From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანჩესკო პეტრარკა (იტალ. Francesco Petrarca, წარმოთქმა: [franˈtʃesko peˈtrarka]; დ. 20 ივლისი 1304 – გ. 19 ივლისი 1374) — იტალიელი პოეტი და ჰუმანისტი, დანტესთან ერთად წარმოადგენს რენესანსის ფუძემდებელს.
პეტრარკა დაიბადა 1304 წლის 20 ივლისს იტალიის ქალაქ არეცოში. იგი იყო ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი პოეტი, ჰუმანისტი და რენესანსის ფუძემდებელი, გენიალურ იტალიელ პოეტთან — დანტე ალიგიერთან ერთად. ფრანჩესკო, ფლორენციელი იურისტის პიეტრო დი სერ პარენცოს ვაჟი იყო, რომელიც თავის მხრივ ფლორენციიდან იქნა გაძევებული, რადგან „თეთრების პარტიის“ წევრს წარმოადგენდა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ოჯახმა ნავთსაყუდელი ავინიონში ნახა, სადაც დასახლდნენ კიდეც. თუმცა მოგვიანებით ისინი პატარა ფრანგულ ქალაქში კარპანტრაში გადავიდნენ. იქვე, ადგილობრივ სკოლაში დაიწყო დაწყებითი განათლების მიღება. ფრანჩესკო წარმოადგენდა დიდი კალაბრიერი ბერ-მონაზონის, ფილოსოფოსის და მწერლის — ვარლამ კარაბლიელის (1290-1385 წლები) ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლეს. მან საფუძვლიანად შეისწავლა ლათინური ენა და დიდი ინტერესით გაეცნო ძველი რომის ლიტერატურას. 1319 წელს დაასრულა სკოლაში სწავლა და მამის თხოვნით დაიწყო სამართალის შესწავლა, თავდაპირველად მონპელიაში, ხოლო მოგვიანებით ბოლონიის უნივერსიტეტში. ბოლონიაში პეტრარკა მამის სიკვდილამდე (1326 წლამდე) დარჩა. მიუხედავად იურისტის პროფესიის დაუფლებისა, მას ნაკლებად აინტერესებდა ეს დარგი. იგი თანდათან იხიბლებოდა კლასიკური პოეზიის ჟანრითა და მწერლობით. მოგვიანებით, უნივერსიტეტიდან წამოსვლის შემდეგ, მან იურისტობაზე უარი თქვა და სასულიერო ცხოვრებას შეუდგა. მამისაგან მემკვიდრეობა გარდა ვერგილიუსის ნაშრომებისა არაფერი დარჩენია, ამიტომ ეკონომიკური კუთხით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა ჰონდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ავინიონში იყო რომიდან გადმოტანილი რომის პაპის ტახტი, ამიტომ ის ავინიონში, რომის პაპის კარზე დაახლოებული სასულიერო პირი ხდება. 1327 წელს მან პირველად ნახა ლაურა, რომელიც შემდეგ მისი მუზაც კი ხდება. ლაურას სიყვარულმა პეტრარკას დიდი პრობლემები შეუქმნა რომის პაპის კარზე, ამიტომ ის გაძევებულ იქნა ავინიონიდან, ფრანგულ ქალაქ ვოკლიუზიში. მან მალევე ააგო სახლი მდინარე სორგის ნაპირთან, სადაც 1337-1353 წლებში დროებით ცხოვრობდა, რადგან ხშირად უწევდა მოგზაურობები. პეტრარკამ ლაურას მიუძღვნა სონეტების წიგნი, სახელწოდებით — „სიმღერების წიგნი“, რასაც სულ მალე მისი მეორე ნაშრომი — „ტრიუმფი“, მოჰყვა. მისმა პოეზიამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მიანიჭეს კათოლიკური ეკლესიის „სინეკურის ხარისხი“. მოგვიანებით კი მან მოწვევა მიიღო, პარიზიდან, რომიდან და ნეაპოლიდან, თუმცა პეტრარკამ რომი აირჩია და იქ წავიდა. ერთი წელიწადი იცხოვრა პარმელი ტირანის — აცო დი კორეჯიოს კარზე, საიდანაც მალევე ბრუნდება ვოკლიუზიში, მისი ოცნება ძველი რომის ბრწყინვალების დაბრუნება იყო, ამიტომ რომის რესპუბლიკაის აღდგენას ქადაგებდა, რამაც მისი ურთიერთობა დაძაბა რომაელ დიდგვაროვნებთან. პეტრარკა მალე მიემგზავრება სამოგზაუროდ იტალიის სხვა და სხვა კუთხეებში და ამ მოგზაურობების დროს უახლოვდება ისეთ გენიოსს, როგორიც იყო — ჯოვანი ბოკაჩო. 1353 წელს პეტრარკა საბოლოოდ მიდის ვოკულიზიდან, რადგან ახალმა არჩეულმა რომის პაპმა ინოკენტი VI-მ, ის „ჯადოქრად“ შერაცხა, ვერგილიუსის იდეების გაზიარებისა და ქადაგების გამო. ამ მიზეზით მიდის მილანში არისტოკრატ — ვისკონტების კარზე. ამავე პერიოდში დიპლომატიური მისიით მიემგზავრება პრაღაში, თუმცა 1361 წელს იგი მილანსაც ტოვებს და გადადის ვენეციაში, სადაც მისი არაკანონიერი შვილი იყო გათხოვილი. პეტრარკას პოეზია შეიცავდა უმნიშვნელოვანეს საკითხებს, წარმოსახულს სატირის ჟანრით. მან დაწერა „წერილები უმისამართოდ“, „ახალი ბაბილონი და სხვა უამრავი ნამუშევარი. ფრანჩესკო პეტრარკა ცხოვრების ბოლომდე ვენეციაში დარჩა და საბოლოოდ იქვე გარდაიცვალა 1374 წლის 19 ივლისს. იგი უდიდეს იტალიელ პოეტთან — დანტე ალიგიერთან ერთად აღიარებულია — „რენესანსის“ ფუძემდებლად და ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ პოეტადაც.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.