From Wikipedia, the free encyclopedia
დინარის მთიანეთი — მთიანეთი ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. გადაჭიმულია იულიუსის ალპებიდან (ჩრდილოეთით) მდინარე დრინამდე (სამხრეთით) 650 კმ-ზე. სიგანე 60-იდან 230 კმ-მდე. აღმოსავლეთით ესაზღვრება შუა დუნაის ვაკე და იბარის ხეობა, დასავლეთით ადრიატიკის ზღვა. მთიანეთის სანაპიროს ყველაზე მაღალი ნაწილი აგებულია მეზოზოური კირქვებით. გავრცელებულია რელიეფის კარსტული ფორმები. შედგება ქედებითა და ხეობებით გაყოფილი ზეგნებისაგან. შედარებით მაღალი ქედები და მასივებია: სნეჟნიკი (1796 მ), ველებიტი (1757 მ), დინარა (1913 მ), დურმიტორი (2522 მ), პროკლეტიე (2694 მ) და სხვა. მთებში 2000 მ ზევით შეიმჩნევა ძველი გამყინვარების კვალი.
დინარის მთიანეთი | |
---|---|
კოორდინატები: 42°26′30″ ჩ. გ. 19°48′ ა. გ. | |
ქვეყანა | ალბანეთი ბოსნია და ჰერცეგოვინა ხორვატია მონტენეგრო სერბეთი სლოვენია |
უმაღლესი წერტილი | ეზერცა |
სიმაღლე | 2694 მ |
სიგრძე | 650 კმ |
სიგანე | 230 კმ |
ამგებელი ქანები | დანალექი ქანები |
მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელებულია პალეოზოური ფიქლები და ქვიშაქვები, ვულკანური და მეტამორფული ქანები. ქედები (რომანია — 1629 მ, იავორი — 1537 მ, ზლატიბორი — 1496 მ და სხვა) გაყოფილია განიერი ხეობებით. სანაპირო რაიონებში განვითარებულია სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვის ჰავა, აღმოსავლეთ რაიონებში — ზომიერი კონტინენტურიდან ხმელთაშუა ზღვის ჰავისკენ გარდამავალი. ნალექები 1000-3000 მმ (ზღვისპირა კალთებზე, 4000 მმ კოტორის უბეში) და 900-1000 მმ (მთიანეთის აღმოსავლეთ კალთებზე, 500-700 მმ ქვაბულებში) წელიწადში.
ზღვისპირა კალთების ქვედა ნაწილში გვხვდება ბუჩქნარი და ტყეები ხეშეშფოთლიანი მარადმწვანე სახეობებით, ზედა ნაწილსა და მწვერვალებზე უტყეო კარსტული სივრცეებია. აღმოსავლეთით მთები შემოსილია წიფლის, მუხისა და წიწვოვანი ტყეებით. დინარის მთიანეთის ზოგიერთი ადგილი გამოცხადებულია სახელმწიფო ნაკრძალად და სახალხო პარკად. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა მეცხოველეობა და მიწათმოქმედება. მოჰყავთ ჭვავი, ხორბალი, სიმინდი და თამბაქო.
მთიანეთის დასავლეთ ნაწილში ამუშავებენ ბოქსიტებისა და მურა ნახშირის, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში — რკინის მადნის, სპილენძის, კალის, მანგანუმის, ანტიმონიუმისა და სხვ. საბადოებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.