From Wikipedia, the free encyclopedia
ევა კლაინი (უნგრ. Eva Klein; დ. 22 იანვარი, 1925, ბუდაპეშტი) — უნგრელი-შვედი იმუნოლოგი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღმოაჩინა ბუნებრივი მკვლელი უჯრედები 1960-იან წლებში.[1]
ევა კლაინი | |
---|---|
ევა კლაინი მეუღლესთან ერთად. 1979 წ. | |
მშობლიური სახელი | Fischer Éva |
დაბადების თარიღი |
22 იანვარი, 1925 (98 წლის) ბუდაპეშტი, უნგრეთი |
მოქალაქეობა | შვედეთი |
ალმა-მატერი |
ბუდაპეშტის უნივერსიტეტი (1948) შვედეთის სამეფო ინსტიტუტი (1953) |
პროფესია | ბიოლოგია |
ცნობილია როგორც | კიბოს იმუნოლოგი |
ჯილდოები |
უილიამ კოლის პრემია (1975) ბიერკენის პრემია (1978) Eric K. Fernströms Nordiska Pris[d] (1983) |
ევა ფიშერი დაიბადა 1925 წლის 22 იანვარს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მდიდარი ებრაელების ოჯახში. სწავლობდა კერძო სკოლაში. ბავშვობიდანვე გამოავლინა ინტერესი სპორტის, თეატრისა და მეცნიერების მიმართ; იგი შთაგონებული იყო მარი კიურის ცხოვრებითა და მოღვაწეობით. ებრაული ფესვების მქონე გოგონა პროფესიის არჩევაში მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული ქვეყნის მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო. უნგრეთში მძვინვარებდა ანტისემიტიზმი, დევნიდნენ ებრალებს. მესამე რაიხმა მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია სწორედ მაშინ, როდესაც ფიშერმა საშუალო სკოლა დაამთავრა.
ევა ფიშერი სწავლობდა ბუდაპეშტის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში; მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944-1945 წლებში, მან და მისი ოჯახის რამდენიმე წევრმა მოახერხეს გადარჩენა შეაფარეს რა თავი უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის ინსტიტუტს. მათ დაეხმარა იანოს შირმაი (შემდგომში ცნობილი, როგორც მომავალი „ერთა შორის მართალი“ ), რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, გააყალბა საბუთები ოჯახისთვის. ერთხანს ფიშერმა გადაწყვიტა სამედიცინო კვლევებზე უარი ეთქვა და შესულიყო თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ მალევე დაუბრუნდა მედიცინას.
ევა ცოლად გაჰყვა სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს — ჯორჯ კლაინს, დატოვა უნგრეთი და 1947 წელს გადავიდა შვედეთში. 1955 წელს მან დაასრულა სამედიცინო სწავლა სტოკჰოლმში შვედეთის სამეფო ინსტიტუტში. კლაინს მოგვიანებით მიენიჭა საპატიო სამეცნიერო ხარისხები ნებრასკას (1993) და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან (2003).
1948 წელს კლაინი გახდა შვედეთის სამეფო ინსტიტუტის დოცენტი, 1979 წელს მიიღო სრული პროფესორის წოდება. 1948 წლიდან შეუდგა კვლევით საქმიანობა შვედეთის სამეფო ინსტიტუტის კვლევისა და უჯრედების გენეტიკის დეპარტამენტში ტორბიორნ კასპერსონის წახალისებით. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში კლაინი მჭიდროდ თანამშრომლობდა მეუღლესთან პროფესიულ ასპარეზზე. თავისი მოღვაწეობის პერიოდში ევა კლაინმა გამოაქვეყნა 500-ზე მეტი სტატია და ასევე მუშაობდა სამეცნიერო ჟურნალის Seminars in Cancer Biology-ის რედაქტორად.
პენსიაზე გასვლის შემდეგ, კლაინი მაქსიმალურად უჭერდა მხარს სტუდენტებს და მცირე მკვლევართა ჯგუფთან ერთად აგრძელებდა თავის სამეცნიერო საქმიანობას. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა აგრეთვე უნგრული პოეზიის შვედურ ენაზე თარგმნა. 2015 წლის ნოემბერში, შვედეთის რადიოსთან ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ მუშაობა 90 წლის ასაკში მას სასიცოცხლო ძალებს მატებდა.
ევას და ჯორჯ კლაინებს სამი შვილი შეეძინათ: უფროსი ვაჟი მათემატიკოსი გახდა, ქალიშვილები კი — ექიმი და დრამატურგი. თავად ევა კლაინმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, როდესაც მეორე შვილზე რვა თვის ფეხმძიმე იყო. როგორც თავად ევა აღნიშნავდა, მეუღლე არასოდეს უთმობდა დროს საოჯახო საქმეებს და შვილების აღზრდას.[2]
კლაინის ოჯახმა, როგორც საერთო ძალისხმევით, ისევე ინდივიდუალურად, თავის დროზე ვრცელი და ინოვაციური სამუშაო ჩაატარა ონკოლოგიური იმუნოლოგიის სფეროში, უპასუხა უამრავ კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კიბოს უჯრედების ავთვისებიანი ქცევის ჩახშობა ნორმალური უჯრედების გენებით.
1960-იან წლებში ევა კლაინმა ბურკიტის ლიმფომისგან უჯრედული ხაზები განავითარა, რომლებიც დღესაც გამოიყენება. 1970-იან წლებში კლაინის ჯგუფებმა გამოიკვლიეს, იყო თუ არა ურთიერთქმედება ლიმფოციტებსა და სიმსივნის საწინააღმდეგო რეაქციას შორის. ამით ევამ გამოიკვლია ის სფერო, რომელსაც სხვა მკვლევარები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. საბოლოო ჯამში, მისი კვლევების შედეგად აღმოჩენილი იქნა უნიკალური ტიპის ლიმფოციტები (თეთრი უჯრედების) , რომელიც პასუხს აგებენ სპონტანურ ციტოტოქსიკურობაზე — სიმსივნური უჯრედების ან ვირუსებით ინფიცირებული უჯრედების "მოკვლის" უნარი. კლაინმა მათ "ბუნებრივი მკვლელები" უწოდა.
კლაინი დიდი ხანია დაინტერესებულია ვირუსოლოგიით — ისევე როგორც იმუნოლოგიით — სწავლობს ეპშტეინ-ბარის ვირუსის როლს ბურკიტის ლიმფომაში. იგი გახდა შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1987 წელს , ხოლო უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიამ თავის რიგებში 1993 წელს მიიღო. 2013 წელს მეცნიერმა მიიღო ამერიკის ონკოლოგიური კვლევების ასოციაციის პრემია.
1975 წელს ამერიკის კიბოს სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა დააწესა უილიამ კოულის სახელობის პრემია მნიშვნელოვანი კვლევებისთვის საბაზისო და სიმსივნური იმუნოლოგიის სფეროში. საინაუგურაციო ჯილდო 16-მა მეცნიერმა გაიზიარა, რომლებიც ითვლებოდნენ "ონკოლოგიური იმუნოლოგიის ფუძემდებლად". მათ შორის იყვნენ კლაინის ოჯახის ორივე წარმომადგენელი. ჯილდოში არნიშნული იყო: მათმა „თაგვებში სიმსივნური სპეციფიკური ანტიგენების აღმოჩენა, ადამიანის კიბოს, ბურკიტის ლიმფომის ყველაზე სრულყოფილი იმუნოლოგიური ანალიზი“.[3]
2005 წელს, კლაინის 80 წლის დაბადების დღეს, შვედეთის სამეფო ინსტიტუტის მეცნიერებმა დააარსეს ჯორჯ და ევა კლაინის ფონდი. 2010 წელს კლაინს მიენიჭა შვედეთის სამეფო ინსტიტუტის ვერცხლის მედალი სამედიცინო კვლევებისთვის.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.