ქალაქი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
გორი — ქალაქი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტისა და შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და ლიახვის შესართავთან, ძირითად სატრანსპორტო გზების გზასაყარზე, თბილისიდან 76-ე კილომეტრში (რკინიგზით).
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
გორი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | შიდა ქართლის მხარე | ||||
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 41°58′37″ ჩ. გ. 44°06′09″ ა. გ. | ||||
მმართველი | ვლადიმერ ხინჩეგაშვილი | ||||
პირველი ხსენება | VII საუკუნე | ||||
ფართობი | 16,85 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 588 მ | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 48 143 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 2857 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 95,6 % სომხები 1,7 % ოსები 1,2 % რუსები 0,6 %[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +995 370[2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 1400[3] | ||||
ოფიციალური საიტი | gori.gov.ge | ||||
ქალაქში არის მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. გორში არის სამთავისისა და გორის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან, ზღვის დონიდან 588 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 76 კმ (რკინიგზით). გორი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, აქედან სარკინიგზო განშტოება მიემართება ქალაქ ცხინვალისკენ.
გორში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,6 °C, იანვარი -1 °C, აგვისტო 21,4 °C. ნალექები 600 მმ წელიწადში; მაქსიმალური მოდის მაისში (76 მმ), მინიმალური — თებერვალში (34 მმ).[4]
ჰავის მონაცემები — გორი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 4.2 | 5.4 | 11.4 | 16.8 | 20.6 | 24.9 | 27.9 | 27.7 | 23.9 | 17.7 | 11.9 | 6.6 | 16.6 |
საშუალო დღიური °C | −0.4 | 0.7 | 6.1 | 11.2 | 15.0 | 19.2 | 22.2 | 22.1 | 18.1 | 12.4 | 6.0 | 1.8 | 11.2 |
საშუალო დაბალი °C | −3.9 | −3.0 | 1.2 | 6.1 | 9.6 | 14.2 | 17.3 | 16.6 | 13.3 | 7.8 | 1.5 | −1.9 | 6.6 |
საშუალო ნალექი (მმ) | 36 | 34 | 36 | 53 | 76 | 72 | 54 | 49 | 44 | 55 | 52 | 42 | 603 |
წყარო: Climatebase.ru[5] |
გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. მას პირველად VII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით იხსენიებს ისტორიკოსი ჯუანშერი (XI ს.). გადმოცემის თანახმად, სტვფანოზ ერისმთავრის შვილმა არჩილმა მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი დაფლა გორში. ჯუანშერის მიხედვით ამ სამალავს „ტონთიო“ — „ოქროს მთა“ ეწოდებოდა. ქალაქის სახელწოდებაც მასში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან წარმოდგება, რომელზედაც გაშენებულია ძველი ციხე-სიმაგრე (ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნვლი საუკუნეები).
არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეზე მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული ფენა. აღმოჩნდა ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამიტი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით თარიღდება. ამავე ხანის სამარხები აღმოჩნდა ციხის აღმოსავლეთით. სამარხებში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, მონეტები, მძივები, სამაჯურები და სხვა სამკაული. აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლებს შორის საყურადღებოა აღმოსავლური იერის ქვის მრგვალი ქანდაკების თავი, რომელიც ანტიკური ხანისა უნდა იყოს.
გორს ასევე მოიხსენიებს ფსევდოშაპუჰ ბაგრატუნი თავის „ისტორიაში“ X საუკუნის ამბებთან დაკავშირებით, როდესაც ერთმანეთს ებრძოდნენ აფხაზთა მეფე თეოდოს III და სომხეთის მეფე სუმბატ II (X საუკუნის 70-იანი წწ.).
ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XII ს. დასაწყისი). დავითმა ქართლისათვის გააძლიერა გორის მნიშვნელობა. გორმა უფლის-ციხის ადგილი დაიკავა. მოსახლეობის გაზრდის მიზნით დავით აღმაშენებელმა აქ ვაჭარ-ხელოსნური მოსახლეობა ჩაასახლა. გორი სამეფო ქალაქი გახდა. მას განაგებდა მეფის მოხელე — ქალაქის მოურავი. როგორც ფვოდალურ ქალაქს, გორს საკუთარი ციხის გარდა, ზდუდეც ჰქონდა შემოვლებული, რომელშიც დატანებული იყო ალაყაფის კარი. ზდუღეს თავის მხრივ თხრილი პქონდა შემოვლებული (სიღრმე 4 მ, სიგანე 5 მ).
XIII საუკუნიდან გორი და მისი ციხე ხდება საცილობელი პუნქტი დამპყრობლებსა და ქართველ მეფეებს შორის, ვინაიდან ქალაქი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე.
XIII საუკუნეში თათარ-მონღოლთა ბატონობის შედეგად დასუსტებულ საქართველოს კავკასიის მთების გაღმა მობინადრე ოსები შემოესივნვნ და იერიში მიიტანეს ქართლზე. ხელთ იგდეს გორიც. დაარბიეს, გადაწვეს ქალაქი, ხოლო ციხე დაანგრიეს. მონღოლთა დახმარებით ისინი კარგა ხნით დამკვიდრდნენ აქ. ოსთა განდვვნა მოხერხდა მხოლოდ XIV საუკუნის 20-იან წლებში, გიორგი V ბრწყინვალის დროს.
1448 წლის სიგელში იხსენიება გორის მოურავი.[6] 1477 წელს საქართველოს დიდი ჯარით შემოვსია აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს შაჰი უზუნ-ჰასანი, რომელმაც აიღო თბილისი და გორი, მაგრამ მალე დატოვა იგი. 1479 წელს კონსტანტინე II-მ, სხვა ციხეებთან ერთად, გორიც დაიბრუნა და შიგ თავისი მეციხოვნეები ჩააყენა. XVI საუკუნის შუა წლებში გორი დროებით აიღო სპარსეთის შაჰმა თამაზ I-მა. XVI საუკუნის ბოლოს გორი ქართლში ოსმალთა ბატონობის პლაცდარმი გახდა. 1509 წლის აგვისტოში იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ დაიპყრო გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ 1510 წ. დაიბრუნა. 1556 წ. გორი, რომელიც ლუარსაბ I-ის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენსდა, ხელთ იგღო შაჰ-თამაზმა, მაგრამ ამავე საუკუნის 80-იან წლებში ქალაქს ოსმალები დაეპატრონნენ და გორის ციხეში თავიანთი გარნიზონი ჩააეენეს. 1599 წელს მეფე სიმონ I მოულოდნელად თავს დაესხა გორს, აიღო ციხე და გაანადგურა ოსმალთა გარნიზონი. 1614 წელს სპარსეთის შაჰმა აბას I-მა დაიკავა და ერთხანს აქედან განაგებდა დამორჩილებულ ქვეყანას. გორისა და მისი ციხის მნიშვნელობა კარგად შეაფასა როსტომ მეფემაც, რომელმაც XVII ს. 30-იან წლებში განაახლა გორის ციხე და იქვე აიშენა სასახლეც. XVII ს. მეორე ნახევარში გორი შესამჩნევად გაიზარდა. ვახტანგ VI დროს იგი საქართველოში ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო ქალაქი იყო. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენიც. გორი მიუჩინა რეზიდენციად ვახტანგ VI-მ თავის ძმას სიმონს, როდესაც თავად ირანში გაემგზავრა.
1721 წელს გორში მცხოვრებთა რიცხვი 300 კომლს არ აღემატებოდა. 1723-34 წლებში ქალაქი ოსმალების ხელში იყო. მათ დაანგრიეს გორის სასახლე. 1735 წლიდან გორს სპარსელები დაეპატრონნენ ნადირ-შაჰის ბრძანებით გორის ციხე თითქმის დაანგრიეს. ჟან შარდენის ცნობით გორის ციხეში 100 სპარსი მეციხოვნე იდგა. ქალაქში უმეტესად ვაჭრები ცხოვრობდნენ.[6] XVIII საუკუნის 40-იან წლებში, თეიმურაზ II დროს, გორი დამპყრობელთაგან გათავისუფლდა. იგი ქართლის სამეფოში მეორე ქალაქი გახდა თბილისის შემდეგ. მშვიდობიანმა ყოფამ თანდათან გამოაცოცხლა გორის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება. ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფეოდალურ ხანაში იგი შეფენილი იყო გორის ციხის ფერდობებზე. 1770 წლისთვის გორის მცხოვრებთა რიცხვმა 500 კომლს მიაღწია, 1794 წლისთვის კი მხოლოდ 227 კომლი ითვლებოდა.[6]
გორი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: ფარსადან გორგიჯანიძე, დავით ტულუკაშვილი (XVIII ს.), გიორგი გორელი (XVIII ს.), სტეფანე ფეშანგიშვილი (XVIII—XIX სს.), თუმანიშვილთა გვარის მრავალი წარმომადგენელი: ავთანდილი (XVIII ს.), დიმიტრი (XVIII—XIX სს.), გიორგი (1744—1837), დავითი (XVIII—XIX სს.) და სხვა.
რუსეთის იმპერიის ანექსიის შემდეგ, გორი სამაზრო ქალაქი გახდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. გორის ინტენსიური ზრდა იწეება XIX საუკუნიდან. გაჩნდა ახალი უბნები. ციხის უბანი, რუს უბანი, „პოსელენიე“, სულუხი, გარე უბანი. ხელოსნობასა და ვაჭრობასთან ერთად, ქალაქის მოსახლეობა სოფლის მეურნეობასაც მისდევდა. 1876 წელს გორმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. XIX საუკუნეში გორში დაარსდა სასულიერო და სამაზრო სასწავლებლები, სამასწავლებლო ანუ საოსტატო სემინარია, ქალთა პროგიმნაზია, ვაჟთა პროგიმნაზია და სხვ.XIX საუკუნის 70-იანი წლებისათვის აქ მოქმედებდა ხალხოსანთა მრავალრიცხოვანი წრე.
1905-07 წლებში ქალაქი საქართველოში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი გახდა. გორში მრავალი ადგილია, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის პირველი რევოლუციის ისტორიულ მოვლენებთან.
1911 წელს გორელ ქალთა ინიციატივით დაარსდა პროფსკოლა, რომელშიც ასწავლიდნენ ჭრა-კერვასა და ხელსაქმეს. 1919 წელს პროფსკოლამ ფილიალები გახსნა ხაშურსა და ახალქალაქში (წითელქალაქი). 1920 წელს ქალაქი ძლიერ დააზიანა მიწისძვრამ. 1930 წლიდან გორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა, ხოლო 1950 წლიდან — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. ქალაქის პირველი გენგეგმა დამტკიცდა 1950 წ. (არქიტექტორები ბ. ლორთქიფანიძე, ლ. სუმბაძე), მეორე კი 1971 წ. (არქიტექტორი ლ. სუმბაძე, თანაავტორი გ. გიგოლაშვილი). გაფართოვდა ქუჩები, შეიქმნა მოედნები, აიგო საზოგადოებრივი შენობები: თეატრი (1935 წ., არქიტექტორები შ. თავაძე, მ. ჩხიკვაძე), ხიდი მდ. ლიახვზე (1938 წ., არქიტ. ს. სატუნცი) სასტუმრო „ინტურისტი“ (1956 წ. არქიტექტორები ქ. ფორაქიშვილი სოკოლოვა, ა. ქურდიანი), ი. ბ. სტალინის სახელმწიფო სახლ-მუზეუმი (1955 წ. არქიტ. ა. ქურდიანი), სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (1956 წ. არქიტექტორი მ. შავიშვილი, თანაავტორი ზ. ცქიტიშვილი), სამხატვრო სასწავლებელი (1972 წ., არქიტექტორი ვლ. ცინცაძე) და სხვ.
ამჟამად გორი კვლავ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწეელო და კულტურული ცენტრია. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად ქალაქმა სერიოზული ზარალი განიცადა — განადგურდა საცხოვრებელი სახლები, საყოფაცხოვრებო ნაგებობები, დაიჭრა და დაიღუპა ასობით ადამიანი. 2014-2016 წლებში გამოყოფილი იყო გორის მუნიციპალიტეტიდან, როგორც ცალკე თვითმმართველი ერთეული.[7]
გორი საქართველოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. გორის სიახლოვეს გადის საქართველოს ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ავტომაგისტრალი: ს1, (რომელსაც თბილისიდან სენაკამდე ასევე ემთხვევა ევროპის ავტომაგისტრალი E60) და ს10. გარდა ამისა გორში არის რკინიგზის სადგური, რომელიც ამიერკავკასიის ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ავტოსადგური, საიდანაც შიდა ქართლის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, დედაქალაქ თბილისში და სეზონურად აჭარის კურორტებზე შეიძლება მოხვედრა.
გორის ღირსშესანიშნაობათა შორისაა:
გორის შემოგარენში მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი გორიჯვარი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე და VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ატენის სიონი.
2010 წლამდე, გორის ცენტრალურ მოედანზე 9 მეტრიან კვარცხლბეკზე 6 მეტრი სიმაღლის სტალინის ძეგლი იდგა, რომელიც გორის მცხოვრებლებმა (უფრო სწორედ ადგილობრივმა მმართველობამ) 1952 წელს, სტალინის სიცოცხლეშივე, აღმართა. 2010 წლის 25 ივნისს, დილის 2 საათზე, ხელისუფლებამ ძეგლი მოახსნევინა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო. ძეგლი სტალინის მუზეუმში გადაიტანეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.