ჯვაროსნების ციხესიმაგრე სირიაში From Wikipedia, the free encyclopedia
კრაკ-დე-შევალიე (ფრანგ. Krak des Chevaliers — რაინდთა ციხესიმაგრე, გამოითქმის: [kʁak de ʃəvaˈlje], არაბ. حصن الفرسان; არაბულისა და ფრანგულის ნაზავით - ცხენოსნების ციხესიმაგრე), ყოფილი კრაკ-დე-ლ’ოსპიტალი (ფრანგ. Krak de l'Hospital) — ჯვაროსნების ციხესიმაგრე სირიაში. წარმოადგენს შუა საუკუნეების ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახულ სამხედრო ციხესიმაგრეს მთელ მსოფლიოში. XI საუკუნეში წარმოადგენდა ქურთების დასახლებას და ცნობილი იყო, როგორც ჰისნ ალ აკრადი, რაც „ქურთების ციხესიმაგრეს“ ნიშნავს. ციხესიმაგრის პირველი ვარიანტი 1031 წელს ალეპოს ემირმა ააშენა. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისას, 1099 წელს, იგი რაიმონ IV ტულუზელმა აიღო, მაგრამ მალევე მიატოვეს, რადგან ჯვაროსნებმა იერუსალიმისკენ მსვლელობა განაგრძეს. 1110 წელს მას იპყრობს გალილეის პრინცი ტანკარდი. 1142 წელს ტრიპოლის გრაფმა რაიმონდ II-მ ციხე ჰოსპიტალიერ რაინდებს გადასცა, ვის მფლობელობაშიც რჩებოდა 1271 წელს დაცემამდე. ამ პერიოდში ციხე ცნობილი გახდა კრაკ დე ლ'ოსპიტალის სახელით, კარაკ-დე-შევალიე კი მას XIX საუკუნეში უწოდეს.
კრაკ-დე-შევალიე* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | სირია | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | ii, iv | |
სია | ||
რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები | |
კოორდინატები | 34°45′25″ ჩ. გ. 36°17′40″ ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 2006 (30-ე სესია) | |
ნომერი | 1229 | |
საფრთხის ქვეშ | 2013 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1229 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1140 წელს ჰოსპიტალიერებმა ციხის აღდგენა დაიწყეს და 1170 წლისათვის დაამთავრეს, როდესაც ციხესიმაგრე მიწისძვრამ დააზიანა. ციხესიმაგრის მთავარ დანიშნულებას პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად წარმოქმნილი ტრიპოლის საგრაფოს საზღვრებზე არსებული ციხესიმაგრეების დაცვა წარმოადგენდა. კრაკ-დე-შევალიე მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და ასრულებდა როგორც ადმინისტრაციული ცენტრის, ისე სამხედრო ბაზის ფუნქციას. ციხეს მეორე სამშენებლო სამუშაოები XIII საუკუნეში ჩაუტარდა, როდესაც კრაკ-დე-შევალიე კონცენტრულ ციხედ ჩამოყალიბდა. ამ დროს აშენდა გარე გალავანი და ციხესიმაგრემ მისი თანამედროვე სახე მიიღო. XIII საუკუნის პირველი ნახევარი კრაკ-დე-შევალიესათვის „ოქროს ხანა“ იყო. ამ დროს, მისი ძლიერების პიკზე, ციხეს დაახლოებით 2 000 კაციანი გარნიზონი იცავდა. ამხელა გარნიზონი ჰოსპიტალიერებს საკმაოდ დიდი ტერიტორიიდან ხარკის ასაკრეფად სჭირდებოდათ. 1250 წლიდან ჰოსპიტალიერ რაინდთა მდგომარეობა გაუარესდა და საბოლოოდ, 1271 წელს, მამლუქთა სულთანმა ბეიბარს I-მა 36 დღიანი ალყის შემდეგ კრაკ-დე-შევალიე აიღო, სავარაუდოდ, ყალბი წერილის საშუალებით, რომლის მიხედვითაც ჰოსპიტალიერთა დიდი მაგისტრი რაინდებს დანებებისაკენ მოუწოდებდა.
XIX საუკუნეში ციხესიმაგრისადმი ინტერესი გაიზარდა; დაიწყო გამოკვლევები და შეიქმნა არქიტექტურული ნახაზები. XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში ციხესიმაგრის ტერიტორიაზე დასახლება გაჩნდა, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია. 1933 წელს 500 მოსახლის გადასვლის შემდეგ ციხე საფრანგეთის მთავრობას გადაეცა, რომელმაც გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები განახორციელა. 1946 წელს, მას შემდეგ, რაც სირიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ციხესიმაგრის მოვლა საკუთარ თავზე აიღო. დღესდღეობით, სოფელი ალ-ჰასნი თითქმის 9 000-იანი მოსახლეობით ციხის მახლობლად მდებარეობს. კრაკ-დე-შევალიე სირიის ქალაქ ჰომსიდან დაახლოებით 40 კმ-ის დასავლეთით, ლიბანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს და ადმინისტრაციულად ჰომსის გუბერნიას ეკუთვნის. 2006 წელს, კრაკ-დე-შევალიე, კალათ-სალადინის ციხესთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.