა „ოსკარებით“) — შეერთებულ შტატებში კინოინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად ყოველწლიურად გამართული დაჯილდოების ცერემონია. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ჯილდოვდება ქანდაკების ასლით, რასაც ოფიციალურად ეწოდება აკადემიის ღირსების პრიზი, და დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც, „ოსკარი“. დაჯილდოების ცერემონია პირველად 1929 წელს ლოს-ანჯელესში „ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში“ გაიმართა. ცერემონიას ზედამხედველობას უწევს „კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია“ (Academy of Motion Picture Arts and Sciences - AMPAS).

სწრაფი ფაქტები oscars.org ...
ოსკარები
Thumb
ჯილდოკინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის
წარადგენსკინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია
ქვეყანააშშ-ის დროშა აშშ
ადგილმდებარეობაჰოლივუდი, ლოს-ანჯელესი
პირველად გადაეცა16 მაისი, 1929
oscars.org
დახურვა

„ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონია ტელეეთერში პირველად 1953 წელს გადაიცა. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია უკვე მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. „ოსკარები“ არის შოუ-ბიზნეზში უძველესი დაჯილდოების ცერემონია. მსგავსი ცერემონიები: Emmy Awards, Tony Awards და Grammy Awards, გადმოღებულია „ოსკარების“ ფორმატიდან. „აკადემიის პრიზებით“ დაჯილდოების საღამო, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ცერემონიად ითვლება.

Remove ads

ისტორია

„აკადემიის პრიზების“ პრეზენტაცია პირველად გაიმართა 1929 წლის 16 მაისს კერძო ვახშამზე „Hollywood Roosevelt Hotel-ში“. ცერემონიას ესწრებოდა დაახლოებით 270 ადამიანი. მაშინდელი წვეულების ბილეთის ღირებულება იყო 5 დოლარი (2015 წლის კურსით 69 დოლარი). სულ გადაცემული იქნა „ოსკარის“ თხუთმეტი ქანდაკება. პრიზით აღინიშნა 1927-28 წლებში გამოსული ფილმები, დამდგმელი რეჟისორების და კინოინდუსტრიაში მოღვაწე სხვა პიროვნებების საქმიანობა. ცერემონია გრძელდებოდა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

Thumb
ჯოან ფონტეინი და გერი კუპერი 1942 წლის დაჯილდოებაზე

იმ პერიოდში დაჯილდოების შედეგები მედიას ღამით, 23:00 საათზე გადაეცემოდა. თუმცა ხშირად გამარჯვებულების სახელებს მედია წინასწარ ასაჯაროებდა. ამიტომ 1941 წლიდან აკადემია იყენებს დალუქულ კონვერტებს, სადაც გამარჯვებულების სახელია მოხსენიებული.

პირველი პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შერულებისთვის 1929 წელს გადაეცა გერმანელ მსახიობს, ემილ იანინგს. იმ პერიოდში კინომოღვაწეებს აჯილდოვებდნენ ერთდროულად რამდენიმე ფილმში მუშაობისთვის. პირველი გამარჯვებული მსახიობი ქალი 1929 წელს გახდა ჯენეტ გეინორი. მას „ოსკარი“ სამ ფილმში მონაწილეობისთვის გადასცეს. „ოსკარების“ მეოთხე ცერემონიის შემდეგ სისტემა შეიცვალა. კინოპროფესიონალები ახლა უკვე ჯილდოვდებიან ერთი კონკრეტული ფილმისთვის.

29-ე ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა 1957 წლის 27 მარტს, შემოღებულ იქნა ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის, მანამდე კი, უცხოენოვანი ფილმების დაჯილდოება ხდებოდა სპეციალური პრიზებით კინემატოგრაფიული მიღწევისათვის. ამ სერიიდან პირველი ოსკარი 1947 წელს აიღო ვიტორიო დე სიკას ფილმმა „შუშა“. ხოლო 1957 წელს ფედერიკო ფელინის ფილმმა, გზა მიიღო ოსკარი ახალი სახელწოდებით.

ქრონოლოგიურად ბოლო, ოსკარის 87-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 2015 წელს.

Remove ads

ქანდაკება

მიუხედავად იმისა, რომ „კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია“ გასცემს სხვა შვიდ პრიზსაც, ალბათ მთელ მსოფლიოში მაინც ყველაზე ცნობილი ერთია, ოსკარი. ოფიციალური სახელწოდებაა, „კინოაკადემიის ღირსების პრიზი“ (Academy Award of Merit). დამზადებულია მოოქროვილი ბრიტანიუმისგან, შავი ფერის ლითონის სადგამით. სიმაღლეში არის 34 სმ, იწონის 3.85 კგ-ს. არტ-დეკოს სტილში გამოსახულ რაინდს ხელთ უპყრია ჯვაროსნის ხმალი, დგას კინოფირის ხუთ კოლოფზე, რაც სიმბოლურად გამოხატავს კინოაკადემიის ხუთ მთავარ მიმართულებას: მსახიობები, მწერლები, რეჟისორები, პროდიუსერები და ტექნიკური პერსონალი. ქანდაკება შექმნილია თავისუფალი ფანტაზიით. მოდელი არ გამოუყენებიათ.

1928 წელს ქანდაკების შექმნას ხელმძღვანელობდა კომპანია MGM-ის სამხატვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე თავალსაჩინო ართ-დირექტორი სედრიკ გიბონსი. ოფიციალურად ოსკარის დიზაინერად ითვლება თვითონ გიბონსი, ხოლო სკულპტორად, ლოს-ანჟელესელი მოქანდაკე ჯორჯ სტენლი.[1] ოსკარის პირველი ორიგინალი ჩამოისხა 1928 წელს საამქროში, CW Shumway & Sons Foundry, ჩიკაგოს გარეუბან ბატავიაში. 1983 წლიდან მოყოლებული დაახლოებით ოსკარის 50 ქანდაკება მზადდება ყოველ წელს ჩიკაგოს მანუფაქტურაში, RS Owens & Company. თითოეული ქანდაკების დამზადებას სჭირდება სამიდან ოთხ კვირამდე.

სახელი

ოსკარის სახელის წარმოშობა დღესაც სადავოა. ბეტი დეივისის ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს თითქოს კინოაკადემიის პრიზს სახელი დეივისის პირველი ქმრის, მუსიკოს ჰარმონ ოსკარ ნელსონის გამო დაერქვა. სიტყვა „ოსკარი“ ბეჭდურ მედიაში პირველად თაიმის 1934 წლის სტატიაში არის ნახსენები, რომელიც კინოაკადემიის რიგით მე-6 ცერემონიას მიმოიხილავს. უოლტ დისნეიც ახსენებს „ოსკარს“, როცა იხდის მადლობას თავისი, 1932 წელს აღებული კინოაკადემიის პრიზისთვის. ასევე არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც უკაშირდება კინოაკადემიის მაშინდელ აღმასრულებელ მდივანს, მარგარეტ ჰერიკს (Margaret Herrick). ჰერიკმა 1931 წელს როცა პირველად ნახა ქანდაკება, წამოიძახა დღეს უკვე ლეგენდად ქცეული სიტყვები, „ეს ხომ ბიძაჩემი ოსკარია“ [2]. ამ ფაქტს შეესწრო ჟურნალისტი სიდნი სკოლსკი, ვინც შემდეგ თავის სტატიაში დაწერა, რომ კინოაკადემიის „თანამშრომლებმა უკვე მოუფიქრეს საყვარელი სახელი, „ოსკარი“ მათ ცნობილ ქანდაკებას“. კინოაკადემიამ მხოლოდ 1939 წელს უწოდა ოფიციალურად თავის ქანდაკებას „ოსკარი“.

საკუთრების უფლება

1950 წლიდან ქანდაკება უკვე იურიდიულად დაცულია საკუთრების უფლებით. არც გამარჯვებულებს და არც მათ მემკვიდრეებს არ შეუძლიათ მისი გაყიდვა. მათ საკუთრებაში არსებული „ოსკარი“ ჯერ კინოაკადემიას 1 დოლარად უნდა შეთავაზონ. თუ მფლობელი არ ეთანხმება ამ პირობას, ამ შემთხვევაში კინოაკადემია უპირობოდ ინარჩუნებს ქანდაკებას. თუმცა ის „ოსკარები“, რომელიც ამ თარიღამდე იქნა გადაცემული, არ ემორჩილება ამ განაწესს. ასე მაგალითად, 2011 წლის დეკემბერში აუქციონზე გატანილ იქნა ორსონ უელსის მიერ 1941 წელს ფილმ „მოქალაქე კეინის“ სცენარისთვის აღებული ოსკარი. უელსის მემკვიდრეებმა 2004 წელს მოიგეს სასამართლო პროცესი. გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, უელსს ხელი არ მიუწერია ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც მას ავალდებულებდა ქანდაკება აკადემიისთვის უკან დაებრუნებინა. 2011 წლის 20 დეკემბერს „მოქალაქე კეინის“ ოსკარი ინტერნეტ აუქციონზე 861,542 დოლარად გაიყიდა.

Remove ads

ნომინაცია

2004 წლიდან კინოაკადემიის ნომინანტების გამოცხადება ხდება იანვრის ბოლოს. ადრე ნომინანტები თებერვლის დასაწყისში სახელდებოდნენ.

ხმის მიცემა

კინოაკადემია არის კინოში მოღვაწე პირების საპატიო პროფესიული ორგანიზაცია. 2012 წლისთვის მისი წევრების რაოდენობა, ვისაც შუძლია ფილმებზე ხმის მიცემა, შეადგენდა 5.783 ადამიანს. აკადემიის წევრები გაერთიანებული არიან სხვადასხვა ჯგუფებში. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს კინოს სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. მსახიობები შეადგენენ ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს. მათი რაოდენობაა 1,311 პირი (კინოაკადემიის წევრების საერთო რაოდენობის 22 პროცენტი). კინოაკადემიის წევრი ხდება ყველა ნომინატი, ან ის პირი, ვისაც კინოხელოვნების განვითარებაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის.

წესები

კინოაკადემიის შესაბამისი განაწესის მიხედვით, თავი 2 და 3, ნომინაციებში წარსადგენად ფილმი საჭიროა წინა კალენდარული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში შტატ კალიფორნიის ლოს-ანჯელესის ოლქის ტერიტორიაზე იყოს კინოგაქირავებაში ოფიციალურად გასული (გარდა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიისა). ამ განაწესის მე-2 თავის შესაბამისად, ფილმი მინიმუმ 40 წთ. უნდა გრძელდებოდეს.

Remove ads

ცერემონია

ტელეგადაცემა

Thumb
ოსკარის 31-ე დაჯილდოება, Pantages Theatre, ჰოლივუდი, 1959

კინოაკადემიის პრიზებით დაჯილდოების ცერემონია, ნომინაციების დასახელებიდან ექვსი კვირის შემდეგ, როგორც წესი თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გადაიცემა პირდაპირი ეთერით. ეს არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით წინა წლის ნოემბერ-დეკემბერში სხვადასხვა ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში ჩატარებული კინო დაჯილდოებების სეზონის კულმინაცია. ზეიმი დახვეწილი და თითქმის ფეერიულია. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოდის დიზაინერების კოსტუმებში გამოწყობილი მოწვეული სტუმრები საზეიმო დარბაზში წითელი ხალიჩის გავლით შედიან. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებს უმეტესად ე.წ. „შავი ჰალსტუხის“ კოსტუმი აცვიათ, დრეს-კოდი მკაცრად განსაზღვრული მაინც არ არის. განსაკუთრებით ამ ტრადიციას არ იცავენ დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვეული მუსიკოსები.

„ოსკარების საღამო“ ამ ფორმატის ერთადერთი შოუა, რომელიც აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე (ჰავაის შტატის გარდა) პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მისი პირდაპირი ტრანსლირება ხდება ასევე კანადაში, ევროკავშირის და დანრჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. 2007 წელს „ოსკარების ცერემონია“ შეერთებულ შტატებში 40 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.

Thumb
ოსკარის 81-ე დაჯილდოება Dolby Theatre, ჰოლივუდი, 2009

„ოსკარების შოუ“ პირველად ეთერში 1953 წელს NBC გადაცა. 1960 წლის შემდეგ 1970 წლამდე „ოსკარების ცერემონიას“ ABC გადაცემდა. ამის შემდეგ კვლავ NBC გახდა მთავარი ტელე-მაუწყებელი. 1976 წლიდან „ოსკარებს“ ისევ ABC გადაცემს, რის გაკეთების უფლებაც მას ხელშეკრულებით 2020 წლამდე აქვს.

დღეს „ოსკარების საღამო“ ტელეკომპანიების სამაუწყებლო ბადის გათვალისწინებით საშუალოდ სამსაათნახევარი გრძელდება. პირველი ცერემონიას 1929 წელს მხოლოდ 15 წუთი დასჭირდა. ყველაზე დიდხანს 2000 წლის 72-ე ცერემონია გაგრძელდა, ოთხი საათი და ოთხი წუთი. 2010 წელს საღამოს ორგანიზატორებმა წინასწარ გააფრთხილეს ნომინანტები, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მათი სიტყვა არ გასცდენოდა 45 წამს. მათი თქმით, ეს მოხდა რათა თავიდან აეცილებინათ ტელემაყურებლისთვის ასე გამაღიზიანებლი, ხშირად ისტერიკამდე მისული გამარჯვებულის მიერ ემოციების დაუმთავრებელი დემონსტრაცია.

Remove ads

დაჯილდოების ცერემონიალი

როგორც წესი, საღამოს ყველაზე მაღალი ტელერეიტინგი მაშინ აქვს, თუ მთავარი „ოსკარის“, წლის საუკეთესო ფილმის აღების შანსი კომერციულად წარმატებულ ფილმებს აქვს. ასე მაგალითად, 1998 წელს ოსკარის 70-ე დაჯილდოებას უყურა 57,25 მილიონზე მეტმა მაყურებელბა. ამ წელს ლიდერი ტიტანიკი გახდა, „ოსკარების საღამომდე“ მარტო ჩრდილოეთ ამერიკაში ფილმის შემოსავალმა 600 მილიონი დოლარი შეადგინა.

მსოფლიოში აღიარებული „ნილსენის რეიტიგის“ მონაცემებით ტელერეიტინგის რეკორდი მოიხსნა 1970 წლის 7 აპრილს გამართულ ოსკარის 42-ე დაჯილდოებაზე. წლის საუკეთესო ფილმი მაშინ გახდა ჯონ შლეზინგერის საყოველთაოდ აღიარებული ფილმი შუაღამის კოვბოი. „ოსკარების“ ამ საღამოს ამერიკის ოჯახების 43.4%-მა უყურა.

Remove ads

ჩატარების ადგილი

Thumb
Pantages Theatre, ჰოლივუდი, 2008

პირველად „აკადემიის პრიზები“ 1929 წელს იქნა წარმოდგენილი საბანკეტო ვახშამზე 1927 წელს ესპანურ ნეოკოლონიურ სტილში აშენენულ ფეშენებლურ „Hollywood Roosevelt Hotel“. სასტუმროს ინვესტორებს შორის იყვნენ მუნჯი კინოს ვარსკვლავები: დაგლას ფერბენკსი, მერი პიკფორდი და ლეგენდარული სტუდია „Metro-Goldwyn-Mayer“ თანადამფუძნებელი, პიონერი პროდიუსერი ლუი მაიერი.

1930 წლიდან „ოსკარების საღამოები“ მონაცვლეობით ტარდებოდა სხვადასხვა ადგილას. 2002 წლიდან მისი ჩატარების მუდმივი ადგილსამყოფელი გახდა ჰოლივუდში მდებარე კოდაკის თეატრი, რომელიც დღეს დოლბის თეატრის სახელწოდებით არის ცნობილი.

Remove ads

ნომინაციები

არსებული კატეგორიები

გაუქმებული კატეგორიები

  • საუკეთესო რეჟისორის თანაშემწე: 1933-1937 წლები.
  • საუკეთესო კომედიური ფილმის რეჟისორი: 1928
  • საუკეთესო ქორეოგრაფი: 1935-1937 წლები
  • საუკეთესო ტექნიკური ეფექტები: 1928
  • საუკეთესო მუსიკა მიუზიკლში და კომედიაში: 1995-1999 წლები.
  • საუკეთესო ორიგინალური ამბავი: 1928-1956 წლები.
  • საუკეთესო ადაპტირებული მუსიკა: 1962-1969 წლები, 1973
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფერადი ფილმი: 1936-1937 წლები.
  • საუკეთესო 2 ნაწილიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი: 1936-1956 წლები.
  • საუკეთესო ნოვატორული მოკლემეტრაჟიანი ფილმი: 1932-1935 წლები.
  • საუკეთესო ტიტრები: 1928
  • საუკეთესო უნიკალური და არტისტული ნაწარმოები: 1928
Remove ads

მედია და კრიტიკა

იმის გამო, რომ „აკადემიის პრიზებს“ საზოგადოებაზე დადებითი ზემოქმედება აქვს და ძალიან პრესტიჟულია, სტუდიები ხარჯავენ მილიონობით დოლარს, ქირაობენ პიარის საუკეთესო სპეციალისტებს, რათა ხელი შეუწყონ მათი წარმოების ფილმების ე.წ. "ოსკარის სეზონის" პერიოდში კიდე უფრო წარმოჩინებას.

ამის გამო კინოაკადემია ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი. კერძოდ მას ბრალს დებენ, რომ „ოსკარების“ ფენომენით საბოლოოდ უფრო მარკეტინგის გავლენის ეფექტი ჩანს, ვიდრე ხელოვნების ნიმუშის ხარისხის. ცნობილი „ოსკაროსანი“ რეჟისორი და „ოსკარების საღამოს“ ყოფილი პროდიუსერი, გახმაურებული ფილმების „ფრანგი მეკავშირე“ (1971) და „ეშმაკის განმდევნელის“ (1973) ავტორი უილიამ ფრიდკინი, ამ აზრს კიდევ უფრო სხარტად აყალიბებს, „ეს არის ყველაზე დიდი პიარი, როგორიც კი ოდესმე მოუგონია ნებისმიერ სხვა ბიზნესის სფეროს თავისი საკუთარი პროდუქტის რეკლამისთვის“.

გარდა ამისა, ყოფილა შემთხვევები, როცა გამარჯვებულს ცერემონიისთვის ბოიკოტი გამოუცხადებია და ოსკარის მიღებაზე უარი უთქვამს. პირველი ასეთი იყო სცენარისტი დადლი ნიკოლსი (Dudley Nichols), ვინც 1935 წელს „ვესტერნის მამად“ წოდებული ჯონ ფორდის ფილმის ინფორმატორის (1935) სცენარისთვის გახდა გამარჯვებული. ნიკოლსი არ გამოცხადდა ცერემონიაზე კინოაკადემიასა და სცენარისტთა გილდიას შორის მაშინდელი კონფლიქტის გამო.

მეორე, ვინც უარი თქვა „ოსკარის“ აღებაზე, იყო ჯორჯ კ. სკოტი (George C. Scott), სტენლი კუბრიკის აღიარებული ფილმის დოქტორ სტრეინჯლავის ვარსკვლავი. სკოტი არ მივიდა ოსკარის 43-ე დაჯილდოებაზე ფილმ „პატონში“ (1970) აღებული „ოსკარისთვის“. მსახიობმა თქვა, რომ ეს არის „ხორცის გამოფენა-გაყიდვა. და არ მინდა ამის მონაწილე ვიყო“.

მესამე ვინც გააპროტესტა „ოსკარები“ იყო მარლონ ბრანდო, რომელმაც უარი თქვა აეღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის ფილმში ნათლია (1970). ბრანდოს აზრით ამერიკაში დღესაც იჩაგრებიან და დისკრიმინაციას განიცდიან ინდიელები. მან „ოსკარის 45-ე დაჯილდოების ცერემონიაზე“ საკუთარი 15 გვერდიანი საპროტესტო სიტყვის წასაკითხად გააგზავნა ინდიელების უფლემების დამცველი საჩინ ლითლფედერი (Sacheen Littlefeather).

კინოაკადემიას ყველაზე ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ნომინანტების და გამარჯვებულების ყველაზე დიდი წილი მოდის იმ ისტორიულ სასიყვარულო ეპოსებზე, ბიოგრაფიულ დრამებზე, რომანტიკულ თუ ოჯახურ მელოდრამებზე, რომელთა უმეტესობა შეერთებულ შტატების ეკრანებზე კალენდარული წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში გამოდის. ამ მოვლენას თავისი სახელიც კი მოუგონეს, „ოსკარების სატყუარა“ (Oscar bait).

ნომინანტებიც და გამარჯვებულებიც ხშირად ხვდებიან კრიტიკის ქარცეცხლში. კინოაკადემიას უწუნებენ გარკვეულ წლებში მიღებულ არჩევანს. ბრალს დებენ, რომ როგორც ნომინატებს, ასევე ოსკარის ლაურიატებს სენტიმენტალური მიზეზების გამო არჩევენ. იშვიათად არ ხდება როცა პოპულარობა, წარსულში დაშვებულ შეცდომებებზე ხმამაღალი მონანიება, ან კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილი, ხშირად მოქმედებს აკადემიის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

სხვადასხვა ღონისძიებები

შემდეგი ღონისძიებები მჭიდროდ არის დაკავშირებული კინოაკადემიის საზეიმო ცერემონიისთვის მზადების ყოველწლიურ პროცესთან -

  • ნომინანტების ლანჩი
  • სამეთვალყურეო საბჭოს პრიზები
  • კინოპრემია „თავისუფალი სული“, ტარდება 1984 წლიდან [3]. თავიდან ეწყობოდა სანტა-მონიკაში ოსკარების წინა შაბათს. ამჟამად უკვე ტარდება ლოს-ანჟელესში პარასკევს საღამოს.
  • ყოველწლიური „წინა ღამის“ ტრადიციული საქველმოქმედო წვეულება, რომელიც 2002 წლიდან იმართება Beverly Hills Hotel. ცნობილია როგორც „ოსკარის სეზონის“ მთავარი ღონისძიება.
  • ელტონ ჯონის შიდსის ფონდის საქველმოქმედო წვეულება, ტარდება 1993 წლიდან [4].
  • სამეთვალყურეო საბჭოს ბალი. ითვლება როგორც კინოაკადემიის ოფიციალური „after-party“. ცერემონიის შემდეგ იმართება წვეულება ვახშმითურთ. 2011 წლიდან მრავალფეროვანი არჩევანის ძვირფასი ვახშამი შეცვალეს მსუბუქი დასაყოლებელით.
  • „Vanity Fair“, პოპულარული ილუსტრირებული გამოცემის „after-party“.

საჩუქრები

„ოსკარებზე” წამყვანების და საღამოზე გამოსული შემსრულებლების დასაჩუქრება უკვე ტრადიციად იქცა. ბოლო წლებში საჩუქრები ასევე გადაეცემათ ნომინანტებს და გამარჯვებულებს. „საჩუქრების“ საერთო ღირებულება ხშირად აღწევს ათი ათასობით დოლარს. 2014 წელს დაფიქსირდა 80,000 დოლარის ღირებულების საჩუქრების გაცემა. საჩუქრების ღირებულების მკვეთრი ზრდის გამო საქმეში ჩაერია შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახური. ამასთან დაკავშირებით გამოიცა სპეციალური დასაბეგრი დებულება. „ოსკარების საჩუქრების ჩანთაში“ ყველაზე ხშირად შედის დასვენების ტურები ჰავაიზე, მექსიკაში და იაპონიაში, სადილი მეგობრებთან ერთად ფეშენებლურ რესტორნებში, აიფონები, ფლანშეტები, ნომერი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში. ამის გარდა საჩუქრების პაკეტში შედის: შვეიცარიული საათები, სამაჯურები, სპა ცენტრებში მომსახურება, ბოთლი არაყი და ა.შ. ხდება ისეც, რომ ზოგიერთი საჩუქარი საკმაოდ „სარისკოა“. ასე მაგალითად, 2014 წელს სექსუალური სახის სხვადასხვა პროდუქციის დისტრიბუტორმა, „ადამ და ევა“ (Adam & Eve) ოსკარების ღამის მონაწილეებს თავისი სკანდალური საჩუქრებიც გადასცა.

ქართული და ქართველი რეჟისორების ნომინირებული და გამარჯვებული ფილმები

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads