ნიკო ნიკოლაძე
ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და პოლიტიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკო (ნიკოლოზ) ნიკოლაძე (დ. 9 ოქტომბერი [ძვ. სტ. 27 სექტემბერი], 1843, ქუთაისი — გ. 5 აპრილი, 1928, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, ქალაქ ფოთის თავი (1894-1914), საქართველოს ეროვნული საბჭოსა (1917-1918) და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი (1919-1920).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკოლაძე. |
ნიკო ნიკოლაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 27 სექტემბერი (9 ოქტომბერი), 1843[1] |
დაბ. ადგილი | ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] |
გარდ. თარიღი | 5 აპრილი, 1928(1928-04-05)[1] (84 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | მთაწმინდის პანთეონი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, და პოლიტიკოსი |
მეუღლე | ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე და ბოგუმილა ნიკოლაძე[2] |
მამა | იაკობ ნიკოლაძე |
შვილ(ებ)ი | რუსუდან ნიკოლაძე, გიორგი ნიკოლაძე და ნინო ნიკოლაძე[3] |
ხელმოწერა | |
ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ნიკოლაძე აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ გამოსვლებში, რის გამოც დააპატიმრეს და გარიცხეს. მოგვიანებით, სწავლის გასაგრძელებლად წავიდა ევროპაში, პარიზსა და შვეიცარიაში. ციურიხის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები“ და მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. ლონდონში ყოფნისას გაიცნო კარლ მარქსი, რომელმაც ნიკოლაძეს I ინტერნაციონალის კავკასიაში წარმომადგენლობა შესთავაზა, თუმცა ნიკოლაძემ ეს შემოთავაზება არ მიიღო. თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“ და მონაწილეობდა ჟურნალ „ცისკრის“ ფურცლებზე ძველი და ახალი თაობას შორის გამართულ იდეურ-ლიტერატურულ ბრძოლაში.
თბილისში დაბრუნების შემდეგ გამოსცემდა, სათავეში ედგა და თანამშრომლობდა არაერთ ჟურნალ-გაზეთთან. 1873 წელს პარიზში მუშაობდა ტყიბულის ქვანახშირის საკითხების მოგვარებასა და გამოსცემდა გაზეთ „დროშას“, ამავე წელს დაიბადა ნიკო ნიკოლაძის უფროსი ქალიშვილი - ნინო ნიკოლაძე, და იწყება ნიკოლაძის აქტიური პოლიტიკური საქმიანობა. იყო საქართველოში მოქმედი ხალხოსნური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, 1875 წელს აირჩიეს ქუთაისის, ხოლო მოგვიანებით - ტფილისის - საკრებულოს წევრად. 1880 წელს ტფილისის საკრებულოს სხდომაზე მწვავე გამოსვლისა და მის მიერ გამოცემული გაზეთ „ობზორის“ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო მთავრობამ გაზეთი დახურა, ხოლო ნიკოლაძე სტავროპოლის მხარეში გადაასახლა. ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ შექმნილი არეულობის შედეგად ნიკოლაძე არალეგალურად ჯერ ტფილისში ჩავიდა, შემდეგ კი - პეტერბურგში, სადაც მონაწილეობდა საიდუმლო მოლაპარაკებებში ნაროდნაია ვოლიასთან. მოლაპარაკებების შედეგად ნიკოლაძემ მიაღწია ჩერნიშევსკის გათავისუფლებას. პეტერბურგში ყოფნისას ნიკოლაძე თანამშრომლობდა ჟურნალთან „ოტეჩესტვენნიე ზაპისკი“, რომელიც ასევე მალე დახურეს, და მუშაობდა რკინიგზის სამმართველოში, სადაც დაამუშავა ნავთობის გადაზიდვის სტრატეგია, რომელიც შემდგომში წარმატებით განხორციელდა. 1883 წელს დაქორწინდა ბიოლოგ ოლღა გურამიშვილზე. გადასახლების ვადის ამოწურვის შემდეგ, დაბრუნდა სამშობლოში და გახდა მეორე დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სოფელ დიდ ჯიხაიშში საკუთარ მამულში მოაწყო სანიმუშო მეურნეობა და დაიწყო მიმდებარე სოფლების სამეურნეო და კულტურული განვითარებისთვის ზრუნვა. 1888 წელს ნიკოლაძეს, როგორც რეჟიმისთვის საშიშ პიროვნებას, აუკრძალეს იმპერატორ ალექსანდრე III-სთან ქუთაისის ტაძარში გამართულ მიღებაზე დასწრება, თუმცა მან მაინც შეაღწია შევედრაზე და ძალის გამოყენებით გააძევეს. 1889 წელს ნიკოლაძე იყო ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი სააქციო საზოგადოება „ნახშირის“ დაარსების ინიციატორი და გამგეობის წევრი. ხელმძღვანელობდა ჭიათურა-შორაპნის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობას, ჩართული იყო ჭიათურის მანგანუმის ექსპორტის ხელშეწყობაში. 1894 წლიდან იყო ჟურნალ „მოამბის“ პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი.
1894 წლის 18 სექტემბერს აირჩიეს ქალაქ ფოთის თავად. ამ თანამდებობაზე შემდგომ წლებშიც ირჩევნდნენ და ფოთის თავის პოსტს ნიკოლაძე 1914 წლამდე იკავებდა. ნიკოლაძემ ფოთის მერობის პერიოდში ზრუნავდა საზოგადოების ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე, ხელმძღვანელობდა მრავალ სამეურნეო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივას. ნიკო ნიკოლაძემ გაატარა ღონისძიებები ჭაობების ამოსაშრობად, ხელმძღვანელობდა ნავსადგურის, ელექტროსადგურის, მუზეუმის, საკათედრო ტაძრის, ცენტრალური პარკის, გიმნაზიებისა და ხიდების მშენებლობას, გაიყვანა სატელეფონო და წყალსადენი ქსელი და გამართა საქალაქო ტრანსპორტი. მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარება. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ ნიკოლაძემ მოახერხა ქალაქის დაცვა გენერალ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო რაზმისგან. 1908 წელს ნიკოლაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა ფოთის ელექტროფიკაცია და ფოთში აშენდა 500-ადგილიანი კინოთეატრი. 1914 წელს ნიკოლაძე გადააყენეს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და ქრთამის აღების ბრალდებით, თუმცა სასამართლომ მთავარ ბრალდებაში ნიკოლაძე გაამართლა. პროცესის დასრულების შემდეგ პეტერბურგში გადასახლდა.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დამფუძნებელი ყრილობის პრეზიდიუმის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. 1917–1918 წლებში ნიკოლაძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. საბჭოში ის იყო საფინანსო-ეკონომიკური სექციის წევრი, შემდეგ საფინანსო-ეკონომიკური და გზათა კომისიის თავმჯდომარე. არჩეული იყო თბილისის საკრებულოს წევრად. 1917 წელს გახდა ჭიათურის შავი ქვის მომპოვებელი საზოგადოების ორგანიზატორი, შემდეგ ჭიათურმანგანუმის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1918 წლის აპრილ-მაისში ჩართული იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისა და ოსმალეთის იმპერიას შორის მოლაპარაკეკებში, იყო ამიერკავკასიის დელეგაციის წევრი. 1918 წლის 26 მაისს მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მონაწილეობდა გერმანიასთან შეთანხმების გაფორმებაში და გერმანიაში სახელმწიფო დელეგაციის წევრი იყო. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად. 1919–1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან, იყო გზათა კომისიის წევრი. 1920 წელს ნიკოლაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა, როგორც ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელაგაციის მეთაური და საქართველოს ეკონომიკური მისიის წევრი. ამავდროულად, ნიკოლაძე ასევე ითავსებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის ფუნქციას. იმავე წლის ოქტომბერში დატოვა დამფუძნებელი კრების მანდატი, რადგან ევროპაში მივლინების გამო ვერ მონაწილეობდა კრების საქმიანობაში. ნიკოლაძემ ევროპაში შეიტყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ამბავი და ევროპაშივე განაგრძობდა მუშაობას ოკუპაციის წინააღმდეგ, ჩაბმული იყო საზღვარგარეთ ქართული პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში. 1922 წლის 3 მარტს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით ხელი მოაწერა საზღვაგრეთის ინტერპარტიული კომიტეტის შეთანხმებას. 1924 წლის მარტში ლეგალურად დაბრუნდა საქართველოს სსრ-ში, ჩაიტანა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ორგანიზაციიდან საიდუმლო წერილები აგვისტოს აჯანყების შესახებ.
გარდაიცვალა 1928 წელს. დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. 1957 წელს გადაასვენეს მთაწმინდის პანთეონში.