From Wikipedia, the free encyclopedia
ანალური სექსი (ლათ. anus — ანალური ხვრელი, უკანა ტანი) — სქესობრივი აქტის ფორმა, როდესაც სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით ერეგირებული პენისი შედის ანალურ ხვრელში.[1] ანალური სექსის სხვა ფორმებს შორისაა თითაობა (ე.წ. „ფინგერინგი“), სექს-სათამაშოთი ანალური პენეტრაცია, ორალური სექსი ანუსზე (ანილინგუსი) და პეგინგი.[2]
ანალური სექსი ადამიანის განვითარების უკვე ადრეულ ეტაპზე გვხვდება. გათხრებისას ანტიკური ამფორები აღმოჩნდა, სადაც ანალური სექსია გამოსახული. არსებობს ნახატები და ლიტერატურული ნაწარმოებები, სადაც ანალური სქესობრივი აქტია აღწერილი. ფოტო და კინოინდუსტრიის განვითარებამ ანალური სექსის პორნოგრაფიაში ფართოდ გამოყენება მოიტანა.
ანალურ სექსს ძირითადად იყენებენ ვაგინალური სექსის შეუძლებლობის ან სურვილის არქონის შემთხვევაში (მენსტრუაცია, ფეხმძიმობა, ფეხმძიმობის შიში, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, დაავადება ან საშოს განვითარების მანკი, ქალწულობის შენარჩუნების სურვილი და სხვა), აგრეთვე, სექსუალური შეგრძნებებისა და ჰორიზონტების გაფართოება.
ანალური სექსი მამაკაც ჰომოსექსუალებშიცაა გავრცელებული. ზოგიერთ იზოლირებულ ადგილებში (სასჯელაღსრულების დაწესებულება, სამხედრო ნაწილი) ანალური სექსი იერარქიის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა. ანალურ სექსს ზოგჯერ დასჯის მიზნითაც გამოიყენებენ ხოლმე (გაუპატიურება).
დღესდღეობით ანალური სექსისადმი არსებული დამოკიდებულება ერთი მხრივ, რელიგიურ მოტივებზეა დამყარებული, სადაც ასეთი კავშირი ცოდვასთან არის გაიგივებული, მეორე მხრივ, დასავლურ მენტალიტეტთან, სადაც უკანა ტანს სიბინძურესა და გულისამრევ ორგანოსთან აიგივებენ.
2006 წლის მონაცემებით, აშშ-ში 20-დან 39 წლამდე მამაკაცების 38,2% და 18-დან 44 წლამდე ქალების 32,6% ანალური სექსით არის დაკავებული საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. ამ მონაცემებით დგინდება, რომ ანალური სქესობრივი აქტის მსურველთა რაოდენობა ოდნავ გაზრდილა 1992 წლის მონაცემების მიხედვით. იმხანად მამაკაცების მხოლოდ 25%-ს ჰქონდა მსგავსი კავშირი ქალთან, ხოლო ქალებში ეს მაჩვენებელი 20,4%-ს არ აღემატებოდა.
ანალურ სექსში არჩევენ აქტიურ და პასიურ პარტნიორს. აქტიურ პარტნიორად ის მამაკაცი მიიჩნევა, რომელიც თავის პენისს ათავსებს სექს-პარტნიორის ანუსში. პასიური კი მამრობითი ან მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ეწოდება, რომელიც აქტიურ პარტნიორს იღებს. ანუსის არე ადამიანთა უმეტესობას მეტად მგრძნობიარე აქვს და მნიშვნელოვან ეროგენულ ზონას წარმოადგენს. შესაბამისად, ანუსის სტიმულაციას შეუძლია სექსუალური აღგზნება გამოიწვიოს. პასიურ მამაკაცში ანალური სექსისას პროსტატაზე ხდება დაწოლა, შედეგად კი ორგაზმი, რაც დამატებით, უფრო ხანგრძლივ, მაგრამ, არა ინტენსიურ აღგზნებას იწვევს. ქალებში, ზოგიერთ პოზაში, დაწოლა ხდება ეგრეთ წოდებული გრაფენბერგის ზონაზე, რაც ასევე დამატებით აღგზნებას იწვევს. აქტიურ მამაკაცებს ანალურმა სექსმა შეიძლება მეტი სიამოვნება მიანიჭოს, რადგან სწორი ნაწლავი და ანუსის სფინქტერი უფრო მეტად ვიწროვდება პენისის შიგნით მოთავსებისას, ვიდრე ვაგინალურმა, რადგან, ვაგინა არც ისე მკვეთრად იკუმშება და პენისიც ნაკლებად განიცდის გარემოჭერას.
ანალურმა კონტაქტმა შეიძლება საგრძნობი ტკივილი მიანიჭოს ადამიანს, თუკი ანუსის სფინკერი არასათანადოდ არის მოდუნებული ან პენისი შეჰყავთ ძალიან სწრაფად. რამდენადაც სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი არც თუ ტენიანია და სათანადო დანოტივებას ვერ ახდენს, ფრიქციამ წვისა და ტკივილის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს. ზოგიერთ შემთხვევაში სწორ ნაწლავზე ბზარები (ნაკაწრები) ჩნდება და ანუსიდან სისხლდება იწყება.
იმ შემთხვევაში, თუ პენისი ძალიან გრძელია, სწორი ნაწლავი შეიძლება დაზიანდეს.
ანალური სექსის დროს სხვადასხვაგვარი ინფექციური და ვენერიული დაავადების გადადების რისკი იზრდება. ამ დაავადებათა შორისაა: შიდსი, სიფილისი, ჰეპატიტი, გონორეა, ტრიქომონოზი და სხვა. ასევე მიჩნეულია, რომ ანალური სექსით უფრო იოლად ავადდება ადამიანი შიდსით, ვიდრე ვაგინალურით. გარდა ამისა, ჯანმრთელ ადამიანსაც კი სწორ ნაწლავში მიკროფლორა გააჩნია, რომელსაც საშარდე არხში მოხვედრისას ურეთრიტის გამოწვევა შეუძლია.
ქართული სამართლის მიხედვით, სქესობრივ დანაშაულის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენდა მამათმავლობა, ანუ სქესობრივი კავშირი მამაკაცისა მამაკაცთან, ასევე გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი მამაკაცისა დედაკაცთან. იოანე მმარხველის თხზულებაში საუბარია „დედათაცა თანა მამათმავლობაი, რომელსა შთავარდებიან მამაკაცნი“, რომელნიც „ბუნებითსა მას საქმესა დაუტეობენ“ და არაბუნებრივად „აიძულებენ სიძუად უბადრუკთა მათ დედათა თანა“.
ქართული სამართალი არ იცნობს ცხოველთმავლობას, მაგრამ მოხსენებული და დაგმობილია სოდომური ცოდვები რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილებაში. ივანე ჯავახიშვილი ეხება ამ საკითხს და აღნიშნავს, რომ „სოდომური ცოდვა, როგორც ზემოთ დასახელებული კრების მოწმობიდან ჩანს, მოდებული ყოფილა და სამღვდელოება აფრთხილებდა ქართველ ერს: ასურელთა, სპარსელთა და სომეხთა შორისაც და რომშიაც მძვინვარებდა ეს ცოდვა და სწორედ მან დააუძლურა ეს ოდესღაც ძლიერი სახელმწიფოებიო, ამისათვის ვამცნეთ ყველასა: დიდსა და მცირესა, მდიდარსა და გლახაკსა, მეფესა და მთავარსა, აზნაურსა და მდაბიორსა, მღვდელთა და უმღვდელოთა, მოწესეთა და ერისკაცთა, ბერთა და ჭაბუკთა და შუაკაცთა, ყოველსა პატივსა და ყოველსა წესსა და ყოველსა ჰასაკსა განყენებად ამის ვნებისა“-განო, ხოლო „ვინ ამიერთგან სოდომურ ცოდვას არ გადაეჩვევა, იმას საშინელი, სოდომურივე სასჯელი მოელის საიქიოს, სააქაო სასჯელს კი კრება არ ასახელებს. ბიზანტიაში ამ დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯა იყო დაწესებული“[3].
ქრისტიანულ ქვეყნებში ანალურ სექსს ხშირად ბუნების საწინააღმდეგო ცოდვად მიიჩნევენ (თომა აკვინელის Peccatum contra naturam) ან სოდომურ ცდუნებად (შარლემანის ერთ-ერთ განკარგულებაში Sodomitica luxuria). პავლე მოციქული წერს: ”სიძვაი და ყოველი არაწმიდებაი ნუცაღა სახელ-იდებებიან ჩვენს შორის” (ეფესელთა 5,3). ქრისტიანულ რელიგიათა უმრავლესობა ანალურ სექსს ცოდვად მიიჩნევს.
ლივატი, ანუ ლოტის ხალხის ცოდვა, ოფიციალურად აკრძალულია ისლამურ სექტთა უმრავლესობაში. ყურანში არის ადგილები, სადაც მოხსენიებულია სოდომისა და გომორის ცოდვა, რასაც არაბუნებრივ სქესობრივ კავშირზე მინიშნებად მიიჩნევენ და შესაბამისად ისლამური კანონი კრძალავს მას. ანალური კავშირების მოყვარულ ადამიანებს უწოდებენ ლუტი-ს და ისინი ისეთივე კრიმინალებად მიიჩნევიან, როგორც ქურდები. ლივატი ქალთან ნაკლები ცოდვაა, ვიდრე ლივატი კაცთან.
ორთოდოქსული იუდაიზმის სწავლებით ჰომოსექსუალური ანალური კავშირი ცოდვაა. იუდაიზმის კონსერვატიული, რეფორმისტული და რეკონსტრუქტივისტული განშტოებები ჰომოსექსუალობას მისაღებად მიიჩნევს, თუმცა ნაკლებად მიმღებია სოდომის. მიუხედავად ამისა, იუდაიზმი არ კრძალავს ჰეტეროსექსუალურ ანალურ კავშირს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.