From Wikipedia, the free encyclopedia
გრუი, გრუა — ციხესიმაგრე ფეოდალური ხანის საქართველოში, ქსნის ხეობაში, მდინარე ალეურის მარჯვენა შენაკადის გრუისხევის შუაში ამოზიდულ გორაკზე. შემორჩენილია ნანგრევები.
გრუი პირველად მოხსენებულია „მატიანე ქართლისაში“ (XI ს.). „ძეგლი ერისთავთაში“ (XIV ს.) იხსენიება გრუი და გრუელნი VI საუკუნის მოვლენების თხრობასთან დაკავშირებით (ცხრაძმისხეველთა ბრძოლა გრუელთა წინააღმდეგ). X საუკუნეში გრუი წირქოლის ციხესთან ერთად ქართლზე კახეთის სამეფოს პოლიტიკური ბატონობის საყრდენი იყო. აქ დაახლ. 975 წელს კახელებს დაუტყვევებიათ მეფე გურგენი, მისი ძე ბაგრატი და დედოფალი გურანდუხტი. დავით III კურაპალატმა გაათავისუფლა ისინი და დაიბრუნა მიტაცებული ციხეები, გარდა წირქოლისა და გრუისა. როგორც ჩანს, ეს ციხეები კარგა ხანს დარჩა კახეთის ხელში და XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III-ს კვლავ უხდება მათ დასაბრუნებლად ბრძოლა.
ციხეს სამი მხრიდან მდინარე უვლის. სამხრეთ ნაწილში ტიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები სათოფურებიანი მრგვალი კოშკია, რომლის დიამეტრი 6 მ-ს უდრის, ჩრდილო ნაწილში სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევებია. ნაგებობებს შორის ადგილი გარშემორტყმული ყოფილა პარალელური კედლებით. ციხის ნაშთები XIV-XVII საუკუნეებისაა. აქ მოპოვებული კერამიკის ფრაგმენტები (VI-XII სს.) წერილობით ცნობებთან ერთად სარწმუნოს ხდის, რომ გრუის ციხე ჯერ კიდევ ადრინდელ ფეოდალურ ხანაში არსებობდა.
თანამედროვე დროში, ახალგორის მუნიციპალიტეტში არსებობს სოფლები: ზემო ღრუ და ქვემო ღრუ, რომელთა ეტიმოლოგია გრუის ციხეს უკავშირდება.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.